კანკალი ანუ ტრემორი კუნთების განმეორებით შეკუმშვითა და მოდუნებით გამოწვეული უნებლიე, რიტმული მოძრაობაა.
კანკალი რაღაც ხარისხით ყველას აქვს. მაგალითად, ხელის გაწვდენის დროს მტევანი ოდნავ კანკალებს. ასეთ მსუბუქ, სწრაფ ტრემორს ფიზიოლოგიური ეწოდება, იგი ნორმაა და ასახავს კუნთების ზუსტ, ყოველწამიერ კონტროლს ნერვების მიერ. ადამიანთა უმრავლესობაში კანკალი იმდენად სუსტია, რომ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია.
ზოგ ფაქტორს შეუძლია ნორმალური ტრემორი გააძლიეროს და მკვეთრი გახადოს, მაგალითად: სტრესს, შფოთვას, დაღლილობას, ალკოჰოლის ან ზოგიერთი მედიკამენტის (მაგ.: ოპიოიდების) მოხსნის სინდრომს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებას (ჰიპერთირეოიდიზმს), კოფეინისა და ზოგი წამლის მიღებას, ასეთებია: თეოფოლინი და ბეტა-ადრენერგული აგონისტები (როგორიცაა ალბუტეროლი, ინიშნება ასთმის დროს), კორტიკოსტეროიდები და ვალპროატი (ანტიკონვულსანტი).
პათოლოგიური ტრემორის რამდენიმე სახე არსებობს. მათი კლასიფიკაცია შემდეგი თავისებურებების მიხედვით ხდება:
კანკალი შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაში განვითარდეს, რასაც მოსვენების ტრემორი ეწოდება, ხოლო თუ პირიქით, მოძრაობის დროს იწყება ან ძლიერდება – მას მოქმედების ტრემორს უწოდებენ. კანკალი იყოფა ინტენციურ ტრემორად (ვითარდება მიზანმიმართული მოძრაობის დროს) და პოსტურულ ტრემორად (იწყება კიდურის ერთ პოზაში გაჩერებისას). მიზეზების მიხედვით კანკალი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ესენციური, ნათხემისმიერი ან მეორეული. ამ უკანასკნელს რაიმე დაავადება ან მედიკამენტი იწვევს.
მოსვენების ტრემორი კუნთების მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს ვითარდება – ხელი ან ფეხი ადამიანის სრული მოდუნების დროსაც კი მოძრაობს. მასში ჩართული კუნთების გამოყენებისას ანუ მოძრაობისას, კანკალი ნაკლებად შესამჩნევი ხდება ან სულაც ქრება. მოსვენების კანკალი ხშირად ნელი და უხეშია.
ეს დარღვევა ვითარდება დიდი ტვინის ფუძეში მდებარე ნერვული უჯრედების (მათ შორის ქერქქვეშა ბირთვების) ფუნქციის მოშლისას, ძირითადად პარკინსონის დაავადების გამო. მოსვენების კანკალის სხვა ხშირი მიზეზი ანტიფსიქოზური საშუალებების მიღებაა.
მოსვენების ტრემორის მქონე პაციენტები ზოგჯერ თავს უხერხულად გრძნობენ საზოგადოებაში, თუმცა ეს პრობლემა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგ.: წყლის დალევაში, ნაკლებად უშლის ხელს.
ინტენციური ტრემორი მიზანმიმართული მოძრაობის ბოლოს (მაგ.: ღილაკზე თითის დაჭერისას) ან დამიზნების დროს ვითარდება (საგნისკენ ხელის გაწვდენისას). კანკალის გამო ადამიანმა შეიძლება სასურველ საგანს ააცილოს ხელი ან ფეხი. ინტენციური ტრემორი შედარებით ნელი და უხეშია.
დარღვევის მიზეზი ნათხემის ან მისი კავშირების დაზიანება შეიძლება იყოს. შესაბამისად, ნათხემისმიერი ტრემორი და ინტენციური ტრემორი სინონიმებია. ამას ხშირად იწვევს მრავლობითი სკლეროზი. ინსულტს, ვილსონის დაავადებას, ალკოჰოლიზმს და სედაციური საშუალებების ან ანტიკონვულსანტების დოზის გადამეტებას შეუძლია ნათხემის ფუნქციონირება მოშალოს და ინტენციური ტრემორი გამოიწვიოს.
