შეფასება | მკურნალი.გე
  1. შეფასება
  2. თავის ტკივილი
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
შეფასება

მხოლოდ გამოკვლევებითა და ტესტებით ვერ დადგინდება, აქვს თუ არა ადამიანს ტკივილი. შესაბამისად, ექიმმა მისგან უნდა გამოიკითხოს ინფორმაცია ამ სიმპტომის აღმოცენების, თავისებურებების შესახებ. პაციენტის პასუხების მიხედვით დგინდება სავარაუდო გამომწვევი მიზეზი და შემუშავდება შემდგომი მოქმედების გეგმა. ექიმმა უნდა გაარკვიოს:

  • სად სტკივა ადამიანს და როგორი სახისაა ტკივილი?

  • როდის დაიწყო? წინ უძღოდა თუ არა მას რაიმე ტრავმა?

  • როგორ დაიწყო ტკივილი? უეცრად თუ ნელ-ნელა?

  • ტკივილი მუდმივად არის თუ გაივლის და მერე ისევ იწყება?

  • დაკავშირებული ხომ არ არის რაიმე აქტივობასთან (კვება, ფიზიკური დატვირთვა) ან სხეულის პოზიციასთან? რა აუარესებს მას?

  • რა ამცირებს ტკივილს?

  • ახდენს თუ არა იგი გავლენას ყოველდღიურ საქმიანობაზე ან ადამიანებთან ურთიერთობაზე? ახდენს თუ არა გავლენას ძილზე, მადაზე, შარდვასა და კუჭის მოქმედებაზე? კერძოდ, რა სახის გავლენას?

  • მოქმედებს თუ არა ტკივილი განწყობილებასა და თვითშეგრძნებაზე? ახლავს თუ არა მას დეპრესია ან შფოთვის განცდა?

ტკივილის სიძლიერის შესაფასებლად გამოიყენება 10-ბალიანი სისტემა, სადაც 0 ნიშნავს ტკივილის არარსებობას, ხოლო 10 ძალიან ძლიერ ტკივილს. არის მეორე ხერხიც, როცა ადამიანი სიტყვიერად აღწერს ტკივილს: მსუბუქია იგი, საშუალო, ძლიერი თუ აუტანელი. ბავშვებისთვის, ან მათთვის, ვისაც კომუნიკაციის პრობლემა აქვს (მაგ. ინსულტის შემდგომ), გამოიყენება დახატული სიცილაკები – გაღიმებული, მოღუშული ან ცრემლიანი – რომელსაც ადამიანი არჩევს თავისი ტკივილის სიძლიერის შესაბამისად.

ექიმები, პირველ რიგში, ცდილობენ დაადგინონ, ტკივილს რამე ფიზიკური მიზეზი ხომ არ იწვევს. ეს სიმპტომი ბევრ დაავადებას ახლავს თან, როგორც ქრონიკულს (სიმსივნე, ართრიტი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და ნაწლავის ანთებითი დაავადება), ასევე მწვავეს (ჭრილობა, დამწვრობა, გაგლეჯილი კუნთი, ძვლის მოტეხილობა, მყესის დაჭიმვა, აპენდიციტი, თირკმლის კენჭი, გულის შეტევა). ტკივილის მიზეზის დასადგენად სპეციფიკური გამოკვლევებია საჭირო. ექიმმა შეიძლება გაშალოს და მოხაროს ადამიანის კიდური იმის გასარკვევად, ჩვეულებრივი მოძრაობა ხომ არ იწვევს ტკივილს. ტრავმამ, ხშირმა სტრესმა, ქრონიკულმა ტკივილმა და სხვა დაავადებებმა შესაძლოა სხეულის ზოგიერთი უბნის მგრძნობელობის მომატება გამოიწვიოს (ე.წ. ტრიგერული – ტკივილის გამომწვევი ადგილები). ექიმი სხვადასხვა ადგილას შეხებითა და ნაზი ზეწოლით ადგენს ტრიგერული უბნების არსებობას. შესაძლოა საჭირო გახდეს კანზე ბლაგვი გასაღებით ან წვეტიანი საგნით შეხებაც, რათა შემოწმდეს, მგრძნობელობა ხომ არაა მოშლილი ან დაკარგული.

ექიმმა გამოკვლევისას ფსიქოლოგიური მიზეზებიც უნდა გაითვალისწინოს. ზოგმა ფაქტორმა (მაგ. დეპრესიამ, შფოთვამ) შესაძლოა გაამძაფროს ტკივილი. ხანდახან დგინდება, რომ ტკივილი ფსიქოგენურია, ანუ მას ნაწილობრივ ან მთლიანად ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს. მეორე მხრივ, ქრონიკულმა ტკივილმა შესაძლოა თვითონ გამოიწვიოს დეპრესია და შფოთვა. ასეთ დროს ძნელი გასარჩევია, რომელია მიზეზი და რომელი – შედეგი. ექიმმა უნდა გამოიკითხოს, რა წამლებს სვამდა ან სვამს ადამიანი ტკივილის საწინააღმდეგოდ და არის თუ არა ისინი ეფექტიანი.

ზოგი ადამიანი აზვიადებს ტკივილის სიძლიერეს. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ექიმებმა მაინც უნდა გაარკვიონ, პიროვნება რაიმე სხვა მოტივით ხომ არ უჩივის ტკივილს, მაგალითად, სამუშაოდან გათავისუფლების ან ოჯახის წევრების ყურადღების მიქცევის მიზნით. ამის დასადგენად შეკითხვებს, როგორც წესი, ყველას უსვამენ.