ავადმყოფობის ისტორიის გამოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ, რაიმე დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება. ისეთი გამოსახულებითი კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია და დოპლერული ულტრასონოგრაფია ხშირად გამოიყენება ნევროლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკისთვის.
თავ-ზურგ-ტვინის სითხე მოძრაობს თავისა და ზურგის ტვინის მფარავ გარსებს შორის არსებულ არხში (სუბარაქნოიდულ სივრცეში). იგი ფარავს ამ ორგანოებს და იცავს მათ უეცარი შერყევის ან მცირე ტრავმებისგან.
ლუმბალური პუნქციის დროს ექიმი ნემსით იღებს თავ-ზურგ-ტვინის სითხის მცირე რაოდენობას და ნიმუშს ლაბორატორიაში აგზავნის.
ამ სითხის გამოკვლევით შესაძლოა დადგინდეს ინფექციის, სიმსივნისა და სისხლჩაქცევის არსებობა თავისა და ზურგის ტვინში. ეს დაავადებები ცვლიან სითხის შემადგენლობასა და შესახედაობას. ნორმაში მასში სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები მცირე რაოდენობითაა, გარეგნულად კი გამჭვირვალე და უფეროა. პათოლოგიის არსებობისას შესაძლოა შემდეგი ცვლილებები გამოვლინდეს:
ლუმბალური პუნქციის ჩატარებამდე ექიმები ოფთალმოსკოპით იკვლევენ მხედველობის ნერვს, რომელიც ქალასშიდა წნევის მომატების დროს შუპდება. როცა წნევის მომატება ქალაში რაიმე წარმონაქმნის (სიმსივნის ან აბსცესის) არსებობითაა გამოწვეული, ლუმბალური პუნქციის ჩატარება არ შეიძლება. თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთისგან შედარებით მყარი ქსოვილის ტიხრებითაა გამოყოფილი, სადაც პატარა ბუნებრივი ხვრელებია დატანებული. გაზრდილი ქალასშიდა წნევის პირობებში ლუმბალური პუნქციის დროს შესაძლოა უეცრად შემცირდეს წნევა ტვინის ქვემოთ, რაც გამოიწვევს ამ ორგანოს გადაადგილებას და ჩაჭედვას იმ ბუნებრივ ხვრელებში (თავის ტვინის თიაქარი). თიაქარი პოტენციურად სასიკვდილოა, რადგან ტვინზე ზეწოლას იწვევს. ავადმყოფობის ისტორია და გასინჯვა ეხმარება ექიმებს განსაზღვრონ, არსებობს თუ არა თიაქრის განვითარების რისკი. თუმცა, თავის კტ და მრტ უფრო ზუსტია ამ მხრივ და ხშირად ლუმბალურ პუნქციამდე კეთდება გართულებების თავიდან ასაცილებლად.
პროცედურის დროს ადამიანი უნდა იწვეს გვერდზე, მოხრილი და გულმკერდთან მიტანილი მუხლებით. ჩხვლეტის ადგილზე წინასწარ ადგილობრივი ანესთეზია კეთდება, რათა პაციენტმა ტკივილი არ იგრძნოს. ნემსი ხერხემლის ქვედა ნაწილში, ზურგის ტვინის დასასრულის ქვემოთ შეიყვანება ორ მალას შორის. ამ დროს ექიმს შეუძლია ქალასშიდა წნევაც გაზომოს. ნემსს ემაგრება მანომეტრი და მის სკალაზე იზომება თავ-ზურგტვინის სითხის სვეტის სიმაღლე.
ლუმბალური პუნქციის შესრულებას სულ 15 წუთი სჭირდება და ის პაციენტის პალატაშივე კეთდება.
10-დან 1 ადამიანს პროცედურის შემდეგ ფეხზე ადგომისას თავის ტკივილი ეწყება, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ან კვირაში გაივლის. სხვა გართულებები ძალიან იშვიათია.
