აქილევსის მყესის ბურსიტი | მკურნალი.გე
  1. აქილევსის მყესის ბურსიტი
  2. ფეხის (ტერფის) დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
აქილევსის მყესის ბურსიტი

აქილევსის მყესის ბურსიტი – ქუსლის კანსა და აქილევსის მყესს (აქილევსის მყესის უკანა ბურსიტი) შორის ან აქილევსის მყესის ქუსლის ძვალთან მიმაგრების ადგილის წინ (აქილევსის მყესის წინა ბურსისტი, ქუსლის უკანა ბურსიტი) არსებული სითხით სავსე ჩანთის ანთებაა.

  • ტიპური სიმპტომებია შეშუპება, სიმხურვალის შეგრძნება და მტკივნეული ადგილი ქუსლის უკან;

  • დიაგნოზი ისმება სიმპტომების, გასინჯვის და ზოგჯერ რენტგენოგრაფიული კვლევის შედეგების მიხედვით;

  • მკურნალობის მიზანია ანთებითი პროცესის შემსუბუქება და აქილევსის მყესის ბურსიტის ლოკალიზაციის მიხედვით – ქუსლის ძვალზე ზეწოლის შემცირება.

აქილევსის მყესი – ესაა მყესი, რომელიც წვივის კუნთებს ქუსლის ძვალთან ამაგრებს. აქილევსის მყესის უკანა ბურსიტი ხშირად ასოცირებულია ძვლოვანი წანაზარდის განვითარებასთან, რომელსაც ჰაგლუნდის დეფორმაცია ეწოდება. აქილევსის მყესის წინა ბურსიტს ალბერტის დაავადების ან რეტრომალეოლური ბურსიტის სახელით მოიხსენიებენ.

აქილევსის მყესის უკანა ბურსიტი, ძირითადად ახალგაზრდა ქალებს შორის ვლინდება, თუმცა ასევე შეიძლება განვითარდეს მამაკაცებში. სიარულის დროს, ფეხსაცმლის უხეში ლანჩის განმეორებადი ზეწოლა ქუსლის უკანა ნაწილების რბილ ქსოვილებზე, ბურსიტის განვითარებას ან დამძიმებას განაპირობებს. ბურსიტის განვითარებას ასევე იწვევს ფეხსაცმელი, რომელიც მკვეთრად ვიწროვდება წინისაკენ (როგორიცაა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი).

ნებისმიერმა მდგომარეობამ, რომელიც ზედმეტად ძაბავს აქილევსის მყესს, შეიძლება აქილევსის მყესის წინა ბურსიტი გამოიწვიოს. ასევე შესაძლებელია, მისი მიზეზი გახდეს ქუსლის ტრავმა ან ისეთი დაავადება, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი.

სიმპტომები

ტრავმით გამოწვეული სასახსრე ჩანთის ანთების შემთხვევაში, სიმპტომები, ჩვეულებრივ უეცრად ვითარდება. დაზიანების გარეშე კი სიმპტომები თანდათან იჩენს თავს. როგორც წინა, ასევე უკანა ბურსიტის შემთხვევაში, სიმპტომები მოიცავს ქუსლის უკანა ნაწილში შეშუპებას და სიმხურვალეს. ვითარდება მსუბუქად შეწითლებული, შეშუპებული მტკივნეული ადგილი. ანთებადი ჩანთის ზომაში მომატების შემთხვევაში, ქუსლის კანქვეშ წითელი შესივება ჩნდება, რომელიც ძლიერ ტკივილს იწვევს ქუსლის ზემოთ. თუ აქილევსის მყესის უკანა ბურსიტი ქრონიკულ სახეს იღებს, შეშუპება მკვრივდება, სითხით სავსე და წითელი ან ხორცისფერი შეფერილობის ხდება.

დიაგნოზი

დიაგნოზი სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის მიხედვით ისმება. აქილევსის მყესის წინა ბურსიტის შემთხვევაში რენტგენოგრაფიული კვლევა ქუსლის ძვლის მოტეხილობის ან რევმატოიდული ან სხვა ართრიტებით განპირობებული დაზიანების გამოსარიცხად ტარდება.

მკურნალობა

ტკივილის და ანთების დროებით შემსუბუქებას ახდენს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მტკივნეულ ადგილას თბილი ან ცივი კომპრესი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს-ები), ანთებად ჩანთაში კორტიკოსტეროიდისა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ნარევის ინექცია. ინექციის დროს სიფრთხილეა საჭირო, რათა ნარევის შეყვანა აქილევსის მყესში არ მოხდეს. მკურნალობის შემდეგ საჭიროა მოსვენება. მისი არაეფექტურობის შემთხვევაში – ქუსლის ძვლის ნაწილის ქირურგიული ჩარევით მოცილება შეიძლება გახდეს საჭირო.

აქილევსის მყესის უკანა ბურსიტის დროს, მკურნალობის მიზანია, ანთებითი პროცესის შემსუბუქება და ტერფის პოზიციის შესწორება ფეხსაცმელში – ქუსლზე ზეწოლის შემცირების მიზნით. ღრუბლოვანი რეზინის ან ქეჩისგან დამზადებული ქუსლის საფენის მოთავსება ფეხსაცმელში, ქუსლის შემაღლებით ამცირებს მასზე დატვირთვას. დამხმარე ღონისძიებაა – ფეხსაცმლის უკანა ნაწილის გაჭიმვა ან რბილი საფენი ანთებადი ჩანთის ირგვლივ. ზოგჯერ სპეციალური – ტერფის სტაბილიზაციისათვის განკუთვნილი სარბენი ფეხსაცმელი (ბოტასი) ან ისეთი საშუალებები, რომლებიც ცვლიან ტერფის პოზიციას ან მოძრაობის მანერას და ამცირებენ დაზიანებული სახსრის დატვირთვას (ორთოზები) ან ორივე ერთად გამოიყენება ტერფის და ქუსლის არასწორი მოძრაობის დროს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქუსლის უკანა ნაწილის დაზიანებას. არსებობს ფეხსაცმლის სახეობა, რომელში არსებული სპეციალური საფენიც ამცირებს ქუსლის უკანა ნაწილის და აქილევსის მყესის გაღიზიანებას.