ტვინის ბევრი ფუნქცია რამდენიმე უბნის (უბანთა კავშირის) ერთად მუშაობით სრულდება და არა რომელიმე ცალკეულის მიერ. ამ ქსელთა დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს აფაზია, აპრაქსია, აგნოზია და ამნეზია.
ფუნქციის მოშლის სახის განსაზღვრა, როგორც წესი, პაციენტის გასინჯვის მეშვეობით ხდება. თავდაპირველად ექიმი სვამს სპეციალურ შეკითხვებს, რათა ტვინის რომელიმე უნარი შეფასდეს. დაზიანების მიზეზის დასადგენად, როგორც წესი, გამოსახულებითი კვლევებია საჭირო, მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
აფაზია მეტყველების, სხვისი ლაპარაკის ან წაკითხულის გაგების უნარის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვაა. მისი მიზეზი ტვინის მეტყველების მარეგულირებელი უბნების დაზიანებაა.
ადამიანთა უმრავლესობაში მეტყველებას ტვინის ორი უბანი აკონტროლებს: მარცხენა საფეთქლის წილის ერთი უბანი ანუ ვერნიკეს ცენტრი და მარცხენა შუბლის წილის ნაწილი – ბროკას ცენტრი. მათგან რომელიმეს დაზიანება არღვევს მეტყველების ერთ-ერთ ასპექტს მაინც. როგორც წესი, მეტყველებისა და წერის უნარი ერთნაირად ქვეითდება. მოხუცებში აფაზია ყველაზე ხშირი დარღვევაა, რომელიც მათ საუბარს უძნელებს.
აფაზიას ხშირად ისეთი პათოლოგია იწვევს, რომელიც არ პროგრესირებს, მაგალითად, ინსულტი, ზოგი სიმსივნე, თავის ტრავმა ან ტვინის ინფექცია. ამ შემთხვევაში აფაზია არ მძიმდება. თუ მიზეზი პროგრესირებადი დაავადებაა (მაგ. ტვინის მზარდი სიმსივნე), ეს დარღვევაც თანდათან უფრო გამოიხატება.
აფაზიის მქონე პაციენტებს უჭირთ მეტყველება ან სხვისი ლაპარაკის გაგება, მაგრამ ამ პრობლემის ბუნება და ხარისხი სხვადასხვაა. ეს გამოწვეულია თავად მეტყველების ფუნქციის განხორციელების სირთულით ტვინში.
მაგალითად, აფაზია შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დაწერილის აღქმის შეუძლებლობით (ალექსია) ან მხოლოდ საგნების სახელების გახსენების უნარის დაკარგვით (ანომია). ანომიის მქონე ზოგ პაციენტს საერთოდ არ შეუძლია საჭირო სიტყვის მოგონება, ზოგს კი სიტყვა გონებაში აქვს, მაგრამ ვერ ამბობს. აფაზიის მქონეთა უმრავლესობას ანომია აქვს. ეს დარღვევა ასევე შეიძლება გამოიხატოს სიტყვების, ფრაზების ან წინადადებების გამეორების უნარის დარღვევით (გამტარებლობითი აფაზია). ამ დროს პაციენტებს სხვისი ლაპარაკის გაგება, კითხვა და მეტყველება ჩვეულებრივად შეუძლიათ.
აფაზიის მქონე ადამიანთა უმრავლესობას მისი რამდენიმე ტიპი ერთად აქვს, ზოგჯერ რომელიმე ერთი – სხვებზე უფრო გამოხატულად.
ვერნიკეს (აღქმის) აფაზია ვერნიკეს ცენტრის დაზიანების შედეგად ვითარდება. ამ დროს პაციენტებს უჭირთ სხვისი ლაპარაკის ან დაწერილის გაგება. ისინი საკმაოდ სწრაფად, თავისი ჩვეული სიჩქარით ლაპარაკობენ, მაგრამ წინადადებებში სიტყვები არეულ-დარეულია (ე.წ. სიტყვების სალათა). ადამიანი შესაძლოა ვერც ხვდებოდეს, რომ გაუგებრად ლაპარაკობს.
