ზოგ შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზის მკურნალობისას, ტკივილიც თავისთავად ცხრება. მაგალითად, მოტეხილი ძვლის ჩასწორება და თაბაშირის დადება ან სახსრის ინფექციის დროს ანტიბიოტიკები, ამცირებს ტკივილს. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი ხშირად ტკივილგამაყუჩებლები (ანალგეტიკები) ხდება საჭირო, რათა უფრო სწრაფი ეფექტი მივიღოთ. ექიმები საჭირო წამალს ტკივილის ტიპისა და ხანგრძლივობის, ასევე რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით არჩევენ. ტკივილგამაყუჩებლების უმრავლესობა ეფექტიანია ნოციცეპტური ტკივილის წინააღმდეგ (რომელსაც ქსოვილების ჩვეულებრივი დაზიანება იწვევს), მაგრამ ნაკლებად მოქმედებს ნეიროპათიულზე (ნერვების, ზურგისა და თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული), რომელსაც ხშირად სხვა სახის წამლები ესაჭიროება. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით ქრონიკული ტკივილის დროს, არამედიკამენტური საშუალებების გამოყენებაც ხდება საჭირო.
ტკივილგამაყუჩებლების ანუ ანალგეტიკების სამი სახე არსებობს: ოპიოიდური (ნარკოტიკები), არაოპიოიდური და დამხმარე ანალგეტიკები (ეს წამლები წესით სხვა მიზნისთვის გამოიყენება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ტკივილის დროსაც ეფექტიანია).
ოპიოიდური ანალგეტიკები (ნარკოტიკები) ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალებებია. მაღალეფექტიანობის გამო ისინი მთავარი მედიკამენტებია, რომელიც ძლიერი, მწვავე (ოპერაციის შემდეგ, დამწვრობისა და მოტეხილობისას) და ქრონიკული ტკივილისას გამოიყენება. ოპიოიდები ხანგრძლივად ძირითადად სიმსივნის დროს არსებული ქრონიკული ტკივილებისთვის გამოიყენება, თუმცა ნელ-ნელა მიღებული ხდება მათი სხვა მძიმე დაავადებების დროს დანიშვნაც, ეს მედიკამენტები ყველა ადამიანისთვის და ყველა შემთხვევაში – არ შეიძლება.
ოპიოიდები ქიმიურად მორფინის მსგავსია, რომელიც ყაყაჩოსგან მიიღება. ზოგიერთ მათგანს სხვა მცენარეებისგან იღებენ და ზოგიც ლაბორატორიაში მზადდება ხელოვნურად. სამკურნალო დოზას ნელ-ნელა ზრდიან მანამ, სანამ ტკივილი არ გაყუჩდება ან სანამ ადამიანს წამლის გვერდითი ეფექტების ატანა შეუძლია. მოხუცებსა და ახალშობილებს, რომლებიც უფრო მგრძნობიარენი არიან გვერდითი მოვლენებისადმი, შედარებით დაბალი დოზებით მკურნალობენ. ამ ჯგუფის წამლებთან ერთად ხშირად არაოპიოიდური ანალგეტიკებიც, მაგ. აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი), გამოიყენება. არსებობს სპეციალურად შექმნილი, ორივე წამლის ერთდროულად შემცველი ტაბლეტებიც.
ოპიოიდები ყველაზე ეფექტიანი მაშინაა, როცა რამდენიმე საათში ერთხელ მიიღება, სანამ ტკივილი ძალიან გაძლიერდებოდეს. თუკი კიდევ გახდა საჭირო გაყუჩება, ექიმმა შესაძლოა ოპიოიდის დოზა გაზარდოს, ან სხვა წამალი დაამატოს (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება). ეს ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ტკივილის ინტენსივობის შემცირებასთან ერთად ექიმები ოპიოიდის დოზასაც ამცირებენ. ნელ-ნელა, თუკი მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ამ მედიკამენტს არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლით ანაცვლებენ.
გვერდითი ეფექტები: ოპიოიდებს მრავალი გვერდითი მოვლენა ახასიათებს. ისინი უფრო ხშირად ვლინდება ადამიანებში, რომელთაც თირკმლის უკმარისობა, დემენცია, ღვიძლის ან ტვინის რაიმე პათოლოგია ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვთ. ამ მედიკამენტების მიღების დაწყებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება და ქავილი.
