სხივური დაზიანება | მკურნალი.გე
  1. სხივური დაზიანება
  2. ნერვული სისტემის სიმსივნეები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
სხივური დაზიანება

სხივური თერაპია ნერვული სისტემის სიმსივნეების მკურნალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუკი პაციენტს რამდენიმეგან აქვს სიმსივნე, ან წარმონაქმნი კარგად შემოსაზღვრული არ არის, დასხივება შეიძლება მთლიან ფართობზე გაკეთდეს (მაგ.: მთლიანად თავზე). თუ სიმსივნეს მკვეთრი საზღვრები აქვს, სხივებს პირდაპირ მისკენ მიმართავენ.

მკურნალობის კურსის დროს გამოსხივება ზოგჯერ თვითონ აზიანებს ნერვულ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ ამის თავიდან არიდებას.

განვითარდება თუ არა დაზიანება და რამდენად მძიმე იქნება, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • რა დოზით სხივდება პაციენტი მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში (საერთო დაგროვებითი დოზა)

  • რა დოზით სხივდება ერთჯერადად

  • რამდენ ხანს გაგრძელდა მკურნალობა

  • სხეულის რა ნაწილი დასხივდა

  • რამდენად მოწყვლადია პაციენტი დაზიანებისადმი

სხივური დაზიანების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველ რამდენიმე დღეში (მწვავე), თვეში (ადრეული-მოგვიანებითი) ან თვეების, წლების შემდეგ (გვიანი-მოგვიანებითი). სიმპტომები შეიძლება უცვლელად დარჩეს ან გაუარესდეს, დროებითი იყოს ან მუდმივი.

მწვავე ენცეფალოპათია შესაძლოა თავის ტვინის დასხივების შედეგად განვითარდეს. ამ ორგანოს უჯრედებში სითხე გროვდება და მთელი ტვინი შუპდება (თავის ტვინის შეშუპება). სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მოთენთილობა და ცნობიერების აბნევა. მწვავე ენცეფალოპათია, როგორც წესი, დასხივების პირველ ან მეორე დოზაზე იწყება, მაგრამ ზოგჯერ კურსის დასრულებიდან 2-4 თვეშიც კი. ხშირად სიმპტომები მკურნალობის მანძილზე ნელ-ნელა მსუბუქდება და კორტიკოსტეროიდებით (მაგ.: დექსამეტაზონით) შეიძლება ტვინის შეშუპების თავიდან აცილება ან შემცირება.

ადრეული-მოგვიანებითი სხივური დაზიანება მწვავე ენცეფალოპათიის მსგავს სიმპტომებს იწვევს. ისინი, როგორც წესი, თავისით გაივლის რამდენიმე დღეში ან კვირაში, ზოგჯერ უფრო სწრაფად – კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემთხვევაში.

თუ დასხივება ხერხემლის კისრის ან ზურგის ნაწილზე იყო მიმართული, შესაძლოა ადრეული-მოგვიანებითი სხივური მიელოპათიაც განვითარდეს. ეს დაავადება ელექტრული შოკის მსგავს შეგრძნებას იწვევს ხოლმე. იგი იწყება კისერში ან ზურგში, კისრის წინ გადახრისას და გადაეცემა ფეხებში. დაავადება, როგორც წესი, თავისით გაივლის.

გვიანი-მოგვიანებითი დაზიანება სხივური თერაპიიდან მრავალი თვის ან წლის მერე ვლინდება. იგი ბევრ ბავშვსა და მოზარდს უვითარდება მთელი თავის დასხივების შემდეგ, თუ საკმარისად დიდხანს იცოცხლეს. ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში ლეიკემიის პრევენციისთვის ან ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი ტიპის – მედულობლასტომის სამკურნალოდ დანიშნული სხივური თერაპიაა. სიმპტომებიდან აღსანიშნავია: თანდათან გაუარესებადი დემენცია, მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების გაძნელება, აღქმის დარღვევა, პიროვნების ცვლილებები და მოზრდილებში – ბარბაცი სიარულისას.

ხერხემლის მახლობლად მდებარე სიმსივნეების სხივური თერაპიის შემდეგ ზოგჯერ გვიანი-მოგვიანებითი მიელოპათია ვითარდება. იგი იწვევს სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვას და ზოგჯერ ბრაუნ-სეკარის სინდრომსაც. ამ დაავადებისას ზურგის ტვინის ნახევარი ზიანდება, რაც სხეულის ცალ მხარეს სისუსტეს, ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნებების მოშლას იწვევს. ამავე მხარეს იკარგება პოზის შეგრძნებაც, ანუ ადამიანს არ შეუძლია ზედ დაუხედავად მიხვდეს, რა მდგომარეობაში აქვს ხელი და ფეხი. გვიანი-მოგვიანებითი სხივური მიელოპათია ხშირად სამუდამოდ რჩება და დამბლას იწვევს.

დასხივების ადგილის მახლობლად მდებარე ნერვებიც შეიძლება დაზიანდეს. მაგალითად, მკერდის ან ფილტვის სხივური თერაპია მოქმედებს ხელის ნერვებზეც, საზარდულის დასხივებამ კი შეიძლება ფეხის ნერვები დააზიანოს. შედეგი ზოგჯერ სისუსტე და მგრძნობელობის დაკარგვაა.