ზურგის ტვინი (ნერვული სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. ზურგის ტვინი (ნერვული სისტემის ბიოლოგია)
  2. ნერვული სისტემის ბიოლოგია
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ზურგის ტვინი (ნერვული სისტემის ბიოლოგია)

ზურგის ტვინი გრძელი, ნაზი, მილისებური ორგანოა, რომელიც ტვინის ღეროს ძირში იწყება და თითქმის ხერხემლის სვეტის ბოლომდე გრძელდება ქვემოთ. იგი შედგება ნერვებისგან, რომლებშიც მოძრაობს შემომავალი და გამავალი იმპულსები ტვინსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის. ის, ასევე, ზოგიერთი, მაგალითად, მუხლის, რეფლექსის ცენტრია. თავის ტვინის მსგავსად, ზურგის ტვინიც ქსოვილის სამი ფენითაა დაფარული. იგი ამ გარსებთან ერთად ხერხემლის ცენტრში გამავალ არხშია მოთავსებული. ზრდასრულთა უმრავლესობაში ხერხემალი შედგება 26 მალისგან, რომლებიც ისევე იცავენ ზურგის ტვინს, როგორც ქალა – თავის ტვინს. მალები ერთმანეთისგან გამოყოფილია ხრტილოვანი ფირფიტებით, დისკებით, რომლებიც ამცირებენ რყევებს სიარულისა და ხტომისას. ზურგის ტვინიც, თავის ტვინის მსგავსად, თეთრი და რუხი ნივთიერებისგან შედგება. მის ცენტრში პეპლის ფორმის რუხი ნივთიერებაა მოთავსებული. წინა "ფრთები" (ე.წ. წინა რქები) მამოძრავებელი ნერვების უჯრედებს შეიცავენ, რომელთაც იმპულსი თავის ან ზურგის ტვინიდან კუნთებისკენ გადააქვთ, რაც იწვევს მოძრაობას. უკანა რქები მგრძნობიარე ნერვულ უჯრედებს შეიცავენ, რომლებსაც მგრძნობელობითი ინფორმაცია სხეულის ნაწილებიდან თავის ტვინში მიაქვთ, ზურგის ტვინის გავლით. გარშემო მდებარე თეთრი ნივთიერება ნერვული ბოჭკოების სვეტებითაა შექმნილი, რომელთაც ააქვთ ინფორმაცია სხეულიდან თავის ტვინში (აღმავალი გზები) ან ჩამოაქვთ იმპულსები ტვინიდან კუნთებისკენ (დაღმავალი გზები).