1. ქრონიკული მენინგიტი
  2. თავისა და ზურგის ტვინის ინფექციები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ქრონიკული მენინგიტი

ქრონიკული მენინგიტი არის ნელა განვითარებადი, თვეობით ან წლობით გაგრძელებული ანთება, რომელიც სუბარაქნოიდულ (თავისა და ზურგის ტვინის მფარავ გარსებს შორის არსებულ) სივრცეს აზიანებს.

  • ადამიანს შესაძლოა აწუხებდეს ცხელება, კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, მხედველობის გაორება, სიარულის გაძნელება ან დეზორიენტაცია;

  • დიაგნოზისთვის საჭიროა თავის გამოსახულებითი კვლევები და ლუმბალური პუნქცია;

  • მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული.

სუბარაქნოიდული სივრცე თავისა და ზურგის ტვინის მფარავ შუა (არაქნოიდულ) და შიგა, თხელ (რბილ) გარსებს შორისაა მოთავსებული (იხ. ილუსტრაცია გვ. 688). ქრონიკული მენინგიტი მწვავე ბაქტერიულ მენინგიტს ჰგავს, მაგრამ მიზეზი განსხვავებულია, ინფექცია და ანთებაც უფრო ნელა ვითარდება, კვირების და თვეების მანძილზე და არა საათების და დღეების. თუ სიმპტომები ერთი თვე და მეტია რაც ვლინდება, მენინგიტი ქრონიკულად ითვლება.

მიზეზები

ქრონიკულ მენინგიტს, როგორც წესი, ინფექცია იწვევს, ყველაზე ხშირად ტუბერკულოზი.

ინფექციური მიკროორგანიზმები ტვინში ან სუბარაქნოიდულ სივრცეში იჭრება და კვირების ან თვეების განმავლობაში ნელა მრავლდება. ამ მიკრობებიდან აღსანიშნავია: ტუბერკულოზის ან სიფილისის გამომწვევი ბაქტერიები და სოკოები, მაგ.:Cryptococcus neoformansანCoccidioides immitis. სოკოები მენინგიტს უფრო ხშირად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონეებში იწვევენ, მაგ.: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებულებსა და შიდსით (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით) დაავადებულებში.

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი არასრული მკურნალობის შედეგად, როცა ორგანიზმში ბაქტერიები მაინც რჩება, შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს.

მენინგიტის მიზეზი არაინფექციური დაავადებებიც შეიძლება იყოს, მათ შორის: სარკოიდოზი, ზოგი ავთვისებიანი სიმსივნე, მაგ.: ლეიკემია, ლიმფომა, ტვინის სიმსივნეები და ტვინში სხვა ორგანოებიდან გავრცელებული (მეტასტაზირებული) სიმსივნეები (მაგ.: ძუძუს ან ფილტვის კიბო).

სუბარაქნოიდულ სივრცეში პირდაპირ შეყვანილ ქიმიოთერაპიულ საშუალებებს (მაგ.: მეთოტრექსატს), გადანერგილი ორგანოს მოცილების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგ.: ციკლოსპორინს ან OKT3-ს) და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებსაც კი (აასს, მაგ.: იბუპროფენი) შეუძლია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მენინგიტის გამოწვევა, რაც რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება. იმავე მედიკამენტებით მკურნალობის გამეორების შემთხვევაში, მენინგიტი შეიძლება უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობდეს.

სიმპტომები

ქრონიკული მენინგიტის სიმპტომები მწვავე ბაქტერიული მენინგიტის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ უფრო ნელა და თანდათან ვითარდება, კვირების და არა დღეების მანძილზე. ამასთანავე, ცხელებაც უფრო დაბალია. თავის ტკივილი, დეზორიენტაცია, კისრის რიგიდობა და ზურგის ტკივილიც ხშირი სიმპტომებია. პაციენტს შეიძლება უჭირდეს სიარული, ჰქონდეს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა, სახის დამბლა და მხედველობის გაორება. ეს უკანასკნელი და სახის დამბლა მაშინ ვითარდება, როცა მენინგიტი თავის ტვინის ნერვებს აზიანებს (რომლებიც ტვინს პირდაპირ აკავშირებს თავის, კისრისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილთან).

