1. ლიმფოციტური ქორიომენინგიტი
  2. თავისა და ზურგის ტვინის ინფექციები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ლიმფოციტური ქორიომენინგიტი

ლიმფოციტური ქორიომენინგიტი გრიპის მსგავსი დაავადებაა, რომელსაც არენავირუსი იწვევს და ხშირად მენინგიტი მოჰყვება თან. ეს მაშინ ხდება, როცა თავისა და ზურგის ტვინის მფარავი გარსების ანთება ვითარდება.

  • ადამიანს ვირუსი შეიძლება მღრღნელების მიერ დაბინძურებული მტვრით ან საკვებით გადაედოს;

  • ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გრიპისმაგვარი სიმპტომებით ან მენინგიტით;

  • თუ სიმპტომები მენინგიტზე მიანიშნებს, ლუმბალური პუნქცია კეთდება;

  • მკურნალობა სიმპტომების შემსუბუქებისკენაა მიმართული;

  • ადამიანთა უმრავლესობა სრულიად გამოჯანმრთელდება.

ლიმფოციტური ქორიომენინგიტის გამომწვევი არენავირუსი გავრცელებულია მღრღნელებში, განსაკუთრებით სახლის ნაცრისფერ თაგვებსა და ზაზუნებში. ეს ცხოველები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინფიცირებულნი არიან და გამოყოფენ ვირუსს შარდით, განავლით, სპერმითა და ცხვირიდან გამონადენით. დაავადებას ადამიანებში ყველაზე ხშირად მათ მიერ დაბინძურებული მტვერი ან საკვები იწვევს. ინფექცია ხშირად ვითარდება შემოდგომასა და ზამთარში, როცა ველური მღრღნელები შენობებში გადაინაცვლებენ.

სიმპტომები

პაციენტთა უმრავლესობას ან საერთოდ არ აქვს სიმპტომები ან მხოლოდ მსუბუქად გამოხატული. განვითარების შემთხვევაში დაავადების ნიშნები ორ ეტაპად ვლინდება.

თავიდან, ვირუსით ინფიცირებიდან 5-10 დღეში გრიპისმაგვარი სიმპტომები ვითარდება. ტემპერატურა, როგორც წესი, 38.3-40ºC-ს აღწევს, ზოგჯერ თან ახლავს შემცივნება და კანკალი. პაციენტები უჩივიან უგუნებობას, გულისრევას, თავში სიმსუბუქის შეგრძნებასა და სისუსტეს. შესაძლოა გამოვლინდეს კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი თვალების უკან, რომელსაც მკვეთრი სინათლე აძლიერებს და უმადობა, ხანდახან ყელის ტკივილიც. 5 დღიდან 3 კვირამდე პერიოდში გრიპისმაგვარი სიმპტომები შესაძლოა 1-2 დღით გაქრეს.

მეორე ეტაპზე ისინი თავიდან ჩნდება და სხვა გამოვლინებებიც ვითარდება. ზოგჯერ მტევნისა და თითების სახსრები სივდება და მტკივნეული ხდება, იგივე ვლინდება სათესლეზეც, მის ანთებასთან ერთად. შესაძლოა დაიწყოს თმის ცვენა ან ღებინება, მენინგიტი თავის ტკივილთან და კისრის რიგიდობასთან ერთად, თუმცა, უფრო მსუბუქი, ვიდრე მწვავე ბაქტერიული მენინგიტის დროს.

მენინგიტის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა სრულიად გამოჯანმრთელდება. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ თავის ტკივილი და ცხელება პერიოდულად მეორდება თვეების მანძილზე.

დიაგნოზი

თავდაპირველად დაავადება გრიპის მსგავსად მიმდინარეობს, ამიტომ რაიმე გამოკვლევები არ ინიშნება.

თუკი სიმპტომები მენინგიტზე მიანიშნებს, ლუმბალური პუნქცია კეთდება თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის ასაღებად. ლიმფოციტური ქორიომენინგიტის შემთხვევაში სითხე ხშირად შეიცავს სისხლის თეთრი უჯრედების დიდ რაოდენობას, ძირითადად – ლიმფოციტებს. ანალიზისთვის იღებენ სისხლსაც.

დაავადების დიაგნოზს სვამენ ვირუსის ან მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენით სისხლსა და თავ-ზურგტვინის სითხეში.

მკურნალობა

რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ექიმები ცდილობენ შეამსუბუქონ სიმპტომები დაავადების გაქრობამდე – დაახლოებით 1-2 კვირა.