ბუნიონის დროს ტერფის ცერა თითის ფუძის სახსრის გამოზნექა აღინიშნება (წარზიდული ხდება).
ბუნიონის შემადგენელი ნაწილია ცერა თითის ან იმ ძვლის არასწორი პოზიცია, რომელსაც იგი უკავშირდება. ასეთი ცვლილებაა, ცერა თითის ფუძის სახსრის წინისაკენ გამოდრეკა, ხოლო ცერა თითის შიგნით გადახრა (მცირე თითების მიმართულებით). აღნიშნულ დეფორმაციას ტერფის ვალგუსური დეფორმაცია ეწოდება. ხელშემწყობი ფაქტორებია: კოჭის სახსარში ზედმეტად მოხრა (პრონაცია) და ზოგჯერ – ტრავმა. ასევე შესაძლებელია ოსტეოართრიტის განვითარება და შედეგად წანაზარდის ჩამოყალიბება. ოსტეოართრიტი იწვევს სახსრის ნაწიბუროვან ცვლილებებს და სახსრის მოძრაობის სიფართის ცვლილებას. მოსალოდნელია სახსრის შეშუპება. ყალიბდება ბურსა (სითხით სავსე ჩანთის მტკივნეული შესივება), რომელიც შეშუპებული და მტკივნეულია მჭიდრო ფეხსაცმლის ტარების შემთხვევაში.
პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს სახსრის უმტკივნეულო გადიდება ან სახსრის ტკივილი გარკვეული სახეობის ფეხსაცმლის ტარებისას. მოგვიანებითი სიმპტომებია შესივების თანდათან მატება ტკივილის გარეშე, მტკივნეული, მხურვალე, წითელი შეშუპება სახსრის შიგნითა არეში და ტკივილი და შეშუპება სახსრის ირგვლივ. იზღუდება სახსრის მოძრაობა.
ექიმები დიაგნოზს სიმპტომების და გასინჯვის მიხედვით სვამენ. გაურკვეველი დიაგნოზის შემთხვევაში ტარდება რენტგენოგრაფია. თუ ინფექციაა საეჭვო, იღებენ და იკვლევენ სასახსრე სითხეს. რამდენიმე სახსრის ერთდროულად დაზიანებისას, ტარდება კვლევები ართრიტის სადიაგნოზოდ.
მსუბუქი დისკომფორტი მნიშვნელოვნად მცირდება ფართოცხვირიანი ფეხსაცმლის ტარებით. ბუნიონის სპეციალური დამცავი საფენის შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში. ორთოზები თანაბრად ანაწილებს და ამსუბუქებს ზეწოლას დაზიანებულ სახსარზე. ჩამოთვლილი ღონისძიებების უეფექტობისას ან იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ სურს ფართო, დიდი ზომის ფეხსაცმლის და ორთოზების ტარება, რადგან იგი არცთუ მიმზიდველად გამოიყურება – ქირურგიული ჩარევის საკითხი განიხილება. ზოგჯერ ტკივილისა და შეშუპების შემსუბუქებაში ეხმარება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს-ები) პერორალური მიღება ან ინექცია კორტიკოსტეროიდის ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებასთან ერთად ან მის გარეშე. რიგიდული სახსრების შემთხვევაში, ეფექტურია დაჭიმვითი სავარჯიშოების შესრულება, ზოგჯერ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექციის შემდეგ, რომელიც შეამცირებს კუნთოვან სპაზმს. ზოგჯერ, ნაწიბუროვანი ქსოვილისაგან სახსრის გამოსათავისუფლებლად და სახსრების მდებარეობის გასასწორებლად, ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.