ინტრაკრანიული ჰემატომა ანუ ქალასშიდა სისხლჩაქცევა სისხლის დაგროვებაა ტვინში ან მასსა და ქალას შორის სივრცეში.
ქალასშიდა სისხლჩაქცევა შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს:
ტრავმის შედეგად სისხლდენა არაქნოიდულ გარსსა და შიგნითა (რბილ) გარსს შორისაც შეიძლება დაიწყოს. ამას სუბარაქნოიდული სისხლდენა ეწოდება, თუმცა, ამ დროს სისხლი ერთ ადგილას არ გროვდება, ამიტომ ჰემატომად არ ითვლება.
თუკი ადამიანი, განსაკუთრებით კი მოხუცი, ასპირინს ან ანტიკოაგულანტს იღებს (რაც სისხლდენის რისკს ზრდის), იზრდება მსუბუქი ტრავმის შედეგად ჰემატომის განვითარების რისკი. ტვინშიდა სისხლჩაქცევა და სუბარაქნოიდული სისხლდენა ინსულტმაც შეიძლება გამოიწვიოს.
ეპიდურული და ტვინშიდა ჰემატომების უმრავლესობა, ბევრი სუბდურული ჰემატომა უეცრად ვითარდება და რამდენიმე წუთში იწვევს სიმპტომებს. დიდი ზომის სისხლჩაქცევა აწვება ტვინს და შეიძლება მისი შეშუპება ან თიაქარი გამოიწვიოს. თავის ტვინის თიაქრის განვითარების შედეგად იკარგება გონება, ვითარდება კომა, დამბლა სხეულის ცალ ან ორივე მხარეს, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის შენელება და სიკვდილიც კი.
ზოგჯერ სისხლჩაქცევა, განსაკუთრებით კი სუბდურული, ნელა ვითარდება და თანდათან იწვევს დეზორიენტაციას, მეხსიერების დაკარგვას. ეს უფრო ხშირად მოხუცებშია და მიაგავს დემენციის სიმპტომებს. ადამიანს შეიძლება არც ახსოვდეს, რომ თავის ტრავმა მიიღო.
დიაგნოსტიკა კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხდება. მკურნალობა სისხლჩაქცევის ზომასა და სახეზეა დამოკიდებული, ასევე, ტვინში წნევის მომატების ხარისხზე.
ამ სახის ჰემატომას იწვევს სისხლდენა არტერიიდან ან მსხვილი ვენიდან (ვენური სინუსიდან), რომლებიც ქალასა და ტვინის მფარავ გარეთა გარსს შორის სივრცეშია მოთავსებული. სისხლდენა ხშირად ქალას ძვლის ნატეხის მიერ სისხლძარღვის დაზიანების შედეგია.
ტრავმის მერე მაშინვე ან რამდენიმე საათში შეიძლება ძლიერი თავის ტკივილი დაიწყოს. ზოგჯერ იგი ყუჩდება, მაგრამ ხელახლა და უფრო მძაფრად ვითარდება რამდენიმე საათის მერე. ცნობიერების მოშლა დეზორიენტაციის ჩათვლით, ძილიანობა, დამბლა, კოლაფსი ან ღრმა კომა შესაძლოა მალევე განვითარდეს. ზოგი ადამიანი ტრავმის შემდეგ მაშინვე კარგავს ცნობიერებას, მერე გონზე მოდის და რაღაც პერიოდის მანძილზე ჩვეულებრივად გრძნობს თავს (ნათელი პერიოდი), მდგომარეობის ხელახლა დამძიმებამდე.
ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა და ეს, როგორც წესი, კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხდება. მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე იწყება, რადგან მისმა დაგვიანებამ შეიძლება სამუდამო დაზიანება გამოიწვიოს. ქალაში ერთი ან რამდენიმე ხვრელი კეთდება დაგროვილი სისხლის ამოსაღებად. შემდეგ ქირურგი მოძებნის სისხლდენის წყაროს და აჩერებს მას.
სუბდურულ ჰემატომას იწვევს სისხლდენა თავის ტვინის დამაკავშირებელი ვენებიდან, რომლებიც მოთავსებულია ამ ორგანოს მფარავ გარეთა და შიგნითა გარსებს შორის. სუბდურული სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული. თავის მძიმე ტრავმის შემდეგ სწრაფი სისხლდენა მწვავე სუბუდურულ ჰემატომას იწვევს, რომლის სიმპტომებიც რამდენიმე წუთში ან საათში ვლინდება. შესაძლოა ამ დროს ქვემწვავე სუბდურული ჰემატომაც განვითარდეს, საათების ან დღეების შემდეგ დაწყებული სიმპტომებით. ქრონიკული სუბდურული ჰემატომა რამდენიმე კვირის, თვის ან წლის მანძილზე ვითარდება. სიმპტომების გამოვლენის დროს სისხლჩაქცევა შეიძლება უკვე ძალიან დიდი იყოს.