ბროკას (ექსპრესიულ) აფაზიას ბროკას ცენტრის დაზიანება იწვევს. პაციენტებს ძირითადად ესმით სიტყვების მნიშვნელობა და იციან, რა უნდათ, რომ უპასუხონ. ამ დროს სირთულე სათქმელის გადმოცემაში, საჭირო სიტყვების პოვნაშია. საუბრობენ თითქოს ნაძალადევად, ნელა, დიდი ძალისხმევით გამოთქვამენ სიტყვებს და ზოგჯერ ჩაურთავენ არასაჭირო შორისდებულებს ან შეძახილებს. პაციენტთა უმრავლესობას ასევე არ შეუძლია დაწეროს სათქმელი.
სრული (გლობალური) აფაზია ორივე, მარცხენა საფეთქლისა და შუბლის წილების დაზიანების დროს ვითარდება. ადამიანებს, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ, გაიგონ სხვისი ლაპარაკი, იმეტყველონ ან წერონ. თუმცა, ისინი ახერხებენ ემოციური შეძახილების ან შორისდებულების გამოყენებას, რადგან ტვინის მარჯვენა ნახევარი, რომელიც ემოციების ფორმირებაშია ჩართული, დაუზიანებელია.
მეტყველების თერაპევტის დახმარება ზოგჯერ ეფექტიანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აფაზია ტვინის არაპროგრესირებადი დაზიანების გამო განუვითარდათ. თერაპია იწყება მაშინვე, როგორც კი ადამიანი მასში მონაწილეობას შეძლებს, მაგრამ ბევრად გვიან დაწყებულიც ეფექტიანია ხოლმე. მეტყველების უნარების აღდგენა ყველაზე აქტიურად პირველი სამი თვე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა 6 თვის შემდეგაც გაგრძელდეს.
აფაზიის მქონე პაციენტის ოჯახის წევრებისა და მომვლელებისთვის ეს მდგომარეობა შესაძლოა საკმაოდ დამღლელი, გამაღიზიანებელი იყოს. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ დაავადება ორგანულია და ადამიანს თავად მისი გაკონტროლება, გამოსწორება არ შეუძლია.
დიზართრია სიტყვების გამოთქმის უნარის დაკარგვაა.
მიუხედავად იმისა, რომ დიზართრია ერთი შეხედვით მეტყველების პრობლემაა, ის სინამდვილეში კუნთოვანი (მოტორული) დარღვევაა. მიზეზი ხშირად ტვინის ღეროს ან იმ ნერვების დაზიანებაა, რომლებიც მას თავის ტვინის გარეთა შრესთან (ქერქთან) აკავშირებს. ტვინის ღერო აკონტროლებს სუნთქვაში მონაწილე კუნთებს (მათი მეშვეობით ხდება ბგერების გამოცემაც). ნერვებს გადააქვთ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მეტყველებაში ჩართული კუნთების მუშაობის რეგულირებისთვის, კოორდინაციისთვის. ეს კუნთები მდებარეობს ტუჩებზე, ენაზე, სასასა და ხმოვან იოგებზე.
დიზართრიის მქონე პაციენტებს შეუძლიათ ბგერების გამოცემა, გამოთქვამენ დაახლოებით იმ სიტყვის ბგერებს, რისი თქმაც უნდათ და თან სწორი თანმიმდევრობით. იმის მიხედვით, თუ სად არის დაზიანება, მეტყველება შეიძლება იყოს ნახტომისებური, წყვეტილი, არარეგულარული, არაზუსტი, ჩართული სუნთქვებით ან მონოტონური. იმის გამო, რომ, როგორც წესი, სხვისი ლაპარაკის გაგებისა და ენის გამოყენების უნარი შენარჩუნებულია, პაციენტთა უმრავლესობას ჩვეულებრივად შეუძლია წერა-კითხვა. მათ დასახმარებლად ზოგჯერ მეტყველების თერაპიაა ეფექტიანი.
აპრაქსია ისეთი მოქმედების შესრულების უუნარობაა, რომელსაც სჭირდება მოძრაობათა სპეციალური თანმიმდევრობის გახსენება.
