1. დემენცია
  2. დელირიუმი და დემენცია
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
დემენცია

დემენცია შემეცნებითი ფუნქციების ნელი, პროგრესული დაქვეითებაა, მათ შორის: მეხსიერების, აზროვნების, განსჯისა და სწავლის უნარის.

  • სიმპტომები, როგორც წესი, მოიცავს მეხსიერების დაკარგვას, მეტყველებისა და საქმიანობის გაძნელებას, პიროვნების ცვლილებებს, ორიენტაციის ან ქცევის მოშლასა და შეუფერებელ ქცევას;

  • სიმპტომები პროგრესირებს ისე, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ჩვეული საქმიანობის შესრულება, რის გამოც სრულიად დამოკიდებულები ხდებიან სხვებზე;

  • დიაგნოზი სიმპტომებს, გასინჯვისა და მენტალური სტატუსის ტესტის შედეგებს ეფუძნება;

  • მიზეზის დასადგენად სისხლის ანალიზები და გამოსახულებითი კვლევები გამოიყენება;

  • მკურნალობა მიმართულია შემეცნებითი ფუნქციების რაც შეიძლება ხანგრძლივად შენარჩუნებისკენ, პაციენტის მხარდაჭერისკენ.

დემენცია ძირითადად 65 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება. ეს დაავადება საკმაოდ ხშირია – აშშ-ში სულ მცირე 5 მილიონ ადამიანს აქვს იგი. მოხუცებულთა სახლში მოხვედრის მიზეზი ნახევარზე მეტ შემთხვევაში დემენციაა.

დაბერებასთან ერთად, ტვინში მომხდარი ცვლილებები მოკლევადიანი მეხსიერების გაუარესებასა და სწავლის უნარის შენელებას იწვევს. ეს ნორმალური ასაკობრივი ცვლილებები, დემენციისგან განსხვავებით, ხელს არ უშლის ადამიანს ჩვეული საქმიანობის შესრულებაში. მოხუცებში ამ მდგომარეობას მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება ეწოდება. დემენცია შემეცნებითი ფუნქციების ბევრად მძიმე დაქვეითებაა, რომელიც ნელ-ნელა უარესდება. ასაკის მატებასთან ერთად, ნორმაში ადამიანებს ისედაც ავიწყდებათ დეტალები, მაგ.: სად დადეს რაიმე ნივთი, მაგრამ დემენციის დროს ზოგი მოვლენა შესაძლოა სრულიად გაქრეს მეხსიერებიდან. პაციენტებს უჭირთ ჩვეული საქმიანობა, მაგ.: მანქანის მართვა, საჭმლის მომზადება ან ფინანსური საკითხების გადაჭრა. მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება არ არის დემენციის ან ადრეული ალცჰაიმერის დაავადების ნიშანი.

დეპრესია ზოგჯერ მიაგავს დემენციას, განსაკუთრებით კი მოხუცებში. დეპრესიის დროსაც ცოტას ჭამენ და ცოტა სძინავთ ადამიანებს, ხშირად უჩივიან მეხსიერებას, მაგრამ იშვიათად ავიწყდებათ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები ან პირადი საკითხები. ამისგან განსხვავებით, დემენციის მქონე პაციენტები ვერ ხვდებიან, რომ შემეცნებითი ფუნქციები დაუქვეითდათ და უარყოფენ მეხსიერების გაუარესებასაც. ასევე, დეპრესიის მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელებულ ადამიანში მენტალური ფუნქციები აღდგება. ბევრ პაციენტს ეს ორი დაავადება ერთდროულად აქვს. ამ შემთხვევაში, დეპრესიის მკურნალობა აუმჯობესებს, მაგრამ ბოლომდე არ აღადგენს შემეცნებით ფუნქციებს.

დემენციის ზოგიერთი სახის (მაგ.: ალცჰაიმერის დაავადების) დროს, ტვინში აცეტილქოლინის შემცველობა დაბალია. ეს ნივთიერება ქიმიური გადამცემია (ე.წ. ნეირომედიატორი), რომლის მეშვეობითაც ნერვული უჯრედები კავშირს ამყარებენ ერთმანეთთან. აცეტილქოლინი ჩართულია მეხსიერების ფორმირებაში, დასწავლასა და კონცენტრაციაში, ბევრი ორგანოს მუშაობის რეგულაციაში. ტვინში სხვა ცვლილებებიც ხდება, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, ისინი იწვევს დემენციას თუ პირიქით, მის შედეგად ვითარდება.

მიზეზები

ხშირად დემენცია ტვინის პირველადი დაავადებაა, ანუ მას ცალკე რაიმე მიზეზი არ აქვს. თუმცა, ზოგადად, იგი ბევრმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად, შემთხვევათა 50-70%-ში, დემენციის მიზეზი ალცჰაიმერის დაავადებაა – ტვინის პირველადი დაზიანება. სხვა დარღვევებიდან აღსანიშნავია სისხლძარღვოვანი დემენცია, ლევის სხეულების დემენცია და შუბლ-საფეთქლის დემენცია (მაგ.: პიკის დაავადება). ადამიანს შესაძლოა რამდენიმე მათგანი ერთად ჰქონდეს (ე.წ. შერეული დემენცია).

შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება შემდეგმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • პარკინსონის დაავადება (ხშირი მიზეზია)

  • ტვინის დაზიანება თავის ტრავმის ან ზოგი სიმსივნის გამო

  • ჰანტინგტონის დაავადება

  • პრიონული დაავადება, მაგ.: კროიტცფელდტ-იაკობის დაავადება

  • პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლა

  • თავზე ჩატარებული სხივური თერაპია

დემენციის გამომწვევ მდგომარეობათა უმრავლესობა შეუქცევადია, მაგრამ ზოგის მკურნალობა შეიძლება. ამას შექცევადი დემენცია ეწოდება და თუკი ტვინი ძალიან დაზიანებული არ არის, სამედიცინო ჩარევით პაციენტი შესაძლოა სრულად განიკურნოს. თუ დაზიანება უფრო დიდი ხარისხისაა, ხშირად მას მკურნალობა ვერ გამოასწორებს, მაგრამ შესაძლოა თავიდან აგვაცილოს უფრო გაღრმავება. შექცევადი დემენციის გამომწვევი მდგომარეობებიდან აღსანიშნავია:

  • ჰიდროცეფალია ნორმალური წნევით

  • სუბდურული სისხლჩაქცევა

  • ინფიცირება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით

  • თიამინის, ნიაცინის ან B12 ვიტამინის ნაკლებობა

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი)

  • ტვინის სიმსივნეები, რომელთა ამოკვეთაც შესაძლებელია

  • აკრძალული ნივთიერებების ან ალკოჰოლის ხანგრძლივი, ჭარბი მოხმარება

  • მომწამვლელი ნივთიერებები (ტყვია, ვერცხლისწყალი ან სხვა მძიმე მეტალები)

  • სიფილისი, რომელიც ტვინსაც აზიანებს

  • სხვა ინფექციები (მაგ.: ლაიმის დაავადება, ვირუსული ენცეფალიტი და სოკოვანი ინფექცია კრიპტოკოკოზი)

სუბდურული ჰემატომა (სისხლჩაქცევა თავის ტვინის მფარავ გარეთა და შუა გარსებს შორის) მაშინ ვითარდება, როცა ერთი ან მეტი სისხლძარღვი ზიანდება, როგორც წესი, თავის ტრავმის გამო. ტრავმა შესაძლოა მსუბუქი იყოს და ადამიანმა მას ყურადღებაც არ მიაქციოს.

ბევრი დაავადება აუარესებს დემენციის სიმპტომებს, მათ შორის: დიაბეტი, ქრონიკული ბრონქიტი, ემფიზემა, ინფექციები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის დაავადებები და გულის უკმარისობა.

მრავალი მედიკამენტი დროებით იწვევს ან აუარესებს დემენციის სიმპტომებს. მათგან ზოგიერთი ურეცეპტოდაც გაიცემა. მათგან აღსანიშნავია: საძილე (სედაციური) საშუალებები, გრიპის ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ზოგი ანტიდეპრესანტი. ალკოჰოლის მიღებამ, ზომიერი რაოდენობითაც კი, შესაძლოა ასევე გააუარესოს დემენცია. შესაბამისად, ამ დაავადების მქონე ადამიანებს, ექიმები ურჩევენ, არ დალიონ.

სიმპტომები

დემენციის დროს შემეცნებითი ფუნქციები, როგორც წესი, 2-დან 10 წლამდე პერიოდში ქვეითდება, თუმცა პროგრესირების სიჩქარე მიზეზზეა დამოკიდებული. სისხლძარღვოვანი დემენციის შემთხვევაში სიმპტომები ნაბიჯ-ნაბიჯ უარესდება, ყოველ ახალ ინსულტთან ერთად, მათ შორის, მცირედი გაუმჯობესებით. ალცჰაიმერის დაავადების ან ლევის სხეულების დემენციის დროს კი გაუარესება უფრო თანაბარია.

პროგრესირების სიჩქარე ინდივიდუალურიცაა. იმის გააზრებამ, რამდენად გაუარესდა მდგომარეობა წინა წლის განმავლობაში, შეიძლება მინიშნება მოგვცეს მომავალზე. სიმპტომები ზოგჯერ უფრო მძიმდება, როცა დემენციის მქონე პაციენტი მოხუცებულთა სახლში ან სხვა დაწესებულებაში გადაჰყავთ, რადგან ამ დაავადების დროს გაძნელებულია ახალი წესების, რეჟიმის დასწავლა და დამახსოვრება. ტკივილმა, სუნთქვის უკმარისობამ, შარდის შეკავებამ ან შეკრულობამ შესაძლოა დელირიუმი გამოიწვიოს ცნობიერების სწრაფ აბნევასთან ერთად. თუკი ეს დარღვევები გამოსწორდა, პაციენტი, როგორც წესი, უბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც მათ გაჩენამდე ჰქონდა. დემენციათა უმრავლესობის სიმპტომები მსგავსია. ზოგადად, ამ დაავადების დროს ვლინდება:

  • მეხსიერების დაკარგვა

  • მეტყველების პრობლემები

  • პიროვნების ცვლილებები

  • ორიენტაციის მოშლა

  • ყოველდღიური საქმიანობის გაძნელება

  • ქცევის მოშლა ან შეუფერებელი ქცევა

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სხვადასხვა დროს შეიძლება გამოვლინდეს, დაჯგუფება ადრეულ, შუა პერიოდის და მოგვიანებით სიმპტომებად, ეხმარება პაციენტს, მისი ოჯახის წევრებსა და სხვა მომვლელებს, ჰქონდეთ ზოგადი წარმოდგენა, რას ელოდონ. პიროვნების ცვლილებები და ქცევის მოშლა ადრევე ან მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს. ზოგ პაციენტს დემენციის დროს, ასევე ადრეულ პერიოდში ან მოგვიანებით, გულყრებიც უვითარდება.

ადრეული სიმპტომები: დემენცია ხშირად ნელა იწყება და უარესდება, ამიტომაც ზოგჯერ მისი დიაგნოსტიკა თავიდანვე ვერ ხდება. შემეცნებითი ფუნქციებიდან, ერთ-ერთი პირველი – შესამჩნევად უარესდება მეხსიერება, განსაკუთრებით – უახლოესი წარსულის. დემენციის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, უფრო და უფრო უჭირთ:

  • საჭირო სიტყვის მოძებნა და გამოყენება

  • სხვისი მეტყველების გაგება

  • აბსტრაქტული აზროვნება, მაგ.: ანგარიშისას

  • ბევრი ჩვეული საქმიანობა, როგორიცაა გზის გაგნება და გახსენება, სად დადეს რაიმე ნივთი

  • სწორად განსჯა

ემოციები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს, სიხარულს მოულოდნელად და სწრაფად ცვლიდეს სევდა. პიროვნების ცვლილებებიც ხშირია. ზოგჯერ ოჯახის წევრებიც ამჩნევენ უჩვეულო ქცევას.