ზოგისთვის ძილიანობა, პირიქით, სასურველი ეფექტია, ზოგისთვის კი – არა. უმრავლეს შემთხვევაში ეს გვერდითი მოვლენა რამდენიმე დღეში გაივლის. თუ ეს ასე არ მოხდა, ექიმმა სიფხიზლის შესანარჩუნებლად შესაძლოა მასტიმულირებელი მედიკამენტები დანიშნოს – მაგ. მეთილფენიდატი. ამ წამლებს ადამიანები ან რეგულარულად იღებენ, ან მხოლოდ მაშინ, როცა უფრო ფხიზლად ყოფნაა საჭირო, მაგ. ოჯახური შეკრებებისას. ზოგისთვის გამოსაფხიზლებლად კოფეინის შემცველი სასმლის დალევაც საკმარისია. თუკი ოპიოიდის მიღების შემდეგ ძილიანობა განვითარდა, საჭიროა პიროვნება მოერიდოს საჭესთან დაჯდომას და დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა არ დაეცეს ან რამე შემთხვევითი დაზიანება არ მიიღოს. ოპიოიდებმა შეიძლება ცნობიერების დარღვევაც (კონფუზიაც) გამოიწვიონ, განსაკუთრებით მოხუცებულებში.
ამ მედიკამენტების მიღებისას ხშირად ვითარდება შეკრულობა, უფრო მეტად ხანში შესულებში. მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, მაგ. სენის ფოთლის ექსტრაქტი, ეფექტიანია ამ გართულების თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ. ამ დროს კარგია მეტი სითხისა და ბოჭკოს შემცველი საკვების მიღებაც. ზოგ შემთხვევაში ოყნის გაკეთება ხდება საჭირო.
ოპიოიდებმა შესაძლოა შარდის შეკავება გამოიწვიონ, განსაკუთრებით პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე მამაკაცებში. ამ დროს ხანდახან ეფექტიანია მცირე პაუზის შემდეგ მოშარდვის ხელმეორედ ცდა ან მუცლის ქვედა ნაწილზე ნაზი ზეწოლა (შარდის ბუშტზე). ხანდახან შეიძლება შარდის ბუშტის კუნთების მომადუნებელი მედიკამენტიც გახდეს საჭირო (მაგ. ტამსულოზინი).
ზოგჯერ ძლიერი ტკივილი გულისრევის შეგრძნებასაც იწვევს, რაც ოპიოიდებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს. ამ დროს ექიმმა შეიძლება ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები დანიშნოს დასალევად, რექტალური სანთლების გზით ან ინექციით შესაყვანად. ასეთ დროს ხშირად გამოიყენება მეტოკლოპრამიდი, ჰიდროქსიზინი და პროქლორპერაზინი.
ადამიანთა უმრავლესობაში გულისრევა და ქავილი მცირდება ან ქრება რამდენიმე დღეში, მაგრამ შეკრულობა და შარდის შეკავება უფრო ხანგრძლივად რჩება.
ოპიოიდის დიდი რაოდენობით მიღებას შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს თან, მათ შორის სუნთქვის სახიფათო შენელება, გაჩერება ან კომაც კი. ამ მოვლენების სამკურნალოდ არსებობს ოპიოიდების ანტიდოტი, მედიკამენტი ნალოქსონი, რომელიც ვენაში შეიყვანება. ექთანები და ოჯახის წევრები ყურადღებით უნდა იყონ გვერდითი ეფექტების დროულად გამოსავლენად.
ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ოპიოიდის ერთი და იგივე დოზა დიდი ხნის განმავლობაში რჩება ეფექტიანი. მაგრამ, ზოგჯერ ორგანიზმი რაღაც პერიოდის შემდეგ ეგუება დოზას, ნაკლებად რეაგირებს მასზე და მედიკამენტის რაოდენობის გაზრდა ხდება საჭირო. ამ მოვლენას ტოლერანტობა ეწოდება. თუმცა, როგორც წესი, მაღალი დოზის საჭიროება დაავადების გაუარესების გამოა ხოლმე და არა ტოლერანტობის.
ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებენ ოპიოიდებს, დამოკიდებულები ხდებიან მათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტის შეწყვეტის შემთხვევაში ე.წ. წამლის მოხსნის სიმპტომები უვითარდებათ. ოპიოიდების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეწყვეტისას, ექიმები დოზას ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში ამცირებენ, რათა ასეთი სიმპტომები ნაკლებად განვითარდეს.
