ზურგის ტვინის სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. ზურგის ტვინის სიმსივნეები
  2. ნერვული სისტემის სიმსივნეები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ზურგის ტვინის სიმსივნეები

ზურგის ტვინის სიმსივნე შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი და წარმოიქმნება ამ ორგანოში ან მის გარშემო.

  • პაციენტს შეიძლება აწუხებდეს კუნთების სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ზოგ ნაწილში ან შარდისა და განავლის შეუკავებლობა;

  • ზურგის ტვინის სიმსივნეების აღმოჩენა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შეიძლება;

  • მკურნალობა მოიცავს ოპერაციას, სხივურ თერაპიას ან ორივეს.

ზურგის ტვინის სიმსივნეები ბევრად იშვიათია, ვიდრე თავის ტვინის. ისინი შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი.

ზურგის ტვინის პირველადი სიმსივნე ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანია. ის წარმოიშობა ამ ორგანოში ან მის მახლობლად არსებული უჯრედებიდან. ზურგის ტვინის პირველად სიმსივნეთა მხოლოდ 10% ვითარდება ორგანოს უჯრედებიდან. ის შეიძლება გაიზარდოს ზურგის ტვინში და წარმოიქმნას სითხის შემცველი ღრუ.

პირველადი სიმსივნეების დანარჩენი 90% ზურგის ტვინის მეზობლად მდებარე უჯრედებიდან წარმოიქმნება, მაგ.: სპინალური ნერვების ფესვებიდან (ზურგის ტვინის ნერვების ნაწილები, რომლებიც უშუალოდ ამ ორგანოდან გამოდის, იხ. ილუსტრაცია გვ. 690). მენინგიომები და ნეიროფიბრომები, რომლებიც ასევე ზურგის ტვინის მახლობელი უჯრედებიდან წარმოიქმნება, ყველაზე ხშირი სახეა პირველადი სიმსივნეებისა. ეს წარმონაქმნები კეთილთვისებიანია.

ზურგის ტვინის მეორადი სიმსივნეები უფრო ხშირია და წარმოადგენს სხვა ორგანოდან გავრცელებულ მეტასტაზებს – შესაბამისად, ყოველთვის ავთვისებიანია. მალებში მეტასტაზები ყველაზე ხშირად ფილტვის, ძუძუს, წინამდებარე ჯირკვლის, თირკმლების ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოდან ვრცელდება. ისინი გარედან აწვება ზურგის ტვინს ან მისი ნერვების ფესვებს. იგივე შეიძლება მოხდეს ლიმფომების შემთხვევაში – ხერხემალში გავრცელება და ზურგის ტვინზე ზეწოლა.

სიმპტომები

სიმპტომებს ზურგის ტვინსა და ნერვთა ფესვებზე ზეწოლა იწვევს. ზურგის ტვინზე ზეწოლის დროს შეიძლება გამოვლინდეს:

  • წელის ტკივილი, რომელიც თანდათან უარესდება, არ უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას და უფრო ძლიერია წოლისას;

  • მგრძნობელობის დაქვეითება, პროგრესირებადი სისუსტე ან დამბლა სხეულის იმ ნაწილებში, რომლებსაც აკონტროლებს ზეწოლის ქვემოთ მდებარე უბნები;

  • ერექციული დისფუნქცია;

  • შარდისა და განავლის შეუკავებლობა.

ზურგის ტვინზე ზეწოლის გამო მისი სისხლმომარაგებაც შეიძლება შემცირდეს, რაც ქსოვილის სიკვდილს, სითხის დაგროვებასა და შეშუპებას გამოიწვევს. დაგროვილი სითხე, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს სისხლის ნაკადს და იქმნება ე.წ. მანკიერი წრე. ზურგის ტვინზე ზეწოლის სიმპტომები შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. ამ ორგანოს ნერვების ფესვებზე ზეწოლა კი იწვევს ტკივილს, დაბუჟებას, ჩხვლეტის შეგრძნებას ან სისუსტეს სხეულის იმ ნაწილებში, რომლებსაც შესაბამისი ფესვი აკონტროლებს. თუ ზეწოლა გაგრძელდა, კუნთები შეიძლება განილიოს, სიარული გაძნელდეს.

