პარკინსონის დაავადება | მკურნალი.გე
  1. პარკინსონის დაავადება
  2. მოძრაობის დარღვევები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის ნელა პროგრესირებადი, დეგენერაციული პათოლოგიაა. იგი ხასიათდება კანკალით კუნთების მოსვენებულ მდგომარეობაში (მოსვენების ტრემორი), კუნთების ტონუსის გაზრდით (რიგიდობა), ნებითი მოძრაობების შენელებითა და წონასწორობის დაცვის გაძნელებით (პოსტურული არასტაბილურობა). ბევრ დაავადებულ ადამიანს დემენცია უვითარდება.

  • პარკინსონის დაავადება გამოწვეულია ტვინის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ მოძრაობების კოორდინაციის მაკონტროლებელი უბნის დეგენერაციით;

  • ხშირად ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი მოსვენების მდგომარეობაში განვითარებული კანკალია;

  • კუნთები დაჭიმული ხდება, მოძრაობები ნელი და არაკოორდინირებული, წონასწორობა იოლად იკარგება;

  • დიაგნოსტიკა სიმპტომებს ეფუძნება;

  • სიმპტომების შესამსუბუქებლად ეფექტიანია ცხოვრების წესის შეცვლა, მედიკამენტები (მაგ.: ლევოდოპა და კარბიდოპა ერთად), ზოგჯერ – ოპერაციაც, თუმცა დაავადება მაინც პროგრესირებს, საბოლოოდ, მძიმე უნარშეზღუდულობას და მოძრაობის უნარის დაკარგვას იწვევს.

პარკინსონის დაავადება 40 წელზე მეტი ასაკის 250 ადამიანიდან ერთს ემართება, 65 წელზე უფროს ასაკში 100-დან ერთს, ხოლო 80 წლის ზევით – 10-დან ერთს. იგი ხშირად 50-დან 79 წლამდე ასაკში იწყება. იშვიათად, დაავადება ბავშვებსა და მოზარდებშიც გვხვდება.

ტვინის მიერ სხეულის მოძრაობისთვის (მაგ.: ხელის ასაწევად) წარმოქმნილმა იმპულსმა ჯერ ქერქქვეშა ბირთვებში უნდა გაიაროს (ანუ ამ ორგანოში ღრმად მდებარე ნერვულ უჯრედთა ჯგუფში). ეს ბირთვები კუნთთა მოძრაობებს უფრო გლუვს ხდის და პოზის შეცვლისას მათ კოორდინაციას უზრუნველყოფს. ყველა ნერვული უჯრედის მსგავსად, ქერქქვეშა ბირთვების ნეირონებიც ქიმიურ გადამცემებს (ნეიროტრანსმიტერებს) გამოყოფს, რათა იმპულსი შემდეგ ნერვულ უჯრედს გადაეცეს. ტვინის ამ უბანში მთავარი ნეირომედიატორი დოფამინია. მისი ძირითადი ეფექტი კუნთებისთვის ნერვული იმპულსების გადაცემის გაზრდაა. პარკინსონის დაავადების დროს ქერქქვეშა ბირთვების უჯრედთა ნაწილი (ე.წ. შავი ნივთიერება) დეგენერაციას განიცდის, რაც ამცირებს დოფამინის წარმოქმნას და ამ უბანში ნეირონებს შორის კავშირების რაოდენობას. შედეგად, ქერქქვეშა ბირთვებს აღარ შეუძლიათ მოძრაობები უფრო გლუვი გახადონ, ისე, როგორც ნორმაში უნდა ხდებოდეს. ეს კი იწვევს: კანკალს, კოორდინაციის მოშლას, მოძრაობების შენელებასა (ბრადიკინეზია) და გაიშვიათებას (ჰიპოკინეზია).

უცნობია, რა იწვევს პარკინსონის დაავადებას. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, იგი შესაძლოა სინუკლეინის (ცილა ტვინში, რომელიც ეხმარება ნერვულ უჯრედებს ერთმანეთთან კავშირში) პათოლოგიური დაგროვების შედეგი იყოს. ამ დროს ტვინის ზოგ უბანში, განსაკუთრებით კი შავ ნივთიერებაში (დიდ ტვინში, ღრმად), ხშირად ლევის სხეულები წარმოიქმნება, რაც არღვევს ტვინის ფუნქციონირებას. ლევის სხეულები ამ ორგანოსა და ნერვული სისტემის სხვა ნაწილებშიც შეიძლება დაგროვდეს და სხვა დაავადებების განვითარებაშიც მიიღოს მონაწილეობა. დემენციის დროს ლევის სხეულები ტვინის მთელ გარეთა შრეში (ქერქში) გროვდება. ისინი შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების წარმოშობაშიც იყოს ჩართული.