დიაგნოზი

დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება თავის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), ლუმბალური პუნქცია და თავ-ზურგტვინის სითხის (ლიქვორის) გამოკვლევა.

ლიქვორის ანალიზით ქრონიკული და მწვავე მენინგიტის ერთმანეთისგან გარჩევაა შესაძლებელი. ქრონიკული დაავადებისას სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ნორმაზე მაღალია, მაგრამ უფრო ცოტაა, ვიდრე მწვავეს დროს. ამასთანავე, თეთრი უჯრედების ტიპიც განსხვავებულია ამ ორ შემთხვევაში. ქრონიკული მენინგიტის გამომწვევი ზოგი ინფექციური ორგანიზმი, მაგ.: სოკო Cryptococcus neoformansკარგად ჩანს მიკროსკოპში, მაგრამ მრავალი მიკრობი, მაგ ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია – არა.

თავ-ზურგტვინის სითხე ყოველთვის ლაბორატორიაში იგზავნება, სადაც მიკროორგანიზმის (თუ არის მასში) კულტურა ითესება და სახეობა დგინდება. თუმცა, ამას შეიძლება კვირები დასჭირდეს. უფრო სწრაფი შედეგების მისაღებად სპეციალური მეთოდები გამოიყენება, რათა მალევე გაირკვეს, მენინგიტს სოკო, ტუბერკულოზის ან სიფილისის ბაქტერია ხომ არ იწვევს. ერთ-ერთი კვლევაა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ), რომლის დროსაც გენის მრავალი ასლი წარმოიქმნება და შესაძლებელი ხდება, აღმოჩნდეს ტუბერკულოზის ბაქტერიისთვის დამახასიათებელი დნმ-ის უნიკალური თანმიმდევრობა.

თავ-ზურგტვინის სითხის სხვა ანალიზებიც კეთდება, იმის მიხედვით, თუ რომელი დაავადებაა სავარაუდო. მაგალითად, შეიძლება ჩატარდეს კვლევა სიმსივნური უჯრედების არსებობის დასადგენად, თუ მეტასტაზურ მენინგიტზე აქვს ეჭვი ექიმს.

მკურნალობა

მკურნალობა მენინგიტის მიზეზისკენაა მიმართული. მაგალითად, როცა ამ დაავადებას სარკოიდოზი იწვევს, კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა პრედნიზონი) ინიშნება რამდენიმე კვირის მანძილზე. ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ქრონიკული მენინგიტის დროს ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ან ორივე ინიშნება. ქიმიოთერაპიული საშუალება პირდაპირ სუბარაქნოიდულ სივრცეში შეიყვანება ომაიას რეზერვუარის მეშვეობით. ეს მოწყობილობა კანქვეშ იდგმება და წამალს ნელ-ნელა, დღეების, კვირების მანძილზე გამოყოფს პატარა მილში, რომელიც ტვინის გარშემო სივრცეს უკავშირდება.

ინფექციით გამოწვეული ქრონიკული მენინგიტის მკურნალობა მიკროორგანიზმზეა დამოკიდებული. სოკოს შემთხვევაში მისი საწინააღმდეგო (ანტიფუნგალური) საშუალებები ინიშნება ვენაში შესაყვანად ან დასალევად. ყველაზე ხშირად იყენებენ ამფოტერიცინ B-ს, ფლუციტოზინსა და ფლუკონაზოლს. როცა ინფექცია ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, ზოგჯერ ამფოტერიცინ B პირდაპირ თავ-ზურგტვინის სითხეში შეიყვანება, განმეორებითი ლუმბალური პუნქციების ან ომაიას რეზერვუარის საშუალებით. Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ქრონიკული მენინგიტის დროს ამფოტერიცინ B-ს ხშირად ფლუციტოზინთან ერთად ნიშნავენ.