თავის ტვინის კონტუზიამისი დაჟეჟილობაა, რასაც, როგორც წესი, თავზე პირდაპირი, ძლიერი დარტყმა იწვევს. თავის ტვინის ლაცერაცია ანუ ჭრილობა კი რაიმე უცხო სხეულის ან თავად ქალას ძვლის ნატეხის მოქმედებით ვითარდება.
თავის ტვინის დაჟეჟილობა და ჭრილობა ორგანული დაზიანებებია და შესაბამისად, უფრო მძიმეც, ვიდრე ტვინის შერყევა. დაჟეჟილობა შეიძლება ქალაში ტვინის უეცარმა გამოძრავებამ გამოიწვიოს თავის ძლიერი შერყევის დროს (ძლიერი დარტყმის გამო) ან მოძრავი თავით უძრავ საგანზე დაჯახებისას (მაგ.: სატრანსპორტო ავარიაში, პირდაპირი შეტაკებისას). ტვინი შეიძლება დაზიანდეს ძალის მოქმედების ადგილას ან მის საპირისპირო მხარეს, თავის ქალაზე შიგნიდან მიჯახების გამო. დაჟეჟილობისა და ჭრილობის შედეგად შესაძლოა სისხლდენა ან ტვინის შეშუპება განვითარდეს.
კონტუზია და ლაცერაცია ზოგჯერ ძალიან მცირე ზომისაა და ოდნავ თუ აზიანებს ტვინს, ვლინდება სულ რამდენიმე სიმპტომით ან თავის მსუბუქი ტრავმის მსგავსად. თუმცა, უფრო დიდი დაზიანების შედეგად, ან თუ პატარა დაზიანება გართულდა სისხლდენითა და შეშუპებით, ტვინის მძიმე ტრავმის სიმპტომატიკა ვითარდება. მაგალითად, ადამიანი ხშირად გონებას კარგავს რამდენიმე წუთით, უფრო ხანმოკლედ ან ხანგრძლივად. გამოფხიზლების შემდეგ ვლინდება მოთენთილობა, დეზორიენტაცია, მოუსვენრობა ან აგზნება, ზოგჯერ ღებინება, გულყრები, წონასწორობისა და კოორდინაციის მოშლა. აზროვნების, ემოციების გაკონტროლება, მოძრაობის უნარი, მგრძნობელობა, მეტყველება, მხედველობა, სმენა და მეხსიერება შეიძლება მოიშალოს. უფრო მძიმე დაზიანება ტვინის შეშუპებას იწვევს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ქსოვილების ფუნქციონირების მოშლას. ზოგჯერ თავის ტვინის თიაქარიც ვითარდება, რასაც კომა მოჰყვება.
დაჟეჟილობის ან ჭრილობის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) კეთდება. თუ სისხლდენა და შეშუპება მსუბუქია, პაციენტი ჰოსპიტალიზდება და მას დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე აკვირდებიან. როცა სისხლდენა მძიმეა, მკურნალობა ისეთივეა, როგორიც თავის მძიმე ტრავმის დროს (იხ. გვ. 805). პაციენტებს ხშირად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ათავსებენ. არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია მუდმივად საჭირო დონეზე უნდა შენარჩუნდეს. ზოგჯერ პაციენტს ჟანგბადს აწვდიან ან ხელოვნურ სუნთქვაზე გადაჰყავთ, ტკივილს აყუჩებენ და სედაციური საშუალებები შეჰყავთ. ცხელების ან გულყრის დროს შესაბამისი მკურნალობა ინიშნება.
ტვინში წნევის გასაზომად ზოგჯერ სპეციალური სენსორი ინერგება ან კათეტერი იდგმება ამ ორგანოს შიგნით სივრცეში (ერთ-ერთ პარკუჭში). თუ სისხლდენამ თიაქარი გამოიწვია, შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ოპერაციის გზით მოშორება, რათა ტვინზე ზეწოლა არ განვითარდეს. თუმცა, სისხლის ამოღება ტვინის ქსოვილის ამოკვეთასაც მოიცავს, რის გამოც ზოგი ფუნქცია შეიძლება სამუდამოდ მოიშალოს.