პარასომნიები უჩვეულო ქცევებია ძილში.
ბავშვებსა და მოზრდილებში ძილის დროს შეიძლება განვითარდეს მრავალი სხვადასხვა ქცევა, რომლებსაც ისინი ვერც აცნობიერებენ და არც ახსოვთ. თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია ხელების ან მთელი სხეულის უეცარი, უნებლიე შეკრთომა ჩაძინებისას. ზოგჯერ ეს ქვედა კიდურებზე ვლინდება. ზოგჯერ ძილის დამბლაც ვითარდება (როცა გინდა, რომ გაინძრე, მაგრამ არ შეგიძლია) ან წამიერი გამოსახულებები, ფიქრები გაირბენს ზუსტად ჩაძინების წინ ან გაღვიძებისას. ზოგი ადამიანი კბილებს აკრაჭუნებს ან კოშმარები ესიზმრება. ძილში სიარული, რაიმეზე თავის რტყმა და ღამის შიშები უფრო ხშირია ბავშვებში და შეიძლება საკმაოდ შეაშფოთოს მშობლები. პატარებს, როგორც წესი, არ ამახსოვრდებათ ეს შემთხვევები.
ღამის შიშის დროს ადამიანი უეცრად წამოჯდება, ყვირის და კიდურებს იქნევს. თვალები ფართოდაა გახელილი, გულისცემა გახშირებულია. ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, ნელი ძილის ფაზაში ხდება, დაძინებიდან პირველ რამდენიმე საათში. ღამის შიში უფრო ხშირია ბავშვებში. ამ დროს არ შეიძლება მათი გაღვიძება, რადგან უფრო განერვიულდებიან. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ძალიან შეშინებული ჩანს, გაღვიძების შემდეგ მას არ ემახსოვრება მომხდარი და შედეგად ფსიქოლოგიური პრობლემებიც არ წარმოიშობა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს სანერვიულო არ არის. ასაკის მატებასთან ერთად ღამის შიშებიც, როგორც წესი, გაივლის. მსგავსი შემთხვევები მოზრდილებში ხშირად ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ ეფექტიანია მკურნალობა ბენზოდიაზეპინებით, მაგ. კლონაზეპამით ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, მაგ. იმიპრამინით. მოზრდილებს ასევე შესაძლოა დაეხმაროს ფსიქოთერაპია ან მედიკამენტური ჩარევა.
ღამის კოშმარები შთამბეჭდავი, საშინელი სიზმრებია, რაც უეცრად აღვიძებს ადამიანს. ისინი შესაძლოა ბავშვებსაც ჰქონდეთ და მოზრდილებსაც. ვითარდება ძირითადად სწრაფი ძილის ფაზაში. კოშმარები უფრო ხშირია მაშინ, როცა ადამიანი სტრესის ქვეშაა, ცხელება აქვს, გადაღლილია ან ალკოჰოლი მიიღო. მკურნალობა, თუ საჭირი გახდა, მიმართულია გამომწვევი პრობლემისკენ.
მთვარეულობა (სომნამბულიზმი) ყველაზე ხშირი გვიან ბავშვობასა და მოზარდობაშია. ამ დროს ადამიანი ნახევრად ფხიზელივით დადის ძილში, მაგრამ ვერ აცნობიერებს ამას. ეს ძილის ყველაზე ღრმა ფაზებში ხდება. სიარულის დროს მთვარეული სიზმრებს არ ხედავს, ტვინის აქტივობა ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ მღვიძარე მდგომარეობას უფრო მიაგავს, ვიდრე მძინარეს. მთვარეული თან, შესაძლოა ბუტბუტებდეს ან თავი დაიზიანოს წინააღმდეგობებთან შეჯახებისას. გაღვიძების შემდეგ უმრავლესობას არ ახსოვს მომხდარი.
სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, უბრალოდ, შეიძლება, ადამიანი ფრთხილად წავიყვანოთ საწოლისკენ. ოთახში ან გვერდით დერეფანში ღამით ანთებული სინათლის დატოვება ზოგჯერ ამცირებს მთვარეულობის შემთხვევების სიხშირეს. ძალით გაღვიძებას შესაძლოა აგზნებული რეაქცია მოჰყვეს და არ არის რეკომენდებული. მთვარეულს გზიდან უნდა მოვაცილოთ არსებული საგნები და მტვრევადი ნივთები, ყველა ფანჯარა უნდა დაიხუროს და ჩაიკეტოს. ზოგჯერ ეფექტიანია ბენზოდიაზეპინები, განსაკუთრებით დიაზეპამი და კლონაზეპამი.
თვალების სწრაფი მოძრაობის ქცევის დარღვევის მქონე პაციენტი სწრაფი ძილის დროს ლაპარაკობს (ხშირად უწმაწურად) ან ძალადობრივ მოძრაობებს აკეთებს, როგორც წესი, სიზმრის შესაბამისად. ღამის შიშებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში გაღვიძების მერე ადამიანებს ახსოვთ ხოლმე, რა ესიზმრათ. მოძრაობები შეიძლება იყოს: ხელების ქნევა, მუშტის ან წიხლის დარტყმა. ეს ქცევა უნებლიეა და ვინმესადმი მიმართული არ არის. დარღვევა უფრო ხშირი მოხუცებშია, განსაკუთრებით კი ტვინის დეგენერაციის გამომწვევი დაავადებების დროს (პარკინსონის ან ალცჰაიმერის დაავადება). პაციენტმა შესაძლოა უნებურად თავი დაიზიანოს ან გვერდზე მწოლს დაუშავოს რამე. ეს ქცევა გამოძინებასაც უშლის ხელს და დღის განმავლობაში ძილიანობას, დაღლილობას იწვევს. დიაგნოსტიკა შესაძლებელია თავად ადამიანის ან მისი პარტნიორის მიერ აღწერილი სიმპტომების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ტარდება პოლისომნოგრაფია ელექტრომიოგრაფიით.
დარღვევა არ იკურნება. პაციენტთა უმრავლესობაში სიმპტომებს ამსუბუქებს კლონაზეპამი, ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სედაციური საშუალება. დაბალი დოზაც ეფექტიანია. მედიკამენტის მიღება განუსაზღვრელი დროით გრძელდება. საჭიროა პაციენტის პარტნიორის გაფრთხილება, რომ იმავე საწოლში წოლისას იგი შესაძლოა უნებლიე მოძრაობების გამო დაზიანდეს და ზოგჯერ უმჯობესია ცალკე დაძინება, სანამ წამალი მოქმედებას დაიწყებდეს. დარღვევის მქონე ადამიანის საწოლთან ახლოს არ უნდა იდგეს მახვილი კიდეების მქონე საგნები ან ავეჯი.