ფიზიკური დამოკიდებულება და ნარკომანია სხვადასხვა ცნებებია. ეს უკანასკნელი ხასიათდება წამლის მიღების დაუმორჩილებელი მოთხოვნილებით და მისი უკონტროლო გამოყენებით, მიუხედავად იმ ზიანისა, რასაც ოპიოიდი მომხმარებელს და გარშემო ადამიანებს აყენებს. ამ მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებისას ნარკომანია შეიძლება განვითარდეს, მაგრამ მაინც იშვიათია იმ ადამიანებში, რომლებიც წამალს ტკივილის გაყუჩების მიზნით იღებენ და მანამდე არ ჰქონიათ ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემები. ძალიან ხშირად პაციენტში ნარკომანიის განვითარების შიშით ექიმები ოპიოიდების დანიშვნისგან თავს იკავებენ, რის გამოც ადამიანები სრულიად უმიზეზო ტანჯვას განიცდიან ტკივილის გამო. ძლიერი ტკივილის მქონე ადამიანებში ოპიოიდების შესაბამისი დოზით დანიშვნისგან თავი არ უნდა შევიკავოთ. ექიმები ყურადღებით აწონ-დაწონიან ამ მედიკამენტის სარგებლიანობასა და გვერდით ეფექტებს, სანამ გადაწყვეტდნენ მის არჩევას ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ.
მიღება: თუკი შესაძლებელია, ოპიოიდები დასალევი ფორმით ინიშნება. მათი ხანგრძლივი მიღებისთვის ასევე არსებობს სპეციალური, კანზე დასაკრავი ფირფიტები, რომელიც მედიკამენტს შეიცავს და ნელ-ნელა გადასცემს მას ორგანიზმს. როცა ტკივილი უეცრად, სწრაფად აღმოცენდება, ადამიანს არ შეუძლია წამლის დალევა ან კანის ფირფიტით მიღება, ოპიოიდები ინექციის გზით შეჰყავთ. თუკი მედიკამენტი ეფექტიანია, მაგრამ გვერდითი მოვლენები აუტანელი, ის შეიძლება პირდაპირ ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში შევიყვანოთ პამპით, სპეციალური მოწყობილობით. ამ მეთოდით წამლის უფრო დიდი რაოდენობა ხვდება თავის ტვინში. ტკივილის ხანგრძლივი გაყუჩებისთვის ეს მოწყობილობა შესაძლოა ჩაინერგოს კიდეც ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში.
მორფინი, ამ მედიკამენტების პირველადი ფორმა, შეიძლება დასალევი (ორალური) ან ინექციის გზით დაინიშნოს. არსებობს სამი ორალური ფორმა: დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების, კონტროლირებადი გამოთავისუფლების და ხანგრძლივი გამოთავისუფლების. ამ ორ უკანასკნელს შეუძლია ტკივილი 8-დან 24 საათამდე დროის განმავლობაში გააყუჩოს. ისინი ფართოდ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ფორმა ტკივილს დაახლოებით 3 საათი აყუჩებს. კუჭში მოხვედრილი წამლის დიდი ნაწილი ღვიძლში მიდის, იქ ქიმიურად გადამუშავდება და მერეღა გადადის სისხლში. შესაბამისად, მედიკამენტის დალევისას 2-6-ჯერ მეტი დოზაა საჭირო, ვიდრე ინექციით შეყვანისას, რადგან ამ უკანასკნელის დროს წამალი გვერდს უვლის კუჭს და პირდაპირ სისხლში ხვდება უცვლელი რაოდენობით. მიღების ეს ორი გზა არ ცვლის საბოლოო ეფექტს, თუმცა, როგორც ითქვა, თითოეულისთვის განსხვავებული დოზებია საჭირო. ტკივილი უფრო სწრაფად, მაგრამ ხანმოკლედ ყუჩდება მორფინის ინექციით შეყვანისას. ინექცია შესაძლოა გაკეთდეს ვენაში (ინტრავენურად), კუნთში (ინტრამუსკულურად) ან კანქვეშ (სუბკუტანეურად).