აპრაქსია იშვიათი დარღვევაა და, როგორც წესი, გამოწვეულია თხემის ან შუბლის წილების დაზიანებით. ამ დროს პაციენტებს არ შეუძლიათ გაიხსენონ მარტივი ან რთული მოქმედებისთვის საჭირო მოძრაობათა თანმიმდევრობა. მაგალითად, ვერ ახერხებენ შეიკრან ღილი, რადგან ამას რამდენიმე მოძრაობის მიმდევრობით შესრულება სჭირდება. ამ დროს ხელების მხრივ პრობლემა არ არის, მათ ფიზიკურად შეუძლიათ ამის გაკეთება. ვერბალური (მეტყველების) აპრაქსიის მქონე პაციენტებს კი უჭირთ სიტყვების წარმოსათქმელად საჭირო ბგერითი ერთეულების გამოთქმა. ეს იმიტომ ხდება, რომ დარღვეულია ლაპარაკისთვის აუცილებელი კუნთების მოძრაობის წამოწყება, კოორდინაცია და თანმიმდევრობა.
აპრაქსიის ზოგიერთი სახე მხოლოდ ნაწილობრივ აძნელებს მოქმედების შესრულებას. მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს უნარი ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოქმედებისა: მას არ შეუძლია დახატოს, დაწეროს, შეიკრას პიჯაკი, ფეხსაცმლის თასმები, აიღოს ყურმილი ან დაუკრას ინსტრუმენტზე. ოკუპაციური თერაპია ზოგჯერ ეფექტიანია პაციენტებისთვის, რათა ისწავლონ დარღვეული უნარების კომპენსაცია.
აგნოზიის მქონე ადამიანები ვერ უკავშირებენ საგნებს მათ ჩვეულ ფუნქციებს.
აგნოზია შედარებით იშვიათია. მას ტვინში თხემის, საფეთქლის ან კეფის წილის დაზიანება იწვევს, სადაც ინახება მეხსიერება ნაცნობი საგნების, გამოსახულებებისა და ბგერების გამოყენებისა და მნიშვნელობის შესახებ. აგნოზია ხშირად უეცრად ვითარდება თავის ტრავმის ან ინსულტის შემდეგ.
სიმპტომები განსხვავებულია, იმის მიხედვით, თუ რომელი წილი დაზიანდა:
ზოგი პაციენტის მდგომარეობა თავისით უმჯობესდება ან შესაძლოა სულაც განიკურნოს. სხვა შემთხვევაში ადამიანებს უწევთ, შეეგუონ უცნაურ დარღვევას. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.
ამნეზიის დროს სრულად ან ნაწილობრივ იკარგება რამდენიმე წამით, დღით ან დიდი ხნით ადრე მომხდარი მოვლენების გახსენების უნარი.
მეხსიერების დაკარგვისას პაციენტს ზოგჯერ მხოლოდ ის ფაქტები ავიწყდება, რაც ამნეზიის განვითარებამდე მოხდა (რეტროგრადული ამნეზია), ზოგჯერ კი – მის შემდეგ (ანტეროგრადული). ხანდახან დავიწყებული მოვლენები ამნეზიამდე რამდენიმე წამით ადრეა მომხდარი, ზოგჯერ დღეების ან სულაც დიდი ხნის წინ (ანუ ირღვევა გრძელვადიანი მეხსიერება).
ტვინში ინფორმაციის შენახვა და გახსენება ძირითადად საფეთქლისა და შუბლის წილებს ევალება, მაგრამ ზოგადად მეხსიერებაში ამ ორგანოს ბევრი უბანია ჩართული. ლიმბურ სისტემაში წარმოშობილი ემოციები გავლენას ახდენს მოგონებების შენახვასა და გახსენებაზე. მასში შედის დიდი ტვინის ნაწილი და ზოგი ღრმად მდებარე უბანიც. ტვინის ღეროში მოთავსებული არეები, რომლებსაც სიფხიზლისა და ცნობიერების კონტროლი ევალება, ასევე ჩართულია მეხსიერების ფორმირებაში. იმის გამო, რომ ტვინის ამ ფუნქციას საკმაოდ ბევრი უბანი ასრულებს ერთად, ფაქტობრივად ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ამნეზია.
