1. ენცეფალიტი
  2. თავისა და ზურგის ტვინის ინფექციები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ენცეფალიტი

ენცეფალიტი ტვინის ანთებაა, რომელიც ამ ორგანოში ვირუსის პირდაპირ შეღწევის, ირიბად მოქმედების ან სხვა ფაქტორის გამო ვითარდება. დაავადებამ შეიძლება ზურგის ტვინიც დააზიანოს, რის შედეგადაც ენცეფალომიელიტი ვითარდება.

  • პაციენტს შესაძლოა აწუხებდეს ცხელება, თავის ტკივილი, გულყრები ან ძილიანობა, მგრძნობელობის დაკარგვა და დეზორიენტაცია;

  • როგორც წესი, კეთდება თავის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სპინალური პუნქცია;

  • მკურნალობა გულისხმობს სიმპტომების შემსუბუქებას და ზოგჯერ ანტივირუსულ საშუალებებსაც.

ენცეფალიტი შემდეგნაირად შეიძლება განვითარდეს:

  • ვირუსის მიერ ტვინის ინფიცირებით

  • წარსულში ინფექციის გამომწვევი ვირუსი ხელახლა აქტიურდება და პირდაპირ აზიანებს ტვინს

  • ვირუსი ან ვაქცინა იწვევს ორგანიზმის რეაქციას, რომლის დროსაც იმუნური სისტემა თავს ესხმის ტვინის ქსოვილს (ავტოიმუნური რეაქცია)

ენცეფალიტის პირდაპირ გამომწვევი ინფექციები ეპიდემიების სახით ან ცალკეულ შემთხვევებად ვლინდება (სპორადულად).

ეპიდემიური ენცეფალიტი: აშშ-ში ეპიდემიურ ენცეფალიტს ყველაზე ხშირად არბოვირუსები იწვევს. ისინი ადამიანს ფეხსახსრიანების, როგორც წესი, კოღოების, რწყილების ან ტკიპების, კბენის შედეგად გადაეცემა (არბოვირუსი შემოკლებით ართროპოდებით (ფეხსახსრიანებით) გადაცემულ ვირუსს ნიშნავს). თავად ფეხსახსრიანის ორგანიზმში კი ვირუსი დაინციფირებული ცხოველის კბენის შედეგად ხვდება. ბევრი შინაური ცხოველი და ფრინველია ამ მიკრობების მატარებელი.

ეპიდემიები ადამიანებში პერიოდულად ვლინდება, როცა კოღოების პოპულაცია ან ინფიცირებულ ცხოველთა რიცხვი იზრდება. დაავადება უფრო ხშირია თბილ სეზონებზე, როცა ფეხსახსრიანები – კოღოები და ტკიპები – იკბინებიან. ინფექცია ადამიანს მხოლოდ ფეხსახსრიანისგან გადაეცემა და არა სხვა ადამიანისგან.

ბევრი არბოვირუსი იწვევს ენცეფალიტს. ამ დაავადების სახეებს სახელწოდებას ხშირად ვირუსის აღმოჩენის ადგილის ან მატარებელი ცხოველის სახეობის მიხედვით არქმევენ.

აშშ-ში კოღოებს ენცეფალიტის რამდენიმე ტიპი გადააქვთ, მათ შორის:

  • ლა კროსის ენცეფალიტი – იწვევს ლა კროსის ვირუსი (იგივე კალიფორნიული ვირუსი). ყველაზე ხშირი აშშ-ის ცენტრალურ დასავლეთშია, მაგრამ მთელ ქვეყანაში შეიძლება შეგვხვდეს. უმრავლეს შემთხვევაში დაავადებულები ბავშვები არიან. ხშირად ინფექცია მსუბუქია და დიაგნოსტიკა არც ხდება. სიკვდილიანობა 1%-ზე ნაკლებია.

  • ცხენების აღმოსავლური ენცეფალიტი ძირითადად აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. დაავადებულები ხშირად ბავშვები და 55 წელზე უფროსი ადამიანები არიან. წლამდე ასაკის ბავშვებში ინფექციამ მძიმე სიმპტომატიკა და ტვინის ან ნერვების სამუდამო დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ინფიცირებულ ადამიანთა ნახევარზე მეტი იღუპება.

  • დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტი ოდესღაც მხოლოდ ევროპასა და აფრიკაში გვხვდებოდა, 1999 წელს კი ნიუ-იორკში დაფიქსირდა. მას შემდეგ დაავადება მთელ აშშ-ში გავრცელდა. ვირუსის მასპინძელი ორგანიზმი ფრინველთა რამდენიმე სახეობაა. ენცეფალიტი ძირითადად მოხუცებს ემართებათ. ასევე არსებობს დასავლეთ ნილოსის ცხელება, რომლის მქონე პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს ტვინის ანთება უვითარდება. ენცეფალიტის შემთხვევათა 10% სიკვდილით სრულდება, თუმცა მხოლოდ დასავლეთ ნილოსის ცხელების შემთხვევაში, როგორც წესი, გამოჯანმრთელება სრულია.

