1. მწვავე განივი მიელიტი
  2. ზურგის ტვინის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
მწვავე განივი მიელიტი

მწვავე განივი მიელიტი ანთებაა, რომელიც ზურგის ტვინის მთელ სიგანეზე ვითარდება და შესაბამისად, თრგუნავს იმპულსების ზემოთ და ქვემოთ გავრცელებას.

  • დაავადება შესაძლოა ზოგი პათოლოგიის დროს განვითარდეს, მაგ.: მრავლობითი სკლეროზის, ლაიმის დაავადების, სისტემური წითელი მგლურას ან ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას;

  • პაციენტებს უეცრად უვითარდებათ ზურგის ტკივილი და დაზიანების ადგილას მოჭერის გრძნობა, რასაც ზოგჯერ მძიმე სიმპტომები, მაგ.: დამბლა მოჰყვება;

  • დიაგნოზის დასასმელად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება, შესაძლოა ლუმბალური პუნქციაც გახდეს საჭირო;

  • პაციენტთა მესამედი გამოჯანმრთელდება, მესამედს ზოგი დარღვევა მაინც რჩება, მესამედის მდგომარეობა კი ძალიან მცირედ თუ გაუმჯობესდება;

  • თუ შესაძლებელია, მიზეზის მკურნალობაა საჭირო. ასევე გამოიყენება კორტიკოსტეროიდები ან ზოგჯერ, სისხლის პლაზმის შეცვლა.

აშშ-ში მწვავე განივი მიელიტი დაახლოებით 1400 ადამიანს ემართება ყოველწლიურად, 33000-ს კი რაიმე ხარისხით შეზღუდული შესაძლებლობები აქვს ამის გამო. ზურგის ტვინის ერთ ან რამდენიმე უბანში, ხშირად – გულმკერდის (თორაკალურ) ნაწილში, მთელ სიგანეზე ანთება ვითარდება. უცნობია, რა იწვევს ამას, მაგრამ მიზეზი შესაძლოა ავტოიმუნური რეაქცია იყოს (როცა იმუნურ სისტემას ორგანიზმის ქსოვილები უცხო ჰგონია და თავს ესხმის მათ). დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მრავლობითი სკლეროზი (ყველაზე ხშირად)

  • ოპტიკური ნეირომიელიტი (ეს დაავადება მხედველობის დარღვევებსაც იწვევს და სიმპტომები ხან ვლინდება, ხან ქრება)

  • ზოგი ბაქტერიული ინფექცია (ლაიმის დაავადება, სიფილისი, ტუბერკულოზი)

  • სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), მაგ.: სისტემური წითელი მგლურა

  • ვირუსული მენინგოენცეფალიტი (თავის ტვინისა და მის გარშემო ქსოვილების ინფექცია);

  • პარაზიტებისა და სოკოს საწინააღმდეგო ზოგი მედიკამენტის მიღება

  • ამფეტამინების ან ჰეროინის ინტრავენური მოხმარება

დაავადება ზოგჯერ მსუბუქი ვირუსული ინფექციის ან აცრის შემდეგ ვითარდება.

სიმპტომები

სიმპტომები ხშირად უეცრად იწყება, ზურგის ტკივილითა და დაზიანების ადგილას შემოჭერის შეგრძნებით (გულმკერდზე ან მუცელზე). რამდენიმე საათში ან დღეში ტერფებში ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და კუნთების სისუსტე ვითარდება, რაც ზევით ვრცელდება. პაციენტს უჭირს მოშარდვა, თუმცა ზოგს ამის დაუძლეველი სურვილი უვითარდება. სიმპტომები შესაძლოა დღეების მანძილზე გაუარესდეს და ძალიან მძიმე გახდეს, შედეგად დამბლა, მგრძნობელობის დაკარგვა, შარდის შეკავება, შარდისა და განავლის შეუკავებლობა ვითარდება. ინვალიდობის ხარისხი დამოკიდებულია ზურგის ტვინში ანთების მდებარეობაზე (დონეზე) და ასევე ანთების სიმძიმეზე.

დიაგნოზი

სიმპტომები თავად მიუთითებს ამ დაავადებაზე. მაგრამ ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ მათ არ იწვევს სხვა პათოლოგია, მაგ.: გილენ-ბარეს სინდრომი, ზეწოლა ზურგის ტვინზე ან მისი სისხლძარღვების დახშობა. თავიდან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება. როცა მისი მეშვეობით ზურგის ტვინის ზეწოლა ვერ დგინდება, ლუმბალური პუნქცია ტარდება თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის მისაღებად. თუ პაციენტს მწვავე განივი მიელიტი აქვს, თავ-ზურგტვინის სითხეში სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედისა და ცილის შემცველობა გაზრდილი იქნება. დაავადების შორსწასულ სტადიაზე მრტ-ზე, როგორც წესი, ზურგის ტვინის შეშუპება ჩანს ანთების გამო. მიზეზის დასადგენად სხვა კვლევებიც კეთდება, მაგ.: გულმკერდის რენტგენოგრაფია და სისხლის ანალიზები. ექიმი ასევე დაინტერესდება, რაიმე მედიკამენტს ან ნივთიერებას ხომ არ მოიხმარს ადამიანი.

პროგნოზი

მრავლობითი სკლეროზის ან სისტემური წითელი მგლურას დროს ზოგჯერ დაავადება ხელახლა იწყება. მწვავე განივი მიელიტის მქონეებში, როცა მიზეზი უცნობია, შემთხვევათა 10-20%-ში საბოლოოდ მრავლობითი სკლეროზი ვითარდება.

ზოგადად, რაც უფრო სწრაფად პროგრესირებს დაავადება, მით უფრო ცუდია გამოსავალი. ძლიერი ტკივილი უფრო მძიმე ანთებაზე მიანიშნებს. შედეგი სამნაირი შეიძლება იყოს:

  • პაციენტთა მესამედი გამოჯანმრთელდება

  • პაციენტთა მესამედს მაინც რჩება კუნთების სისუსტე და მოშარდვის პრობლემები (დაუძლეველი სურვილი ან შეუკავებლობა)

  • პაციენტთა მესამედის მდგომარეობა ძალიან მცირედ უმჯობესდება. ისინი საწოლს ან სავარძელს რჩებიან მიჯაჭვულნი, აქვთ მოშარდვისა და კუჭის მოქმედების დარღვევა, ესაჭიროებათ დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.

მკურნალობა

თუ განივ მიელიტს სხვა დაავადება იწვევს, საჭიროა მისი მკურნალობა.

როცა მიზეზი უცნობია, ხშირად კორტიკოსტეროიდების, მაგ.: პრედნიზონის მაღალი დოზა ინიშნება, რათა დაითრგუნოს იმუნური სისტემა, რომელიც ამ დაავადების განვითარებაშია ჩართული. შესაძლოა ასევე ჩატარდეს პლაზმის (პლაზმა სისხლის ნაწილია) შეცვლა – მისი დიდი რაოდენობით გამოღება ორგანიზმიდან და ახლის გადასხმა. თუმცა, უცნობია, რამდენად ეფექტიანია მკურნალობის ეს მეთოდები.

საჭიროა სიმპტომების შემსუბუქება.