ნევროლოგიურ დარღვევაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ექიმები ორგანიზმის ყველა სისტემას გამოიკვლევენ, თუმცა მეტი ყურადღება, რა თქმა უნდა, ნერვულს ეთმობა. ამ დროს ფასდება: გონებრივი სტატუსი, თავისა და ზურგის ტვინის მამოძრავებელი და მგრძნობიარე ნერვები, რეფლექსები, კოორდინაცია, წონასწორობა, სიარული, ორგანიზმის შინაგანი პროცესების რეგულაცია ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ და თავის ტვინის სისხლით მომარაგება. იმის მიხედვით, თუ რომელ დარღვევაზე აქვს ეჭვი, ექიმმა შესაძლოა სხეულის რომელიმე ნაწილის გასინჯვას უფრო მეტი დრო დაუთმოს.
გონებრივი სტატუსი: ექიმი გამოიკვლევს:
გამოკვლევა მოიცავს შეკითხვებსა და დავალებებს, მაგ. საგნების დასახელებას, საგნების მოკლე ჩამონათვალის დამახსოვრებასა და გახსენებას, წინადადებების წერას, ფიგურების გადახატვას. მეტი სიზუსტისთვის ადამიანის პასუხები იწერება და ქულებით ფასდება. თუკი პიროვნება დეპრესიულობას უჩივის, ექიმები ეკითხებიან მას, ოდესმე თავის მოკვლაზე ხომ არ უფიქრია.
თავის ტვინის ნერვები: არსებობს 12 წყვილი კრანიალური ანუ თავის ტვინის ნერვი, რომლებიც მას აკავშირებენ თვალებთან, ყურებთან, ცხვირთან, სახესთან, ენასთან, ყელთან, კისერთან, მხრების ზედა ნაწილთან და ზოგ შინაგან ორგანოსთან. რამდენ ნერვს გასინჯავს ექიმი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დარღვევაზე აქვს ეჭვი. მაგალითად, პირველი წყვილი (ყნოსვის) ნერვის გამოკვლევა არ ხდება მაშინ, როცა ექიმი კუნთის რაიმე დაავადებას ვარაუდობს, მაგრამ აუცილებლად გაისინჯება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს თავის სერიოზული ტრავმა აქვს გადატანილი (ამ დროს ხშირად ყნოსვის შეგრძნება იკარგება). კრანიალური ნერვები ტრავმის, სისხლის მიმოქცევის მოშლის, ავტოიმუნური დაავადების, სიმსივნის ან ინფექციის შედეგად ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაზიანდეს. მათი ფუნქციების დეტალური გამოკვლევით ხშირად შესაძლებელი ხდება ზუსტად განისაზღვროს დაზიანების ადგილი.
მამოძრავებელი და მგრძნობიარე ნერვები: მამოძრავებელ ნერვებს იმპულსები თავისა და ზურგის ტვინიდან ნებითი მოძრაობის შემსრულებელ კუნთებამდე მიაქვთ, მაგ. კიდურების. სისუსტე ან დამბლა შეიძლება გამოიწვიოს თავად კუნთის, მამოძრავებელი ნერვის, მათი კავშირის ანუ სინაფსის, თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებამ. გამოკვლევისას ექიმები აკვირდებიან, არის თუ არა შემდეგი დარღვევები:
კუნთი განილევა (ატროფირდება) თავად მისი ან შესაბამისი ნერვის დაზიანების გამო და დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ ყოფნის დროს (მაგ. თაბაშირის ხანგრძლივად დადებისას).
