ზურგის ტვინისა და მალების ტრავმები | მკურნალი.გე
  1. ზურგის ტვინისა და მალების ტრავმები
  2. ზურგის ტვინის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ზურგის ტვინისა და მალების ტრავმები

  • ზურგის ტვინის ტრავმათა უმრავლესობა სატრანსპორტო ავარიების დროს ვითარდება;

  • სიმპტომები, მაგ.: მგრძნობელობის დაკარგვა ან კუნთების სისუსტე, დამბლა შესაძლოა დროებითი ან სამუდამო იყოს;

  • ტრავმის დიაგნოზის დასასმელად საუკეთესო გზა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფიაა;

  • მკურნალობა მოიცავს ხერხემლის დაფიქსირებას, სიმპტომების შემამსუბუქებელ მედიკამენტებს, ზოგჯერ ოპერაციას და ხშირად – რეაბილიტაციას.

ტრავმამ შესაძლოა დააზიანოს ზურგის ტვინი ან მისი ნერვების ფესვები, რომლებიც ხერხემლის მალებს შორის არსებული სივრცეებიდან გამოდის. ზოგჯერ ასევე ზიანდება ზურგის ტვინის ქვევით მოთავსებული ნერვების გროვა (რაშის კუდი). ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ორგანოს:

  • შერყევა ბლაგვი ძალის მოქმედებისას (დაცემისას ან შეტაკებისას)

  • ზეწოლა (კომპრესია) მოტეხილი ძვლით, შეშუპებული ქსოვილით ან სისხლნაჟღენთით (სისხლჩაქცევის დროს)

  • ნაწილობრივი ან სრული დაზიანება

იმის გამო, რომ ზურგის ტვინს გარშემო ხერხემალი აკრავს და იცავს, თავად ხერხემლის ან მისი შემაერთებელი ქსოვილის (მაგ.: მალთაშუა დისკები და იოგები – იხ. ილუსტრაცია გვ. 883) ტრავმამაც შეიძლება დააზიანოს ზურგის ტვინი. ამ სახის ტრავმებიდან აღსანიშნავია:

  • მოტეხილობები

  • მიმდებარე მალების სრული ამოვარდნილობა

  • მიმდებარე მალების ნაწილობრივი ამოვარდნილობა (ქვეამოვარდნილობა)

  • მიმდებარე მალებს შორის კავშირის შესუსტება (შემაერთებელი ქსოვილის დაზიანების გამო)

მალების დამაკავშირებელი ქსოვილები შესაძლოა ისე დაზიანდეს, რომ ეს ძვლები თავისუფლად მოძრაობდეს. ასეთ ტრავმას არასტაბილური ეწოდება. გამოძრავებისას მალა შეიძლება ზურგის ტვინს დააწვეს ან მოშალოს მისთვის სისხლის მიწოდება, დააზიანოს ნერვების ფესვები.

ზურგის ტვინის ტრავმების დიდი ნაწილი სატრანსპორტო ავარიების დროს ვითარდება. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია: ვარდნა, სპორტული ტრავმები, საწარმოო ტრავმები და ძალადობა (დანით ან ცეცხლსასროლი იარაღით).

სიმპტომები

ზურგის ტვინის დაზიანების ადგილიდან და მის ქვემოთ ნაწილებიდან გამოსული ნერვების ფუნქცია იშლება, რაც იწვევს კუნთების სისუსტეს, დამბლას ან მგრძნობელობის დაკარგვას.

ეს სიმპტომები შეიძლება დროებითი ან მუდმივი, ნაწილობრივი ან სრული იყოს დაზიანების სიმძიმის მიხედვით. ტრავმის შედეგად ზურგის ტვინის ჭრილობის ან მისი ნერვული ტრაქტების დაზიანება სამუდამოა, მაგრამ შერყევამ შესაძლოა დროებით გამოიწვიოს ფუნქციების მოშლა, დღეების, კვირების ან თვების მანძილზე. ზოგჯერ შეშუპება ვითარდება, რის გამოც უფრო მძიმე დაზიანების სიმპტომები ვლინდება, ვიდრე სინამდვილეშია. ისინი შეშუპების ჩაცხრომასთან ერთად მცირდება.

კუნთების ფუნქციონირების ნაწილობრივი მოშლა მათ სისუსტეს იწვევს, დამბლა კი მოძრაობის უნარის სრულ დაკარგვას ნიშნავს. ამ დროს კუნთები ხშირად დუნდება ანუ ტონუსს კარგავს. მაგრამ ზურგის ტვინის ტრავმის დროს დამბლას კვირების შემდეგ შესაძლოა კუნთების უნებლიე, გახანგრძლივებული სპაზმები დაერთოს თან (სპასტიკური დამბლა).

ხერხემლის დაზიანების შემთხვევაში, როგორც წესი, ტკივილი აღინიშნება კისერში ან ზურგში. ტრავმის ადგილი შეხებითაც მტკივნეულია. სისუსტის ან დამბლის შემთხვევაში მოძრაობა ძნელდება ან შეუძლებელია. შესაბამისად, მაღალია თრომბების, ნაწოლების, კუნთების სამუდამო დამოკლების (კონტრაქტურების), საშარდე გზების ინფექციისა და ფილტვების ანთების განვითარების რისკი.