ინექციები შესაძლოა ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ გაკეთდეს, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად დამღლელია. ასევე, შესაძლოა კათეტერი ჩაყენდეს ვენაში ან კანქვეშ და მიუერთდეს მუდმივი ინფუზიის პამპს, რომელიც ნელ-ნელა შეიყვანს მორფინს. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუდმივ გადასხმასთან ერთად, ორგანიზმს დამატებითი დოზებიც შეიძლება მიეწოდოს. ზოგჯერ გამოიყენება მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერის დროს გამოყოფს წამალს. პაციენტი თავად აკონტროლებს ამას. როგორც წესი, მუდმივი ინფუზია იმ ადამიანებისთვის გამოიყენება, რომელთაც ძალიან ძლიერი ტკივილი აქვთ მძიმე დაავადების გამო.
არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების არჩევანი დიდია. ისინი ხშირად საკმაოდ ეფექტიანია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილის გასაყუჩებლად. ადამიანებს არ უვითარდებათ მიჩვევა ამ მედიკამენტებისადმი და არც მათზე დამოკიდებულნი ხდებიან. ასპირინისა და აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) ყიდვა ურეცეპტოდაც შეიძლება. ზოგიერთი სხვაც (მაგ. იბუპროფენი, კეტოპროფენი, ნაპროქსენი) ურეცეპტოდ იყიდება, თუმცა მათი მაღალდოზიანი ფორმების შესაძენად ექიმის დანიშნულებაა საჭირო. ურეცეპტო ანალგეტიკები საკმაოდ უსაფრთხოა მოკლე დროით მისაღებად, მაგრამ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ არ შეიძლება მათი 7-10 დღეზე უფრო ხანგრძლივად გამოყენება. თუკი ამ პერიოდში სიმპტომები არ გაქრა ან გაუარესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
არაოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტთა უმრავლესობა ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ისინი მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილისთვის გამოიყენება და ასევე, შეიძლება დაინიშნოს ძლიერი ტკივილის დროს – ოპიოიდებთან ერთად. აასს-ები არა მარტო ტკივილს აყუჩებენ, არამედ ამცირებენ ანთებასაც, რაც ხშირად თან ახლავს და აძლიერებს მას. ყველა აასს დასალევად ინიშნება, მაგრამ ერთი მათგანი, კეტოროლაკი, შესაძლოა ინექციითაც გაკეთდეს ვენაში ან კუნთში. ინდომეტაცინი რექტალური სანთლის სახითაც არსებობს. ფართო გამოყენების მიუხედავად, აასს-ებსაც აქვთ გვერდითი ეფექტები, ზოგჯერ ძალიან მძიმეც კი.
აღიზიანებს კუჭის ამომფენ ლორწოვანს და შეიძლება გამოიწვიოს: გულძმარვა, მონელების პრობლემები, გულისრევა, შებერილობა, დიარეა, კუჭის ტკივილი, პეპტიკური წყლული და სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. აასს-ების ერთი განსაკუთრებული ჯგუფია სპეციფიკური ფერმენტის, COX-2-ის ინჰიბიტორები. ისინი ნაკლებად იწვევენ კუჭის გაღიზიანებასა და სისხლდენას. თუმცა, მათი და ჩვეულებრივი აასს-ების (მაგ. ასპირინის) ერთად მიღებისას გართულებები მაინც იმავე სიხშირით წარმოიშობა. კუჭის გაღიზიანება შეიძლება თავიდან აგვარიდოს აასს-ების საკვებთან და კუჭის მჟავიანობის საწინააღმდეგო საშუალებებთან (ანტაციდებთან) ერთად მიღებამ. მედიკამენტ მიზოპროსტოლსაც ასეთივე ეფექტი აქვს, მაგრამ იწვევს სხვა გართულებებს, მათ შორის დიარეას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (მაგ. ომეპრაზოლი) და ჰისტამინური H2 რეცეპტორის ბლოკერებიც (ფამოტიდინი) ეფექტიანია აასს-ებით გამოწვეული კუჭის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
აასს-ების ხანმოკლე დროით გამოყენება ნაკლებად იწვევს სერიოზულ გართულებებს. თუკი მათი მიღება ხანგრძლივადაა საჭირო, აუცილებელია ზოგიერთი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარება, მათ შორის: წნევის კონტროლი, სისხლის ანალიზები (სისხლის საერთო, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების შესამოწმებელი ანალიზები) და კვლევა განავალში სისხლის არსებობაზე.