კუნთები შესაძლოა მოძრაობდეს ადამიანის ნება-სურვილის გარეშეც. კუნთის სუსტი უნებლიე შეკუმშვები, ფასციკულაციები, შესაბამისი ნერვის დაზიანების მანიშნებელია. უნებლიე მოძრაობების სხვა სახეებია: სხეულის ნაწილების რიტმული მოძრაობა (კანკალი), ტიკები, კიდურის უეცარი გაქნევა (ჰემიბალიზმი), სწრაფი, მკვეთრი მოძრაობები (ქორეა) ან გველის მსგავსად დაგრეხვა (ათეთოზი). ყველა ეს მოძრაობა მიანიშნებს, რომ დაზიანებულია ტვინის ის ნაწილი, რომელიც მოძრაობის კოორდინაციას უზრუნველყოფს, ანუ ქერქქვეშა ბირთვები. 1111ნევრო
როდესაც ექიმი ადამიანის კიდურს სახსარში პასიურად ხრის ან შლის, იგი იკვლევს წინააღმდეგობის ხარისხს მოძრაობის დროს (კუნთის ტონუსს). თუკი ტონუსი არათანაბარია ან უეცრად იზრდება (სპასტიკურობა), დარღვევა სავარაუდოდ ინსულტის ან ზურგის ტვინის დაზიანების შედეგია. როცა კუნთთა ტონუსი თანდათანობით, თანაბრად იზრდება, დაზიანება სავარაუდოდ ქერქქვეშა ბირთვებშია, მაგ. პარკინსონის დაავადების დროს. ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად განვითარებული დამბლის დროს კუნთთა ტონუსი მაშინვე მკვეთრად, მაგრამ დროებით მცირდება (კუნთი დუნე ხდება).
ექიმები კუნთის ძალას შემდეგნაირად ამოწმებენ: სთხოვენ ადამიანს, წინააღმდეგობის საპირისპიროდ გაშალოს და მოხაროს კიდური ან გააკეთოს მოძრაობები, რასაც ძალა სჭირდება, მაგ. ქუსლებზე, თითის წვერებზე სიარული, სკამიდან ადგომა. ხანდახან სისუსტე ადვილად შესამჩნევია, როცა პიროვნება ერთ კიდურს უფრო იყენებს, ვიდრე მეორეს (მაგ. სიარულის დროს ხელების ქნევისას ან წინ გაშვერილი მკლავების თვალდახუჭულ მდგომარეობაში ჭერისას). სისუსტე, რომელიც ხელებისა და ფეხების ზედა ნაწილში უფრო გამოხატულია, ვიდრე ტერფებსა და მტევნებში, მიგვანიშნებს ყველა კუნთის დამაზიანებელი დაავადების არსებობაზე (მიოპათია). ამ დროს პირველად ყველაზე დიდი, კიდურების ზედა ნაწილში მოთავსებული კუნთები ზიანდება. ადამიანს უძნელდება თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა.
როცა სისუსტე უფრო ტერფებსა და მტევნებშია გამოხატული, პრობლემის გამომწვევი პოლინეიროპათიაა – დაავადება, რომელიც ყველა პერიფერიულ ნერვს აზიანებს. ამ დროს პირველად ყველაზე გრძელი ნერვები ზიანდება (ისინი, რომლებიც მტევნებსა და ტერფებს უკავშირდებიან). ადამიანს უჭირს თითებით ნატიფი მოძრაობების შესრულება.
თუკი სისუსტე სხეულის მხოლოდ ერთ მხარესაა გამოხატული, სავარაუდოა პათოლოგია, რომელიც ტვინის შესაბამის ნახევარს აზიანებს, მაგალითად ინსულტი. როცა კუნთოვანი ძალის დაკარგვა მხოლოდ სხეულის რაღაც დონის ქვევითაა, მისი მიზეზი, სავარაუდოდ, ზურგის ტვინის დაზიანება უნდა იყოს. მაგალითად, გულმკერდის ნაწილში ხერხემლის ტრავმა გამოიწვევს ფეხების, მაგრამ არა ხელების დამბლას. კისრის ნაწილში ან ცოტა ზემოთ მიღებული ტრავმის შედეგად ოთხივე კიდურის დამბლა ვითარდება.