დიაგნოზი

ზურგის ტვინის დაზიანების დიაგნოსტიკისთვის საუკეთესო კვლევა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა (მრტ). მეორე ვარიანტია კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ).

ხერხემლის (ძვლის) დაზიანებების დიაგნოზის დასმა ყველაზე ზუსტად კტ-ის მეშვეობით ხდება. თუმცა, ზოგჯერ თავიდან რენტგენოგრაფია კეთდება, რადგან იგი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე კტ.

პროგნოზი

გამოჯანმრთელება სავარაუდოა, თუ დამბლა ნაწილობრივია, მოძრაობა და მგრძნობელობა კი აღდგენას იწყებს ტრავმიდან პირველ კვირაში. ის ფუნქციები, რაც 6 თვის შემდეგაც კი დაკარგულია, სავარაუდოდ აღარც აღდგება.

მკურნალობა

ზურგის ტვინის სავარაუდო ტრავმის შემთხვევაში ადამიანის გამოძრავება არ შეიძლება სასწრაფოს ექიმების მოსვლამდე. უპირველესი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი სუნთქავს და თავიდან ავიცილოთ მეტი დაზიანება. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი ძალიან ფრთხილად გადაიყვანს სავარაუდოდ ზურგის ტვინის ტრავმის მქონე ადამიანს. ხშირად მას მყარ დაფაზე აწვენენ და ამაგრებენ, რათა განძრევა ვერ შეძლოს. კისრის მოძრაობის თავიდან ასაცილებლად სპეციალური საყელო გამოიყენება. ხერხემლის მძიმე დაზიანების დროს მალები შესაძლოა ერთ ადგილას აღარ იყოს დამაგრებული ან მოტეხილი იყოს, რაც ხერხემლის არასტაბილურობას იწვევს. ადამიანის მცირედ გამოძრავებამაც კი შეიძლება ხერხემლის გადაადგილება და ზურგის ტვინზე ზეწოლა გამოიწვიოს. ეს სამუდამო დამბლის რისკს ზრდის.

ზურგის ტვინის გარშემო სისხლის დაგროვების ან ძვლის ნატეხების არსებობისას ოპერაციაა საჭირო მათ მოსაშორებლად. თუ ხერხემალი არასტაბილურია, ადამიანი გაუნძრევლად უნდა იწვეს, სანამ ძვლები და სხვა ქსოვილები არ შეხორცდება. ზოგჯერ ქირურგი მეტალის ჩხირებს აყენებს ხერხემალში, რათა მოძრაობა შეუძლებელი იყოს, რაც დამატებითი ზიანის მომტანი იქნებოდა. თუ ტრავმამ ფუნქციების მხოლოდ ნაწილობრივი მოშლა გამოიწვია, მალევე ჩატარებული ოპერაციით შეიძლება უფრო სრულად გამოჯანმრთელება, მოძრაობის უფრო ადრე დაწყება იყოს შესაძლებელი. თუმცა, საკამათოა, რა არის ოპერაციისთვის საუკეთესო დრო. ხერხემალზე ოპერაციას ნეიროქირურგები ან ორთოპედ-ქირურგები ატარებენ. ზოგჯერ მედიკამენტებიც ეფექტიანია:

  • კორტიკოსტეროიდები: თუკი ტრავმა ბლაგვმა ძალამ გამოიწვია, ექიმი მაშინვე დანიშნავს საინექციო კორტიკოსტეროიდს, მაგ.: მეთილპრედნიზოლონს, რათა დაზიანების უბანი არ შეშუპდეს. იმისთვის, რომ ეფექტიანი იყოს, მედიკამენტი პაციენტს ტრავმიდან 8 საათის მანძილზე უნდა გაუკეთდეს და დაახლოებით 24 საათი ეძლეოდეს. თუმცა, ყველა ექიმი არ ფიქრობს, რომ კორტიკოსტეროიდების გამოყენება საჭიროა, რადგან ზუსტად უცნობია, მათი დადებითი ეფექტები გადაწონის თუ არა გვერდითი მოვლენების რისკს.

  • ტკივილგამაყუჩებლები (ანალგეტიკები): თუ ტრავმა ტკივილს იწვევს, ტკივილგამაყუჩებლები ინიშნება. პირველი საათებისა და დღეების მანძილზე ხშირად ოპიოიდები გამოიყენება. მოგვიანებით შესაძლებელია უფრო მსუბუქი ანალგეტიკების მიღებაც, მაგ.: აცეტამინოფენის ან იბუპროფენის.

  • კუნთების მომადუნებელი საშუალებები მაშინ გამოიყენება, თუ სპაზმი განვითარდა. მათგან ხშირად ინიშნება ბაკლოფენი და ტიზანიდინი.

ამჟამად შეისწავლება მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდები, რომლებიც ასტიმულირებს ზურგის ტვინის ნერვების ზრდას. მაგალითად, სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი, მაკროფაგი შესაძლოა პაციენტის სისხლიდან აიღონ და უკან – ტრავმირებულ ორგანიზმში შეიყვანონ. საცდელი მედიკამენტები ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში (ეპიდურულად) შეიყვანება ან დასალევად ინიშნება. კიდევ ერთი მეთოდია ღეროვანი უჯრედების გამოყენება, თუმცა ამას ბევრად მეტი კვლევა ესაჭიროება.

რეაბილიტაცია, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის ჩათვლით, შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს უფრო სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელებაში.