თავის ტვინის აბსცესი | მკურნალი.გე
  1. თავის ტვინის აბსცესი
  2. თავისა და ზურგის ტვინის ინფექციები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
თავის ტვინის აბსცესი

თავის ტვინის აბსცესი ამ ორგანოში ჩამოყალიბებული ადგილობრივი ჩირქგროვაა.

  • ტვინში აბსცესი შეიძლება ბაქტერიების თავის სხვა ნაწილიდან გავრცელების, სისხლით მიტანის ან ჭრილობიდან შეჭრის შედეგად განვითარდეს;

  • შედეგად ვლინდება თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა, სისუსტე სხეულის ცალ მხარეს ან გულყრები;

  • საჭიროა თავის გამოსახულებითი კვლევები;

  • ინიშნება ანტიბიოტიკები, ზოგჯერ ოპერაციული ჩარევაც საჭიროა.

ტვინის აბსცესი საკმაოდ იშვიათია. მას იწვევს ინფექციის თავის სხვა მიდამოდან (კბილიდან, ცხვირიდან, ყურიდან) პირდაპირ გავრცელება ან ორგანიზმის სხვა ნაწილიდან სისხლით მიტანა ტვინამდე. აბსცესი შეიძლება ამ ორგანოს ჭრილობის შედეგადაც განვითარდეს, როცა მასში მიკრობები შეაღწევს (შესაძლოა ტვინის ოპერაციის დროსაც).

ბაქტერიის მრავალ სახეობას შეუძლია ტვინის აბსცესის გამოწვევა, მათ შორის Staphylococcus aureusდაBacteroides fragilis-აც. Toxoplasma gondii, ერთუჯრედიანი პარაზიტების წარმომადგენელი და სოკოები, მაგ. ასპერგილუსი, აბსცესის ხშირი მიზეზია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში. იმუნური სისტემის დასუსტება შესაძლოა სხვადასხვა მდგომარეობამ გამოიწვიოს, მაგალითად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა (აივ), რომელიც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსს) იწვევს ან იმუნიტეტის დამთრგუნავი მედიკამენტების მიღებამ. ამ წამლებს გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის პრევენციისთვის ან ავთვისებიანი სიმსივნის, ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

ტვინის აბსცესის გარშემო სითხე გროვდება, შედეგად ამ ორგანოს ქსოვილები შუპდება და ქალასშიდა წნევა იზრდება. რაც უფრო დიდია ჩირქგროვა, მით უფრო გამოხატულია შეშუპება და მაღალია წნევა. თუ აბსცესი გასკდა ან ჩირქმა გამოჟონა თავ-ზურგტვინის სითხეში, მწვავე მენინგიტი ვითარდება.

სიმპტომები

ტვინის აბსცესი სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს, მდებარეობის, ზომისა და მის გარშემო ანთების, შეშუპების ხარისხის მიხედვით. პაციენტებს ზოგჯერ აწუხებთ თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უჩვეულო მოთენთილობა, რაც შესაძლოა კომაში გადაიზარდოს (ეს ხშირია ტვინში წნევის უფრო და უფრო მომატების დროს). ზოგჯერ გულყრები, სხეულის ცალ მხარეს სისუსტე ან აზროვნების გაძნელებაც ვლინდება. სიმპტომები შესაძლოა დღეების ან კვირების მანძილზე განვითარდეს. თავდაპირველად ზოგჯერ ცხელება და შემცივნებაცაა გამოხატული, მაგრამ შემდეგ ქრება.

დიაგნოზი

ტვინის აბსცესზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში საუკეთესო გამოკვლევა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა (მრტ) გადოლინიუმის გამოყენებით. ეს ნივთიერება პარამაგნიტური საკონტრასტო საშუალებაა, რომელიც ვენაში შეიყვანება და ტვინის დაზიანებულ ნაწილებს აჩვენებს გამოსახულებაზე (ანუ სადაც ტვინ-სისხლის ბარიერი დარღვეულია). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადოლინიუმი შეაღწევს ტვინის იმ უბნებში, სადაც მოშლილია სისხლიდან მათში სხვადასხვა ნივთიერების გადასვლის კონტროლი. თავად გადოლინიუმი საშიში არ არის. ასევე შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) გადაღება სპეციალური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით, რომელიც რენტგენის სხივებს არ ატარებს (რადიოგაუმჭვირვალე ნივთიერება). მრტ-ით უფრო კარგი გამოსახულება მიიღება და პათოლოგიის ადრეული ცვლილებები უკეთესად ჩანს, ვიდრე კტ-ით. თუმცა, დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა დამატებითი კვლევები გახდეს საჭირო, რადგან ტვინის სიმსივნე და ინსულტის შემდგომი დაზიანებაც მიაგავს აბსცესს. არსებობს მრტ-ს ერთი სახე, მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია, რომელსაც შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს აბსცესი (რაც მკვდარ ან მომაკვდავ ქსოვილს შეიცავს) და სიმსივნე (ცოცხალი, სწრაფად გამრავლებადი უჯრედების შემცველი).

გამომწვევი ორგანიზმის აღმოსაჩენად, ექიმი ჩირქის მცირე რაოდენობას ნემსით ამოიღებს აბსცესიდან. ნიმუში მიკროსკოპით შეისწავლება და ლაბორატორიაში იგზავნება ბაქტერიული კულტურის დასათესად, რათა სახეობის დადგენა შეძლონ. ნემსის აბსცესში მეტი სიზუსტით შესაყვანად პროცედურა მრტ ან კტ კონტროლის ქვეშ კეთდება. ამას სტერეოტაქტიკური ასპირაცია ან ბიოფსია ეწოდება და პაციენტის თავზე სპეციალური ჩარჩო მაგრდება. მისი საშუალებით ტვინის სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღება მრტ-ზე ან კტ-ზე და ექიმს შეუძლია ნემსი დიდი სიზუსტით შეიყვანოს პირდაპირ აბსცესში.

მკურნალობა

ტვინის აბსცესი სასიკვდილოა ანტიბიოტიკებითა და ზოგჯერ ოპერაციულად მკურნალობის გარეშე. ამ მედიკამენტებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება ცეფალოსპორინები (მაგ.: ცეფოტაქსიმი ან ცეფტრიაქსონი), ვანკომიცინი, ნაფცილინი და მეტრონიდაზოლი. ანტიბიოტიკი 4-6 კვირით ინიშნება, მრტ ან კტ კი 2 კვირაში ერთხელ მეორდება, რათა მკურნალობის ეფექტს დააკვირდნენ. თუ აბსცესი არ პატარავდება, ქირურგმა მისი შიგთავსი შესაძლოა ნემსის მეშვეობით ამოიღოს (სტერეოტაქტიკური მეთოდით, რათა ნემსი ზუსტად შეიყვანოს) ან ოპერაციის დროს გახსნას თავის ქალა და მთელი ჩირქგროვა ამოკვეთოს. გამოჯანმრთელება ზოგჯერ სწრაფად ხდება, ზოგჯერ კი ნელა, იმის მიხედვით, რამდენად წარმატებული იყო ოპერაცია, რამდენი აბსცესია ტვინში და რამდენად ძლიერია პაციენტის იმუნიტეტი. თუ იმუნური სისტემის დასუსტების გამო ადამიანსToxoplasma gondii-ით გამოწვეული აბსცესი აქვს, ანტიბიოტიკების მიღება მთელი სიცოცხლის მანძილზე იქნება აუცილებელი.

შეშუპებისა და გაზრდილი ქალასშიდა წნევის მკურნალობა საკმაოდ აქტიურადაა საჭირო, რადგან ამ გართულებებს ტვინის გამოუსწორებლად დაზიანება შეუძლია. გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, მაგ.: დექსამეტაზონი და სხვა მედიკამენტები, რომელთა მეშვეობითაც მცირდება შეშუპება და ქალასშიდა წნევა (მაგ.: მანიტოლი). გულყრების თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ ანტიკონვულსანტები ინიშნება.