გარდამავალი იშემიური შეტევა (გიშ ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა – ტიშ) ტვინის ფუნქციის მოშლაა, რომელიც 1 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება და ამ ორგანოს სისხლმომარაგების დროებით შეწყვეტით არის გამოწვეული.
გარდამავალი იშემიური შეტევა შესაძლოა გაფრთხილება იყოს მოსალოდნელ ინსულტზე. გიშ-ის შემდეგ პაციენტი ინსულტის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ არის. იგი შეტევიდან 1 წელში ვითარდება შემთხვევათა თითქმის ნახევარში, ხშირად კი – სულ რამდენიმე დღეში მოჰყვება თან. გიშ-ის დიაგნოსტირებითა და მიზეზის დადგენით შესაძლოა ინსულტის თავიდან აცილებაც მოხერხდეს.
გარდამავალი იშემიური შეტევები ყველაზე ხშირია საშუალო ასაკისა და მოხუც პაციენტებში.
შეტევა განსხვავდება იშემიური ინსულტისგან, რადგან მისი ჩამთავრების შემდეგ სიმპტომები სრულად და სწრაფად გაივლის. ადრე ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი შეტევის დროს ტვინის სამუდამო დაზიანების არარსებობა იყო, ანუ უჯრედები არ იღუპებოდა. თუმცა, ახლა ბევრი მეცნიერი თვლის, რომ გიშ-იც იშემიური ინსულტია, მაგრამ ძალიან მცირე ზომის, ანუ ამ დროს ტვინის უჯრედების რაღაც რაოდენობა მაინც იღუპება, თუმცა, განსხვავებით იშემიური ინსულტისგან, ეს რიცხვი ძალიან მცირეა.
გარდამავალი იშემიური შეტევისა და იშემიური ინსულტის მიზეზები, ძირითადად ერთი და იგივეა. შეტევათა უმრავლესობა მაშინ ვითარდება, როცა სისხლის თრომბის პატარა ნაწილი ან ათეროსკლეროზის შედეგად ჩამოყალიბებული ცხიმოვანი ნივთიერება (ათერომა ან ფოლაქი) მოწყდება გულიდან ან არტერიის კედლიდან, სისხლით გადაიტანება (ანუ ემბოლიად იქცევა) და დაახშობს ტვინის მკვებავ სისხლძარღვს. ზოგჯერ შეტევას სისხლში ჟანგბადის სიმცირე, წითელი უჯრედების მკვეთრი დეფიციტი (ანემია), ნახშირბადის მონოქსიდით (მხუთავი აირით) მოწამვლა, სისხლის გასქელება (მაგ.: პოლიციტემიის დროს) ან ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტვინის არტერიები ისედაც შევიწროებულია (მაგ.: ათეროსკლეროზის გამო).
გიშ-ის სიმპტომები უეცრად ვითარდება, იგივეა, რაც იშემიური ინსულტის დროს გამოვლენილი, მაგრამ დროებითი და შექცევადია. ისინი, უხშირესად, 5 წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება, არასოდეს არის 1 საათზე ხანგრძლივი. შეტევები ვითარდება ათეროსკლეროზის მქონე პაციენტთა 5%-ში, ადამიანს შეიძლება დღეში რამდენიმე შეტევა ჰქონდეს, ზოგჯერ კი რამდენიმე წელიწადში 2-3 შეტევა ვითარდება.
ინსულტის მსგავსი სიმპტომების უეცრად გამოვლენისას (ან ინსულტის 1 სიმპტომის არსებობის შემთხვევაშიც კი), ადამიანმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს, თუნდაც ყველაფერმა მალე გაუაროს. ასეთი სიმპტომები გარდამავალი იშემიური შეტევის ნიშანია. თუმცა, სხვა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს ისინი, მაგ.: გულყრამ, ტვინის სიმსივნემ, შაკიკმა ან სისხლში შაქრის დაბალმა დონემ (ჰიპოგლიკემიამ), ამიტომ დამატებითი გამოკვლევებია საჭირო.
თუ ექიმს ეჭვი აქვს გიშ-ზე, იგი პაციენტს სასწრაფოდ გასინჯავს, როგორც წესი, საავადმყოფოში, რადგან შესაძლოა შეტევას მალე ინსულტი მოჰყვეს თან. რისკ-ფაქტორების არსებობის დასადგენად ექიმი გამოჰკითხავს პაციენტს, შეისწავლის მის სამედიცინო ისტორიას და დანიშნავს სისხლის ანალიზებს.