დაავადებულთა 15-20%-ს ჰყავს ამავე პათოლოგიის მქონე ნათესავები. შესაბამისად, რაღაც როლს, ალბათ, გენეტიკური ფაქტორიც თამაშობს.

პარკინსონიზმი ნიშნავს პარკინსონის დაავადების სიმპტომების (მაგ.: მოძრაობის შენელებისა და კანკალის) განვითარებას სხვა დარღვევის დროს. იგი ბევრმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს.

სიმპტომები

პარკინსონის დაავადება, როგორც წესი, შეუმჩნევლად იწყება და ნელ-ნელა ღრმავდება. დაავადებულთა ორ მესამედში პირველი სიმპტომი კანკალია. სხვებში თავიდან მოძრაობის გაძნელება ან ყნოსვის დაქვეითება ვლინდება.

დაავადება, როგორც წესი, შემდეგნაირად ვლინდება:

  • ტრემორი: კანკალი უხეში და რიტმულია, ხშირად ვითარდება ცალ მტევანზე, როცა იგი მოდუნებულია (მოსვენების კანკალი). მას "ბურთულას გორაობის" ტრემორს უწოდებენ, რადგან ხელი ისე მოძრაობს, თითქოს თითებშორის პატარა საგანს აგორავებდეს ადამიანი. კანკალი სუსტდება მიზანმიმართული მოძრაობის დაწყებისას და სრულიად ქრება ძილში. ტრემორი ნელ-ნელა პროგრესირებს და გადადის მეორე მტევანზე, მკლავებსა და ფეხებზე. ზოგჯერ კანკალი მოიცავს ყბას, ენას, შუბლსა და ქუთუთოებს, მაგრამ არა ხმას. პაციენტთა ნაწილში ტრემორი საერთოდ არ ვითარდება.

  • დაჭიმულობა (რიგიდობა): კუნთები დაჭიმული ხდება, რაც აძნელებს მოძრაობას. სხვა ადამიანის მიერ დაავადებულის წინამხრის მოხრა ან გაშლა რთულია, წარმოიშობა კბილანას მოძრაობისმაგვარი წინააღმდეგობა (ე.წ. "დაკბილული ბორბლის" რიგიდობა).

  • შენელებული მოძრაობა: მოძრაობების წამოწყება რთულდება, თავად ისინი კი ნელდება და იშვიათდება. შესაბამისად, პაციენტი ნაკლებად მოძრაობს და გადაადგილდება.

  • წონასწორობისა და პოზის შენარჩუნების გაძნელება: დაავადებული ადამიანი წინაა გადახრილი, წონასწორობის დაცვა კი რთულდება, რაც წინ ან უკან წაქცევის რისკს ზრდის. იმის გამო, რომ მოძრაობებიც შენელებულია, პაციენტებს ხშირად უჭირთ ხელების სწრაფად გამოძრავება, რათა არ დაეცნენ.

ძნელდება სიარული, განსაკუთრებით კი პირველი ნაბიჯის გადადგმა. პაციენტები მოკლე-მოკლე ნაბიჯებით დადიან, ხელები მაჯაში მოხრილი აქვთ და არ ამოძრავებენ მკლავებს. ზოგ მათგანს უჭირს გაჩერება ან შემოტრიალება სიარულის დროს. დაავადების შორსწასულ შემთხვევაში, ადამიანები უეცრად ჩერდებიან და წინ ვეღარ მიდიან, რადგან ისეთი გრძნობა აქვთ, თითქოს ფეხები იატაკზე მიეწებათ (ე.წ. გაშეშება). პაციენტები ზოგჯერ უნებურად, ნელ-ნელა აჩქარებენ ნაბიჯს, რათა არ დაეცნენ და ბოლოს სიარული ბორძიკით სირბილში გადაიზრდება. ამას უნებლიე აჩქარების სიმპტომი ეწოდება.