დემენციის მქონე ზოგი ადამიანი კარგად მალავს შესაძლებლობების გაუარესებას. ისინი ჩვეულებრივ რეჟიმს იცავენ სახლში და ერიდებიან რთულ საქმიანობებს, როგორიცაა ჩეკების წიგნაკის წარმოება, კითხვა, მუშაობა. თუკი ცხოვრების წესი არ შეიცვალა, ყოველდღიური საქმიანობების შესრულების უუნარობა შეიძლება საკმაოდ გამაღიზიანებელი იყოს მათთვის. ზოგჯერ პაციენტებს ავიწყდებათ მნიშვნელოვანი საქმეები ან არასწორად ასრულებენ მათ. მაგალითად, მათ შესაძლოა დაავიწყდეთ გადასახადების გადახდა, სინათლის ან გაზქურის გამორთვა. დემენციის საწყის ეტაპზე, ზოგ ადამიანს შეუძლია მართოს მანქანა, მაგრამ გადატვირთული მოძრაობის დროს ადვილად იბნევიან და იკარგებიან.

შუა პერიოდის სიმპტომები: დემენციის გაუარესებასთან ერთად, არსებული პრობლემებიც მძიმდება და ვრცელდება, რის გამოც პაციენტს უჭირს:

  • გაიხსენოს წარსულიდან მოვლენები

  • დაისწავლოს და გაიხსენოს ახალი ინფორმაცია

  • ყოველდღიური თავის მოვლა, ბანაობა, ჭამა, ჩაცმა და საჭირო ოთახის გამოყენება

  • ადამიანებისა და საგნების ცნობა

  • განსაზღვროს, რა დროა და სად იმყოფება

  • გაიაზროს, რაც ესმის და რასაც ხედავს (ეს კი დაბნევას იწვევს)

  • ქცევის გაკონტროლება

დემენციის მქონე ადამიანები ხშირად იკარგებიან, ზოგჯერ საკუთარ საძინებელს ან საჭირო ოთახსაც ვერ აგნებენ. სიარული შეუძლიათ, თუმცა დიდი რისკია, დაეცნენ. შემთხვევათა 10%-ში ეს აბნევა იწვევს ფსიქოზს, მაგ.: ჰალუცინაციებს, ბოდვებს ან პარანოიას.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად, მანქანის მართვა უფრო და უფრო ძნელდება, რადგან ამ დროს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, ბევრი უნარის კოორდინაციაა საჭირო. ადამიანს ზოგჯერ ავიწყდება, სად მიდის. პიროვნული ნიშან-თვისებები უფრო ძლიერად გამოიხატება. თუკი პაციენტი ადრე ხშირად წუხდა ფულის გამო, დემენციის დროს შესაძლოა სულაც აიკვიატოს ეს საკითხი. ისინი, ვისაც შფოთვა ახასიათებდა, მუდმივად ნერვიულობენ. ზოგი პაციენტი ადვილად გაღიზიანებადი, მშფოთვარე, ეგოისტი, ჯიუტი ან ფიცხი ხდება. სხვები პასიურ, გულჩათხრობილ, დეპრესიულ პიროვნებებად იქცევიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ან ემოციების გამოხატვა. თუკი ვინმე უხსენებს მათ პიროვნების ან შემეცნებითი უნარების ცვლილებებს, დემენციის მქონე ადამიანები შეიძლება ძალიან გაღიზიანდნენ ან უხეში რეაქცია ჰქონდეთ.

იმის გამო, რომ ამ დროს გაძნელებულია საკუთარი ქცევის კონტროლი, პაციენტები ზოგჯერ შეუფერებლად, მიუღებლად იქცევიან (მაგ.: ყვირიან, ისვრიან ნივთებს, ურტყამენ სხვებს ან დახეტიალობენ). ამას ქცევის მოშლა ეწოდება და დემენცია რამდენიმე მხრივ ახდენს მის განვითარებაზე ზეგავლენას:

  • იმის გამო, რომ აღარ ახსოვთ მიღებული ქცევის წესები, პაციენტები შესაძლოა საზოგადოებისთვის მიუღებლად იქცეოდნენ. მაგალითად, სიცხეში შეიძლება ტანზე გაიხადონ ქუჩაში ან სახალხოდ დაკავდნენ მასტურბაციით, როცა სექსუალურად აგზნებულები არიან, ისაუბრონ ბილწად, ვულგარულად ან ჰქონდეთ სექსუალური ხასიათის მოთხოვნები.

  • დემენციის მქონე ადამიანებს უჭირთ, გაიაზრონ დანახული და მოსმენილი, ამიტომ, შეიძლება დახმარების შეთავაზება მუქარად მიიღონ და შეურაცხყონ ვინმე. მაგალითად, ტანსაცმლის გახდაში დახმარება შესაძლოა თავდასხმა ეგონოთ და თავის დაცვას ეცადონ, ზოგჯერ დარტყმით.

  • მოკლევადიანი მეხსიერება დაქვეითებულია, ამიტომ ვერ იმახსოვრებენ, რა უთხრეს ან თვითონ რა გააკეთეს. ისინი იმეორებენ კითხვებსა და დიალოგებს, ითხოვენ მუდმივ ყურადღებას ან, მაგალითად, ჭამას, როცა უკვე მიირთვეს. თხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა გაბრაზდნენ ან განაწყენდნენ.

  • საჭიროებების გამოხატვა უძნელდებათ ან საერთოდ არ შეუძლიათ, ამიტომ, ტკივილისას ზოგჯერ ყვირიან, დახეტიალობენ, როცა თავს მარტოსულად გრძნობენ ან ეშინიათ.

ძილ-ღვიძილი ხშირად ირღვევა. დემენციის მქონეთა უმრავლესობას ჩვეულზე დიდხანს სძინავს, მაგრამ ღრმა ძილის ხანგრძლივობა ნაკლებია. შედეგად, ღამით შესაძლოა მოუსვენრად იყონ, გაუძნელდეთ ჩაძინება ან უწყვეტი ძილის შენარჩუნება. თუკი არ ვარჯიშობენ ან არ მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში, დემენციის მქონე ადამიანებს შეიძლება ზედმეტად ბევრი ეძინოთ დღისით. ეს კი ღამით ძილს აუარესებს. როცა ვერ იძინებენ, პაციენტები ზოგჯერ ყვირიან, დადიან ან იძახიან.

მოგვიანებითი სიმპტომები: დროთა განმავლობაში, დემენციის გამო ადამიანებს უჭირთ სხვებთან საუბარი ან შესაძლოა სულ ვეღარ მეტყველებდნენ. უახლოესი და ადრეული წარსულის მეხსიერება საერთოდ იკარგება. შესაძლოა გაუძნელდეთ ოჯახის წევრების ან საკუთარი თავის ცნობაც კი სარკეში. დემენციის შორს წასულ შემთხვევებში, თითქმის მთლიანად ირღვევა ტვინის ფუნქციონირება – კუნთების კონტროლის უნარიც კი. ადამიანებს არ შეუძლიათ სიარული, ჭამა ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა. ისინი მთლიანად სხვებზე ხდებიან დამოკიდებული და საბოლოოდ, საწოლიდან ადგომასაც ვეღარ ახერხებენ. დროთა განმავლობაში შესაძლოა ლუკმის გადაყლაპვაც კი გაუჭირდეთ გადაცდენის გარეშე.

ეს პრობლემები არასრულფასოვანი კვების, ფილტვების ანთების (ნერწყვის ან საკვების ნაწილაკების გადაცდენის შედეგად) და ნაწოლების (უმოძრაობის გამო) რისკს ზრდის. სიკვდილს ხშირად რაიმე ინფექცია, მაგალითად, ფილტვების ანთება იწვევს.

დიაგნოზი

გულმავიწყობა ხშირად პირველი ნიშანია, რომელსაც ოჯახის წევრები ან ექიმები ამჩნევენ. სამედიცინო პერსონალს დემენციის დიაგნოზის დასმა პაციენტისა და მისი ოჯახისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმით შეუძლია, მაგალითად:

  • რამდენი წლისაა პაციენტი?

  • ოჯახის რომელიმე წევრს, მის წინაპრებს, დემენცია ან შემეცნებითი უნარების მოშლა ხომ არ ჰქონია (ოჯახური ისტორია)?

  • როდის დაიწყო სიმპტომები?

  • რამდენად სწრაფად გაუარესდა ისინი?

  • რამდენად შეიცვალა პაციენტი (მაგ.: თავი დაანება თუ არა თავის ჰობის, საქმიანობებს)?

  • რა მედიკამენტებს იღებს იგი (ზოგ წამალს შეუძლია დემენციის სიმპტომების გამოწვევა)?

  • პაციენტი დეპრესიული, სევდიანი ხომ არ გამხდარა (განსაკუთრებით თუ მოხუცია)?

პაციენტს ასევე უტარდება მენტალური სტატუსის ტესტი, რომელიც რამდენიმე შეკითხვისა და დავალებისგან შედგება, როგორიცაა საგნების დასახელება, მოკლე ჩამონათვალის გახსენება, წინადადებების წერა და ფიგურების გადახატვა. ზოგჯერ უფრო დეტალური გამოკვლევა (ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება) ხდება საჭირო, რათა განისაზღვროს ფუნქციების დაქვეითების ხარისხი ან დადგინდეს, ადამიანს მართლა აქვს თუ არა შემეცნებითი უნარების დარღვევა. ეს გამოკვლევა მენტალური ფუნქციების ყველა მთავარ ასპექტს მოიცავს, მათ შორის განწყობილებას და 1-3 საათის მანძილზე გრძელდება.

სიმპტომებისა და ოჯახური სამედიცინო ისტორიის, მენტალური სტატუსის ტესტირების შედეგების მიხედვით, ექიმს, როგორც წესი, შეუძლია, დასვას დემენციის დიაგნოზი. ასევე, შესაძლებელია სიმპტომების გამომწვევი მიზეზებიდან გამოირიცხოს დელირიუმი, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ მდგომარეობის გამოსწორება დროული მკურნალობით შეიძლება.

ექიმი პაციენტს სინჯავს და ასევე ატარებს ნევროლოგიურ გამოკვლევასაც, რათა განსაზღვროს, სხვა დაავადებებიც ხომ არ აქვს მას. საჭიროა დადგინდეს, რაიმე განკურნებადი დარღვევა ხომ არ იწვევს ან უწყობს ხელს დემენციას, ან ხომ არ გვეშლება მასში.

კეთდება სისხლის ანალიზებიც, განისაზღვრება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე სისხლში, ამ ორგანოს დაავადებების გამოსაკვლევად და B12 ვიტამინის შემცველობა – მისი ნაკლებობის დასადგენად. კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), რათა გამოირიცხოს ტვინის სიმსივნე, ჰიდროცეფალია ნორმალური წნევით, სუბდურული სისხლჩაქცევა ან ინსულტი. თუმცა, დემენციის ზოგი მიზეზი (მაგ. ალცჰაიმერის დაავადება), მხოლოდ მაშინ შეიძლება ზუსტად დადასტურდეს, თუკი ტვინის ქსოვილის ნიმუშს აიღებენ და მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლიან. ეს ზოგჯერ სიკვდილის შემდეგ კეთდება, აუტოფსიის დროს.