გამოსახულებითი კვლევები, მაგ.: კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კეთდება ინსულტის, სისხლდენის ან ტვინის სიმსივნის გამოსარიცხად. სპეციალური სახის, დიფუზიური მრტ-ის მეშვეობით შესაძლოა ტვინის იმ უბნების აღმოჩენა, რომელთა ფუნქციაც მოშლილია, რაც ეხმარება ექიმს გიშ-ის ან იშემიური ინსულტის დიაგნოსტიკაში. თუმცა, ეს სპეციფიკური კვლევა ხშირად ხელმისაწვდომი არ არის.
სხვა გამოსახულებითი კვლევებით შეიძლება დადგინდეს, ხომ არ არის დახშული ტვინის არტერია, კერძოდ რომელი და რა ხარისხით. მათი მეშვეობით მიიღება იმ სისხლძარღვების გამოსახულებები, რომლებშიც სისხლი მოძრაობს კისრიდან ტვინისკენ (შიგნითა საძილე და ხერხემლის არტერიები) ან თავად ტვინში (თავის ტვინის არტერიები). შესაძლოა დაინიშნოს ფერადი დოპლერული ულტრასონოგრაფია (გამოიყენება მხოლოდ შიგნითა საძილე არტერიების გამოსაკვლევად), მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია ან კტ-ანგიოგრაფია. ზოგჯერ, როცა ინსულტი მძიმეა, თავის ტვინის ანგიოგრაფია კეთდება კათეტერის მეშვეობით შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერებით.
გარდამავალი იშემიური შეტევის მკურნალობის მიზანი ინსულტის თავიდან აცილებაა. მეთოდები იგივეა, რაც იშემიური ინსულტის შემდეგ გამოიყენება.
ინსულტის პრევენციის პირველი ნაბიჯი მისი მთავარი რისკფაქტორების გამოსწორებაა, თუ ეს შესაძლებელია: მაღალი არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის, მწეველობისა და შაქრიანი დიაბეტის. ანტიაგრეგანტის, მაგ.: ასპირინის ან დაბალი დოზის ასპირინისა და დიპირიდამოლის კომბინაციის შემცველი აბის მიღება ამცირებს თრომბის წარმოქმნისა და შედეგად გიშ-ის ან ინსულტის განვითარების რისკს. (თრომბოციტები სისხლის პატარა, უჯრედისმაგვარი ფირფიტებია, რომლებიც თრომბს ქმნის სისხლძარღვის დაზიანების საპასუხოდ).
საძილე არტერიების შევიწროების ხარისხის განსაზღვრა ეხმარება ექიმს, დაადგინოს ინსულტის ან შემდგომი გიშ-ების რისკი, დაგეგმოს შესაბამისი მკურნალობა. თუ პაციენტი მაღალი რისკის ქვეშაა (მაგ.: როცა საძილე არტერია სულ მცირე 70%-ითაა შევიწროებული), ზოგჯერ ოპერაცია ინიშნება სისხლძარღვის გასაფართოებლად (კაროტიდული ენდარტერექტომია) და რისკის შესამცირებლად. ეს ჩარევა მოიცავს ათერომისა და თრომბის მოცილებას შიგნითა საძილე არტერიიდან. თუმცა, თავად ოპერაციამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი თრომბის ან სხვა დაგროვილი ნივთიერების მოწყვეტის შედეგად, რომელიც სისხლის ნაკადს გაჰყვება და არტერიას დაახშობს. ამის მიუხედავად, ჩარევის შემდეგ ინსულტის რისკი უფრო დაბალია რამდენიმე წლის მანძილზე, ვიდრე მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში.
სხვა არტერიების, მაგ.: ხერხემლის არტერიების შევიწროების შემთხვევაში, ენდარტერექტომია ზოგჯერ შეუძლებელიც კია, რადგან ჩარევა ამ შემთხვევაში უფრო სარისკოა, ვიდრე შიგნითა საძილე არტერიებზე.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა ოპერაციის საშუალებას, შეიძლება ანგიოპლასტიკა გაკეთდეს სტენტირებით. ამ პროცედურის დროს თხელი, დრეკადი მილი (კათეტერი), წვერზე ბუშტით, შევიწროებულ არტერიაში შეიყვანება. შემდეგ ბუშტი რამდენიმე წამით იბერება, რათა სისხლძარღვი გაფართოვდეს. ხელახლა დახშობის თავიდან ასაცილებლად, ექიმი სპეციალური ბადის მილს (სტენტს) დგამს არტერიაში.