  • წმ. ლუის ენცეფალიტი მთელ აშშ-შია გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (მათ შორის ფლორიდაში), ტეხასსა და ცენტრალური დასავლეთის ზოგ შტატში. ადრე ეპიდემიები 10 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა იშვიათია.

  • ცხენების დასავლური ენცეფალიტი ყველგან შეიძლება იყოს აშშ-ში, მაგრამ უცნობი მიზეზის გამო 1988 წლის შემდეგ ფაქტობრივად აღარ გვხვდება. დაავადება ყველა ასაკში ემართებათ, მაგრამ უფრო ხშირია 1 წლამდე ბავშვებში.

დანარჩენ მსოფლიოში ენცეფალიტს სხვა, მაგრამ მსგავსი არბოვირუსები იწვევს, მაგალითებია ცხენის ვენესუელის ენცეფალიტი და იაპონური ენცეფალიტი, რომლებიც კოღოებს გადააქვთ.

სპორადული ენცეფალიტი: აშშ-ში სპორადულ ენცეფალიტს ხშირად, კერძოდ, შემთხვევათა მესამედში, მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი 1 იწვევს. დაავადება წლის ნებისმიერ დროს გვხვდება და სასიკვდილოა მკურნალობის გარეშე. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) ტვინის ნელა განვითარებად ინფექციასა და აივ-ასოცირებულ ენცეფალოპათიას იწვევს (იგივე აივ-ასოცირებული დემენცია ანუ დემენცია შიდსის დროს).

ადრე გადატანილი ინფექციის რეაქტივაცია:

ენცეფალიტი შეიძლება ვირუსის ხელახალმა აქტივაციამ გამოიწვიოს ორგანიზმში, მაგალითად, ეს ვირუსებია: მარტივი ჰერპესის პირველი ტიპის ვირუსი, ვარიცელა ზოსტერის ვირუსი (ჩუტყვავილას გამომწვევი) ან წითელას ვირუსი (მისი აქტივაციის შედეგად დაავადების გადატანიდან წლების შემდეგ ვითარდება ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, რაც ხშირად სიკვდილით სრულდება). ინფექციის რეაქტივაციის გამო ტვინის დაზიანება ზოგჯერ საკმაოდ მძიმე შეიძლება იყოს.

ავტოიმუნური ენცეფალიტი: ზოგი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის იმ ქსოვილის შრეებს, რომელიც გარს აკრავს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს (ანუ მიელინის გარსებს). ეს იმიტომ ხდება, რომ მიელინის ცილები მიაგავს ვირუსისას. შედეგად, ნერვული იმპულსების გადაცემა ძალიან ნელდება. ვითარდება მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი, რომელიც ჰგავს მრავლობით სკლეროზს იმ განსხვავებით, რომ არ ახასიათებს დროდადრო სიმპტომების გაჩენა და გაქრობა. ამ პროცესში ყველაზე ხშირად ებშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და მარტივი ჰერპესის ვირუსია ჩართული.

სიმპტომები

ენცეფალიტის სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლოა ადამიანს კუჭ-ნაწლავის მხრივ განუვითარდეს პრობლემები, მაგ.: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან მუცლის ტკივილი. ზოგჯერ გრიპის ან გაციებისმაგვარი მდგომარეობა ვლინდება: ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, სურდო, ლიმფური კვანძების გადიდება, კუნთების ტკივილი.

ენცეფალიტის სიმპტომებია:

  • ცხელება

  • თავის ტკივილი

  • პიროვნების ცვლილებები ან დეზორიენტაცია

  • გულყრები

  • დამბლა ან მგრძნობელობის დაკარგვა

  • ძილიანობა, რომელიც შეიძლება კომაში გადაიზარდოს ან სიკვდილიც განვითარდეს

ზოგ პაციენტს კისრის რიგიდობა და ღებინებაც აქვს, მაგრამ ეს სიმპტომები უფრო იშვიათია და უფრო მსუბუქიც, ვიდრე მენინგიტის დროს.

მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეულ ენცეფალიტს თავიდან ახასიათებს თავის ტკივილი, ცხელება და გრიპისმაგვარი სიმპტომები. ასევე ვლინდება გულყრები, რასაც ზოგჯერ თან ახლავს უცნაური სუნის შეგრძნება, მძაფრი ფლეშბეკები (წარსული მოგონების ხელახლა განცდა) და ძლიერი ემოციები. ენცეფალიტის გაღრმავებასთან ერთად, ვითარდება დეზორიენტაცია, მეტყველებისა და მეხსიერების დარღვევა, განმეორებითი გულყრები და კომა.

