ტერფის არხის სინდრომი (წვივის უკანა ნევრალგია) – ესაა ტკივილი კოჭის, ტერფის და ტერფის ფალანგების არეში, რომელიც გამოწვეულია ქუსლისა და ფეხისგულის მაინერვირებელი ნერვის (წვივის უკანა ნერვი) კომპრესიით ან დაზიანებით.
წვივის უკანა ნერვი – წვივის უკანა ნაწილიდან ქუსლთან ახლოს მდებარე ფიბროზული არხის (ტერფის არხი) გავლით, ფეხისგულისაკენ მიემართება. ნერვის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთების დროს ხდება ზეწოლა ნერვზე, რაც ტკივილს განაპირობებს. ტერფის არხის სინდრომის გამომწვევი ან ხელშემწყობი მდგომარეობებია: მოტეხილობა, გულის ან თირკმლების დაავადებით განპირობებული კოჭების შეშუპება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი) და სახსრების ანთების გამომწვევი დაავადებები, როგორიცაა პოდაგრა ან რევმატოიდული ართრიტი.
ტკივილი – ტერფის არხის სინდრომის ყველაზე ხშირი სიმპტომია, ჩვეულებრივ, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნების სახითაა. თავს იჩენს ფეხზე წამოდგომის, სიარულის და გარკვეული სახის ფეხსაცმლის ტარებისას. ტკივილი ლოკალიზებულია კოჭის ირგვლივ (ძირითადად შიდა მხარეზე) და გრძელდება თითების მიმართულებით, ძლიერდება სიარულისას და იკლებს მოსვენების დროს. ზოგჯერ ტკივილი მოსვენებით მდგომარეობაშიც ვლინდება.
აღნიშნული მდგომარეობის სადიაგნოზოდ გასინჯვის დროს ექიმი გარკვეულ მანიპულაციებს ატარებს. მაგალითად, კოჭის ძვლის ქვემოთ, დაზიანებული ან მოჭყლეტილი ნერვის არეში დაკაკუნება ხშირად იწვევს ჩხვლეტის შეგრძნებას, რომელიც ვრცელდება ქუსლის, ტერფის თაღის ან ფალანგების მიმართულებით. ნერვის გამტარობის შესწავლა სასარგებლოა დაზიანების მიზეზის და გავრცელების დასაზუსტებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტერფზე ქირურგიული ჩარევა იგეგმება.
ტკივილს ამსუბუქებს კორტიკოსტეროიდისა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ნარევის ინექცია დაზიანების არეში. მკურნალობის სხვა მეთოდებია: ტერფზე ნახვევის დადება და სპეციალური მოწყობილობის გამოყენება, რომელიც ცვლის ტერფის პოზიციას და მოძრაობის მანერას, შედეგად ამცირებს დაზიანებული სახსრების დატვირთვას (ორთოზები) და ტერფის არხში ნერვზე ზეწოლას. როდესაც სხვა მკურნალობით ტკივილის შემცირება ვერ ხერხდება, ნერვზე ზეწოლის შესამცირებლად, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.