ტკივილის რამდენიმე სახე არსებობს: ნეიროპათიული (მაგ. იშიაზის დროს), ნოციცეპტური (ტკივილი ოპერაციის შემდეგ ან სიმსივნის დროს) და ფსიქოგენური.
ნეიროპათიული ტკივილი გამოწვეულია ნერვების, ზურგის ან თავის ტვინის დაზიანებით ან ფუნქციის მოშლით.
ნეიროპათიული ტკივილი შეიგრძნობა, როგორც წვა, ჩხვლეტა ან მომატებული მგრძნობელობა შეხების ან სიცივის მიმართ. მისი გამომწვევი მიზეზებია: ნერვზე ზეწოლა (სიმსივნის, გაგლეჯილი მალთაშუა დისკის ან მაჯის არხის სინდრომის დროს), ნერვის დაზიანება (მაგ. ნივთიერებათა ცვლის მოშლის – შაქრიანი დიაბეტის დროს) და ზურგისა და თავის ტვინში ტკივილის სიგნალების გადამუშავების დარღვევა. ეს უკანასკნელია მიზეზი კიდურის ფანტომური ტკივილის, ჰერპესისშემდგომი ნევრალგიისა და კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომის დროს.
კიდურის ფანტომური ტკივილი: ამ დროს ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ სხეულის რომელიმე ამპუტირებული ნაწილი, ძირითადად კიდური, სტკივა. მისგან განსხვავებული მდგომარეობაა კიდურის ფანტომური შეგრძნება, როცა ამპუტირებული კიდური თითქოს კვლავ ადგილზეა, რაც გაცილებით ხშირია. არარსებული კიდურის ფანტომური ტკივილი ვერ იქნება გამოწვეული თავად კიდურში არსებული პრობლემით (იგი ხომ უკვე ამპუტირებულია). მიზეზი უნდა იყოს ცვლილებები ამპუტაციის ადგილის ზემოთ არსებულ ნერვებში. ხშირად ტკივილი შეიგრძნობა არარსებული კიდურის თითებში, ტერფში, კოჭში ან მტევანსა და მკლავში. ადამიანებს აქვთ მაგრად მოჭერის, წვის ან გაჭყლეტის შეგრძნება, აქამდე არსებული სხვა შეგრძნებებისგან სრულიად განსხვავებული. ზოგ შემთხვევაში კიდურის ფანტომური ტკივილი დროთა განმავლობაში იშვიათდება, ზოგჯერ კი მუდმივად რჩება. ხანდახან მასაჟებსაც მოაქვს შვება, მაგრამ მედიკამენტური მკურნალობაც შესაძლოა საჭირო გახდეს.
ჰერპესისშემდგომი ნევრალგია: ეს დაავადება ვითარდება ვირუსული ინფექციის, სარტყლისებრი ჰერპესის გადატანის შემდეგ. ვირუსი ნერვული ქსოვილის ანთებას იწვევს, მაგრამ გამოჯანმრთელების მერე რატომ რჩება ნევრალგია – უცნობია. ტკივილი არის მუდმივი, ყრუ, მღრღნელი ან მწველი. ასევე შეიძლება იყოს ხანგამოშვებითი, მჭრელი ხასიათის, ან ვლინდებოდეს მომატებული მგრძნობელობით შეხებასა და სიცივეზე. ტკივილი გამომფიტავია. შესაძლოა ტკივილამაყუჩებლებისა და სხვა წამლების გამოყენება გახდეს საჭირო, მაგრამ მუდმივად ეფექტიანი საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს.
კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი: ამ სინდრომის დროს ადამიანებს აქვთ მუდმივი, ქრონიკული ტკივილი და დამატებით სხვა ცვლილებები მტკივნეულ ადგილას. ცვლილებებში შედის: ოფლის მომატებული ან შემცირებული გამოყოფა, კანის ფერის შეცვლა ან მისი დაზიანება, თმის ცვენა, მტვრევადი ან გასქელებული ფრჩხილები, კუნთების განლევა და სისუსტე, ძვლის განლევა. ეს სინდრომი, როგორც წესი, ტრავმის შემდგომ ვითარდება. არსებობს მისი ორი სახე:
ხანდახან ამ სინდრომის მიმდინარეობას კიდევ უფრო აუარესებს სიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც ნორმაში ორგანიზმს სტრესული ან სახიფათო სიტუაციებისთვის ამზადებს. ამის გამო, ექიმმა შეიძლება ფიზიოთერაპიასთან და მედიკამენტებთან ერთად სიმპათიკური ნერვების ბლოკადაც დანიშნოს სამკურნალოდ.
ნოციცეპტურ ტკივილს ორგანიზმის ქსოვილების დაზიანება იწვევს.