ექიმმა ასევე უნდა განსაზღვროს, ხომ არ აქვს პაციენტს სხვა, დემენციასთან კავშირში არმყოფი დაავადება ან ფსიქიკური აშლილობაც (მაგ. შიზოფრენია). ასეთი დარღვევების მკურნალობა აუმჯობესებს მის ზოგად მდგომარეობას.

მკურნალობა

დემენციის შემთხვევათა უმრავლესობაში არანაირ მკურნალობას არ შეუძლია შემეცნებითი ფუნქციების აღდგენა. თუმცა, ამ დაავადების დამამძიმებელ დარღვევათა გამოსწორებით შეიძლება მისი შენელება. დემენციისა და დეპრესიის ერთად არსებობისას, ანტიდეპრესანტები (მაგ. სერტრალინი და პაროქსეტინი) და ფსიქოთერაპია ზოგჯერ ეფექტიანია, დროებით მაინც. ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებამ შესაძლოა გრძელვადიანი გაუმჯობესება მოგვცეს. ისეთი მედიკამენტები, რომლებიც აუარესებენ დემენციას, მაგალითად, სედაციური საშუალებები და ტვინის ფუნქციაზე მოქმედი ნივთიერებები, უნდა მოიხსნას, თუ შესაძლებელია. საჭიროა ტკივილის და ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის (მაგ.: საშარდე გზების ინფექციის ან შეკრულობის) მკურნალობა იმის მიუხედავად, დაკავშირებულია თუ არა იგი დემენციასთან. ეს პაციენტებს ეხმარება, უფრო დიდხანს შეინარჩუნონ საქმიანობის უნარი.

განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა. ზოგი მედიკამენტის მიღება შედეგიანია რაღაც დროის განმავლობაში მაინც. პაციენტმა, მისმა ოჯახის წევრებმა და სხვა მომვლელებმა, ექიმებმა, ერთად უნდა განიხილონ და მოიფიქრონ საუკეთესო სტრატეგია ამ მდგომარეობაში.

უსაფრთხოება საყურადღებო საკითხია. ექთანს, ფიზიკური ან ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტს შეუძლია შეაფასოს, რამდენად უსაფრთხოა სახლი დემენციის მქონე ადამიანისთვის და ურჩიოს ოჯახს საჭირო ცვლილებები. მაგალითად, როცა განათება ცუდია, ავადმყოფს შეიძლება კიდევ უფრო გაუჭირდეს დანახულის გააზრება, ამიტომ, საჭიროა შეძლებისდაგვარად კარგი სინათლე. ღამით ანთებული ნათურის დატოვება ან მოძრაობის სენსორის დაყენებაც შეიძლება ეფექტიანი იყოს. ზოგი ცვლილებით შესაძლებელი ხდება ტრავმების (განსაკუთრებით დაცემის) თავიდან აცილება, რაც ეხმარება დემენციის მქონე ადამიანს საქმიანობაში.

მხარდაჭერა: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დემენციის დროს, პაციენტებისთვის ყველაზე კარგი ოჯახურ გარემოში ყოფნაა და მათ შეუძლიათ, დარჩნენ სახლში. გარემო უნდა იყოს ნათელი, მხიარული, უსაფრთხო, სტაბილური და მოიცავდეს რაიმენაირ სტიმულაციას, მაგალითად, რადიოს ან ტელევიზორს. სახლის მოწყობა ისეა საჭირო, რომ ადამიანს გაუადვილდეს ორიენტირება, მაგალითად, ფანჯრების მეშვეობით მიხვდეს, დღის რა დროა. მოწესრიგებული რეჟიმი ეხმარება მას, შეინარჩუნოს ორიენტაცია, ჰქონდეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა. გარემოს, რეჟიმის ან მომვლელის ნებისმიერი ცვლილება უნდა აუხსნან პაციენტს, რაც შეიძლება გარკვევით და მარტივად. ნებისმიერი პროცედურის ან საქმიანობის წინ, წინასწარ უნდა უთხრან, რა ხდება და რას აპირებენ, მაგალითად, ბანაობისას ან ჭამისას. ასახსნელად დროის გამოყოფა ჩხუბის თავიდან ასაცილებლად კარგი საშუალებაა.

ბანაობის, ჭამისა და ძილის ყოველდღიური რეჟიმის დაწესება ეხმარება პაციენტებს დამახსოვრებაში, ღამით ერთსა და იმავე დროს დაწოლა კი – უკეთ ძილში.

სხვა რეგულარულ საქმიანობებში ჩართვა, სასიამოვნო ან გამოსადეგ საქმიანობებზე ფოკუსირება საშუალებას აძლევს ადამიანს, თავი დამოუკიდებლად, საჭიროდ იგრძნოს. ამით დეპრესიის შემსუბუქებაც შესაძლებელია. ისეთი აქტივობები, რომლებიც პიროვნების დაავადებამდელ ინტერესებს შეესაბამება, კარგი არჩევანია. ისინი უნდა იყოს გასართობი და მოიცავდეს რაღაც დოზით სტიმულაციასაც, მაგრამ არა ზედმეტად დიდ არჩევანს ან სირთულეს. ფიზიკური აქტივობა ამსუბუქებს სტრესსა და გაღიზიანებას, თავიდან გვაცილებს ძილის პრობლემებსა და მიუღებელ ქცევას, მაგ.: აგზნებასა და ხეტიალს. იგი აუმჯობესებს წონასწორობას (რაც ამცირებს დაცემის რისკს), ფილტვებისა და გულის ჯანმრთელობას. ხშირი შემეცნებითი საქმიანობა, მათ შორის ჰობი, მიმდინარე მოვლენებში გარკვევა და კითხვა ეხმარება ადამიანებს, შეინარჩუნონ სიფხიზლე და ინტერესი ცხოვრებისადმი. დემენციის გაღრმავებასთან ერთად საქმიანობები პატარ-პატარა ნაწილებად უნდა დაიყოს, გამარტივდეს.

საჭიროა ჭარბი სტიმულაციის თავიდან აცილება, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი სოციალურად იზოლირებული იყოს. სამედიცინო პერსონალისა და ნაცნობების ხშირი ვიზიტები ეხმარება პაციენტს, დარჩეს ჩართული ურთიერთობებში. მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, თუკი ყოველდღიური საქმიანობები გამარტივებულია, დემენციის მქონე ადამიანებისადმი მოლოდინები რეალურია და მათ საშუალება ეძლევათ, შეინარჩუნონ ღირსების გრძნობა, თვითშეფასება.

ზოგჯერ დამატებით დახმარებაა საჭირო ოჯახისთვის. ინფორმაცია არსებული მომსახურების შესახებ მათ შეუძლიათ მიიღონ ექიმისგან, სოციალური ან ადამიანური სერვის-ცენტრებიდან (ჩამოთვლილია სატელეფონო წიგნაკში), ინტერნეტიდან (ე.წ. Eldercare Locator). მომსახურებებიდან ოჯახს შესაძლოა დასჭირდეს: სახლის დასუფთავება, დროებითი მომვლელი, სადილის სახლში მიტანა და სპეციალურად დემენციის მქონეთათვის შექმნილი დღის პროგრამები, აქტივობები. 24-საათიანი მომვლელის დაქირავებაც შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ ძვირია.

იმის გამო, რომ დემენცია, როგორც წესი, პროგრესირებს, მომავლის დაგეგმვაც აუცილებელია. მანამდე დიდი ხნით ადრე, ვიდრე პაციენტს დასჭირდებოდეს სპეციალურ, უფრო მხარდამჭერ გარემოში გადაყვანა, ოჯახის წევრებმა უნდა დაგეგმონ ეს და შეაფასონ ალტერნატიული ვარიანტები ხანგრძლივი მოვლისთვის. ამაში შესაძლოა ჩართული იყოს ექიმი, სოციალური მუშაკი, ექთანი და იურისტიც, მაგრამ პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი მაინც ოჯახის წევრებზეა. გადაწყვეტილება, გადაიყვანონ თუ არა დემენციის მქონე ადამიანი სპეციალიზებულ დაწესებულებაში, მიიღება იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება და რაც შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ მას დამოუკიდებლობის განცდაც. ასეთი საკითხის გადაწყვეტა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა:

  • დემენციის სიმძიმე

  • ადამიანის ქცევის დარღვევის ხარისხი

  • ოჯახური გარემო

  • რამდენად შეუძლიათ ოჯახის წევრებს ან მომვლელებს მისი დახმარება

  • ფინანსური საკითხები

  • სხვა დაავადებებისა და ფიზიკური დარღვევების არსებობა, რომლებიც დემენციასთან არ არის დაკავშირებული

არსებობს გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებები, მათ შორის ხანდაზმულთა პანსიონატები და მოხუცებულთა სახლები, რომლებიც სპეციალურად დემენციის მქონე ადამიანებისთვისაა. პერსონალს მიღებული აქვს შესაბამისი განათლება, რათა იცოდნენ, როგორ ფიქრობენ ამ დროს პაციენტები, როგორ იქცევიან და როგორ უნდა მოექცნენ მათ. ასეთ დაწესებულებებში ისეთი რეჟიმია შემუშავებული, რომ იქ მცხოვრებლებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი აქტივობებით, რაც ეხმარება მათ პროდუქტიულობის, ცხოვრებაში ჩართულობის შეგრძნების შენარჩუნებაში. უმრავლეს შემთხვევაში დაწესებულებაში უსაფრთხოებისთვის საჭირო საკითხებიცაა გათვალისწინებული. მაგალითად, განთავსებულია ნიშნები, რათა ადამიანებმა შეძლონ გაიგნონ გზა, ზოგ კარზე კი – საკეტი ან სიგნალიზაცია, რაც არ აძლევს საშუალებას პაციენტებს, იხეტიალონ.

ზოგი ადამიანის მდგომარეობა უარესდება, როცა სახლიდან ასეთ დაწესებულებაში გადაჰყავთ. თუმცა, ცოტა ხანში მათი უმრავლესობა ეგუება და უფრო უკეთაც გრძნობს თავს ასეთ მხარდამჭერ გარემოში.

პროგრესირების შემანელებელი მედიკამენტები: დონეპეზილი, გალამტამინი, რივასტიგმინი და მემანტინი ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. რივასტიგმინი ზოგჯერ ასევე ეფექტიანია პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული დემენციის დროს.

დონეპეზილი, გალანტამინი და რივასტიგმინი ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებია. ისინი ბლოკავენ აცეტილქოლინესთერაზას, ფერმენტს, რომელიც აცეტილქოლინს შლის. შესაბამისად, შედეგად ამ ნივთიერების რაოდენობა იზრდება, რაც ეხმარება ნერვულ უჯრედებს სიგნალების გადაცემაში. ეს მედიკამენტები დროებით აუმჯობესებენ შემეცნებით ფუნქციებს დემენციის დროს, მაგრამ არ ანელებენ მის პროგრესირებას. ყველაზე ეფექტიანი ისინი დაავადების ადრეულ პერიოდშია, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვნად ინდივიდუალურია. პაციენტთა ერთ მესამედში ეფექტი არ ვლინდება, ერთი მესამედის მდგომარეობა კი ოდნავ უმჯობესდება რამდენიმე თვით, დანარჩენის – უფრო მნიშვნელოვნად და ხანგრძლივად, მაგრამ დემენცია თანდათან მაინც პროგრესირებს. თუ ერთი ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი არაეფექტიანია ან გვერდით მოვლენებს იწვევს, მეორის დანიშვნა უნდა სცადოს ექიმმა. თუ არც ერთი არ იძლევა შედეგს და ყველას აქვს გვერდითი ეფექტები, მედიკამენტის ეს ჯგუფი საერთოდ უნდა მოიხსნას. არასასურველი მოვლენებიდან აღსანიშნავია: გულისრევა, ღებინება, წონაში კლება, მუცლის ტკივილი ან სპაზმები. ტაკრინი, დემენციის სამკურნალოდ შექმნილი პირველი ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, აღარ გამოიყენება, რადგან ღვიძლი შეიძლება დააზიანოს.