მოხუცებში აასს-ების გვერდითი ეფექტების რისკი უფრო მაღალია, განსაკუთრებით ინდომეტაცინისა და კეტოროლაკის მიღების დროს. იმ ადამიანებში, ვინც ალკოჰოლს რეგულარულად იღებს, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების, წყლულებისა და ღვიძლის დაზიანების საშიშროება მეტია. მათთვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადება (მაგ. გულის მკვებავი არტერიების) ან შედის რისკის ჯგუფში, მაღალია გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკი. მოხუცები, გულის უკმარისობის, მაღალი წნევის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ აასს-ების მიღების პერიოდში. საყურადღებოა, რომ გულისა და წნევის ზოგიერთი წამალი კარგად აღარ მოქმედებს, როცა ამ ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად მიიღება.
აასს-ები განსხვავდება მოქმედების სიჩქარითა და ხანგრძლივობით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის ერთნაირად ეფექტიანია, ზოგ ადამიანს შეიძლება ერთი რომელიმე აასს უფრო კარგად უხსნიდეს ტკივილს და, თანაც, ნაკლებ გვერდით მოვლენას იწვევდეს, მეორისთვის კი სხვა იყოს უფრო მისაღები.
ასპირინი: ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) დაახლოებით 100 წელია, რაც გამოიყენება. იგი დასალევი ფორმით გამოდის და საშუალო სიძლიერის ტკივილს 4-6 საათის განმავლობაში აყუჩებს.
ასპირინი კუჭში მოხვედრისას ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ამის გამო, მისი მიღება ანტაციდთან ერთად ჯობს (ე.წ. ბუფერული ასპირინი). ანტაციდები ტუტე გარემოს ქმნის კუჭში და ეხმარება ასპირინს გახსნაში. შედეგად, წამალს ნაკლები შეხება აქვს ლორწოვანთან, ნაკლებად აღიზიანებს მას. თუმცა, ასპირინი მაინც აქვეითებს კუჭის დამცველი ნივთიერებების, პროსტაგლანდინების წარმოქმნას, ანუ მან მაინც შეიძლება გააღიზიანოს ლორწოვანი შრე.
შემოგარსული ენტერული ასპირინი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ კუჭი დაუშლელად გაიაროს და წვრილ ნაწლავში გაიხსნას, რაც ამცირებს გამაღიზიანებელ ეფექტს. თუმცა, ამ დროს შეწოვა სხვანაირად ხდება. საკვებთან ერთად მიღებული შემოგარსული ასპირინი უფრო დიდხანს ყოვნდება კუჭში, ნელა გადადის ნაწლავებში და მისი შეწოვაც გვიანდება. შესაბამისად, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც მოგვიანებით გამოვლინდება.
ასპირინი სისხლდენის რისკსაც ზრდის, რადგან შედედებაში მონაწილე ნაწილაკებს, თრომბოციტებს, ხელს უშლის ამ პროცესში. ადამიანები, რომელთაც სისხლჩაქცევები ადვილად უჩნდებათ, უფრო მიდრეკილნი არიან ამ გვერდითი ეფექტისკენ. მათ, ვისაც ოდესმე ჰქონია სისხლის შედედების პრობლემა ან მაღალი წნევა აწუხებს, არ უნდა მიიღონ ასპირინი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. ადამიანები, რომლებიც ასპირინსა და სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს (მაგ. ვარფარინს) ერთად იღებენ, ძალიან ყურადღებით უნდა იყონ, რათა თავიდან აიცილონ სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა. ასპირინის მიღება ჯობს შეწყდეს დაგეგმილ ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე.
ასპირინმა შესაძლოა ასთმის შეტევა გამოიწვიოს. მათ, ვისაც ცხვირის პოლიპები აქვს, შეიძლება განუვითარდეთ მსტვენი სუნთქვა. ზოგი ადამიანი შეიძლება ალერგიული იყოს ასპირინის მიმართ და მძიმე ალერგიული რეაქცია დაეწყოს მიღების შემდეგ (ანაფილაქსია). იგი გამოიხატება გამონაყრით, ქავილით, სუნთქვის გაძნელებითა და შოკით. ასეთ დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ასპირინის ძალიან მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლოა წარმოიშვას მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: სუნთქვის გაძნელება, ცხელება ან ორიენტაციის დარღვევა (კონფუზია). დოზის გადაჭარბების ერთ-ერთი პირველი ნიშანია ხმაური ყურებში (ტინიტუსი).