აივ-ასოცირებული ენცეფალოპათია იწვევს პიროვნების თანდათანობით ცვლილებას, კოორდინაციის მოშლასა და დემენციას.

თუ ზურგის ტვინი დაზიანდა, სხეულის ზოგ ნაწილში შესაძლოა სისუსტე და მგრძნობელობის დაკარგვა განვითარდეს. ზუსტად რა ადგილას გამოვლინდება ეს, დამოკიდებულია ზურგის ტვინის დაზიანებულ მონაკვეთზე. ზოგ ადამიანს შარდისა და განავლის შეკავების პრობლემები ექმნება. თუ ინფექცია მძიმეა, შესაძლოა დაიკარგოს მგრძნობელობა, განვითარდეს დამბლა და შეუკავებლობა.

დიაგნოზი

ენცეფალიტზე ექიმს ეჭვი სიმპტომების მიხედვით მიაქვს, განსაკუთრებით, თუ იმჟამად ეპიდემიური სიტუაციაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) მეშვეობით შესაძლებელია ტვინში ენცეფალიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებების აღმოჩენა. თუ მრტ-ის გადაღება ვერ ხერხდება, შეიძლება მის ნაცვლად კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) გაკეთდეს. ამის მეშვეობით ექიმი გამორიცხავს მსგავსი სიმპტომების გამომწვევ სხვა დაავადებებს (მაგ.: ინსულტსა და ტვინის სიმსივნეს) და ასევე, ისეთი დარღვევების არსებობას, რის გამოც ლუმბალური პუნქცია შეიძლება სახიფათო იყოს.

ლუმბალური პუნქცია თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის ასაღებად კეთდება. როგორც წესი, იგი შეიცავს სისხლის თეთრ და წითელ უჯრედებს ან ორივეს. ენცეფალიტის გამომწვევი ვირუსის აღმოსაჩენად, ექიმი აიღებს სისხლსაც და თავ-ზურგტვინის სითხესაც ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე გამოსაკვლევად. ეს ანალიზი ორჯერ ტარდება – მაშინ, როცა პაციენტი ავადაა და შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში. თუ თავ-ზურგტვინის სითხეში უფრო მეტად მოიმატა ანტისხეულების რაოდენობამ, ვიდრე სისხლში, დიაგნოზი დასტურდება. ზოგჯერ თავ-ზურგტვინის სითხე სპეციალური მეთოდებით ითესება ვირუსული კულტურის მისაღებად, რათა უფრო ზუსტად დადგინდეს გამომწვევი. ეს კვლევა ვირუსთა უმრავლესობისთვის არ გამოდგება, გარდა ენტეროვირუსებისა.

თუ ექიმს ეჭვი აქვს, რომ მიზეზი მარტივი ჰერპესის ვირუსით ინფექციაა, დიაგნოზის დასადასტურებლად პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) გამოიყენება. ამ მეთოდით მარტივი ჰერპესის ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენაა შესაძლებელი. დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიკრობით გამოწვეული ენცეფალიტი მძიმეა და შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს. იშვიათად, ტვინის ქსოვილის ნიმუშის ამოკვეთასა და მიკროსკოპით შესწავლასაც (ბიოფსიას) მიმართავენ, რათა დადგინდეს, მარტივი ჰერპესის ვირუსია გამომწვევი თუ სხვა მიკროორგანიზმი.

მკურნალობა

თუ მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ენცეფალიტი ვერ გამოირიცხა, ინიშნება ანტივირუსული საშუალება აციკლოვირი. იგი ეფექტიანია მარტივი ჰერპესის ვირუსისა და სარტყლისებრი ჰერპესის (ზოსტერის) ვირუსის წინააღმდეგ. ხშირად რამდენიმე ანტიბიოტიკიც ინიშნება, იმ შემთხვევისთვის, თუ გამომწვევი ბაქტერიაა. ციტომეგალოვირუსული ენცეფალიტის შემთხვევაში წამალი განციკლოვირი გამოიყენება.

აივ-ასოცირებული ენცეფალოპათიის დროს მედიკამენტების კომბინაცია ინიშნება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ინფექციისა და მისი გართულებების, მათ შორის დემენციის, პროგრესირების შესანელებლად. სხვა ვირუსებისთვის და მიზეზთა უმრავლესობისთვის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. სამედიცინო ჩარევის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება და საჭიროების შემთხვევაში სასიცოცხლო ფუნქციების მხარდაჭერა, სანამ ინფექცია გაივლიდეს – ანუ დაახლოებით 1-2 კვირა.