ქრონიკული სუბდურული ჰემატომა უფრო ხშირად გვხვდება ალკოჰოლიკებსა და მოხუცებში. ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანი უფრო ხშირად ეცემა, მიდრეკილია სისხლდენისკენ, შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს ან სულაც დაავიწყდეს თავის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტრავმა. შედეგად შესაძლოა პატარა სუბდურული ჰემატომა განვითარდეს, რომელიც ზოგჯერ ქრონიკული ხდება. მოხუცებში ტვინი შედარებით შეჭმუხნილია, რის გამოც დამაკავშირებელი ვენები იჭიმება და უფრო ადვილად სკდება მსუბუქი ტრავმის გამოც კი. ამასთანავე, სისხლდენაც უფრო დიდხანს გრძელდება, რადგან შეჭმუხნილი ტვინი ნაკლებად აწვება სისხლმდენ ვენას და შესაბამისად, მეტი სისხლი იკარგება. ჰემატომის გაწოვის შემდეგ მოხუცებში ტვინი საწყის ზომას აღარ უბრუნდება, არ ფართოვდება ისე კარგად, როგორც ახალგაზრდებში. შედეგად, შესაძლოა სითხის შემცველი ადგილი დარჩეს (ჰიგრომა). იგი ზოგჯერ ხელახლა ივსება სისხლით ან ზომაში იზრდება, რადგან მცირე სისხლძარღვები ზიანდება და განმეორებით იწყება სისხლდენა.
სიმპტომებიდან აღსანიშნავია: მუდმივი თავის ტკივილი, დროგამოშვებით მოთენთილობა, დეზორიენტაცია, მეხსიერების დარღვევა, ჰემატომის საპირისპირო მხარეს სხეულის დამბლა და მეტყველების ან სხვისი საუბრის გაგების დარღვევა. სხვა გამოვლინებები დამოკიდებულია ტვინში დაზიანების ადგილმდებარეობაზე. ჩვილებში სუბდურულმა სისხლჩაქცევამ შეიძლება თავის ზომაში გაზრდა გამოიწვიოს (როგორც ჰიდროცეფალიის დროს), რადგან ქალა ნაზი და უფრო პლასტიკურია. შესაბამისად, ქალასშიდა წნევა ჩვილებში უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე ბავშვებსა და ზრდასრულებში.
ქრონიკული სუბდურული სისხლჩაქცევის დიაგნოსტიკა უფრო რთულია, რადგან დროის პერიოდი ტრავმასა და სიმპტომების გამოვლენას შორის ზოგჯერ საკმაოდ დიდია. მოხუცებში თანდათან გამოვლენილი სიმპტომატიკა, მეხსიერების გაუარესება და მოთენთილობა შესაძლოა შეცდომით დემენციად მიიჩნიონ. კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შეიძლება მწვავე, ქვემწვავე და არაერთი ქრონიკული სუბდურული სისხლჩაქცევის აღმოჩენა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია განსაკუთრებით ზუსტია ქრონიკული სუბდურული ჰემატომის დიაგნოსტიკისთვის.
მოზრდილებში პატარა ზომის სუბდურულ სისხლჩაქცევას ხშირად მკურნალობა არ ესაჭიროება, რადგან იგი თავისით გაიწოვება. თუ ჰემატომა დიდია და იწვევს სიმპტომებს, მაგ.: მუდმივ თავის ტკივილს, დროგამოშვებით მოთენთილობას, დეზორიენტაციას, მეხსიერების დარღვევას ან დამბლას სხეულის საპირისპირო მხარეს, ექიმი დაგროვილ სისხლს ქალაზე ქირურგიულად შექმნილი პატარა ხვრელიდან ამოიღებს. ოპერაციის დროს, დაზიანების ადგილას დრენაჟი შეიყვანება და იდგმება რამდენიმე დღით, რადგან სუბდურული ჰემატომა შეიძლება ხელახლა განვითარდეს. ამის დროულად დასადგენად პაციენტის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან. ბავშვებში ჰემატომის დრენირებას ხშირად მიმართავენ, კოსმეტიკური მიზნებისთვის მაინც.
დიდი ზომის, მწვავე სუბდურული ჰემატომის მკურნალობის შედეგადაც კი პაციენტთა მხოლოდ 50% გადარჩება. ქრონიკული სუბდურული სისხლჩაქცევის შემთხვევაში კი, ადამიანები უფრო ხშირად გამოჯანმრთელდებიან ან მდგომარეობა არ მძიმდება მაინც.
ტვინშიდა სისხლჩაქცევები ხშირად თავის მძიმე ტრავმის დროს, ტვინის დაჟეჟილობის გამო ვითარდება. ამ ორგანოში სითხის დაგროვება დაზიანების გამო (თავის ტვინის შეშუპება) ხშირია და სიკვდილიც ყველაზე მეტად ამის შედეგია ხოლმე. ტვინშიდა სიხლჩაქცევის აღმოჩენა კტ-ის ან მრტ-ის საშუალებით შეიძლება. ჰემატომის ამ სახეს ტვინის პირდაპირი დაზიანება იწვევს, შესაბამისად, ქირურგიულ ჩარევას ხშირად ერიდებიან, რადგან ამით ორგანოს ფუნქციონირება არ აღდგება. ამასთანავე, ჰემატომა შიგ ტვინში მდებარეობს. იქამდე მისაღწევად ექიმებმა მის ზემოთ მდებარე ქსოვილი უნდა ამოკვეთონ, რის შედეგადაც უფრო მეტად ირღვევა ფუნქციები.