დაჭიმულობა და უმოძრაობა კუნთების ტკივილს, დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. მტევნების წვრილი კუნთების ფუნქციაც იშლება დაავადებისას, ამიტომ უფრო და უფრო რთულდება ყოველდღიური საქმიანობა, მაგ.: პერანგის ღილების ან ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. დაავადებულთა უმრავლესობას უსწორმასწორო, წვრილსიმბოლოებიანი კალიგრაფია აქვს (მიკროგრაფია), რადგან გაძნელებულია კალმის ყოველი მოსმის წამოწყება და შენარჩუნება. შეგრძნებები და კუნთთა ძალა, როგორც წესი, დარღვეული არ არის.

სახე ნაკლებად გამომხატველობითი ხდება (ნიღბისებური), რადგან მიმიკების წარმომქმნელი კუნთები აღარ მოძრაობს. ეს სიმპტომი ზოგჯერ შესაძლოა შეცდომით დეპრესიად იქნეს აღქმული ან პირიქით, მან თავად გამოიწვიოს დეპრესია უგულებელყოფის შემთხვევაში. ზოგჯერ პაციენტს გამომეტყველება უშტერდება, პირი ღია აქვს და თვალებს იშვიათად ახამხამებს. სახისა და ყელის კუნთების დაჭიმულობა ყლაპვასაც აძნელებს, ამიტომ ნერწყვი შესაძლოა პირიდან გადმოდიოდეს ან გადასცდეს ადამიანს. დაავადებულების მეტყველება ჩუმი და მონოტონურია, ზოგჯერ ენა ებმით, რადგან სიტყვების გამოთქმა უჭირთ.

პარკინსონის დაავადება სხვა სიმპტომებსაც იწვევს:

  • ხშირია უძილობა, უფრო იმიტომ, რომ პაციენტს ხშირად ეშარდება და სიმპტომებიც ღამით უარესდება, რაც საწოლში გადატრიალებას აძნელებს. ძილის დროს თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზის ქცევითი დარღვევებიც ხშირია. ამ დროს კიდურები, რომლებიც წესით, სწრაფი ძილის დროს უმოძრაოდაა, უეცრად და მკვეთრად მოძრაობს. ამის გამო შეიძლება საწოლში გვერდზე მწოლიარე ადამიანიც დაშავდეს. უძილობა ხელს უწყობს დეპრესიასა და მოთენთილობას დღისით;

  • რთულდება მოშარდვის დაწყება და გაგრძელება (ამას ეწოდება ყოყმანი მოშარდვისას);

  • ზოგჯერ შეკრულობაც ვითარდება, რადგან ნაწლავების შიგთავსი უფრო ნელა გადაადგილდება. ამას კიდევ უფრო აუარესებს უმოძრაობა და ლევოდოპა – პარკინსონის დაავადების მთავარი სამკურნალო საშუალება;

  • წამოდგომისას შესაძლოა არტერიული წნევა უცებ და ძალიან დაეცეს (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

  • დაავადებულთა დაახლოებით ნახევარს დემენცია უვითარდება. ბევრ პაციენტში ინტელექტი არ ქვეითდება.

დიაგნოზი

პარკინსონის დაავადების არსებობა სავარაუდოა, თუ პაციენტს მოძრაობის შენელება და გაიშვიათება აქვს, დამახასიათებელ კანკალთან ან კუნთთა დაჭიმულობასთან ერთად. დაავადების მსუბუქი, ადრეული სტადიის დროს დიაგნოზის დასმა ზოგჯერ რთულია, რადგან დასაწყისი შეუმჩნეველია. ეს განსაკუთრებით გაძნელებულია მოხუცებში, იმიტომ, რომ დაბერებას ისედაც ახლავს თან პარკინსონის დაავადების ზოგიერთი სიმპტომი, მაგ.: წონასწორობის მოშლა, მოძრაობის შენელება, კუნთთა დაჭიმულობა და წინ გადახრილი პოზა. სიმპტომების სხვა მიზეზთა გამოსარიცხად, ექიმი დაინტერესდება, რა დაავადებები აქვს გადატანილი ადამიანს, მომწამვლელ ნივთიერებებთან ხომ არ ჰქონია რაიმე შეხება და ხომ არ იღებს პარკინსონიზმის გამომწვევ მედიკამენტებს.

