კოორდინაციის დარღვევები | მკურნალი.გე
  1. კოორდინაციის დარღვევები
  2. მოძრაობის დარღვევები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
კოორდინაციის დარღვევები

კოორდინაციის დარღვევები გამოწვეულია ნათხემის ფუნქციის მოშლით, ტვინის იმ ნაწილისა, რომელიც ნებითი მოძრაობების კოორდინირებას უზრუნველყოფს.

  • ნათხემის ფუნქციის მოშლა კოორდინაციის დარღვევას იწვევს;

  • ხშირად პაციენტებს არ შეუძლიათ კიდურების მოძრაობის გაკონტროლება, რის გამოც სიარულისას ფეხებს შორიშორს დგამენ, ბარბაცებენ;

  • დიაგნოსტიკა სიმპტომების, ოჯახური ისტორიისა და ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მიხედვით ხდება;

  • თუ შესაძლებელია, მიზეზი უნდა გამოსწორდეს. სხვა შემთხვევაში მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქებაა.

ნათხემი ტვინის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტადაა ჩართული მოძრაობათა თანმიმდევრობის კოორდინაციაში. მას ასევე ევალება წონასწორობისა და პოზის შენარჩუნება. ნათხემის ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია) გამოიწვიოს.

ალკოჰოლის ჭარბი, ხანგრძლივი მოხმარება სამუდამოდ აზიანებს ტვინის ამ უბანს და კოორდინაციის მოშლის უპირველესი მიზეზია. შედარებით იშვიათად კოორდინაციის დარღვევას სხვა დაავადებებიც იწვევს, მაგ.: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი), E ვიტამინის ნაკლებობა და ტვინის სიმსივნეები. მიზეზი შეიძლება იყოს ზოგი მედიკამენტიც (მაგ.: ანტიკონვულსანტები), განსაკუთრებით კი დიდი დოზებით მიღებისას. ამ შემთხვევაში დარღვევა ზოგჯერ წამლის მოხსნისას ქრება.

სიმპტომები

ატაქსიის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ აკონტროლონ ხელებისა და ფეხების მდებარეობა, მთელი სხეულის პოზა. შესაბამისად, სიარულისას ნაბიჯებს შორიშორს დგამენ, ბარბაცებენ და ხელებს ფართოდ, ზიგზაგურად ამოძრავებენ. კოორდინაციის მოშლას სხვა დარღვევებიც ახლავს, მაგალითად:

  • დისმეტრია: პაციენტი ვერ აკონტროლებს მოძრაობების ამპლიტუდას. მაგალითად, რაიმე საგნისკენ ხელის გაწვდენისას ზოგჯერ უფრო შორს მიაქვს მტევანი;

  • დიზართრია: მეტყველება გაურკვეველი ხდება და ხმის სიმაღლე მერყეობს, რადგან მეტყველებაში ჩართული კუნთების კოორდინაცია მოშლილია, პირის გარშემო განლაგებული კუნთების მოძრაობები კი – გაძლიერებული;

  • წყვეტილი მეტყველება: პაციენტები საუბრობენ მონოტონურად, სიტყვები წყვეტილად, დაყოვნებით გამოითქმება;

  • ნისტაგმი: შესაძლოა რაიმე საგანზე შეხედვისას ადამიანმა მზერა საჭირო წერტილს ვერ დაუმიზნოს და ნისტაგმი განვითარდეს. ამ დროს თვალები სწრაფად მოძრაობს ერთი მიმართულებით და შემდეგ ნელა ბრუნდება საწყის მდგომარეობაში, რაც რამდენიმეჯერ მეორდება;

  • კანკალი: ნათხემის დაზიანებას კანკალის გამოწვევაც შეუძლია, რომელიც მიზანმიმართული მოქმედების ბოლოს ან რაიმეს მიწვდენისას ვითარდება (ინტენციური ტრემორი). იგი ასევე ვლინდება სხეულის რომელიმე პოზაში გაჩერების მცდელობისას (პოსტურული ტრემორი). ზოგჯერ კუნთთა ტონუსიც შემცირებულია.

ფრიდრიხის ატაქსია პროგრესირებადი დარღვევაა, რომლის დროსაც 5-15 წლის ასაკში ბარბაცი იწყება სიარულისას. შემდეგ ხელების კოორდინაცია იშლება, მეტყველება გაურკვეველი და ძნელად გასაგები ხდება. დაავადების მქონე ბევრ ბავშვს თანდაყოლილი ტერფმრუდობა, ხერხემლის გამრუდება (სქოლიოზი) ან ორივე აქვს. ფრიდრიხის ატაქსიის დროს მოშლილია ვიბრაციის, ხელებისა და ფეხების მდებარეობის (პოზის) შეგრძნება და რეფლექსები. ზოგჯერ გონებრივი ფუნქციებიც ქვეითდება. კანკალი, თუ იგი გამოვლინდა, მსუბუქია.

30 წლისთვის პაციენტები უკვე სავარძელს ეჯაჭვებიან. სიკვდილის მიზეზი კი უხშირესად გულის რიტმის დარღვევა ან უკმარისობაა, რაც, როგორც წესი, საშუალო ასაკში ვითარდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოსტიკა სიმპტომების მიხედვით ხდება. ექიმი ასევე დაინტერესდება, პაციენტის ნათესავებსაც ხომ არ ჰქონიათ მსგავსი სიმპტომები (ოჯახური ისტორია), რამე სხვა მდგომარეობა ხომ არ იწვევს მათ. ხშირად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც (მრტ) კეთდება. როცა არსებობს ეჭვი, რომ კოორდინაციის დარღვევა მემკვიდრეობითი შეიძლება იყოს, გენეტიკური ტესტირება ტარდება. თუ შესაძლებელია, მიზეზი უნდა გამოსწორდეს ან მისი მკურნალობა დაიწყოს. მაგალითად, როცა კოორდინაციის დარღვევას ალკოჰოლის მიღება იწვევს, ადამიანმა უნდა შეწყვიტოს სმა. თუ მიზეზი რომელიმე მედიკამენტის (მაგ.: ფენიტოინის) მაღალი დოზაა, საჭიროა მისი შემცირება. შესაძლებელია ზოგი არსებული დარღვევის, მაგ.: ჰიპოთირეოიდიზმისა და E ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობაც. ტვინის სიმსივნის შემთხვევაში ზოგ პაციენტში ოპერაციული მკურნალობაა ეფექტიანი. როცა დარღვევა მემკვიდრეობითია, იგი ვერ განიკურნება. სამედიცინო დახმარების ძირითადი მიზანი სიმპტომების შემსუბუქებაა.