ექოენცეფალოგრაფია ულტრაბგერით ტალღებს იყენებს ტვინის გამოსახულების მისაღებად. ეს მარტივი, უმტკივნეულო და შედარებით იაფი პროცედურა გამოიყენება ბავშვებში 2 წლის ასაკამდე, რადგან მათი თავის ქალა საკმარისად თხელია და ატარებს ულტრაბგერით ტალღებს. ის საკმაოდ სწრაფად, პაციენტის საწოლშივე სრულდება ჰიდროცეფალიის (რასაც ტვინის გაწყალებას ეძახიან ხოლმე) ან სისხლჩაქცევის აღმოსაჩენად. კტ-მ და მრტ-მ დიდწილად ჩაანაცვლა ექოენცეფალოგრაფია, რადგან ისინი უკეთეს გამოსახულებებს იძლევა, განსაკუთრებით უფრო დიდი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.
მიელოგრაფიის დროს რენტგენის სხივებისთვის გაუმტარი საღებავი ნივთიერება თავ-ზურგტვინის სითხეში შეიყვანება ლუმბალური პუნქციით. ამის შემდეგ ხდება ზურგის ტვინის რენტგენის გადაღება. მიელოგრაფია დღესდღეობით მრტ-მ ჩაანაცვლა, რადგან იძლევა უფრო ზუსტ გამოსახულებას, უფრო მარტივი და უსაფრთხოა. მაგრამ მაშინ, როცა მრტ-ს გადაღება ვერ ხერხდება ან საშიშია (მაგ. როცა ადამიანს გულის პეისმეიკერი აქვს ჩაყენებული), შესაძლოა გაკეთდეს მიელოგრაფია კტ-სთან ერთად.
ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) მარტივი, უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის დროსაც ტვინის ელექტრული აქტივობა ტალღებად იწერება და ქაღალდზე იბეჭდება ან კომპიუტერში გადაიტანება. ეეგ-ს მეშვეობით შესაძლებელია გულყრების, ძილის დარღვევების, თავის ტვინის მეტაბოლური ან სტრუქტურული დაზიანებების დიაგნოსტირება. მაგალითად, ეეგ-თი შეიძლება განვსაზღვროთ, ტვინის რა ნაწილში აღმოცენდება გულყრა. ასევე, შეიძლება დავაფიქსიროთ სპეციფიკური ელექტრული აქტივობა, რომელიც ღვიძლის უკმარისობის დროს განვითარებული ცნობიერების დარღვევისთვისაა დამახასიათებელი (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია).
პროცედურის დროს ადამიანს თავზე პატარა, მრგვალ სენსორებს (ელექტროდებს) აკრავენ, რომლებიც სადენებით სპეციალურ აპარატთანაა შეერთებული. თითოეული ელექტროდი აღრიცხავს ძაბვის ცვლილებას და ეს ყველაფერი იწერება მოწყობილობის მიერ. სწორედ ეს ჩანაწერია ელექტროენცეფალოგრამა. თუკი საეჭვოა გულყრებით მიმდინარე რაიმე დაავადების არსებობა, მაგრამ საწყისი ეეგ ნორმალურია, იყენებენ სპეციალურ ხერხებს, რაც გულყრის განვითარებას ხელოვნურად შეუწყობს ხელს: უძილობა, ღრმა და სწრაფი სუნთქვა (ჰიპერვენტილაცია), მოციმციმე სინათლის ყურება (სტრობოსკოპით). ხანდახან რაიმე უჩვეულო ქცევა შეიძლება გულყრითაც იყოს გამოწვეული და ფსიქიატრიული დაავადებითაც, მიზეზის გარჩევა კი ძნელია. ამ დროს ტვინის ელექტრულ აქტივობას 24 საათის განმავლობაში ან უფრო დიდხანსაც იწერენ, ადამიანი კი საავადმყოფოში იმყოფება ვიდეოკამერის მეთვალყურეობის ქვეშ. გულყრის მსგავსი ქცევის დაფიქსირებისას ექიმები დროის შესაბამისი მომენტის ეეგ ჩანაწერს განიხილავენ. თუ ამ დროს ტვინში გულყრისთვის დამახასიათებელი აქტივობა კი არა, ჩვეულებრივი ეეგ ფიქსირდებოდა, სავარაუდოა, რომ უჩვეულო ქცევას ფსიქიატრიული დაავადება იწვევს და არა გულყრა. ვიდეო ეეგ ასევე გამოიყენება ეპილეფსიის მქონე ადამიანის საოპერაციოდ მომზადებისას, რათა დადგინდეს, რა სახის გულყრა ვითარდება ტვინის რომელიმე სპეციფიკური უბნიდან.