დიაგნოზის რომელიმე გამოსახულებითი კვლევით ან ანალიზით დადასტურება შეუძლებელია. თუმცა, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით ზოგჯერ ისეთი ორგანული დაზიანების აღმოჩენა ხერხდება, რაც სიმპტომებს იწვევს. ერთჯერადი ფოტონური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიისა (SPECT) და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიით (პეტ) შესაძლებელია დაავადებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა ტვინში. თუმცა, მათ ამჟამად მხოლოდ სამეცნიერო კვლევებში იყენებენ. როცა დიაგნოზი გაურკვეველია, ექიმი ლევოდოპას – პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებას – დაუნიშნავს პაციენტს. თუ შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა მდგომარეობა, სავარაუდოა, რომ ადამიანს ეს პათოლოგია აქვს.

მკურნალობა

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს ზოგჯერ ზოგადი მეთოდები ეხმარება უკეთ საქმიანობაში. ბევრი მედიკამენტი (მაგ.: ლევოდოპა-კარბიდოპა) არსებობს, რომელთაც შეუძლიათ მოძრაობა გააიოლონ და მრავალი წლის მანძილზე მისცენ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება. მაგრამ დაავადება არ იკურნება. ზოგჯერ ორი ან მეტი მედიკამენტის ერთად მიღებაა საჭირო. მოხუცებში დოზებს ხშირად ამცირებენ. სიმპტომების გამომწვევი ან გამაუარესებელი საშუალებების, განსაკუთრებით კი ანტიფსიქოზური წამლების დანიშვნა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. თუ დაავადება შორსწასულია და მედიკამენტები არაეფექტიანია ან მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევს, ოპერაციული მკურნალობის საკითხი განიხილება.

ზოგადი ხერხები: დაავადებულ ადამიანებს მოძრაობის უნარისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში სხვადასხვა მარტივი ხერხი შეიძლება დაეხმაროს:

  • ყოველდღიური საქმიანობის მაქსიმალურად გაგრძელება

  • რეგულარული სავარჯიშოების შესრულება

  • ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება – მაგ.: ტანსაცმელზე ღილების ფხრიწებით შეცვლა ან ასეთივე შესაკრავის მქონე ფეხსაცმლის ხმარება

  • დამხმარე ნივთების, მაგ.: ელვა-შესაკრავებისა და ღილის შესაკრავი კავების გამოყენება

ფიზიკური თერაპიისა და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტებს შეუძლიათ ასწავლონ პაციენტებს, როგორ დაიხმარონ ეს საშუალებები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, სავარჯიშოები კუნთების ტონუსისა და მოძრაობის სიფართოვის გასაუმჯობესებლად. სპეციალისტმა შესაძლოა ადამიანს ურჩიოს მექანიკური მოწყობილობების გამოყენება, მაგ.: ბორბლებიანი დასაყრდნობის, რათა პაციენტი ნაკლებად იყოს დამოკიდებული სხვებზე. ზოგი მარტივი ცვლილება სახლში გარემოს უფრო უსაფრთხოს ხდის დაავადებულთათვის:

  • პატარა ნოხების აღება იატაკიდან, რათა ადამიანი არ წამოედოს მათ

  • სახელურებისა და მოაჯირების დაყენება აბაზანაში, დერეფნებსა და სხვა ოთახებში, რათა დაცემის რისკი შემცირდეს

შეკრულობის დროს ზოგჯერ ეფექტიანია:

  • ბოჭკოებით მდიდარი საკვების, მაგ.: ქლიავის ჩირის ან ხილის წვენების მიღება

  • ვარჯიში

  • დიდი რაოდენობით სითხის მიღება

  • განავლის გამათხელებელი საშუალებების (მაგ.: სენას ნაყენი), დანამატების (მაგ.: მრავალძარღვა) ან მასტიმულირებელი საფაღარათოების (მაგ.: ბისაკოდილი დასალევად) მიღება, რათა კუჭის მოქმედება რეგულარული იყოს

ყლაპვის გაძნელების გამო ზოგჯერ პაციენტები ცოტას ჭამენ, ამიტომ საკვები ნოყიერი უნდა იყოს. უფრო ძლიერად დაყნოსვა სუნის შეგრძნებას და ზოგჯერ მადასაც აუმჯობესებს.