ზუსტად როგორ ვითარდება მეხსიერების დაკარგვა, მხოლოდ ნაწილობრივაა ცნობილი. მიზეზი შესაძლოა იყოს თავის ტრავმა, ტვინისთვის სისხლისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შემცირება (ინსულტის, გულყრების, შაკიკის დროს), ტვინის ინფექცია (ენცეფალიტი), სიმსივნე, ალკოჰოლიზმი, ძლიერი გონებრივი
სტრესი ან ზოგი ნივთიერების მიღება (მაგ. ამფოტერიცინ B ან ლითიუმი). დაზიანების ხარისხის მიხედვით, ამნეზია შესაძლოა წუთების ან საათების მანძილზე გაგრძელდეს. ადამიანთა უმრავლესობას მეხსიერება მკურნალობის გარეშეც უბრუნდება. თუმცა, თუ ტვინი მძიმედ დაზიანდა, შორეული მოგონებები შესაძლოა სამუდამოდ დაიკარგოს. ზოგ ადამიანს საერთოდ აღარ შეუძლია ახალი ინფორმაციის დამახსოვრება.
სრული გარდამავალი ამნეზია: პაციენტი უეცრად, მაგრამ დროებით კარგავს ახალი მოვლენების მეხსიერებაში შენახვის ან წინა რამდენიმე საათში, წლებში მომხდარის გახსენების უნარს. შედეგად, ადამიანი გულმავიწყი და დაბნეული ხდება, არ იცის რა დროა, სად იმყოფება, ზოგჯერ არ ახსოვს სხვების ვინაობა.
ამნეზიის ამ სახეს ზოგჯერ საფეთქლის წილის სისხლით მომმარაგებელი არტერიების დროებით დახშობა იწვევს. მიზეზი ხშირად ათეროსკლეროზია, განსაკუთრებით მოხუცებში. სრული გარდამავალი ამნეზია ზოგჯერ საფეთქლის წილში აღმოცენებული გულყრის ბრალიც შეიძლება იყოს. ხშირად მიზეზი ვერც დგინდება. ახალგაზრდებში ზოგჯერ ამ დარღვევას შაკიკიც იწვევს, რადგან შეტევისას ტვინისთვის სისხლის მიწოდება დროებით მცირდება.
სრული გარდამავალი ამნეზიის მქონე პაციენტთა უმრავლესობას ასეთი ეპიზოდი მხოლოდ ერთხელ აქვს ცხოვრებაში, 10%-ს კი – რამდენჯერმე. მეხსიერების დაკარგვა გრძელდება 30 წუთიდან 12 საათამდე. ამის შემდეგ გაურკვევლობა სწრაფად იხსნება და ადამიანს ყოველთვის ყველაფერი ახსენდება, თუმცა შესაძლოა არ ახსოვდეს, რა მოხდა თავად ამნეზიის პერიოდში.
ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი: ეს ამნეზიის იშვიათი ფორმაა და ვითარდება ალკოჰოლიზმისა ან არასრულფასოვანი კვების დროს, როგორც წესი, თიამინის ნაკლებობის გამო (B1 ვიტამინის). სინდრომში ორი დარღვევა ერთიანდება: ცნობიერების მწვავე მოშლა (ვერნიკეს ენცეფალოპათია) და ამნეზია (კორსაკოვის სინდრომი). ეს უკანასკნელი ვითარდება ვერნიკეს ენცეფალოპათიის მქონე არანამკურნალევ ადამიანთა 80%-ში.
ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს პაციენტი გაბრუებულია, წონასწორობას ვერ იცავს, ბარბაცებს და დეზორიენტაციასთან ერთად თვალების მოძრაობის დარღვევაც აღინიშნება.
კორსაკოვის სინდრომი ზოგჯერ თავიდან უახლოესი წარსულის მეხსიერების მძიმე მოშლით იწყება. უფრო ძველი მოგონებები შენახულია. შესაბამისად, ადამიანს შეუძლია სოციალურად აქტიური იყოს და ჩვეულებრივად ისაუბროს სხვებთან, თუმცა არ ახსოვდეს, რა მოხდა წინა დღეების, თვეების, წლების ან რამდენიმე წუთის განმავლობაშიც კი. პაციენტები, როგორც წესი, არ აღიარებენ, რომ არ ახსოვთ და უბრალოდ იგონებენ ამბებს (ე.წ. კონფაბულაცია).
მკურნალობა მოიცავს თიამინისა და სითხეების გადასხმას ინტრავენურად. ამის მეშვეობით შესაძლოა ვერნიკეს ენცეფალოპათია გამოსწორდეს, თუმცა სრული გამოჯანმრთელება იშვიათად ხდება. მკურნალობის გარეშე ეს მდგომარეობა სასიკვდილო შეიძლება იყოს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ასეთი შედეგი იშვიათია.