ბეიკერის კისტა (მუხლქვეშა კისტები) თხელი, სასახსრე (სინოვიური) სითხით ავსებული ჩანთაა, რომელიც მუხლის უკან წარმოიქმნება სასახსრე კაფსულის გადაჭიმვის გამო.
ბეიკერის კისტა მზარდი ოდენობით სასახსრე სითხის დაგროვების შედეგად ყალიბდება და სასახსრე კაფსულიდან მუხლის უკან გამოიდრიკება. სასახსრე სითხის დაგროვების მიზეზი შეიძლება იყოს: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი ან მუხლის სახსრის ზედმეტად დატვირთვა. ბეიკერის კისტა დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს მუხლის უკან, შეიძლება ზომაში გაიზარდოს და ქვემოთ, კანჭის კუნთებისაკენ გავრცელდეს.
სითხის რაოდენობის და წნევის სწრაფი ზრდის გამო, შესაძლებელია კისტის გასკდომა. გამოთავისუფლებული სითხის ირგვლივმდებარე ქსოვილებში ჩაღვრა იწვევს მათ ანთებას და სიმპტომებს, რომელიც თრომბოფლებიტის სურათის მსგავსია. უფრო მეტიც, ბეიკერის კისტის გამობერილობამ, ვენაზე ზეწოლის გამო, შეიძლება მუხლქვეშა ვენის თრომბოფლებიტი გამოიწვიოს.
ექიმები დიაგნოზს პაციენტის გამოკითხვით სვამენ. სპეციფიკური კითხვებით ადგენენ სიმპტომებს და მუხლის უკან ან წვივის არეში არსებული შეშუპების არსებობას. დიაგნოზის დასმის და კისტის გავრცელების შეფასებისათვის, ზოგჯერ ეხმარება ულტრაბგერითი კვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან ართროგრაფია.
ართრიტით გამოწვეული მუხლის ქრონიკული შეშუპების შემთხვევაში, ექიმი სითხეს ნემსის დახმარებით იღებს (პროცედურას სახსრის ასპირაცია ეწოდება) და ბეიკერის კისტის წარმოქმნის პრევენციის მიზნით, ინექციით შეჰყავს ხანგრძლივი მოქმედების კორტიკოსტეროიდი
(როგორიცაა ტრიამცინოლონ აცეტონიდი). სხვადასხვა მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, ალტერნატიული ღონისძიებაა კისტის ქირურგიული გზით მოცილება.
კისტის გასკდომის შემთხვევაში, ტკივილის შესამცირებლად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) გამოიყენება.
თუ გამსკდარმა კისტამ მუხლქვეშა ვენის თრომბოფლებიტი გამოიწვია, მკურნალობის მიზნით ინიშნება წოლითი რეჟიმი, კიდურის შემაღლება, სითბური კომპრესი და ანტიკოაგულანტები. ზოგჯერ ანტიბიიოტიკების დანიშვნაც ხდება საჭირო.