ლევოდოპა-კარბიდოპა: თავდაპირველად, როგორც წესი, ლევოდოპა გამოიყენება კარბიდოპასთან ერთად. ეს მედიკამენტები დასალევად ინიშნება და პარკინსონის დაავადების ძირითადი სამკურნალო საშუალებებია. თუმცა, ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ ლევოდოპას ადრეულ სტადიაზევე გამოყენებისას გვერდითი მოვლენები უფრო სწრაფად ვითარდება და წამალი ეფექტურობას მალევე კარგავს. შესაბამისად, ზოგჯერ თავიდან ანტიქოლონერგული საშუალება, ამანტადინი ან დოფამინის მსგავსი მოქმედების მქონე მედიკამენტი (დოფამინური აგონისტი) ინიშნება. ლევოდოპა აქვეითებს კუნთთა დაჭიმულობას, აუმჯობესებს მოძრაობას და მნიშვნელოვნად ამცირებს კანკალს. ამ საშუალების მიღება მდგომარეობის მკვეთრ გამოსწორებას იწვევს პაციენტებში. ლევოდოპას გამოყენებისას დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე ბევრ ადამიანს შეუძლია თითქმის ჩვეულებრივად აქტიური იყოს, ხოლო ზოგ საწოლს მიჯაჭვულ პაციენტს – კვლავ იაროს. თუმცა, მედიკამენტი ხშირად ეფექტიანი არ არის პარკინსონიზმის დროს (რომელსაც სხვა დაავადება იწვევს).

ლევოდოპა დოფამინის წინამორბედია ანუ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ამ ნივთიერებად გარდაიქმნება. ეს პროცესი შესაძლოა ქერქქვეშა ბირთვებში წარიმართოს, რითიც კომპენსირდება დოფამინის წარმოქმნის შემცირება. თუმცა, ლევოდოპა ამ ნივთიერებად შესაძლოა ნაადრევად, ტვინში შეღწევამდე გარდაიქმნას. ასეთ შემთხვევაში სიმპტომების შესამსუბუქებლად ნაკლები დოფამინი გროვდება ამ ორგანოში, თუმცა იზრდება ნივთიერების შემცველობა სისხლში, რაც გვერდით მოვლენებს – მაგ.: გულისრევას, წამოწითლებას იწვევს. კარბიდოპას ლევოდოპასთან ერთად მიღება ხელს უშლის ლევოდოპას ნაადრევ გარდაქმნას. ამ ორი მედიკამენტის დანიშვნა საშუალებას იძლევა, შემცირდეს ლევოდოპას დოზა, გულისრევა და წამოწითლება კი უფრო იშვიათად და მსუბუქად ვლინდება.

კონკრეტული პაციენტისთვის ლევოდოპას დოზის განსაზღვრის დროს ექიმმა ბალანსი უნდა დაიცვას: ერთი მხრივ საჭიროა დაავადების სიმპტომების შემსუბუქება, მეორე მხრივ კი ადამიანის მიერ ასატანი მედიკამენტის რაოდენობა შეზღუდულია, რადგან იგი მაღალ დოზებში გვერდით მოვლენებს იწვევს. არასასურველი ეფექტებიდან აღსანიშნავია: უნებლიე მოძრაობები (პირის, სახისა და კიდურების), კოშმარები, ჰალუცინაციები და არტერიული წნევის ცვლილება.