სისუსტე სხვა სახითაც შეიძლება იყოს გამოხატული, მაგალითად, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პერიფერიული ნერვის შესაბამის კუნთებში. ამ დროს ძალა ნელ-ნელა მცირდება მოძრაობის რამდენჯერმე გამეორების მერე, მაგ. მძიმე მიასთენიის შემთხვევაში.
მგრძნობიარე ნერვებს სხეულიდან ტვინისკენ მიაქვთ ინფორმაცია შეხების, ტკივილის, ტემპერატურის, ვიბრაციის, სხეულის პოზისა და საგნების ფორმის შესახებ. შეცვლილი ან შემცირებული მგრძნობელობა მიუთითებს, რომ დაზიანებულია მგრძნობიარე ნერვი, ზურგის ტვინი ან თავის ტვინის შესაბამისი ნაწილი. სხეულის ზედაპირის განსაზღვრულ უბნებს ანუ დერმატომებს ზურგისა და თავის ტვინში სპეციფიკური არეები შეესაბამება. ექიმმა შესაძლოა ზუსტად დაადგინოს, ზურგის ტვინის რა დონეზეა დაზიანება იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელ უბანშია მგრძნობელობა მოშლილი ან დაკარგული.
მგრძნობელობის დაკარგვის გამოსავლენად სხეულის ზედაპირის გამოკვლევა ხდება. როგორც წესი, ექიმები უფრო დეტალურად იმ ადგილს სინჯავენ, სადაც პაციენტი დაბუჟებას, ჩხვლეტას ან ტკივილს უჩივის. უნდა დადგინდეს, შენარჩუნებულია თუ არა წვეტიანი და ბლაგვი საგნებით შეხების შეგრძნებათა გარჩევის უნარი. ასევე ისინჯება, შეუძლია თუ არა ადამიანს იგრძნოს მსუბუქი შეხება, ტემპერატურა და ვიბრაცია. პოზის შეგრძნების გამოსაკვლევად ექიმი პაციენტის თითს ამოძრავებს ზემოთ ან ქვემოთ და სთხოვს მას, შეხედვის გარეშე დაასახელოს მიმართულება.
რეფლექსები: რეფლექსი არის ორგანიზმის ავტომატური პასუხი გაღიზიანებაზე. მაგალითად, თუკი მუხლის ქვემოთ მყესს პატარა რეზინის ჩაქუჩს დავარტყამთ, წვივი გამოძრავდება, ფეხი ჰაერში შეხტება. გზა, რომელსაც ამ დროს ნერვული იმპულსი გადის (რეფლექსური რკალი) თავის ტვინში სულაც არ გაივლის. იგი იწყება ზურგის ტვინის მგრძნობიარე ნერვით, ზურგის ტვინშივე გადადის მამოძრავებელ ნერვზე და მიემართება კუნთისკენ. ექიმები ამოწმებენ რეფლექსებს, რათა განსაზღვრონ, ნერვული გზების ყველა ნაწილი ფუნქციონირებს თუ არა. ყველაზე ხშირად მუხლის, იდაყვისა და კოჭის მსგავს რეფლექსებს იკვლევენ.
ფეხის გულის რეფლექსის შემოწმება ეხმარება ექიმებს, აღმოაჩინონ დარღვევები ნებითი მოძრაობების მარეგულირებელ ნერვულ გზებში. ამ დროს ფეხის გულის გარეთა ნაწილს მაგრად ჩამოუსვამენ გასაღებს ან რაიმე მყარ საგანს, რაც ოდნავ დისკომფორტს იწვევს. პასუხად, როგორც წესი, თითები ქვევით იხრება. ცერა თითის ზევით მიმართვა ან სხვა თითების გაფშეკა, თავის ან ზურგის ტვინში რაიმე დარღვევის არსებობის ნიშანია. თუმცა, ეს ნორმად ითვლება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
სხვა რეფლექსების შემოწმებაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს. მაგალითად, შემდეგი გამოკვლევებით ექიმებს შეუძლიათ დაადგინონ, ტვინის რა მოცულობაა დაზიანებული კომაში მყოფ პაციენტში: ვიწროვდება თუ არა გუგა სინათლის მინათებისას (გუგის სინათლის რეფლექსი), იწვევს თუ არა რქოვანაზე შეხება თვალების ხამხამს (რქოვანას რეფლექსი), საით მოძრაობს ადამიანის თვალები თავის გადაბრუნების ან ცოტა წყლის ყურში შეყვანის დროს. ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანში ყითას შეკუმშვა მსუბუქი შეხების შედეგად (ყითას რეფლექსი) კარგის ნიშანია.