მემანტინი, NMDA-ს (N-მეთილ-D-ასპარტატი) ანტაგონისტი, ზოგჯერ ანელებს საშუალო სიმძიმის ან მძიმე ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირებას. ეს მედიკამენტი ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებისგან განსხვავებული მექანიზმით მუშაობს და შესაძლოა მათთან ერთადაც დაინიშნოს. ზოგჯერ ეს კომბინაცია უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალკე ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი.

მედიკამენტები ქცევის დარღვევებისთვის: თუ დემენციის დროს ქცევა მოიშალა, ზოგჯერ ამის საწინააღმდეგო საშუალებები ინიშნება, მათ შორის:

  • ანტიფსიქოზური საშუალებები: ეს მედიკამენტები ხშირად გამოიყენება აგზნებისა და უეცარი აფეთქებების საკონტროლოდ, რაც თან ახლავს ხოლმე შორსწასულ დემენციას. თუმცა, ისინი ეფექტიანი მხოლოდ მაშინაა, როცა ადამიანს ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები და პარანოია აქვს დემენციასთან ერთად – ანუ ფსიქოზი. გვერდითი მოვლენები შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს, მაგ.: მოთენთილობა, კანკალი და აბნევის მდგომარეობის გაუარესება. უფრო ახალი ანტიფსიქოზური საშუალებები (როგორიცაა არიპიპრაზოლი, ოლანზაპინი, რისპერიდონი და ქვეტიაპინი) ისევე ეფექტიანია, როგორც ძველები (მაგ.: ჰალოპერიდოლი, თიორიდაზინი), თუმცა უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებთ. ანტიფსიქოზური საშუალებები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, თუ პაციენტს ფსიქოზი აქვს, სხვა მეთოდები არ არის ეფექტიანი და ისინი აუცილებელია უსაფრთხოებისთვის.

  • ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები: ეს მედიკამენტები ქცევის დარღვევის საწინააღმდეგოდაც ეფექტიანია ზოგჯერ და ასევე აუმჯობესებენ შემეცნებით ფუნქციებს, ანელებენ დემენციის პროგრესირებას.

  • ანტიკონვულსანტები: ისინი ძირითადად გულყრების დროს გამოიყენება, თუმცა შესაძლოა ეფექტიანი იყოს ძალადობრივი ემოციური აფეთქებების დროს. მათ შორისაა: კარბამაზეპინი, გაბაპენტინი, ვალპროატი.

ქცევის დარღვევების კონტროლი ყველაზე კარგად მაინც მედიკამენტების გარეშე, ადამიანისადმი ინდივიდუალური მიდგომით შეიძლება. თუკი სპეციალურ საშუალებებს იღებს პაციენტი, ოჯახის წევრებმა ექიმთან ერთად უნდა განიხილონ, მართლა ეფექტიანია თუ არა ისინი. ანტიდეპრესანტები მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როცა დემენციას თან დეპრესიაც ერთვის.

საკვები დანამატები: დემენციის სამკურნალოდ ბევრი საკვები დანამატია ნაცადი, მაგრამ ზოგადად, დიდი ეფექტი არ აქვთ. მათში შედის: ლეციტინი, ერგოლოიდ მესილატი და ციკლანდელატი. გინგკო ბილობას ექსტრაქტი, საკვები დანამატი, რომელსაც მეხსიერების გამაუმჯობესებელ ეფექტს მიაწერენ, შესაძლოა მეტ-ნაკლებად ეფექტიანი იყოს დემენციის მქონე ზოგი ადამიანისთვის. თუმცა, ეს დამტკიცებული არ არის და დამატებითი კვლევებია საჭირო. მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.

B12 ვიტამინი მხოლოდ მათთვისაა ეფექტიანი, ვისაც B ვიტამინის ნაკლებობა აქვს, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია – მხოლოდ ამ ორგანოს ფუნქციის დაქვეითებისას.

ნებისმიერი საკვები დანამატის გამოყენებამდე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

იცოცხლის დასასრულის საკითხები:

სანამ დემენციის მქონე ადამიანის შესაძლებლობები სრულიად შეიზღუდება, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება სამედიცინო დახმარებასთან, ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გეგმას წინასწარი მითითებები ეწოდება. უნდა შეირჩეს პიროვნება, რომელიც იურიდიულად პასუხისმგებელი იქნება მკურნალობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე პაციენტის მაგივრად (ე.წ. სამედიცინო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი), რომელიც გაესაუბრება სამომავლო გეგმებზე პაციენტსა და მის ექიმს. მაგალითად, დემენციის მქონე ადამიანს შესაძლოა მოუწიოს გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ხელოვნურად კვებავდნენ ან ანტიბიოტიკების მიღება ინფექციის (მაგ.: ფილტვების ანთების) დროს, როცა დაავადება უკვე საკმაოდ მძიმე იქნება. მსგავსი საკითხების განხილვა ჯობს გადაწყვეტილების საჭიროებამდე დიდი ხნით ადრე, ამ საკითხში ჩართული პირების მიერ.

დემენციის გაუარესებასთან ერთად, მკურნალობა ძირითადად მიმართული ხდება პიროვნებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ და არა სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ. ხშირად, მკურნალობის აქტიური მეთოდები, მაგ.: ხელოვნური კვება ზრდის დისკომფორტს. ამის საპირისპიროდ, უფრო ნაკლებად დრამატული მეთოდებით შესაძლებელია უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი ადამიანმა. მათგან აღსანიშნავია: ტკივილის გაყუჩება, კანის დამუშავება ნაწოლების თავიდან ასაცილებლად და კარგი საექთანო მოვლა. კარგი იქნება, თუ ამ უკანასკნელს ერთი ან რამდენიმე მომვლელი განახორციელებს, რომელსაც პაციენტთან მუდმივი ურთიერთობა ექნება. ზოგჯერ გამამხნევებელი ხმა და დამამშვიდებელი მუსიკაც ეფექტიანია.

ალცჰაიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება შემეცნებითი ფუნქციების თანდათან დაქვეითებით ვლინდება და ხასიათდება ტვინის ქსოვილის დეგენერაციით, ნერვული უჯრედების დაკარგვით, მოხუცებულობითი ფოლაქებისა და ნეიროფიბრილური გორგლების წარმოქმნით.

  • უახლოესი წარსულის მოვლენების დავიწყება ადრეული ნიშანია, რასაც მოჰყვება უფრო და უფრო დაბნევა, სხვა შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება, მეტყველებისა და სხვისი ლაპარაკის გაგების, ყოველდღიური საქმიანობის გაძნელება;

  • სიმპტომები პროგრესირებს ისე, რომ ადამიანებს აღარ შეუძლიათ საქმიანობა, მთლიანად სხვებზე ხდებიან დამოკიდებულნი;

  • დიაგნოსტიკა ეყრდნობა სიმპტომებსა და გასინჯვის, მენტალური სტატუსის ტესტის, სისხლის ანალიზებისა და გამოსახულებითი კვლევების შედეგებს;

  • მკურნალობა მოიცავს ფუნქციონირების უნარის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას და დაავადების პროგრესირების შესანელებლად ზოგჯერ მედიკამენტებიც ინიშნება;

  • შეუძლებელია წინასწარ თქმა, რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი, მაგრამ, საშუალოდ, სიკვდილი დიაგნოზის დასმიდან 7 წელში დგება.

დემენციის შემთხვევათა უმრავლესობას ალცჰაიმერის დაავადება იწვევს. მოხუცებში იგი 50-70%-შია შემეცნებითი ფუნქციის დაქვეითების მიზეზი. 60 წლის ქვემოთ ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია, ხშირდება ასაკის მატებასთან ერთად. 60-74 წლის ადამიანებში ალცჰაიმერის დავადება 5%-ს აქვს, 75-84 წლის ასაკში – 19%-ს, მაგრამ 85 წლის ზემოთ – 30%-ზე მეტს. იგი 65 წლის ასაკის ზემოთ რვა ადამიანიდან ერთს აღენიშნება, უფრო გავრცელებულია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. 2007 წლის სტატისტიკით, აშშ-ში 5 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა ალცჰაიმერის დაავადება.

გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი: შემთხვევათა 5-15% ოჯახურად გადაეცემა. ამაში შესაძლოა რამდენიმე გენის სპეციფიკური დეფექტი იყოს ჩართული. ზოგი მათგანი მაშინაც გადაეცემა მემკვიდრეობით, მხოლოდ ერთ მშობელსაც რომ ჰქონდეს – ამ შემთხვევაში გენი დომინანტურია. ასეთ დროს თითოეული შვილისთვის დეფექტიანი გენის გადაცემის ალბათობა 50%-ია. ზოგჯერ ალცჰაიმერის დაავადება 60 წლის ასაკამდე ვითარდება. ერთ-ერთი გენეტიკური დეფექტის გამო წარმოიქმნება სხვადასხვა სახის აპოლიპოპროტეინ E (აპო-E)– ზოგიერთი ლიპოპროტეინის ცილოვანი ნაწილი, რომელსაც სისხლში ქოლესტერინის გადატანა ევალება. აპო-E-ს სამი სახე არსებობს: ε2, ε3 დაε4. ε4-ის მქონე ადამიანებს ალცჰაიმერის დაავადება უფრო ხშირად და უფრო ადრეულ ასაკში უვითარდებათ. ამის საპირისპიროდ,ε2-ის მქონეები, როგორც ჩანს, დაცულები არიან ალცჰაიმერის დაავადებისგან. მესამე სახის არსებობის დროს ადამიანი არც დაცულია და არც გაზრდილი რისკის ქვეშაა (ეს საკითხი ძირითადად გამოკვლეულია თეთრკანიანებში და შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სიმართლეს სხვა რასებში). თუმცა, აპო-E-ს გენეტიკური ტესტირებითაც ვერ დადგინდება, რომელიმე ადამიანს აუცილებლად განუვითარდება თუ არა ალცჰაიმერის დაავადება. შესაბამისად, გამოკვლევის ყველასთვის ჩატარება არ არის რეკომენდებული.

ამ დაავადების დროს ტვინის ქსოვილები დეგენერაციას განიცდის, ნადგურდება ნერვული უჯრედები და მცირდება გადარჩენილ უჯრედთა მგრძნობელობა ქიმიურ გადამცემებზე, რომელთაც სიგნალები ნეირონთა შორის გადააქვთ ტვინში (ე.წ. ნეირომედიატორები). მეხსიერების ფორმირებაში, დასწავლასა და კონცენტრაციაში ჩართული ნეირომედიატორის, აცეტილქოლინის დონეც იკლებს. ტვინის ქსოვილში პათოლოგიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია:

  • მოხუცებულობითი ანუ ნევრიტული ფოლაქები: მკვდარი ნერვული უჯრედების გროვები, რომლებიც შეიცავს პათოლოგიურ, უხსნად ცილა ამილოიდს;

  • ნეიროფიბრილური გორგლები: უხსნადი ცილების ერთმანეთში გადაგრეხილი ძაფები ნერვულ უჯრედში;

  • ნეიროფიბრილური გროვების შემადგენელი პათოლოგიური ცილის, ტაუს შემცველობის გაზრდა.

