თავის ქალას მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. თავის ქალას მოტეხილობა
  2. თავის ტრავმები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
თავის ქალას მოტეხილობა

თავის ქალას მოტეხილობისას ტვინის გარედან მფარავი ძვლები ზიანდება.

  • ქალას მოტეხილობა შეიძლება ტვინის დაზიანებით ან მის გარეშე განვითარდეს;

  • ვლინდება ტკივილი, ტვინის დაზიანების სიმპტომები, ზოგიერთი სახის მოტეხილობისას კი – ცხვირიდან ან ყურიდან სითხის ჟონვა, სისხლნაჟღენთები ყურების უკან და თვალების გარშემო;

  • დიაგნოსტიკისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება;

  • თავის ქალას ბევრ მოტეხილობას მკურნალობა არ ესაჭიროება.

თავის ქალას მოტეხილობისას შეიძლება ვენები და არტერიები დაზიანდეს და სისხლდენა განვითარდეს ტვინის გარშემო სივრცეში. ქალას მოტეხილობასთან ერთად ზოგჯერ ტვინი უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე მის გარეშე. თუმცა ხშირად ტრავმის შედეგად მხოლოდ თავის ქალას ძვლები ტყდება, ტვინი კი უვნებლად გადარჩება. მოტეხილობას თან შესაძლოა ამ ორგანოს მფარავი გარსების დაზიანებაც ახლდეს თან, განსაკუთრებით კი ძვლის ქალას უკან და ძირში (ფუძეში) გატეხისას. იშვიათად ბაქტერიებიც აღწევს ქალას ღრუში და ინფექციას, ტვინის მძიმე დაზიანებას იწვევს. ზოგჯერ ამის მიზეზი გატეხილი ძვლის ნაწილის შიგნით გადანაცვლებაა, რასაც ქალას დეპრესიული მოტეხილობა ეწოდება. შედეგად ტვინი დაუფარავი რჩება და გარემოდან შეიძლება უცხო ნივთიერებები მოხვდეს მასში, განვითარდეს ინფექცია ან აბსცესი (ჩირქგროვა).

სიმპტომები

ზოგი სიმპტომი მიუთითებს, რომ ქალას ფუძეა გატეხილი:

  • გამჭვირვალე თავ-ზურგტვინის სითხე, რომელიც ტვინის ზედაპირზე მის გარსებს შორის მოძრაობს, შეიძლება მოჟონავდეს ცხვირიდან (რინორეა) ან ყურებიდან (ოტორეა);

  • ზოგჯერ სისხლი გროვდება დაფის აპკის უკან, ან თუ იგი გაიხა – გადმოდის ყურიდან;

  • სისხლჩაქცევები შესაძლოა განვითარდეს ყურების უკან (ბატლის ნიშანი) ან თვალების გარშემო (ენოტის თვალები).

ზოგჯერ სისხლი გროვდება ძვლოვან წიაღებში, რომლებიც ასევე შეიძლება იყოს მოტეხილი.

დიაგნოზი და მკურნალობა

თავის ქალას მოტეხილობის დიაგნოზი, როგორც წესი, თავის ტრავმის მქონე პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ) გამოკვლევისას ისმება. ამ დაზიანების აღმოსაჩენად კტ უფრო გამოსადეგია, ვიდრე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). თუ ადამიანს ქალას მოტეხილობა აქვს, მაგრამ ტვინი უვნებელია, მას ათავსებენ საავადმყოფოში და აკვირდებიან. გულყრის განვითარების შემთხვევაში ანტიკონვულსანტია საჭიროა. ქალას ფუძის ან დეპრესიული მოტეხილობების გარდა სხვებს, როგორც წესი, მკურნალობა არ სჭირდება.

ქალას ფუძის მოტეხილობის მქონე პაციენტი საავადმყოფოში უნდა დაწვეს.აუცილებელია წოლითი რეჟიმი და საწოლის თავის წამოწევა, სანამ თავ-ზურგტვინის სითხის ჟონვა არ შეწყდება.ადამიანი უნდა მოერიდოს ცხვირის მოხოცვას, რადგან ხშირად მასთან ახლოს მდებარე წიაღიც მოტეხილია. მოხოცვისას ცხვირში არსებული ჰაერი შეიძლება სახის სხვა ნაწილში ან თავში გავრცელდეს. ტვინის გარსების დაზიანება, როგორც წესი, თავისით ხორცდება 48 საათში ან ტრავმიდან 1 კვირაში მაინც. თუ თავ-ზურგტვინის სითხე მაინც ჟონავს, ზოგჯერ ექიმები მის დრენირებას მიმართავენ – პატარა ნემსის წელის არეში ჩხვლეტით. თუ სითხე მაინც მოდის, დაზიანების ადგილი ქირურგიულად უნდა დაიხუროს.

თავის ქალას დეპრესიული მოტეხილობისას ძვლის ერთი ან მეტი ნაწილი შიგნით გადაინაცვლებს, ტვინს აწვება და აზიანებს. ეს ორგანო გარემოსგან დაფარული და დაცული აღარ არის. მკურნალობის მიზანია ინფექციისა და ჩირქგროვის ჩამოყალიბების თავიდან აცილება. ამისთვის უცხო სხეულებსა და მკვდარ ქსოვილს აცილებენ ჭრილობას და რაც შეიძლება სრულად აღადგენენ დაზიანებას. ექიმი ჩატეხილი ძვლის ნაწილს უკან ამოწევს, თავის ადგილას დააბრუნებს და გაკერავს ჭრილობას.

ქალას მოტეხილობები ბავშვებში: ჩვილებში ქალას ძვლების მოტეხილობის შემდეგ ზოგჯერ ტვინის მფარავი გარსები გარეთ გამოდის ნაპრალში და შიგ იჭედება, რაც სითხით სავსე ბუშტს – მოტეხილობის ანუ ლეპტომენინგეურ მზარდ ცისტას ქმნის. იგი 3-6 კვირაში ვითარდება და შეიძლება დაზიანების პირველი გამოვლინება იყოს.

ქალას მოტეხილობის მქონე ბავშვის საავადმყოფოში მოთავსებაა აუცილებელი, თუ:

  • სიმპტომები მიუთითებს ტვინის სავარაუდო დაზიანებაზე

  • სიმპტომები ან კტ-ს შედეგები მიუთითებს, რომ ქალას ფუძეა მოტეხილი

  • ბავშვი ჩვილია

  • სავარაუდოა ბავშვზე ძალადობის ფაქტი

ლეპტომენინგეური ცისტების მკურნალობა შეიძლება მხოლოდ მათზე დაკვირვებით შემოიფარგლებოდეს, რადგან სითხით სავსე ბუშტები ზოგჯერ თავისითაც ქრება. თუკი მდგომარეობა გართულდა ან ამის დიდი რისკია (ზეწოლა თავის ტვინზე, ინფექცია), ექიმი ქირურგიულად დაცლის ცისტას.