ამ სახის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭრილობა, დაჟეჟილობა, ძვლის მოტეხილობა, გაჭყლეტა, დამწვრობა და სხვა. ტკივილის ეს სახე ყველაზე გავრცელებულია და იგი ხშირად მკვეთრი, მჭრელი ან მოპულსირე ხასიათისაა. ნოციცეპტორები ანუ ტკივილის რეცეპტორები ძირითადად კანსა და შინაგან ორგანოებშია განთავსებული.
ოპერაციული ჩარევის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში არსებული ტკივილი სწორედ ნოციცეპტური სახისაა. ის შეიძლება იყოს მუდმივი ან ხანგამოშვებითი, ხშირად ძლიერდება მოძრაობისას, ხველისას, სიცილისას, ღრმად ჩასუნთქვისას ან ჭრილობაზე სახვევის შეცვლისას.
სიმსივნის დროს არსებული ტკივილებიც, როგორც წესი, ნოციცეპტურია. როდესაც ავთვისებიანი წარმონაქმნი ძვლებსა და სხვა ორგანოებში იჭრება, შესაძლოა აუტანელი ტკივილი განვითარდეს. სიმსივნის მკურნალობის ზოგიერთი საშუალებაც, მაგალითად, ოპერაცია და სხივური თერაპია, იწვევს ნოციცეპტურ ტკივილს. ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის ოპიოიდები, როგორც წესი, ეფექტიანია მის წინააღმდეგ.
ფსიქოგენური ტკივილი ძირითადად ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.
როცა ადამიანს მუდმივად აწუხებს ეს სიმპტომი ფსიქოლოგიურ დარღვევებთან ერთად და შეგრძნების გამომწვევი სხვა რაიმე დაავადება არ არსებობს, ითვლება, რომ ტკივილი ფსიქოგენურია. თუმცა, უფრო ზუსტი ტერმინი იქნებოდა ფსიქოფიზიოლოგიური ტკივილი, რადგან იგი ორივე, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. ფსიქოგენური ტკივილი ნოციცეპტურსა და ნეიროპათიულზე ბევრად იშვიათია.
ტკივილის ნებისმიერი სახე შეიძლება გართულდეს ფსიქოლოგიური ფაქტორებით. ისინი ხშირად დიდ როლს თამაშობენ ქრონიკული ტკივილის ფენომენში და შესაძლოა ტკივილთან დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობების განვითარებაშიც ჰქონდეთ წვლილი. ასეთ დროს, ტკივილს, შეზღუდულ შესაძლებლობებს, ან ორივეს, ფიზიკური მიზეზი აქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ფაქტორები აძლიერებენ შეგრძნებას და უფრო ძნელად ასატანს ხდიან მას, ვიდრე სხვა ადამიანებისთვისაა. ისინი, ვისაც ქრონიკული ტკივილები აქვთ, შიშით, შფოთვით ელოდებიან მათ დაწყებას. ეს ემოციები კიდევ უფრო ამძაფრებს ტკივილის შეგრძნებას. ქრონიკული ტკივილის ფსიქოლოგიური ფაქტორებით გაუარესებას ექიმები ქრონიკული ტკივილის სინდრომს უწოდებენ.
ის ფაქტი, რომ ფსიქოგენურ ტკივილს ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევენ ან აუარესებენ, სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს სინამდვილეში არ სტკივა. იმ ხალხის უმრავლესობა, ვინც უჩივის ამ სიმპტომს, მართლა განიცდის ტკივილს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური მიზეზის პოვნა შეუძლებელია.
ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამძაფრებულ ტკივილს, რა თქმა უნდა, მკურნალობა ესაჭიროება, ხშირად – ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართულობა ერთად. მეთოდები განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანისთვის და ექიმები ცდილობენ, თითოეულს ინდივიდუალურად მოარგონ მიდგომა. ქრონიკული ფსიქოგენური ტკივილის მქონე ადამიანების უმრავლესობისთვის მკურნალობის მიზანია ნაკლები დისკომფორტის მიღწევა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ექიმებმა მათ შეიძლება ურჩიონ ფიზიკური და სოციალური აქტივობების თანდათანობით გაზრდა. შესაძლოა ეფექტიანი იყოს მკურნალობის მედიკამენტური და არამედიკამენტური საშუალებებიც – ბიოუკუკავშირი, რელაქსაციის ვარჯიშები, ყურადღების გადატანის ხერხები, ჰიპნოზი, ნერვების კანსმიღმა ელექტრული სტიმულაცია და ფიზიოთერაპია. ხშირად საჭირო ხდება ფსიქოლოგის კონსულტაციაც.