დიფუზიური აქსონური დაზიანება ტვინში ნერვული უჯრედების მორჩების, აქსონების გავრცელებულ დაზიანებას ნიშნავს.
ნერვული უჯრედიდან იმპულსი აქსონის საშუალებით გამოდის. დიფუზური აქსონური დაზიანებისას ეს მორჩები მთელ ტვინში ზიანდება. ამისი ხშირი მიზეზია დაცემა და სატრანსპორტო ავარიები. ეს დაზიანება ხელს უწყობს ე.წ. შენჯღრეული ბავშვის სინდრომის განვითარებასაც, რომლის დროსაც ჩვილის ძლიერი შენჯღრევა ან დაგდება ტვინს აზიანებს. აქსონური დიფუზიური დაზიანების შედეგად უჯრედები შეიძლება დაიღუპოს, ტვინი შეშუპდეს და ქალასშიდა წნევა გაიზარდოს. ეს კიდევ უფრო აღრმავებს დაზიანებას, რადგან ამ ორგანოს სისხლით მომარაგება მცირდება.
დიფუზიური აქსონური დაზიანება, როგორც წესი, ცნობიერების დაკარგვას 6 საათზე დიდხანს იწვევს. ზოგჯერ ამასთან ერთად ტვინის სპეციფიკური უბნის დაზიანების სიმპტომებიც ვლინდება. თავის ქალაში წნევის გაზრდამ შეიძლება კომა გამოიწვიოს. დიფუზიური აქსონური დაზიანების დიაგნოსტიკისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კეთდება (მრტ). მკურნალობა ისეთივეა, როგორიც თავის ყველა სახის ტრავმის დროს. ქირურგიულ ჩარევას აზრი არ აქვს.