ლევოდოპას 5 წელზე მეტი ხნით მიღების შემდეგ პაციენტთა ნახევარზე მეტის მდგომარეობა სწრაფად იწყებს ცვალებადობას ორ უკიდურესობას შორის: მედიკამენტი ხან საკმაოდ ეფექტიანია, ხან საერთოდ არა – ამას on-off (ჩართვა-გამორთვის) ფენომენი ეწოდება. მეტნაკლებად მოძრავი პაციენტი წამებში შესაძლოა სრულიად უმოძრაო და მძიმედ უნარშეზღუდული გახდეს. წამლის მოქმედების ხანგრძლივობა ყოველი დოზის მიღების შემდეგ უფრო და უფრო მცირდება და ამას ზოგჯერ უნებლიე მოძრაობებიც (დისკინეზიებიც) ახლავს თან ლევოდოპას მიღების გამო, მაგ.: დაგრეხა ან ჰიპერაქტიურობა. უფრო დაბალი დოზების უფრო ხშირად მიღება რაღაც პერიოდით გამოასწორებს ხოლმე ამ მდგომარეობას. ასევე შესაძლებელია მედიკამენტის კონტროლირებული გამოთავისუფლების ფორმაზე გადასვლა, დოფამინური აგონისტის ან ამანტადინის დამატება. თუმცა, 15-20 წლის შემდეგ ჩართვა-გამორთვის ეფექტების გაკონტროლება ძალიან ძნელდება. ამ შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა განიხილება.

სხვა მედიკამენტები: სხვა საშუალებები ზოგადად ლევოდოპაზე ნაკლებად ეფექტიანია, მაგრამ ზოგი პაციენტისთვის მაინც კარგი შედეგი აქვთ, განსაკუთრებით, თუ ლევოდოპას ვერ იტანს ორგანიზმი ან მხოლოდ ის არასაკმარისია.

დოფამინური აგონისტები (მაგ.: პრამიპექსოლი და როპინიროლი), რომლებსაც ამ ნივთიერების მსგავსი მოქმედება აქვთ, შეიძლება დაავადების ნებისმიერ სტადიაზე დაინიშნოს. ერთ-ერთი მათგანი, როტიგოტინი, კანზე დასაკრავი ფირფიტის სახით არსებობს. აპომორფინი სწრაფადმოქმედი დოფამინური აგონისტია, რომელიც კანქვეშ (სუბკუტანურად) შეიყვანება და ლევოდოპას on-off ფენომენის დროს არაეფექტიანი ფაზის ნაწილობრივ გამოსასწორებლად ინიშნება (ანუ მაშინ, როცა პაციენტს მოძრაობის წამოწყება უჭირს). შესაბამისად, ეს მედიკამენტი დამხმარე თერაპიისთვის გამოიყენება. იგი ხშირად ინიშნება გაშეშების სიმპტომის დროს, როცა ადამიანი ადგილიდან ვერ იძვრის, წინ ვერ მიდის. პაციენტმა ან სხვამ (მაგ.: ოჯახის წევრმა) მედიკამენტი კანქვეშ დღეში არა უმეტეს 5-ჯერ შეიძლება შეიყვანოს, საჭიროების მიხედვით.

რაზაგილინი და სელეგილინი მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო ინჰიბიტორები) ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი დოფამინის დაშლას უშლის ხელს, რითიც ხანგრძლივდება ამ ნივთიერების მოქმედება ორგანიზმში. მედიკამენტებს საკმაოდ მძიმე გვერდითი მოვლენა, ჰიპერტენზიული კრიზი შეიძლება ჰქონდეთ ზოგ საკვებთან (ზოგი სახის ყველთან), სასმელთან (წითელი ღვინო) ან წამალთან ერთად მიღებისას. თუმცა, ეს არასასურველი ეფექტი ნაკლებად ვითარდება პარკინსონის დაავადების მკურნალობისას, რადგან ამ დროს დაბალი დოზები გამოიყენება, თანაც ისეთი მაო ინჰიბიტორები ინიშნება (B ტიპის), რომელთაც ნაკლებად ახასიათებთ ეს გვერდითი მოვლენა.

ენტაკაპონი დოფამინის დაშლას უშლის ხელს და, როგორც ჩანს, ლევოდოპას საკმაოდ ეფექტიანი ჩამნაცვლებელი შეიძლება იყოს. ტოლკაპონსაც მსგავსი მოქმედება აქვს, მაგრამ იშვიათად გამოიყენება, რადგან ზოგჯერ ღვიძლს აზიანებს.

ზოგიერთი ანტიქოლინერგული საშუალება, მაგ.: ბენზტროპინი და ტრიჰექსიფენიდილი, კანკალის სიძლიერის შესამცირებლად ეფექტიანია და შესაძლოა პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიაზე დაინიშნოს. მოგვიანებით კი მათი გამოყენება ლევოდოპას ჩასანაცვლებლად შეიძლება. კანკალის ინტენსივობის შემცირება აცეტილქოლინის მოქმედების დაბლოკვის ხარჯზე ხდება, რადგან ითვლება, რომ ტრემორს იწვევს ბალანსის მოშლა აცეტილქოლინსა (სიჭარბე) და დოფამინს (სიმცირე) შორის.