დიაგნოზი

ზურგის ტვინზე სიმსივნის ზეწოლის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დროულად უნდა მოხდეს, რათა სამუდამო დაზიანება არ განვითარდეს.

ექიმი ამ დაავადების არსებობაზე ეჭვს მიიტანს, თუ პაციენტს სხვა ორგანოს სიმსივნე აქვს და ამასთანავე უვითარდება ტკივილი ხერხემლის რომელიმე წერტილში, სისუსტე ან ჩხვლეტის შეგრძნება დამახასიათებელი თავისებურებებით. ზურგის ტვინი სპეციფიკურადაა მოწყობილი, ამიტომ ექიმებს შეუძლიათ დაადგინონ, სად არის სიმსივნე, იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელი ნაწილის ფუნქციონირებაა მოშლილი (იხ. ილუსტრაცია გვ. 869).

საჭიროა, გამოირიცხოს სხვა დაავადებები, რომლებიც ასევე არღვევენ ზურგის ტვინის მუშაობას, მაგ.: წელის კუნთების ტკივილი, ძვლის სისხლნაჟღენთი, ზურგის ტვინის სისხლმომარაგების მოშლა, მალის მოტეხილობა, ზეწოლა ჩირქგროვით (აბსცესით), თრომბით ან მალთაშორისი დისკის თიაქრით.

ზურგის ტვინის სიმსივნის დიაგნოსტიკა რამდენიმე გამოკვლევით შეიძლება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საუკეთესოდ ითვლება ხერხემლისა და ზურგის ტვინის ყველა ნაწილის შესასწავლად. როცა იგი ვერ ტარდება, შეიძლება დაინიშნოს მიელოგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ). ხერხემლის რენტგენოგრაფიით მხოლოდ ძვლებში არსებული ცვლილებები ჩანს, ბევრი სიმსივნე კი ადრეულ სტადიაზე ძვალს არ აზიანებს.

წარმონაქმნის ტიპის ზუსტად დასადგენად, როგორც წესი, ბიოფსიაა საჭირო, განსაკუთრებით კი ზურგის ტვინის პირველადი სიმსივნის შემთხვევაში. თუმცა, სხვაგან არსებული სიმსივნის ზურგის ტვინში მეტასტაზირების დროს ბიოფსია აუცილებელი არ არის. ხშირად, ქსოვილის ნიმუშის ასაღებად ოპერაციაა საჭირო, ზოგჯერ კი უბრალოდ კტ-ის ან მრტ-ის კონტროლის ქვეშ შეჰყავს ექიმს ნემსი წარმონაქმნში.

მკურნალობა

თუ სიმპტომები მიანიშნებს, რომ სიმსივნე აწვება ზურგის ტვინს, პაციენტს მაშინვე ეძლევა კორტიკოსტეროიდები (მაგ.: დექსამეტაზონი) მაღალი დოზით, რათა შემცირდეს შეშუპება. ასეთი სიმსივნეების მკურნალობა რაც შეიძლება მალეა საჭირო, ხშირად – ქირურგიულად.

ზურგის ტვინისა და ხერხემლის მრავალი სიმსივნური წარმონაქმნი შეიძლება ამოიკვეთოს. თუ ეს ვერ ხერხდება, სხივური თერაპია გამოიყენება, ზოგჯერ ზურგის ტვინზე ზეწოლის შემამსუბუქებელი ოპერაციის შემდეგ.

გამოჯანმრთელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად დაიწყო მკურნალობა და რა ხარისხისაა დაზიანება. მენინგიომის, ნეიროფიბრომისა და ზურგის ტვინის ზოგი სხვა პირველადი სიმსივნის ამოკვეთამ შეიძლება განკურნოს პაციენტი.