გამოწვეული პოტენციალები არის ტვინის სპეციფიკური უბნების აქტივაციით მიღებული პასუხები, რისთვისაც გამოიყენება მხედველობითი, სმენითი და შეხებითი გამღიზიანებლები. ამ პასუხების მიხედვით ექიმებს შეუძლიათ დაადგინონ, როგორ მუშაობს ტვინის სპეციფიკური უბნები. მაგალითად, სინათლის მინათება აღიზიანებს თვალის ბადურას, მხედველობის ნერვს და ტვინის უკან, მხედველობის ცენტრისკენ მიმავალ სპეციფიკურ გზას. გამღიზიანებლის მიერ გამოწვეული ელექტრული პასუხის ჩასაწერად ეეგ გამოიყენება.
გამოწვეული პოტენციალების კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს გრძნობათა ორგანოები ჩვილებსა და ბავშვებში. მაგალითად, ექიმს შეუძლია გამოიკვლიოს ჩვილის სმენა მის ორივე ყურთან გატკაცუნებით და შემდგომ შემოწმებით, გამოიწვია თუ არა ამ გამღიზიანებელმა ტვინში პასუხი ანუ პოტენციალი. ეს კვლევა ასევე გამოსადეგია მრავლობითი სკლეროზითა და სხვა დაავადებებით გამოწვეული დაზიანებების აღმოსაჩენად მხედველობის ნერვზე, ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინზე. მათ გამოსაკვლევად მრტ მხოლოდ ზოგ შემთხვევაში გამოდგება, ზოგში კი – არა.
ელექტრომიელოგრაფიისა და ნერვების გამტარებლობის კვლევის მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ დაადგინონ, რა დაზიანებით არის გამოწვეული კუნთის სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა ან ორივე ერთად:
ელექტრომიოგრაფიული (ემგ) კვლევისას კუნთში შეჰყავთ პატარა ნემსები, რომლებიც იწერენ ელექტრულ აქტივობას კუნთის მოსვენებისა და შეკუმშვის დროს. ნორმაში, მოდუნებულ კუნთში აქტივობა არ ფიქსირდება. სუსტი შეკუმშვა მცირე აქტივობას იწვევს, რაც ძლიერდება შეკუმშვის ძალასთან ერთად. ემგ-ს შედეგების ნორმიდან გადახრა შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერმა დარღვევამ გამოიწვიოს. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული თავისებურებები ახასიათებს ჩანაწერზე. კტ-ს ან ეეგ-სგან განსხვავებით, რომლებიც რუტინულად შეიძლება გაკეთდეს, ემგ-ს გადაღებისთვის საჭიროა ნევროლოგის მოწვევა, რომელიც აარჩევს შესაბამის ნერვებსა და კუნთებს კვლევისთვის და ასევე, განიხილავს მიღებულ შედეგებს.
ნერვთა გამტარებლობის კვლევისას იზომება, თუ რა სიჩქარით ატარებენ მგრძნობიარე ან მამოძრავებელი ნერვები იმპულსებს. საკვლევ ნერვს სიგნალი ხელოვნურად, სუსტი ელექტრული დენის მეშვეობით მიეწოდება, რომელიც შემდეგ მის გასწვრივ ვრცელდება. ამისთვის შეიძლება გამოიყენონ კანის ზედაპირზე დამაგრებული ელექტროდები ან რამდენიმე პატარა ნემსი, რომელიც ნერვული გზის გაყოლებაზე ჩაინერგება. იმპულსი ნერვის გასწვრივ ვრცელდება, აღწევს კუნთს და იწვევს მის შეკუმშვას. ექიმები ზომავენ დროს, რაც იმპულსს კუნთამდე მისაღწევად დასჭირდა და ასევე მანძილს, რაც მან გაიარა. ამ ორი მონაცემით გამოითვლება, რა სიჩქარით მოძრაობდა იმპულსი. იმის გასარკვევად, თუ რამდენად კარგად მუშაობს ნერვ-კუნთოვანი კავშირი, ნერვი შესაძლოა ერთხელ ან რამდენჯერმე გააღიზიანონ კვლევისას. შედეგების ნორმისგან გადახრა მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: პრობლემა ან ნერვშია, ან ნერვ-კუნთოვან კავშირში. მაგალითად: