მოძრაობის დაავადება (ასევე მანქანის, ზღვის, მატარებლის, საჰაერო ტრანსპორტის დაავადება) რამდენიმე სიმპტომით ვლინდება, განსაკუთრებით კი გულისრევით, რომელსაც მგზავრობის დროს მოძრაობა იწვევს.
მოძრაობის დაავადება მაშინ ვითარდება, როცა შიგნითა ყურის წონასწორობის შენარჩუნებაში მონაწილე ნაწილები (მათ შორის ნახევარრკალოვანი არხები) ჭარბად ღიზიანდება, მაგ. ზედმეტი მოძრაობის დროს. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს მოძრაობის შემგრძნობი ორგანოებიდან ტვინში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გადაცემა – ანუ თვალებიდან, ნახევარრკალოვანი არხებიდან და კუნთების რეცეპტორებიდან (ნერვების დაბოლოებები კუნთებსა და სახსრებში, რომლებიც ტვინს აწვდიან ინფორმაციას სხეულის პოზის შესახებ). მოძრაობის დაავადება ხშირად ვითარდება ნავში ჯდომისას, როცა იგი ირწევა. ზოგ ადამიანს სიმპტომები უვლინდება მანქანით მგზავრობისას, ატრაქციონებზე ან სხვა მოძრავ ტრანსპორტში. ზოგი უფრო მგრძნობიარეა რყევის მიმართ, ვიდრე სხვები. მოძრაობის დაავადების განვითარების რისკს ზრდის შიში, შფოთვა ან უჰაერობა.
სიმპტომები შესაძლოა უეცრად გამოვლინდეს. ხშირად პაციენტებს აწუხებთ გულისრევა, გაურკვეველი დისკომფორტი მუცელში, ვერტიგო, თავის ტკივილი და დაღლილობა. შესაძლოა ადამიანი გაფითრდეს და ცივმა ოფლმა დაასხას. ხშირად ღებინებაც ვითარდება. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა (წინ უძღვის ხოლმე ღებინებას) და აჩქარებული, ღრმა სუნთქვა (ჰიპერვენტილაცია). ამ უკანასკნელის გამო ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს. გულისრევა და ღებინება სისუსტეს იწვევს. გახანგრძლივებული ღებინების შედეგად შესაძლოა არტერიული წნევა დაეცეს და გაუწყლოება განვითარდეს. თუმცა, გაჩერების ან ტრანსპორტიდან გადასვლის შემდეგ სიმპტომები ნელ-ნელა ქრება. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი მგზავრობისას, მაგალითად, გემზე, ადამიანები თანდათან ეგუებიან მოძრაობას (რასაც ეხმარება თანამედროვე გემებზე რყევის შესამცირებლად სპეციალური სტაბილიზატორების არსებობა) და მდგომარეობაც უმჯობესდება.
დიაგნოსტიკა ხდება აღწერილი სიმპტომებისა და მათი განვითარების გარემოებების საფუძველზე.
შესაძლებელია შემდეგი ხერხები იყოს ეფექტიანი:
გამგზავრებამდე ჯობს, მოძრაობისადმი მგრძნობიარე ადამიანებმა მიმართონ ექიმს და ჰკითხონ, რა მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ამის პრევენციისთვის ან გამოაწერინონ რეცეპტი, თუკი საჭიროა. ამ დაავადების საწინააღმდეგო საშუალებებიდან აღსანიშნავია: ციკლიზინი, დიმენჰიდრინატი, დიფენჰიდრამინი, მეკლიზინი, პრომეთაზინი და სკოპოლამინი (აბების ან დასაკრავი ფირფიტის სახით). ყველა მათგანმა შესაძლოა გამოიწვიოს მოთენთილობა, მაგრამ ჩვილებსა და პატარა ბავშვებში გვერდითი მოვლენის სახით აგზნება ვითარდება, ამიტომ არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე მათთვის ამ წამლების მიცემა. ასევე არ შეიძლება მოძრაობის დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება, თუკი საჭიროა სიფხიზლე და კონცენტრაცია, მაგალითად, მანქანის მართვისას. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანებმა ეს საშუალებები არ უნდა მიიღონ ალკოჰოლთან, საძილე და სედაციურ მედიკამენტებთან ან სხვა წამლებთან ერთად, რომლებიც ასევე იწვევს მოთენთილობასა და სიფხიზლის შესუსტებას.
თუ მოძრაობის დაავადება განვითარდა, ზოგჯერ ეფექტიანია მარილიანი კრეკერების ჭამა ან გაზიანი გამაგრილებელი სასმელების, მაგ. ჯანჯაფილის ელის დალევა. გულისრევის გამო მედიკამენტებიდან ხშირად უფრო ეფექტიანია სკოპოლამინი, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელიც არა მარტო დასალევი, არამედ კანზე დასაკრავი ფირფიტის ფორმითაც არსებობს. საჭიროების შემთხვევაში წამლების შეყვანა ინექციითაც შეიძლება.