პოსტურული ტრემორი ხელის ან ფეხის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ, ერთ პოზაში გაჩერებისას ვითარდება, მაგ.: მკლავების წინ გაწვდენისას.
თუ კანკალი ნელ-ნელა დაიწყო, იგი, როგორც წესი, ფიზიოლოგიური ან ესენციურია. თუ უეცრად განვითარდა, მიზეზი შეიძლება იყოს ტოქსიკური ნივთიერება, დაავადება (მაგ.: ჰიპერთირეოიდიზმი), ალკოჰოლის ან რაიმე მედიკამენტის მოხსნის სინდრომი ან ზოგი წამლის მიღება.
ესენციური ტრემორი ძირითადად ზრდასრულობის ადრეულ პერიოდში იწყება, მაგრამ ისე, ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. დაბერებასთან ერთად თანდათან კანკალიც უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, ზოგჯერ მას შეცდომით სენილურ (მოხუცებულობით) კანკალსაც უწოდებენ. ტრემორი, როგორც წესი, სწრაფი და ნაზია, მაგრამ შეიძლება უხეში, ნელი იყოს ან ორივენაირი.
ესენციური კანკალის ზოგი სახე, ე.წ. კეთილთვისებიანი მემკვიდრეობითი ტრემორი, ოჯახურად გადაეცემა. მიზეზი უცნობია, მაგრამ ესენციური კანკალი რაიმე სერიოზულ დაავადებაზე არ მიანიშნებს (მიუხედავად იმისა, რომ თუ მძიმეა, საკმაოდ უნარშემზღუდველიც შეიძლება იყოს).
ამ დარღვევამ შესაძლოა მოიცვას ხელები, თავი და ხმაც კი. როგორც წესი, კანკალი მოსვენებისას წყდება და მაშინ იწყება, როცა კიდური არც ისე კომფორტულ პოზაშია გაჩერებული. ტრემორი შესამჩნევი ხდება კიდურის გაწვდენისას. მაგალითად, მტევნის ან მაჯის კანკალი უფრო ძლიერია, როცა მაჯა ზევითაა მოხრილი, თითები კი გაშლილი. ტრემორი სხეულის ორივე მხარეს მოიცავს, მაგრამ შეიძლება ერთ ნახევარში უფრო ვლინდებოდეს. ზოგჯერ თავიცაა ჩართული და ზევით-ქვევით მოძრაობს ან ხმაც კანკალებს.
ნებისმიერმა ფაქტორმა, რაც ნორმალურ (ფიზიოლოგიურ) ტრემორს აუარესებს (სტრესი, დაღლილობა, კოფეინის მიღება), შესაძლოა ესენციური ტრემორიც გააძლიეროს. ალკოჰოლის მიღება პირიქით, ნაკლებად შესამჩნევს ხდის კანკალს.
ეს დარღვევა, როგორც წესი, მსუბუქად ვლინდება. თუმცა, ზოგჯერ საკმაოდ შემაწუხებელიცაა და ადამიანებს რცხვენიათ მისი. კანკალის გამო შეიძლება ხელწერაც შეიცვალოს და მოწყობილობების გამოყენება გაძნელდეს. ზოგჯერ ტრემორი თანდათან უარესდება დროთა განმავლობაში, რის გამოც შესაძლებლობები იზღუდება.
ასტერიქსი: ასტერიქსი ჰგავს, მაგრამ არ არის კანკალი. იგი მაშინ ვითარდება, როცა შეკუმშულ კუნთთა ჯგუფი უეცრად და დროებით დუნდება. მაგალითად, ხელის წინ გაშვერისას მტევანი უეცრად ჩამოვარდება და შემდეგ საწყის მდებარეობას უბრუნდება. ეს მოძრაობები განმეორებითია, უხეში, ნელი და არარიტმული.
ასტერიქსის მიზეზი ხშირად ღვიძლის უკმარისობაა, ამიტომ მას "ღვიძლისმიერ ფარფატსაც" უწოდებენ. გამომწვევი ასევე შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობა, ზოგი მედიკამენტის მიღება ან ტვინის დაზიანება (ენცეფალოპათია) მეტაბოლური დარღვევის გამო. დარღვევას თან ხშირად კანკალი და მიოკლონუსებიც ახლავს.