ანტიქოლინერგული მოქმედების მქონე სხვა მედიკამენტები, მაგ.: ზოგი ანტიჰისტამინური საშუალება და ტრიციკლური ანტიდეპრესანტი, არც ისე ეფექტიანია და ლევოდოპას ჩამნაცვლებლად გამოიყენება. თუმცა, მრავალი ანტიქოლინერგული ეფექტი პრობლემებს იწვევს, განსაკუთრებით კი მოხუცებში. მათ შორისაა: დეზორიენტაცია, მოთენთილობა, პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, თავბრუხვევა, შეკრულობა, შარდვის გაძნელება და შარდის შეუკავებლობა.

ამანტადინი ზოგჯერ გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა პარკინსონის დაავადების დროსაც შეიძლება დაინიშნოს ცალკეც და ლევოდოპას ჩამნაცვლებლადაც. ამანტადინს ბევრნაირი მოქმედება აქვს, რაც მის ეფექტურობას უზრუნველყოფს. მაგალითად, იგი სავარაუდოდ ნერვული უჯრედების მიერ დოფამინის გამოყოფას ასტიმულირებს.

კანკალის შესამსუბუქებლად ბეტა-ბლოკერი, პროპრანოლოლი შეიძლება დაინიშნოს.

ტვინის ღრმა სტიმულაცია: ლევოდოპას ხანგრძლივი ხმარებით გამოწვეული უნებლიე მოძრაობების დროს ზოგჯერ ეფექტიანია ტვინის ღრმა სტიმულაცია. პატარა ელექტროდები ქირურგიულად ინერგება ქერქქვეშა ბირთვების ერთ ნაწილში. მისი სტიმულირებით მკურნალობის ეს მეთოდი ხშირად მნიშვნელოვნად აქვეითებს უნებლიე მოძრაობებსა და კანკალს, ამცირებს on-off ფენომენის უეფექტო ფაზის ხანგრძლივობას.

ღეროვანი უჯრედები: პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საკმაოდ დიდი განხილვის საგანი გახდა. თეორიულად შეიძლება, რომ ძვლის ტვინიდან ან ემბრიონებიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები გადაინერგოს ტვინში და შემდეგ თავად წარმოქმნან დოფამინი. თუმცა, კვლევებს იმის დასადგენად, ეს მეთოდი ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება თუ არა ადამიანებისთვის, მრავალი წელი დასჭირდება.

მომვლელი და სიცოცხლის დასასრულის საკითხები: პარკინსონის დაავადება პროგრესირებადია, ამიტომ დროთა განმავლობაში პაციენტებს დახმარება დასჭირდებათ ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგ.: ჭამაში, აბაზანის მიღებაში, ჩაცმასა და საჭირო ოთახით სარგებლობაში. მომვლელისთვის სასარგებლოა, იცოდეს, რა ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები აქვს დაავადებას, როგორ დაეხმაროს ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. ეს საკმაოდ სტრესული და დამღლელია, ამიტომ ზოგჯერ დამხმარეებისთვისაც კარგია მხარდამჭერ ჯგუფებში ჩართვა.

დაავადებულთა უმრავლესობა თანდათან მძიმედ უნარშეზღუდული ხდება და მოძრაობის უნარს კარგავს. ადამიანს შეიძლება აღარ შეეძლოს ჭამა, სხვისი დახმარებითაც კი. პაციენტთა დაახლოებით ნახევარში დემენცია ვითარდება. ყლაპვაც უფრო და უფრო ძნელდება, ამიტომ ასპირაციული პნევმონიით (ფილტვების ანთებით) სიკვდილის რისკიც იზრდება. ზოგი დაავადებულისთვის სპეციალური დაწესებულებები საუკეთესო ადგილია, სადაც ყველაზე კარგად მოუვლიან. შესაძლებლობების სრულ შეზღუდვამდე ადამიანმა წინასწარი მითითებები უნდა შეიმუშაოს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა სახის სამედიცინო დახმარება სურს სიცოცხლის ბოლოს.