ბავშვებისა და მოზარდების ნაწილს ასპირინის მიღებისას შესაძლოა რეიეს სინდრომი განუვითარდეს, განსაკუთრებით, თუ მათ ცოტა ხნის წინ აქვთ გადატანილი გრიპი ან ჩუტყვავილა. იშვიათად, მაგრამ მაინც, რეიეს სინდრომს შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს, მათ შორის, სიკვდილიც.
იბუპროფენი, კეტოპროფენი და ნაპროქსენი: ითვლება, რომ ისეთი აასს-ები, როგორიცაა იბუპროფენი, კეტოპროფენი და ნაპროქსენი, ასპირინზე ნაკლებად აღიზიანებენ კუჭს, თუმცა ამ საკითხზე ცოტა კვლევაა ჩატარებული. ასპირინის მსგავსად, ისინიც იწვევენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ პრობლემებს, წყლულსა და სისხლდენას. მათაც შეიძლება გააუარესონ ასთმის მიმდინარეობა ან გაზარდონ წნევა. მათი მიღებაც, ალბათ, ოდნავ ზრდის გულის შეტევის, ინსულტისა და ქვედა კიდურებში თრომბების წარმოქმნის რისკს.
ეს აასს-ები სისხლის შედედებაზე უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე ასპირინი. ამის მიუხედავად, იმ ადამიანებმა, ვინც შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ (მაგ. ვარფარინს), მაინც არ უნდა გამოიყენონ იბუპროფენი, კეტოპროფენი და ნაპროქსენი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
ადამიანები, რომლებსაც ასპირინზე ალერგია აქვთ, შესაძლოა ამ აასს-ებზეც იყვნენ ალერგიულნი. თუკი მათი მიღებისას გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება ან შოკი განვითარდა, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
COX-2-ის ინჰიბიტორები: ეს მედიკამენტები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცალკე ჯგუფია. ჩვეულებრივი აასს-ები ორ ფერმენტს ბლოკავენ:
COX-2-ის ინჰიბიტორები ძირითადად ამ მეორე ფერმენტს ბლოკავენ. შესაბამისად, ანთებისა და ტკივილის სამკურნალოდ ისეთივე ეფექტურნი არიან, როგორც სხვა აასს-ები. ამასთანავე, ისინი უფრო ნაკლებად აზიანებენ კუჭს, ნაკლებად იწვევენ გულისრევას, შებერილობას, გულძმარვას, სისხლდენასა და პეპტიკურ წყლულს. სხვა აასს-ებთან შედარებით, სისხლის შედედებაზე მათი მოქმედება მცირეა.
ამ განსხვავებების გამო COX-2-ის ინჰიბიტორები უფრო უსაფრთხოა მათთვის, ვინც ვერ იღებს ჩვეულებრივ აასს-ებს ან გართულებების დიდი რისკი აქვს, მაგალითად:
თუმცა, COX-2-ის დაბლოკვის შედეგად სისხლში თრომბები უფრო ადვილად წარმოიქმნება. შესაბამისად, სხვა აასს-ების მსგავსად, ამ მედიკამენტების მიღებაც ზრდის გულის შეტევის, ინსულტისა და ქვედა კიდურებში თრომბების წარმოქმნის რისკს. საშიშროება დამოკიდებულია კონკრეტულ მედიკამენტზე, დოზასა და მიღების ხანგრძლივობაზე. რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს ექიმები ამ წამლების დანიშვნის წინ უხსნიან, რა საფრთხე არსებობს და რატომაა მეთვალყურეობა აუცილებელი. COX-2-ის ინჰიბიტორების მიღება არ შეიძლება გულის უკმარისობის ან მისი განვითარების რისკის მქონე ადამიანებისთვის (მაგ. მათ, ვისაც გულის შეტევა აქვს გადატანილი).
ტემპერატურისა და ტკივილის შემცირებისთვის აცეტამინოფენი დაახლოებით ისეთივე ეფექტიანია, როგორც ასპირინი. მაგრამ, აასს-ებისგან განსხვავებით, მას ფაქტობრივად არ აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, არ ახდენს გავლენას სისხლის შედედებაზე და არ ახასიათებს კუჭის გამაღიზიანებელი მოქმედება. დღესდღეობით ბოლომდე გარკვეული არ არის, თუ როგორ მუშაობს ეს მედიკამენტი.