ასეთი პათოლოგიური ცვლილებები რაღაც ხარისხით ყველა ადამიანში ვითარდება დაბერებისას, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერად – ალცჰაიმერის დაავადების დროს.

სიმპტომები

ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები მსგავსია სხვა სახის დემენციისა და მოიცავს: მეხსიერების დაკარგვას, პიროვნების ცვლილებებს, მეტყველებისა და ყოველდღიური საქმიანობის გაძნელებას, ორიენტაციისა და ქცევის დარღვევებს. სიმპტომები თანდათან ვითარდება, შესაბამისად, გარკვეული დროის მანძილზე, ბევრ ადამიანს შეუძლია სიამოვნების ძველებურად მიღება ცხოვრებისგან, სანამ დაავადება დამძიმდებოდეს.

მისი გამოვლენა შეუმჩნევლად იწყება. თუკი დაავადებული ჯერ კიდევ მუშაობს, შესაძლოა გაუჭირდეს სამსახურში საქმიანობა. პენსიონერებსა და არც ისე აქტიურ ადამიანებში, ცვლილებები შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს.

პირველი ნიშანი ხშირად ახლახან მომხდარი მოვლენების დავიწყებაა, თუმცა ზოგჯერ დაავადება პიროვნების ცვლილებებითაც იწყება. ადამიანი შეიძლება გახდეს უემოციო, დეპრესიული ან უჩვეულოდ მშიშარა, მშფოთვარე.

დაავადების ადრეულ ეტაპზე ქვეითდება სწორად განსჯისა და აბსტრაქტული აზროვნების უნარი. მეტყველება შესაძლოა ოდნავ შეიცვალოს. ადამიანები ზოგჯერ უფრო მარტივ სიტყვებს იყენებენ, ზოგად ტერმინს ან რამდენიმე სიტყვას – რომელიმე ერთის სანაცვლოდ, ან არასწორად საუბრობენ, შეიძლება გაუძნელდეთ სწორი სიტყვის პოვნა.

ამ დაავადების მქონე ადამიანებს უჭირთ დანახულისა და გაგონილის გააზრება, ინტერპრეტაცია, რის გამოც შესაძლოა დაიბნენ, ორიენტაცია დაირღვეს. ეს აძნელებს მანქანის მართვას, შეიძლება მაღაზიისკენ მიმავლები გზაში დაიკარგონ. ამ დროს ზოგჯერ ნარჩუნდება სხვებთან ურთიერთობის უნარი, მაგრამ ხანდახან უჩვეულოდ იქცევიან დაავადებულები, მაგ.: ავიწყდებათ ახლახან მოსული სტუმრის სახელი და ემოციები მოულოდნელად, სწრაფად ეცვლებათ.

ხშირად პაციენტებს უძილობაც აწუხებთ, ჩაძინება ან უწყვეტი ძილის შენარჩუნება უჭირთ. ზოგ ადამიანს დღისა და ღამის გარჩევა უძნელდება.

შემთხვევათა ნახევარში რაღაც ეტაპზე ფსიქოზიც ვითარდება (ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები, პარანოია).

დაავადების პროგრესირებასთან ერთად ძნელდება წარსულის გახსენებაც. ადამიანს შესაძლოა დახმარება დასჭირდეს ჭამაში, ჩაცმაში, ბანაობასა და საჭირო ოთახის გამოყენებაში. ხშირია ქცევის დარღვევები ან შეუფერებელი ქცევა, მაგ.: ხეტიალი, აგზნება, გაღიზიანებადობა, უხეშობა ან ფიზიკური აგრესია. დროისა და სივრცის შეგრძნება სრულიად იკარგება: ზოგჯერ პაციენტი შესაძლოა საჭირო ოთახში წასვლისასაც დაიკარგოს საკუთარ სახლში. ეს მზარდი დაბნეულობა ზრდის დაცემის რისკს.

დროთა განმავლობაში დაავადებულ ადამიანებს აღარ შეუძლიათ სიარული ან თავის მოვლა, შესაძლოა ჰქონდეთ შარდის შეუკავებლობა, უჭირდეთ ყლაპვა, ჭამა ან ლაპარაკი. ეს ყველაფერი არასაკმარისი კვების, ფილტვების ანთებისა და ნაწოლების განვითარების რისკს ზრდის. მეხსიერება სრულიად იკარგება. საბოლოო შედეგი კომა და სიკვდილია, ხშირად – ინფექციების გამო.

დაავადების პროგრესირების სიჩქარის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, დიაგნოსტირებიდან 7 წელია. სიარულის უნარის დაკარგვის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა 6 თვეზე მეტს ვეღარ ცოცხლობს. თუმცა, ეს ვადები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა პაციენტში.

დიაგნოზი

თუ მოხუც ადამიანს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს და მისი მეხსიერება თანდათან გაუარესდა, ექიმები ყველაზე ხშირად ალცჰაიმერის დაავადების არსებობას ვარაუდობენ. დიაგნოსტიკა ნაწილობრივ შემდეგ ინფორმაციას ეფუძნება:

  • სიმპტომები, რომელთა შესახებაც გამოჰკითხავენ პაციენტს, მის ოჯახის წევრებს ან სხვა მომვლელებს;

  • გასინჯვის შედეგები;

  • მენტალური სტატუსის ტესტირების შედეგები;

  • დამატებითი კვლევების, მაგ.: სისხლის ანალიზების, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგები.

გამოკვლევებით მიღებული ინფორმაცია ეხმარება ექიმს, გამორიცხოს დემენციის სხვა სახეები და მიზეზები. ალცჰაიმერის დაავადების საბოლოო დიაგნოსტირება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ტვინის ქსოვილის ნიმუშს აიღებენ (სიკვდილის შემდეგ, აუტოფსიის დროს) და მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლიან. ამ დროს მთელ ტვინში, განსაკუთრებით კი საფეთქლის წილში, რომელიც ახალი მეხსიერების ფორმირებაშია ჩართული, აღმოჩნდება ნერვული უჯრედების დამახასიათებელი კვდომა, ნეიროფიბრილური გროვები და ამილოიდის შემცველი მოხუცებულობითი ფოლაქები.

თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევითა და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიით (პეტ) შესაძლოა სიცოცხლეშივე გახდეს შესაძლებელი ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა. თუმცა, ეს მეთოდები ჯერ მხოლოდ სამეცნიერო კვლევებში გამოიყენება.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს ზოგად ხერხებს, რომლებიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებასა და მხარდაჭერას, ისევე, როგორც ყველა სახის დემენციის დროს.

ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები: დონეპეზილი, გალანტამინი და რივასტიგმინი ზრდის ნეირომედიატორ აცეტილქოლინის შემცველობას ტვინში, რომელიც შესაძლოა დაბალი იყოს დაავადების დროს. ეს მედიკამენტები ზოგჯერ დროებით აუმჯობესებს შემეცნებით ფუნქციებს, მათ შორის მეხსიერებას, მაგრამ არ ანელებს დაავადების პროგრესირებას. პაციენტთა ნახევარში ისინი ეფექტიანია, ასე ვთქვათ, დროს 6-9 თვით უკან აბრუნებენ. ყველაზე კარგი შედეგი მათ გამოყენებას დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დროს აქვს. ხშირი გვერდითი ეფექტებია გულისრევა, ღებინება, წონაში კლება და მუცლის ტკივილი ან სპაზმები.

მემანტინი, როგორც ჩანს, ანელებს დაავადების პროგრესირებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ქოლინესთერაზას ინჰიბიტორთან ერთად.

მეცნიერები აგრძელებენ კვლევებს, რათა შეიქმნას მედიკამენტები ალცჰაიმერის დაავადების პრევენციისთვის ან პროგრესირების შესანელებლად – მაგ.: ნივთიერებები, რომლებსაც შეეძლებათ დაგროვილი ამილოიდის რაოდენობის შემცირება. კვლევის პროცესშია ესტროგენული თერაპია ქალებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს – მაგ.: იბუპროფენი და ნაპროქსენი) და გინგკო ბილობა. ჯერჯერობით არც ერთის ეფექტურობა არაა დამტკიცებული. მეტიც, ესტროგენი, როგორც ჩანს, ზიანს უფრო მეტად იწვევს, ვიდრე დადებით ეფექტს.

E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც ნერვულ უჯრედებს იცავს დაზიანებისგან და ეხმარება მათ უკეთ მუშაობაში. ეს ნივთიერება შესაძლოა ეფექტიანი იყოს ძირითადი უნარების შენარჩუნებისთვის, მაგ.: ჩაცმის ან ბანაობის, მაგრამ იგი არ აუმჯობესებს აზროვნებას ან მეხსიერებას. საჭირო რაოდენობით მიღებისას, E ვიტამინი უსაფრთხო და ხელმისაწვდომია, მცირედ აუმჯობესებს ზოგი პაციენტის მდგომარეობას. ნებისმიერი საკვები დანამატის გამოყენებამდე, საჭიროა ექიმის კონსულტაცია ნივთიერების დადებითი და უარყოფითი ეფექტების განსახილველად.

პრევენცია

ზოგი კვლევის შედეგების მიხედვით, რამდენიმე ხერხით სავარაუდოდ შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების თავიდან აცილება:

  • ქოლესტერინის დონის კონტროლი: შესაძლოა ამ ნივთიერების სიჭარბე დაკავშირებული იყოს დაავადების განვითარებასთან. შესაბამისად, მისი რაოდენობის შემცირებას საკვებით ნაჯერი ცხიმებით მიღების შეზღუდვითა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით (მაგ. სტატინებით), შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს.

  • არტერიული წნევის კონტროლი: მაღალმა არტერიულმა წნევამ შესაძლოა დააზიანოს ტვინის მკვებავი სისხლძარღვები და, შესაბამისად, შემცირდეს მისი ჟანგბადით მომარაგება, რაც სავარაუდოდ არღვევს ნერვულ უჯრედთა შორის კავშირებს.

  • ვარჯიში: ეხმარება გულს უკეთ მუშაობაში და გაურკვეველი მიზეზის გამო შესაძლოა გააუმჯობესოს ტვინის ფუნქციონირებაც.

  • გონებრივი აქტივობა: ექიმები ურჩევენ ადამიანებს, მუდმივად გააგრძელონ ისეთი საქმიანობები, რომლებიც ამუშავებს გონებას, მაგ.: ახალი უნარების ათვისება, კროსვორდების შევსება, გაზეთის კითხვა. მათი მეშვეობით შესაძლოა ახალი კავშირები (სინაფსები) წარმოიქმნას ნერვულ უჯრედებს შორის და დემენციაც უფრო გვიან განვითარდეს.

  • ალკოჰოლის მიღება ზომიერად: საშუალო რაოდენობით მიღებისას (არა უმეტეს 3 ულუფისა დღეში) ალკოჰოლი ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ინარჩუნებს სისხლის მიმოქცევას. მან შესაძლოა აზროვნება და მეხსიერებაც კი გააუმჯობესოს აცეტილქოლინის გამოთავისუფლების სტიმულაციითა და სხვა ცვლილებებით ტვინის ნერვულ უჯრედებში. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ, ვინც არ სვამს, უნდა დაიწყონ ალკოჰოლის მიღება, რათა თავიდან აიცილონ ალცჰაიმერის დაავადება.

