პლანტარული (ფეხისგულის) ფასციოზი | მკურნალი.გე
  1. პლანტარული (ფეხისგულის) ფასციოზი
  2. ფეხის (ტერფის) დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
პლანტარული (ფეხისგულის) ფასციოზი

ფეხისგულის ფასციოზი – ესაა ფეხისგულის მკვრივი ქსოვილების კონიდან – ფეხისგულის ფასციიდან მომდინარე ტკივილი, იგი ქუსლის ძირიდან ცერის ფუძემდე ვრცელდება (ტერფის წინა ნაწილი).

  • ქუსლსა და ტერფის წინა ნაწილს შორის არსებული შემაერთებელი ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს და მტკივნეული გახდეს;

  • ტკივილი ხშირად უარესდება პირველი ნაბიჯების გადადგმისას და ქუსლის არეში შეიგრძნობა;

  • ტკივილის შემცირების თვალსაზრისით, ეფექტურია: დაჭიმვა, ფეხსაცმლის შეცვლა, ისეთი საშუალებების ტარება, რომლებიც ცვლიან ტერფის პოზიციას და მოძრაობის მანერას და ამ გზით ამცირებენ დაზიანებული სახსრის დატვირთვას (ორთოზები), ფიქსატორები და ზოგჯერ კორტიკოსტეროიდის ინექცია ადგილობრივად.

ფეხისგულის ფასცია ქუსლის ძირს ტერფის წინა ნაწილთან აკავშირებს და ჩართულია სიარულის, სირბილის პროცესში და ელასტიკურობას ანიჭებს ტერფს.

ფეხისგულის ფასციოზს ზოგჯერ ფეხისგულის ფასციიტად მოიხსენიებენ. თუმცა აღნიშნული ტერმინი არასწორია. ტერმინი ფასციიტი – ანთებით პროცესს გულისხმობს, ხოლო ფეხისგულის ფასციოზი, უფრო მეტად, ფასციის განმეორებადი დატვირთვის შედეგად განვითარებული მდგომარეობაა და არა ანთებითი პროცესით განპირობებული. პლანტარული ფასციოზის აღსაწერად გამოყენებულია სხვა ტერმინები: ქუსლის ენთესოპათია და ქუსლის დეზის სინდრომი (ქუსლის დეზი). ქუსლის დეზი ზოგჯერ არის, ზოგჯერ კი არ ვლინდება. ხშირად, მცირედი დაზიანება ფეხისგულის ფასციის გადატვირთვის გამოც ვითარდება. პლანტარული ფასციოზი ქუსლის არეში განვითარებული ტკივილის უხშირესი მიზეზია.

პლანტარული ფასციოზი უვითარდებათ მჯდომარე ცხოვრების წესით მცხოვრებ პირებს, მათ ვინც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს, აქვთ ტერფის უჩვეულოდ მაღალი ან დაბალი თაღი ან დაჭიმული წვივის კუნთი ან აქილევსის მყესი (წვივის კუნთებს ამაგრებს ქუსლის ძვალთან). ფიზიკურად ნაკლებად აქტიურ პირებს აღნიშნული მდგომარეობა უვითარდებათ, როდესაც უეცრად ზრდიან ფიზიკურ აქტივობას ან არასათანადო ფეხსაცმელს ატარებენ. ფეხისგულის ფასციის ძლიერი დატვირთვის გამო, პლანტარული ფასციოზი ხშირია მორბენლებსა და მოცეკვავეებს შორის, განსაკუთრებით ტერფის არასწორი პოზიციის დროს. ასევე, უვითარდებათ იმ პირებს, რომელთა საქმიანობა ხანგრძლივი დროის მანძილზე დგომას ან მკვრივ ზედაპირზე სიარულს უკავშირდება. პლანტარული ფასციოზის განვითარებას ან დამძიმებას განაპირობებს სიმსუქნე, რევმატოიდული ან სხვა სახის ართრიტები.

სიმპტომები

პლანტარული ფასციოზის დროს ტკივილი ფასციის სიგრძეზე, ნებისმიერ არეში შეიძლება აღინიშნებოდეს, თუმცა ყველაზე ხშირად შეიგრძნობა იქ, სადაც ფასცია ქუსლის ძვალს უერთდება. ტკივილი გამოხატულია მოსვენების შემდეგ, დილით, განსაკუთრებით სხეულის მთელი მასით ფეხზე დაყრდნობისას. ტკივილი დროებით მცირდება პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, თუმცა შეიძლება კვლავ იჩინოს თავი დღის მანძილზე, სიარულის ან სირბილის შემთხვევაში. ასეთ დროს, ტკივილი გადაეცემა ქუსლიდან თითების მიმართულებით. ზოგჯერ, სიარულის დროს, მწველი ან მჭრელი ხასიათის ტკივილი ტერფის შიგნითა კიდის გასწვრივ ვრცელდება.

დიაგნოზი

ექიმი დიაგნოზს ტერფის გასინჯვით სვამს. ტკივილი აღინიშნება იქ, სადაც ფეხისგულის ფასცია ქუსლს უერთდება ან – ტერფის წინა ნაწილში.

რენტგენოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს ქუსლის დეზის არსებობა, რომელიც წარზიდულია ქუსლის ძვლის ფსკერის წინა კიდიდან. აღნიშნული ქუსლის დეზი არის, დროთა განმავლობაში, ფასციის გადაძაბვის და ტერფის დისფუნქციის კომბინაციის შედეგად წარმოქმნილი ძვლოვანი წანაზარდი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პლანტარული ფასციოზის დროს, დეზი ყოველთვის არ აღინიშნება და დეზის მქონე პაციენტების დიდ ნაწილს კი ტკივილი საერთოდ არ აქვს. ამგვარად, ქუსლის დეზის არსებობა აუცილებელი არაა პლანტარული ფასციოზის დასადასტურებლად. იშვიათადაა საჭირო კვლევის სხვა მეთოდების გამოყენება, მაგალითად, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა

ფასციის დატვირთვისა და ტკივილის შესამცირებლად სასურველია მოკლე ნაბიჯები და ფეხშიშველა სიარულისგან თავის არიდება. ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ისეთი აქტივობები, რომლებიც ტერფის დატვირთვას იწვევენ, მაგალითად, როგორიცაა სირბილი. საჭიროა წონის დაკლება. წვივისა და ტერფის კუნთების დაჭიმვა აჩქარებს პროცესის ალაგებას. კარგად მორგებულ ფეხსაცმელში ორთოზების მოთავსება შეასრულებს ამორტიზატორის როლს, აამაღლებს და გაამაგრებს ქუსლს.

სხვა ღონისძიებებია: წებვადი ლენტის გამოყენება ან თაღის დამცავი სახვევი, ყინულით მასაჟი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები).

ზოგჯერ ქუსლში კორტიკოსტეროიდის ინექცია, ფიზიკური თერაპია, წვივის კუნთების და ფასციის დაჭიმვის მიზნით – ფიქსატორის გამოყენება ღამით, ძილის დროს. კორტიკოსტეროიდის ინექციის რამდენჯერმე გაკეთება მიზანშეწონილი არაა, ვინაიდან მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ჩამოთვლილი ღონისძიებების არასაკმარისად ეფექტურობის შემთხვევაში, შეიძლება დაედოს თაბაშირის ნახვევი. თუ შემაწუხებელი სიმპტომები კვლავ შენარჩუნდება, იშვიათად დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი, რომლის მიზანია ფასციაზე დატვირთვის შემცირება და ქუსლის დეზის არსებობის შემთხვევაში – მისი მოცილება.