თუ ადამიანს შესამჩნევი კანკალი განუვითარდა, ექიმის კონსულტაციაა საჭირო. სპეციალისტი სიმპტომების თავისებურებების მიხედვით ტრემორის სახეს განსაზღვრავს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რომელი დიაგნოსტიკური კვლევები დაინიშნება შემდეგ.
მსუბუქი კანკალის დროს მკურნალობა საჭირო არ არის. თუ ეს პრობლემა შემაწუხებელი გახდა, ზოგჯერ ეფექტიანია შემდეგი ხერხები:
დამხმარე ნივთებში შედის: სპეციალური, მოხრილი დანები; მოწყობილობები დიდი სახელურით და თუ კანკალი ძალიან ძლიერია – ღილების შესაკრავი კავი; ფხრიწიანი შესაკრავები (ღილების და ფეხსაცმლის თასმების ნაცვლად); ელვა-შესაკრავები; საწრუპები; ფეხსაცმლის მაშველები.
ფიზიოლოგიური ან ესენციური ტრემორის შესამსუბუქებლად საჭიროა გამომწვევი ფაქტორის თავიდან არიდება ან შემცირება. მაგალითად, ჰიპერთირეოიდიზმის მკურნალობა ზოგჯერ ეფექტიანია ამ დროს. საშუალო რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაც ამცირებს კანკალს. თუმცა, მისი ჭარბად მოხმარება და უეცრად შეწყვეტა კიდევ უფრო აუარესებს პრობლემას. თუ მრავალი ყოველდღიური საქმიანობა (მაგ.: მოწყობილობების გამოყენება და ჭიქიდან დალევა სადილობისას) რთულდება ან კანკალი პაციენტის პროფესიასთან შეუთავსებელია, მედიკამენტები ინიშნება. სამკურნალოდ შესაძლოა გამოიყენონ ბეტა-ბლოკერი (მაგ.: პროპრანოლოლი), ანტიკონვულსანტი პრიმიდონი ან ორივე.
თუ მოსვენების კანკალს პარკინსონის დაავადება იწვევს, მისი გამოსწორება დაავადების მკურნალობით ხდება, ამ პრობლემისთვის ხშირად ეფექტიანია ანტიქოლინერგული საშუალებები, მაგ.: ტრიჰექსიფენიდილი და ბენზტროპინი.
ინტენციური ტრემორის მკურნალობა რთულია, მაგრამ თუ ნათხემის დამაზიანებელი მდგომარეობის გამოსწორება მოხერხდა, ზოგჯერ კანკალიც ქრება. როცა ეს შეუძლებელია, ფიზიკური თერაპიის სპეციალისტებმა შესაძლოა მაჯებსა და კოჭებზე სიმძიმეები მოათავსონ შესაბამის კიდურებზე, რათა კანკალი შემცირდეს. ზოგჯერ პაციენტებს ასწავლიან, სწორად როგორ გამოიყენონ კიდური მოძრაობისას, რაც ეფექტიანია პრობლემის წინააღმდეგ.
ტვინის ღრმა სტიმულაცია: კანკალის წარმოშობაში ჩართულ ტვინის უბნებში პატარა ელექტროდები ინერგება, რომელთა მეშვეობითაც უმტკივნეულო ელექტრული დენი ტარდება ტრემორის იმპულსების ჩასახშობად. ტვინის ღრმა სტიმულაციას ზოგჯერ მაშინ მიმართავენ, როცა მედიკამენტები ეფექტიანი არ არის ძლიერი, შესაძლებლობების შემზღუდველი ტრემორის ან მოსვენებითი კანკალის წინააღმდეგ. ესენციური ტრემორის დროს სტიმულირდება თალამუსი (ნერვული უჯრედების ჯგუფი ტვინის ფუძეში), მოსვენების კანკალის დროს კი – თალამუსი ან სუბთალამური ბირთვი (თალამუსის ქვეშ მოთავსებული). ასეთი პროცედურები მხოლოდ სპეციალიზებულ ცენტრებში ტარდება.