სისხლძარღვოვანი დემენცია

სისხლძარღვოვანი დემენცია შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებაა, რომელსაც ტვინის ქსოვილის დაზიანება იწვევს მისთვის სისხლის მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის გამო. მიზეზი, როგორც წესი, რამდენიმე დიდი ინსულტია ან ბევრი, მაგრამ – მცირე მოცულობის.

  • ტვინის სისხლძარღვების დამაზიანებელმა დაავადებებმა, ხშირად ინსულტმა, შესაძლოა დემენცია გამოიწვიოს;

  • სიმპტომები საფეხურობრივად ვლინდება და არა თანდათან;

  • ინსულტის რისკის ან მისი სიმპტომების მქონე პაციენტებში დიდი შანსია, რომ დემენცია სისხლძარღვოვანი წარმოშობისა იყოს;

  • ინსულტის რისკ-ფაქტორების გამოსწორებით შესაძლოა მომავალი დაზიანების თავიდან აცილება ან მისი შედარებით გვიან განვითარება მაინც.

რამდენიმე თანმიმდევრობითი ინსულტის შედეგად შესაძლოა სისხლძარღვოვანი დემენცია განვითარდეს. ეს უფრო ხშირია მამაკაცებში და როგორც წესი, 70 წლის შემდეგ ვლინდება. ამ სახის დემენციის რისკ-ფაქტორებია:

  • მაღალი არტერიული წნევა

  • შაქრიანი დიაბეტი

  • ათეროსკლეროზი

  • გულის რიტმის დარღვევის ერთ-ერთი სახე – მოციმციმე არითმია

  • ცხიმების (ლიპიდების), მათ შორის ქოლესტერინის, მომატებული დონე

  • მწეველობა (ამჟამად ან წარსულში)

  • გადატანილი ინსულტი

მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი აზიანებს ტვინის სისხლძარღვებს. მოციმციმე არითმია ზრდის ინსულტის რისკს, რადგან ამ დროს შესაძლოა სისხლის თრომბი ტვინში მოხვდეს გულიდან. დემენციის სხვა სახეებისგან განსხვავებით, სისხლძარღვოვანი დემენციის თავიდან აცილება ზოგჯერ შესაძლებელია ინსულტის რისკ-ფაქტორების გამოსწორებით ან მოცილებით.

ინსულტის დროს ტვინის ქსოვილი ზიანდება, რადგან მისი სისხლით მომარაგება წყდება. იმ უბანში ქსოვილთა კვდომას ინფარქტი ეწოდება. დემენცია შესაძლოა რამდენიმე დიდი მოცულობის ან ბევრი პატარა ინსულტის შედეგად განვითარდეს. ზოგჯერ ინსულტის შემდეგ კუნთთა სისუსტე ძალიან მცირედ ან საერთოდ არ ვლინდება, დამბლა კი – იშვიათად. ეს მსუბუქი ინსულტია და შესაძლოა ვერც კი შეამჩნიონ მისი განვითარება. თუმცა, თუკი ადამიანს განმეორებით ემართება ისინი, შედეგი დემენცია იქნება, მას შემდეგ, რაც ტვინის ქსოვილი საკმარისი ხარისხით დაზიანდება. შესაბამისად, სისხლძარღვოვანი დემენცია შესაძლოა მანამდე განვითარდეს, სანამ ინსულტი მძიმე ან თუნდაც შესამჩნევი სიმპტომებით გამოვლინდება.

დაავადების ამ ტიპის აღსაწერად რამდენიმე ტერმინი გამოიყენება. ზოგი მათგანი ურთიერთგადამფარავია მნიშვნელობით:

  • მულტიინფარქტული დემენცია გამოწვეულია რამდენიმე ინსულტით, როგორც წესი, საშუალო ზომის სისხლძარღვის დაზიანების შედეგად;

  • ლაკუნური დაავადება: ზოგჯერ ეს ტერმინი მულტიინფარქტული დემენციის მნიშვნელობით გამოიყენება, რომელიც მრავლობითი ლაკუნური ინფარქტის შედეგად ვითარდება (ლაკუნური – ანუ მცირე სისხლძარღვების დახშობით გამოწვეული);

  • ბინსვანგერის დემენცია: რამდენიმე მცირე სისხლძარღვი იხშობა (რაც ლაკუნურ ინფარქტს იწვევს) იმ პაციენტებში, რომელთაც მძიმე, ცუდად კონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია აქვთ და ასევე, სისხლძარღოვანი დაავადება, რომელიც მთელ ორგანიზმში აზიანებს სისხლძარღვებს.

სისხლძარღვოვანი დემენცია ხშირად ვითარდება ალცჰაიმერის დაავადებასთან ერთად (შერეული დემენცია).

სიმპტომები

ალცჰაიმერის დაავადებით გამოწვეული დემენციისგან განსხვავებით, სისხლძარღვოვანი დემენცია საფეხურობრივად პროგრესირებს. სიმპტომები შესაძლოა უეცრად დამძიმდეს, შემდეგ დასტაბილურდეს ან მეტ-ნაკლებად შემცირდეს. გაუარესება კიდევ იწყება თვეების ან წლების შემდეგ, როცა მორიგი ინსულტი ვითარდება. დემენცია, რომელსაც მრავალი მცირე ინსულტი იწვევს, უფრო თანდათან პროგრესირებს, ვიდრე რამდენიმე დიდი დაზიანებით გამოწვეული. მცირე ინსულტები შესაძლოა იმდენად შეუმჩნეველი იყოს, რომ შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს დემენცია ნელ-ნელა ვითარდება და არა ნაბიჯ-ნაბიჯ.

სიმპტომები სხვა დემენციის დროს გამოვლენილის მსგავსია – მეხსიერების გაუარესება, საქმიანობის დაგეგმვის ან წამოწყების გაძნელება, შენელებული აზროვნება და მიდრეკილება ხეტიალისკენ. თუმცაღა, ალცჰაიმერის დაავადებისგან განსხვავებით, სისხლძარღვოვანი დემენციის დროს მეხსიერება უფრო გვიან იკარგება და განსჯის უნარი პიროვნებას ნაკლებად ეცვლება. პაციენტებს ყველაზე მეტად მოქმედების დაგეგმვა და წამოწყება უჭირთ, შესაძლოა შესამჩნევი იყოს შენელებული აზროვნებაც.

სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ტვინის რომელი ნაწილია დაზიანებული. შემეცნებითი ფუნქციებიდან ზოგი, როგორც წესი, ინახება, რადგან ქსოვილი ტვინის მხოლოდ ნაწილში კვდება. შესაბამისად, ადამიანები ზოგჯერ უფრო აცნობიერებენ დაქვეითებულ უნარებს და მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ, ვიდრე სხვა სახის დემენციის დროს.

მორიგი ინსულტების განვითარებასა და დაავადების პროგრესირებასთან ერთად, შესაძლოა ინსულტის სხვა სიმპტომებიც გამოვლინდეს. ზოგჯერ ვითარდება ხელის ან ფეხის სისუსტე, დამბლა, ზოგჯერ კი მეტყველება ირღვევა, ხდება გაურკვეველი. მხედველობა შესაძლოა დაიბინდოს, სრულად ან ნაწილობრივ დაიკარგოს. ხანდახან კოორდინაციაც იშლება, რის გამოც პაციენტები ბარბაცით დადიან. მათ ზოგჯერ შეუსაბამო სიტუაციაში შეიძლება დაიწყონ ტირილი ან სიცილი, შარდის ბუშტის კონტროლი ძნელდება, რაც შარდის შეუკავებლობას იწვევს.

სიმპტომების გამოვლენიდან საშუალოდ 5 წელში სიკვდილი დგება, როგორც წესი, ინსულტის ან გულის შეტევის გამო.

დიაგნოზი

იმ ადამიანებში, რომელთაც ინსულტის რისკფაქტორები ან მისი სიმპტომები აქვთ, დემენციის დიაგნოზის დასმისას ექიმები ამ დაავადების სისხლძარღვოვან წარმოშობაზე ეჭვობენ. გადატანილი ინსულტის დასადგენად კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება გაკეთდეს. ამ კვლევების შედეგები მიანიშნებს სისხლძარღვოვან დემენციაზე, მაგრამ არ ადასტურებს მას.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს ზოგად ხერხებს, რომლებიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებასა და მხარდაჭერას, ისევე, როგორც ყველა სახის დემენციის დროს.

შაქრიანი დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევისა და ქოლესტერინის მაღალი დონის მკურნალობით შესაძლოა თავიდან ავიცილოთ სისხლძარღვოვანი დემენცია, შევანელოთ ან შევაჩეროთ მისი პროგრესირება. რეკომენდებულია მოწევის შეწყვეტაც.

ამ დაავადების სამკურნალოდ რაიმე სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს. ზოგჯერ ინიშნება ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები და მემანტინი, ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოყენებული მედიკამენტები, რადგან სისხლძარღვოვანი დემენციის მქონე ადამიანთა ნაწილს ეს დაავადებაც აქვს. გადატანილი ინსულტის შემთხვევაში, რეკომენდებულია ასპირინის მიღება, რაც ამცირებს მომავალში იმავე პათოლოგიის განვითარების რისკს. ამავე მიზნით მოციმციმე არითმიის დროს ვარფარინი, შედედების საწინააღმდეგო საშუალება ინიშნება.

ლევის სხეულების დემენცია

ლევის სხეულების დემენცია შემეცნებითი ფუნქციების პროგრესირებადი დაქვეითებაა, რომლის დროსაც ნერვულ უჯრედებში ლევის სხეულები გროვდება.

  • ლევის სხეულები მთელ ტვინში წარმოიქმნება;

  • სიფხიზლე და მოთენთილობა ტალღისებურად იცვლება, პაციენტებს უჭირთ ხატვა, აქვთ ჰალუცინაციები და მოძრაობის გაძნელება, ისევე როგორც პარკინსონის დაავადების დროს;

  • დიაგნოზი სიმპტომებს ეფუძნება;

  • მკურნალობის მიზანია საქმიანობის უნარის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება, ზოგჯერ ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტებია ეფექტიანი.

ლევის სხეულების დემენცია ამ დარღვევის ხშირი სახეა, მაგრამ ექსპერტები ვერ თანხმდებიან მის გავრცელებასა და მნიშვნელობაზე. იგი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და, როგორც წესი, 60 წლის ასაკის მერე ვითარდება.

მიკროსკოპული ცვლილებები ტვინში ამ შემთხვევაში განსხვავდება ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებლისგან. ლევის სხეულების დემენციის დროს, ცილების პათოლოგიური, მრგვალი გროვები (ე.წ. ლევის სხეულები) ჩნდება ნერვულ უჯრედებში, რაც მათ სიკვდილს იწვევს. ლევის სხეულები პარკინსონის დაავადების დროსაც გვხვდება, მაგრამ ტვინის მხოლოდ ერთ ნაწილში (ტვინის ღეროში, ღრმად). ლევის სხეულების დემენციის დროს კი ეს წარმონაქმნები ტვინის ყველაზე გარეთა შრეში, მის ქერქში გროვდება. ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს ორი დაავადება ერთი და იმავე პრობლემის სხვადასხვანაირი გამოვლინებაა. ალცჰაიმერის დაავადების დროსაც შეიძლება განვითარდეს ლევის სხეულები, მაგრამ ნეიროფიბრილური გორგლები და მოხუცებულობითი ფოლაქები, როგორც ჩანს, დაზიანების მთავარი მიზეზია.