კოორდინაცია, წონასწორობა და სიარული: კოორდინაციისა და სიარულისთვის საჭიროა თავისა და ზურგის ტვინში მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვებიდან მომავალი სიგნალები შეჯამდეს. ამ ფუნქციის შესამოწმებლად ექიმი სთხოვს ადამიანს: გაიაროს სწორ ხაზზე ერთი ტერფის ზუსტად მეორის წინ დადგმით; გაიწვდინოს საჩვენებელი თითი და შეეხოს ექიმის თითს, შემდეგ თავის ცხვირს და სწრაფად გაიმეოროს ეს მოძრაობები; თავდაპირველად ეს გააკეთოს თვალგახელილმა, ხოლო შემდეგ დახუჭოს და – ისე.
რომბერგის ტესტის ჩატარების დროს ადამიანმა ტერფები მაქსიმალურად ახლოს უნდა დადგას ერთმანეთთან და გაჩერდეს უძრავად. შემდეგ იგი ხუჭავს თვალებს. თუკი წონასწორობა დაირღვა, ესე იგი ინფორმაცია ფეხების პოზიციის შესახებ არ მიდის თავის ტვინამდე, როგორც წესი, ნერვების ან ზურგის ტვინის დაზიანების გამო.
ავტონომიური ნერვული სისტემა: ავტონომიური (უნებლიე) ნერვული სისტემა ორგანიზმის იმ შინაგან პროცესებს არეგულირებს, რომელსაც ნებითი კონტროლი არ სჭირდება: წნევას, გულისცემის სიხშირეს, სუნთქვას, ტემპერატურის ცვლილებას ოფლის გამოყოფის ან კანკალის მეშვეობით. ამ სისტემაში დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის დაცემა ადამიანის ფეხზე წამოდგომის დროს (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ოფლის გამოყოფის შემცირება ან არარსებობა, სქესობრივი სფეროს პრობლემები – ერექციის განვითარების ან შენარჩუნების სიძნელე. ექიმმა შესაძლოა მრავალნაირი გამოკვლევა ჩაატაროს, მათ შორის წნევისა და გულისცემის სიხშირის გაზომვა წოლის, ჯდომის და ფეხზე დგომისას.
სისხლის მიმოქცევა ტვინში: ტვინში არტერიების მკვეთრი შევიწროება სისხლის ნაკადის შემცირებას იწვევს და ინსულტის რისკს ზრდის. ამის საშიშროება უფრო მაღალია მოხუცებში, მწეველებში, მაღალი წნევის, მაღალი ქოლესტეროლის, დიაბეტის, გულისა და არტერიების დაავადებების მქონე ადამიანებში. ექიმი სტეთოსკოპს კისერზე, საძილე არტერიასთან ათავსებს და უსმენს ხმას – შუილს, რომელსაც სისხლის უწესრიგო დინება ქმნის შევიწროებულ სისხლძარღვში. არტერიების დაავადებების დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებებია: ულტრაბგერითი კვლევა (საძილე არტერიის დუპლექსური და ტრანსკრანიალური ულტრასონოგრაფია), მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (მრა), კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (კტა) და თავის ტვინის ანგიოგრაფია. წნევა უნდა გაიზომოს ორივე ხელზე, რათა შემოწმდეს, აორტიდან გამომავალი მსხვილი არტერიები დახშობილი ხომ არ არის, რადგან ამან შეიძლება ინსულტის განვითარება გამოიწვიოს.