აცეტამინოფენი გამოდის დასალევი და რექტალური სანთლის ფორმით და მისი ეფექტი დაახლოებით 4-6 საათს გრძელდება. ის, შეიძლება ითქვას, საკმაოდ უსაფრთხო წამალია, თუმცა, მაღალი დოზებით ღვიძლის დაზიანებას იწვევს, შესაძლოა გამოუსწორებელსაც კი. ამ ორგანოს დაავადების მქონე ადამიანებმა აცეტამინოფენი შედარებით მცირე რაოდენობით უნდა მიიღონ. არ არის ზუსტად ცნობილი, ხანგრძლივად მიღებული დაბალი დოზებიც აზიანებს ღვიძლს თუ არა. ამ ორგანოს დაზიანების ყველაზე დიდი საშიშროება მათ აქვთ, ვინც ხშირად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ან არ იკვებება სათანადოდ (მაგ. მძიმედ მიმდინარე გრიპის დროს უმადობის გამო). მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა თირკმლის დაზიანებაც გამოიწვიოს.
დამხმარე ტკივილგამაყუჩებლები ის მედიკამენტებია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ამ მიზნით არ გამოიყენება, მაგრამ ხსნის ტკივილს ზოგ შემთხვევაში. როგორც წესი, ისინი სხვა ანალგეტიკებთან ან არამედიკამენტურ თერაპიასთან ერთად ინიშნება.
დამხმარე ტკივილაგამაყუჩებლებად ყველაზე ხშირად გამოიყენება ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, ბუპროპიონი, დესპირამინი, ფლუოქსეტინი და ვენლაფაქსინი), გულყრის საწინააღმდეგო საშუალებები – ანტიკონვულსანტები (გაბაპენტინი, პრეგაბალინი) და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები.
ანტიდეპრესანტები: ეს მედიკამენტები შეიძლება დეპრესიის არმქონე ადამიანებშიც ეფექტიანი იყოს ტკივილის მოსახსნელად. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები უფრო კარგად მოქმედებს, ვიდრე სხვები. თუმცა, შედარებით ახალ საშუალებებს (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, მაგ. დულოქსეტინი), ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. შეიძლება ადამიანისთვის ერთი რომელიმე ანტიდეპრესანტი ეფექტიანი იყოს, სხვები კი – არა.
გულყრის საწინააღმდეგო საშუალებები – ანტიკონვულსანტები: ეს მედიკამენტები ზოგჯერ ნეიროპათიური ტკივილის მოსახსნელადაა ეფექტიანი. ყველაზე ხშირად გაბაპენტინი გამოიყენება, თუმცა ასევე შეიძლება დაინიშნოს კარბამაზეპინი, კლონაზეპამი, დივალპროექსი, ლამოტრიჯინი, ოქსკარბაზეპინი, ფენიტოინი, პრეგაბალინი და ტოპირამატი. პრეგაბალინი შესაძლოა ეფექტიანი იყოს დიაბეტის დროს ნერვების დაზიანებით გამოწვეული ტკივილისას (დიაბეტური ნეიროპათია) ან სარტყლისებრი ჰერპესის გართულებისას (ჰერპესისშემდგომი ნევრალგია). ზოგი ანტიკონვულსანტი, მაგ. დივალპროექსი, შაკიკის სამკურნალოდ გამოიყენება.
საანესთეზიო საშუალებები: მექსილეტინი, რომელიც, წესით, გულის არითმიების სამკურნალოდ გამოიყენება, ზოგჯერ ნეიროპათიული ტკივილის დროსაც ეფექტიანია. ის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსია, რომელთა შეყვანაც უშუალოდ მტკივნეულ ადგილას ხდება ხოლმე ტკივილის მოსახსნელად. ისინი, მათ შორის ლიდოკაინი, ექიმებს კანში შეჰყავთ ტრავმული ან ნეიროპათიული ტკივილის გასაყუჩებლად. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები შეიძლება ნერვშიც შევიყვანოთ, რასაც ნერვის ბლოკადა ეწოდება. მაგალითად, სიმპათიკური ბლოკადა კეთდება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ხერხემალთან ახლოს ნერვებში შეყვანით (კისრის მიდამოში – სხეულის ზედა ნაწილში ტკივილის მოსახსნელად, წელის მიდამოში – ქვედა ნაწილისთვის).