სიმპტომები

ლევის სხეულების დემენციის სიმპტომები ძალიან ჰგავს ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოვლენილს, მათ შორისაა: მეხსიერების დარღვევა, ორიენტაციის მოშლა, დამახსოვრების, აზროვნების, გაგებისა და კომუნიკაციის, ქცევის კონტროლის გაძნელება. ლევის სხეულების დემენციის გარჩევა სხვა დაავადებებისგან შემდეგი თავისებურებებით შეიძლება:

  • ადრეულ ეტაპზე გონებრივი ფუნქციები ტალღისებურად, ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვნად ცვალებადობს დღეების და კვირების მანძილზე, მაგრამ ზოგჯერ – წუთებშიც კი. ერთ დღეს ადამიანი შესაძლოა ფხიზლად იყოს, შეეძლოს კონცენტრაცია და ჩვეულებრივად საუბარი, მეორე დღეს კი – მოთენთილი, უყურადღებო და ხმას არ იღებდეს. ზოგჯერ პაციენტებს დიდი ხანი სივრცეში უშტერდებათ მზერა;

  • თავიდან ყურადღება და სიფხიზლე უფრო ირღვევა, ვიდრე მეხსიერება, მათ შორის უახლოესი წარსულის მოგონებებიც;

  • გადახატვისა და ხატვის უნარი შესაძლოა დაქვეითდეს უფრო მეტად, ვიდრე სხვა უნარები;

  • ფსიქოზური სიმპტომები, როგორიცაა ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები და პარანოია, უფრო ხშირია ლევის სხეულების დემენციის დროს, თანაც ჰალუცინაციები უფრო ადრე ვლინდება.

ლევის სხეულების დემენციის დროს, ჰალუცინაციები, როგორც წესი, მხედველობითია, საკმაოდ რთული და დეტალური, შეიძლება მოიცავდეს ნაცნობ ცხოველებს ან ადამიანებს. ჰალუცინაციები ხშირად მუქარის შინაარსისაა. დაავადების მქონე პაციენტთა ნახევარს რთული, უცნაური ბოდვითი იდეები აქვს. ამ სიმპტომების შემსუბუქების ნაცვლად ანტიფსიქოზური საშუალებები ხშირად აუარესებენ მათ და სხვებსაც, ან აქვთ მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტებიც კი.

ისევე, როგორც პარკინსონის დაავადების დროს, ლევის სხეულების დემენციის მქონეებსაც დაჭიმული აქვთ კუნთები, ნელა, მოუქნელად მოძრაობენ, პატარა ნაბიჯებით და წინ გადახრილები. წონასწორობა ადვილად ირღვევა, რაც ზრდის დაცემის რისკს. ვითარდება კანკალიც, მაგრამ შედარებით გვიან და უფრო ნაკლებ პრობლემებს იწვევს, ვიდრე პარკინსონის დაავადების დროს. აზროვნების გაძნელება კუნთებისა და მოძრაობის დარღვევიდან დაახლოებით ერთ წელში ვლინდება.

ხშირია ძილის პრობლემები. დაავადების მქონე ადამიანთა დიდ ნაწილს სწრაფი ძილის ფაზის ქცევითი დარღვევები აქვს. ამ დროს ისინი ხშირად რეალურად მოძრაობენ სიზმრის შესაბამისად, ზოგჯერ აზიანებენ გვერდზე მძინარე ადამიანს.

ზოგჯერ ავტონომიური ნერვული სისტემის მუშაობაც ირღვევა, რის გამოც ორგანიზმი ვეღარ ახერხებს შინაგანი პროცესების, მაგალითად, არტერიული წნევის ან ტემპერატურის, რეგულაციას. შედეგად, ზოგჯერ პაციენტები გონებას კარგავენ, ოფლიანობა მომატებულია ან შემცირებული, უშრებათ პირი, აქვთ შარდვის პრობლემები და შეკრულობა.

სიმპტომების გამოვლინებიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 6-12 წელია.

დიაგნოზი

დიაგნოსტიკა სიმპტომების მიხედვით ხდება. ლევის სხეულების დემენციის არსებობა სავარაუდოა, როცა შემეცნებითი ფუნქციები ცვალებადობს, პაციენტს აქვს მხედველობითი ჰალუცინაციები და პარკინსონის დაავადების სიმპტომები. საჭიროა გამოირიცხოს დელირიუმი, რომლის დროსაც ასევე ვლინდება გონებრივი ფუნქციების ცვალებადობა და რომელსაც დროული მკურნალობა ესაჭიროება. ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რათა დემენციის სხვა მიზეზები გამოირიცხოს.

ლევის სხეულების დემენციისა და პარკინსონის დაავადებით გამოწვეული დემენციის ერთმანეთისგან გარჩევა ზოგჯერ ძნელია, რადგან სიმპტომები მსგავსია. ზოგადად, ლევის სხეულების დემენციის არსებობა უფრო სავარაუდოა, თუ კუნთებისა და მოძრაობის პრობლემები შემეცნებითი ფუნქციების დარღვევასთან ერთად ან მალევე ვითარდება. პარკინსონის დაავადებით გამოწვეული დემენციის დროს კი პირიქით, შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება მოსდევს კუნთებისა და მოძრაობის პრობლემებს.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს ზოგად ხერხებს, რომლებიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებასა და მხარდაჭერას, ისევე, როგორც ყველა სახის დემენციის დროს. რაიმე სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ეფექტიანია ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოყენებული მედიკამენტები, განსაკუთრებით რივასტიგმინი. პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო საშუალებები ამსუბუქებს მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, მაგრამ შეიძლება გააუარესოს ცნობიერების აბნევა, ჰალუცინაციები და ბოდვითი იდეები. თუკი შესაძლებელია, არ გამოიყენება ანტიფსიქოზური მედიკამენტები.

შუბლ-საფეთქლის დემენცია

შუბლ-საფეთქლის დემენცია სინამდვილეში დემენციათა ჯგუფია, რომლებსაც იწვევს ტვინში შუბლის და ხანდახან საფეთქლის წილის დეგენერაცია მემკვიდრული ან სპონტანური (უცნობი მიზეზის შედეგად განვითარებული) დაავადებების გამო.

  • პიროვნება, ქცევა, მეტყველება – უფრო მეტად, ხოლო მეხსიერება ნაკლებად ზიანდება, ვიდრე ალცჰაიმერის დაავადების დროს;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, ნევროლოგიური გასინჯვის შედეგებსა და ასევე გამოიყენება გამოსახულებითი კვლევები, რათა შეფასდეს ტვინის დაზიანება;

  • მკურნალობა სიმპტომების შემსუბუქებისკენაა მიმართული.

დემენციის 10 შემთხვევიდან 1 შუბლ-საფეთქლის დემენციაა. იგი, როგორც წესი, 65 წელზე ადრე ვითარდება, თითქმის თანაბრად ქალებსა და მამაკაცებში. ეს დემენცია ოჯახურად გადაეცემა. ტვინის უჯრედებში გროვდება ცილა ტაუს ჭარბი რაოდენობა ან მისი ნორმაზე მეტი სახესხვაობა.

ამ დაავადებების დროს შუბლისა და საფეთქლის წილები განილევა (ატროფირდება) და ნერვული უჯრედები იკარგება. ტვინის ეს უბნები პიროვნებისა და ქცევის რეგულაციაშია ჩართული. ამ დემენციების რამდენიმე სახე არსებობს, მათ შორისაა პიკის დაავადება.

პიკის დაავადების დროს ნერვულ უჯრედებში პიკის სხეულები გროვდება, ისინი ცილა ტაუს პათოლოგიურ რაოდენობას შეიცავს. ეს დარღვევა ჰგავს ალცჰაიმერის დაავადებას, მაგრამ იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ შუბლისა და საფეთქლის წილებს აზიანებს, თანაც უფრო სწრაფად პროგრესირებს. სიმპტომებიდან აღსანიშნავია შეუფერებელი ქცევა, აპათია, მეხსიერების დარღვევა, გულარხეინობა და პირადი ჰიგიენის დაუცველობა. სიკვდილი, როგორც წესი, 2-10 წელში დგება.

სიმპტომები

შუბლ-საფეთქლის დემენცია პროგრესული დაავადებაა, მაგრამ საბოლოოდ ზოგადი დემენციის განვითარების სიჩქარე სხვადასხვაა.

ზოგადად, ამ დროს პიროვნება, ქცევა, მეტყველება – უფრო მეტად, ხოლო მეხსიერება ნაკლებად ზიანდება, ვიდრე ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში. შუბლ-საფეთქლის დემენციის მქონე პაციენტებს ასევე უჭირთ ზოგადი აზროვნება, კონცენტრაცია და გახსენება, რა უთხრეს. მათ ადვილად ეფანტებათ ყურადღება, თუმცა, როგორც წესი, ინარჩუნებენ დროის, თარიღისა და სივრცის შეგრძნებას, ყოველდღიური საქმიანობის უნარს.

ზოგ შემთხვევაში კუნთთა მუშაობაც ირღვევა. ისინი სუსტდება და განილევა (ატროფირდება). ზიანდება თავისა და კისრის კუნთებიც, რის გამოც ყლაპვა, ღეჭვა და ლაპარაკი ძნელდება.

სიმპტომების სხვადასხვა ჯგუფი ვითარდება იმის მიხედვით, თუ შუბლის წილის რომელი უბანია დაზიანებული. პაციენტს შესაძლოა ერთზე მეტი სიმპტომი გამოუვლინდეს, განსაკუთრებით კი დემენციის პროგრესირებასთან ერთად.

პიროვნებისა და ქცევის ცვლილებები: ზოგი ადამიანი სრულიად კარგავს თავშეკავების უნარს, რაც უფრო და უფრო შეუფერებელი ქცევით ვლინდება. ისინი შეიძლება ლაპარაკობდნენ უხეშად, სქესობრივი ლტოლვა პათოლოგიურად იზრდება.

ქცევა იმპულსური და უკონტროლო ხდება, შესაძლოა რამდენჯერმე გაიმეორონ ერთი და იგივე, ერთსა და იმავე ადგილას იარონ ყოველდღე. ზოგჯერ უკონტროლოდ იღებენ რაიმე შემთხვევით საგანს და პირში იდებენ. ზოგჯერ დაავადებულები წოვენ ან აწკლაპუნებენ ტუჩებს, შესაძლოა ზედმეტად ბევრს ან მხოლოდ ერთი სახეობის საჭმელს ჭამდნენ.

პაციენტები არ იცავენ პირად ჰიგიენას.

მეტყველების დარღვევები: ადამიანთა უმრავლესობას უძნელდება საჭირო სიტყვის პოვნა, ნელ-ნელა უფრო უჭირთ მეტყველება და სხვისი ლაპარაკის გაგება (აფაზია). ზოგისთვის კი სიტყვების გამოთქმაა ძნელი (დიზართრია). ყურადღების კონცენტრირება ძალიან რთულია მათთვის. ზოგ პაციენტში მეტყველების დარღვევა ერთადერთი სიმპტომია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნის მანძილზე ვლინდება. სხვა შემთხვევაში, დანარჩენი სიმპტომებიც რამდენიმე წელში ჩნდება.

ზოგ ადამიანს არ შეუძლია სხვისი ლაპარაკის გაგება, თავად კი სწრაფად საუბრობს, თუმცა უაზროდ. ხანდახან პაციენტებს უჭირთ საგნების დასახელება (ანომია) ან სახეების ცნობა (პროზოპაგნოზია).

დაავადებულები თანდათან უფრო ნაკლებს საუბრობენ ან იმეორებენ სხვის ნათქვამს. დროთა განმავლობაში საერთოდ წყვეტენ ლაპარაკს.

დიაგნოზი

დიაგნოზი სიმპტომებს ეფუძნება, მათ შორის, მათი გამოვლინების თავისებურებებსაც. ხშირად ოჯახის წევრებს უწევთ ექიმისთვის ინფორმაციის მიწოდება, რადგან პაციენტი ვერ აცნობიერებს დარღვევებს. როგორც წესი, ტარდება ნევროლოგიური გასინჯვა და მენტალური სტატუსის ტესტირება.

იმის დასადგენად, ტვინის რომელი ნაწილები და რამდენადაა დაზიანებული, სხვა დაავადებების (მაგ.: ტვინის სიმსივნის, აბსცესის ან ინსულტის) გამოსარიცხად, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინიშნება. თუმცა, ზოგჯერ ამ კვლევებით ვერ აღმოჩნდება შუბლ-საფეთქლის დემენციისთვის დამახასიათებელი თავისებურებები დაავადების გვიან ეტაპამდე. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია შუბლ-საფეთქლის დემენციის გარჩევა ალცჰაიმერის დაავადებისგან, მაგრამ ეს, როგორც წესი, მხოლოდ სამეცნიერო კვლევებში გამოიყენება.

მკურნალობა

რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ზოგადად, იგი მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისა და პაციენტის მხარდაჭერისკენ. მაგალითად, თუ უკონტროლო ქცევაა პრობლემა, ანტიფსიქოზური საშუალებები შეიძლება დაინიშნოს. ლაპარაკის გაძნელების დროს პაციენტებს ხშირად ეხმარება მეტყველების თერაპია.

ჰიდროცეფალია ნორმალური წნევით

ამ დაავადების დროს პაციენტს უჭირს სიარული, ვითარდება შარდის შეუკავებლობა და დემენცია ტვინის გარშემო არსებული სითხის რაოდენობის სიჭარბის გამო.

ნორმაში თავ-ზურგტვინის სითხე, რომელიც ტვინს ფარავს და იცავს მას დაზიანებისგან, მუდმივად წარმოიქმნება ამ ორგანოში არსებულ სივრცეებში (პარკუჭებში), მოძრაობს ტვინში, მის გარშემო და უკან შეიწოვება. ფიქრობენ, რომ ჰიდროცეფალია ნორმალური წნევით მაშინ ვითარდება, როცა სითხის შეწოვა ირღვევა და იგი გროვდება. პარკუჭებში მისი რაოდენობა იზრდება, რაც ტვინს შიგნიდან გარეთ აწვება.

სიმპტომები

მთავარი სიმპტომი, როგორც წესი, ზედმეტად ნელი, არამყარი სიარულია ფეხების შორიშორს დადგმით. ზოგ პაციენტში ტერფები თითქოს იატაკზეა მიწებებული (ე.წ. მაგნიტური სიარული). ასევე, აღინიშნება შარდის შეუკავებლობა და ხშირი დაცემა.

დემენცია შესაძლოა დაავადების გვიან სტადიამდე არ განვითარდეს. ხშირად თავდაპირველად პაციენტს უჭირს დაგეგმვა, ორგანიზაცია, იდეებისა და მოქმედებების სწორი თანმიმდევრობით დალაგება რაიმე საქმიანობის დროს, აბსტრაქტული აზროვნება და ყურადღების კონცენტრაცია. მეხსიერება შედარებით გვიან ქვეითდება.

დიაგნოზი

დიაგნოზი მხოლოდ სიმპტომების მიხედვით ვერ დაისმება, განსაკუთრებით კი მოხუცებში. მსგავსი გამოვლინებები სხვა სახის დემენციასაც შეიძლება ჰქონდეს. ტვინის გამოსახულებითი კვლევებით (ხშირად მრტ) შესაძლოა ჭარბი თავ-ზურგტვინის სითხის არსებობა დადგინდეს, რაც მიანიშნებს ამ დიაგნოზზე, მაგრამ არ ადასტურებს მას.

საჭირო ხდება ლუმბალური პუნქციის ჩატარება და ჭარბი თავ-ზურგტვინის სითხის ამოღება. თუ პროცედურის შედეგად სიმპტომები შემსუბუქდა, სავარაუდოა, რომ პაციენტს ჰიდროცეფალია აქვს ნორმალური წნევით და მკურნალობა ეფექტიანი იქნება.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს ტვინში, პარკუჭებში პატარა მილის (შუნტის) ჩაყენებას, რომელიც შემდეგ კანქვეშ თავსდება და მუცელში ბოლოვდება (ვენტრიკულოპერიტონეური შუნტირება). ჭარბი თავ-ზურგტვინის სითხე ამ მილით ტვინიდან მუცელში გადადის. პროცედურის ეფექტები შესაძლოა რამდენიმე საათი არ გამოვლინდეს, თუმცა საბოლოოდ საკმაოდ უმჯობესდება სიარულისა და სხვა უნარები, მცირდება შარდის შეუკავებლობა. შემეცნებითი ფუნქციები შედარებით ნაკლებად და უფრო იშვიათად აღდგება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა, რათა მანამდე დაიწყოს მკურნალობა, ვიდრე დემენცია ჩამოყალიბდება.

სხვა დემენციები

დემენცია მრავალი დაავადების დროს ვითარდება.

პარკინსონის დაავადების მქონეპაციენტთა 40%-ს დემენცია უვითარდება, როგორც წესი, მისი დიაგნოსტირებიდან 10-15 წელიწადში, 70 წლის ასაკის შემდეგ. დემენცია შესაძლოა იმდენად მძიმე იყოს, რომ თვითონ პარკინსონის დაავადებაზე უფრო მეტად შეზღუდოს შესაძლებლობები. იგი უფრო ხშირად იწვევს სიკვდილს, ვიდრე ამ დაავადების სხვა რომელიმე გამოვლინება. თუკი პაციენტს ჰალუცინაციები, კუნთებისა და მოძრაობის პრობლემები უფრო მეტად აქვს გამოხატული, დიდი რისკია, რომ დემენციაც განუვითარდეს.

სიმპტომები ძალიან ჰგავს ალცჰაიმერისა და ლევის სხეულების დემენციის დროს გამოვლენილ სიმპტომებს. მაგალითად, ირღვევა მეხსიერება და ადამიანებს უჭირთ ინფორმაციის გადამუშავება. აზროვნება ნელდება, შესაძლოა პიროვნება აპათიური გახდეს, დაკარგოს მოტივაცია. ზოგჯერ ასევე ვლინდება უხასიათობა, დაბნეულობა, ორიენტაციის მოშლა და კონცენტრაციის დაქვეითება. პარკინსონის დაავადებით გამოწვეული დემენციის დიაგნოსტიკა ხდება მაშინ, როცა მოძრაობის დარღვევების შემდეგ რამდენიმე წელში ვითარდება შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება. თუმცა, ძნელია მისი გარჩევა ლევის სხეულების დემენციისგან, რადგან სიმპტომები მსგავსია. ზოგადად, ლევის სხეულების დემენცია უფრო სავარაუდოა, თუ მოძრაობისა და კუნთების პრობლემები შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებასთან ერთად ან მალევე ვლინდება. პარკინსონის დაავადებით გამოწვეული დემენცია კი უფრო სავარაუდოა, თუკი მოძრაობისა და კუნთების პრობლემებს პირიქით, მოსდევს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სხვა მიზეზების გამოსარიცხად ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინიშნება.

მკურნალობა მოიცავს ზოგად ხერხებს, რომლებიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებასა და მხარდაჭერას, ისევე, როგორც ყველა სახის დემენციის დროს. ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი რივასტიგმინი შესაძლოა ეფექტიანი იყოს პარკინსონის დაავადებით გამოწვეული დემენციის დროს.

კროიტცფელდტ-იაკობის დაავადება: ეს იშვიათი, პრიონული დაავადებაა, რომელიც სწრაფად პროგრესირებად დემენციას იწვევს. კროიტცფელდტ-იაკობის დაავადება ხშირად ერთ წელიწადში სრულდება მძიმე დემენციითა და სიკვდილით. ყველაზე ხშირი ადრეული სიმპტომები – მეხსიერების დაქვეითება და დაბნეულობა – მიაგავს სხვა სახის დემენციების დროს არსებულს.

ვარიანტული კროიტცფელდტ-იაკობის დაავადება, რომელიც, როგორც ფიქრობენ, პრიონების შემცველი ძროხის ხორცის ჭამით ემართება ადამიანს, კროიტცფელდტ-იაკობის დაავადების მსგავს დემენციას იწვევს. განსხვავება იმაშია, რომ პირველი სიმპტომები ამ დროს ფსიქიატრიულია (შფოთვა ან დეპრესია) და არა მეხსიერების დაქვეითება.

მკურნალობა არ არსებობს.

აივ-ასოცირებული დემენცია: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირების მოგვიანებით სტადიაში, შესაძლოა ინფექცია პირდაპირ ტვინში გავრცელდეს. ვირუსი აზიანებს ნერვულ უჯრედებს და დემენციას იწვევს. მიზეზი შესაძლოა სხვა ინფექციებიც იყოს, რომელთა განვითარების რისკიც უფრო მეტია აივ-ინფიცირებულებში. განსხვავებით დემენციის თითქმის ყველა სხვა ფორმისგან, ეს უფრო ხშირია ახალგაზრდებში. შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება შეუმჩნევლად იწყება, მაგრამ თანდათან პროგრესირებს თვეების ან წლების მანძილზე. ეს, როგორც წესი, აივ-ინფექციის სხვა სიმპტომების შემდეგ ვლინდება. დემენციის დროს ნელდება აზროვნება და გამოხატვა, ვითარდება კონცენტრაციის გაძნელება და აპათია, მაგრამ შეცნობის უნარი არ არის დარღვეული. მოძრაობები ნელია, კუნთები სუსტდება და შესაძლოა კოორდინაციაც მოიშალოს.

აივ-ინფექციის დიაგნოსტირებისას ან ინფიცირებულებში შემეცნებითი უნარების ცვლილებების დროს კტ ან მრტ კეთდება, რათა ტვინის ინფექციის არსებობა დადასტურდეს. თუკი რამე არ მიანიშნებს ქალასშიდა წნევის მომატებაზე, ექიმი, როგორც წესი, ლუმბალურ პუნქციას ატარებს და თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშს იღებს ანალიზისთვის, ინფექციის დასადასტურებლად. შედეგები შესაძლოა მიანიშნებდეს დიაგნოზის სისწორეზე, მაგრამ არ ამტკიცებდეს მას.

ზიდოვუდინითა და აივ-ინფექციის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ხშირად მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას იწვევს. თუმცა, იმის გამო, რომ თავად ინფექცია არ იკურნება, დემენცია შესაძლოა ხელახლა განვითარდეს.

მოკრივეების დემენცია: ამ დაავადებას სხვანაირად ქრონიკულ პროგრესულ ტრავმატულ ენცეფალოპათიას უწოდებენ და შესაძლოა განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იღებენ თავის ტრავმას – მაგ.: მოკრივეებში. სიმპტომები ხშირად ჰგავს პარკინსონის დაავადებისას და ზოგ მათგანს ჰიდროცეფალიაც უვითარდება ნორმალური წნევით.