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, მაგ. ლიდოკაინი, არსებობს ლოსიონის, მალამოს ან კანზე დასაკრავი ფირფიტის სახით. როგორც წესი, ისინი ხანმოკლე დროით გამოიყენება. მაგ. ადგ. ანესთეტიკის პირში გამოვლება დღეში რამდენჯერმე, ამცირებს ყელის ტკივილს. თუმცაღა, მათ ზოგჯერ ქრონიკული ტკივილისთვისაც იყენებენ ხანგრძლივად. მაგალითად, ლიდოკაინის შემცველი კანზე დასაკრავი ფირფიტა ამცირებს ჰერპესისშემდგომი ნევრალგიის ტკივილს.
მწარე წიწაკიდან მიღებული ნივთიერების, კაფსიკაინის შემცველი კრემი სარტყლისებრი ჰერპესითა და ოსტეოართრიტით გამოწვეულ წელის ტკივილს აყუჩებს. ყველაზე ხშირად მას ართრიტული ტკივილების სამკურნალოდ იყენებენ. საჭიროა კრემის დღეში რამდენჯერმე წასმა მტკივნეულ ადგილზე.
წამლებთან ერთად ბევრ სხვა სამკურნალო ღონისძიებას შეუძლია შეამციროს ტკივილი. ხანდახან ეფექტიანია მტკივნეულ ადგილზე თბილი ან ცივი კომპრესების დადება. ულტრასონოგრაფიამ, რომელიც სითბოს ღრმად მდებარე ქსოვილებს აწვდის (დიათერმია), შესაძლოა გააყუჩოს ოსტეოართრიტის ან კუნთის დაჭიმვით გამოწვეული ტკივილი.
ზოგ ადამიანზე საკმაოდ კარგად მოქმედებს ნერვების კანსმიღმა ელექტრული სტიმულაცია. კანის ზედაპირზე თავსდება ელექტროდები და მათში ტარდება ნაზი ელექტრული დენი. ეს ჩხვლეტის შეგრძნებას იწვევს, მაგრამ კუნთი არ იჭიმება. პროცედურა შესაძლოა გაგრძელდეს ხანგრძლივად ან ჩატარდეს დღეში რამდენჯერმე, 20 წუთის ან რამდენიმე საათის განმავლობაში. ეფექტი, განმეორების სიხშირე და სტიმულაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია ყველასთვის.
ხშირად ადამიანები თავად სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ეს მოწყობილობა და შემდეგ, თავად იტარებენ პროცედურას. იგი შესაძლოა ეფექტიანი იყოს ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. თუკი ტკივილი ძალიან ძლიერია და მკურნალობის სხვა მეთოდები – არაეფექტიანი, ელექტროდები შესაძლოა ჩაინერგოს დაზიანებული ნერვების გასწვრივ ან ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში.
ზოგჯერ, ნერვის დაზიანებით გამოწვეული ტკივილი შეიძლება სიგნალის გადამტანი გზის საბოლოოდ დარღვევით მოიხსნას. ამ დროს ნერვში შეიყვანება ნივთიერება, რომელიც წვავს მას (მაგ. ფენოლი), ხდება ნერვის გაყინვა (კრიოთერაპია) ან რადიოსიხშირის გამოყენებით მისი მოწვა. ეს პროცედურები შეიძლება ეფექტიანი იყოს სამწვერა ნერვის ნევრალგიით გამოწვეული სახის ტკივილის დროს.
აკუპუნქტურა ნიშნავს პატარა, წვრილი ნემსების სხეულის სპეციფიკურ უბნებში შეყვანას. ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ მუშაობს ეს მეთოდი და ზოგ ექსპერტს ეჭვიც შეაქვს ეფექტურობაში, მაგრამ, ადამიანები ხშირად საკმაოდ დიდ შვებას გრძნობენ მისი გამოყენებით, დროებით მაინც.
ბიოუკუკავშირი და სხვა მსგავსი მეთოდები (რელაქსაცია, ჰიპნოზი და ყურადღების გადატანა) ეხმარება ადამიანებს აკონტროლონ, შეამცირონ ტკივილი ან შეეგუონ მას ყურადღების სხვა მხრივ მიმართვით. ერთ-ერთი ხერხია ტკივილის დროს თავის წყნარ, კომფორტულ ადგილას (მაგ. სანაპიროზე, ჰამაკში) წარმოდგენა და ამაზე კონცენტრირება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტკივილში მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანი ამ დროს იტანჯება, აუცილებელია მისი თანადგომა და შესაძლოა ფსიქოლოგის კონსულტაციაც კი გახდეს საჭირო, თუკი დეპრესია ან შფოთვა განვითარდა.