1. სისხლის მიმოქცევის მოშლა ზურგის ტვინში
  2. ზურგის ტვინის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
სისხლის მიმოქცევის მოშლა ზურგის ტვინში

ზურგის ტვინს მკვებავი არტერიის დახშობისას ამ ორგანოს სისხლი და შესაბამისად, ჟანგბადი აღარ მიეწოდება. შედეგად, მისი ქსოვილები კვდება (ამას ინფარქტი ეწოდება).

  • მიზეზი შეიძლება იყოს მძიმე ათეროსკლეროზი, სისხლძარღვების ანთება და თრომბები;

  • უეცრად ვითარდება ზურგის ტკივილი, რომელიც დაზიანების ადგილიდან ვრცელდება, ამას მოჰყვება კუნთების სისუსტე, სიცხის, სიცივის ან ტკივილის შეგრძნების მოშლა სხეულის შესაბამის ნაწილებში და ზოგჯერ, დამბლაც;

  • როგორც წესი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან მიელოგრაფია კეთდება;

  • მკურნალობა მიმართულია მიზეზის გამოსწორებისკენ, თუ ეს შესაძლებელია, და სიმპტომების შემსუბუქებისკენ;

  • ზურგის ტვინის ფუნქციის მოშლა და დამბლა ხშირად სამუდამოა.

ორგანიზმის ყველა ქსოვილის მსგავსად, ზურგის ტვინსაც ესაჭიროება ჟანგბადით გაჯერებული სისხლის მუდმივად მიწოდება. ამ ორგანოს წინა ნაწილს მხოლოდ რამდენიმე არტერია ამარაგებს, რომლებიც აორტიდან გამოდის. მაგრამ სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ზურგის ტვინს სისხლის საჭირო რაოდენობის სამი მეოთხედით. შესაბამისად, მათგან რომელიმეს დახშობას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. სისხლძარღვის დაცობა ვითარდება:

  • აორტის მძიმე ათეროსკლეროზის დროს

  • აორტის კედლის შრეების განცალკევებისას (აორტის განშრევება)

  • სისხლძარღვების ანთებისას (ვასკულიტი), მაგ.: კვანძოვანი პოლარტერიიტის დროს

  • თრომბით, რომელიც გულის კედლიდან წყდება და სისხლის ნაკადს მიჰყვება (ემბოლად იქცევა)

  • მუცლის აორტის კედლის გამობერილობის (ანევრიზმის) ოპერაციისას

სიმპტომები

პირველი სიმპტომი, როგორც წესი, უეცრად დაწყებული ზურგის ტკივილია, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების ადგილიდან გამოსული ნერვების გასწვრივ გადაეცემა. ამას კუნთების სისუსტე, სიცხის, სიცივისა და ტკივილის შეგრძნების დაკარგვა მოჰყვება სხეულის იმ ნაწილზე, რომელსაც დაზიანების ქვემოთ მდებარე ზურგის ტვინი შეესაბამება. ადამიანი მაშინვე ამჩნევს ამ სიმპტომებს. ისინი შესაძლოა დროთა განმავლობაში ოდნავ შემსუბუქდეს. თუ ზურგის ტვინის წინა ნაწილისთვის სისხლის მიწოდება ძალიან შემცირდა, ქვედა კიდურების დამბლა და მგრძნობელობის მოშლა ვითარდება. თუმცა, ის შეგრძნებები, რომლებიც ზურგის ტვინის უკანა ნაწილის გავლით გადაეცემა თავის ტვინს – შეხება, ვიბრაცია და კიდურების მდებარეობის შეგრძნება შეუხედავად (პოზის შეგრძნება) – უცვლელია. ეს იმის გამოა, რომ ზურგის ტვინის უკანა ნაწილს სისხლი სხვა გზით მიეწოდება.

სისუსტე და დამბლა ნაწოლების განვითარებას, სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ზოგჯერ ასევე მოშლილია შარდვა და კუჭის მოქმედება, სქესობრივი სფეროს პრობლემებთან ერთად.

დიაგნოზი

დიაგნოზი, როგორც წესი, სიმპტომების მიხედვით ისმება. კეთდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან, თუ ეს შესაძლებელი არ არის – მიელოგრაფია. ამ კვლევების მეშვეობით ექიმს შეუძლია სხვა, მსგავსი სიმპტომების გამომწვევი დაავადებები გამორიცხოს. მაგალითად, იმისთვის, რომ განივი მიელიტი გამოირიცხოს, ლუმბალური პუნქცია კეთდება. ანგიოგრაფიით დაზუსტდება, რომ ზურგის ტვინის წინა ნაწილის მკვებავი არტერია დახშულია, მაგრამ ეს კვლევა, როგორც წესი, საჭირო არ არის.

მკურნალობა

საჭიროა მიზეზის (მაგ.: აორტის განშრევების ან კვანძოვანი პოლარტერიიტის) მკურნალობა, თუ ეს შესაძლებელია. მეორე მხრივ, სამედიცინო ჩარევის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, რადგან დამბლა და ზურგის ტვინის ფუნქციის მოშლა ხშირად სამუდამოა.

იმის გამო, რომ ზოგი შეგრძნება იკარგება და დამბლა ვითარდება, მნიშვნელოვანია ნაწოლების თავიდან აცილებაზე ზრუნვა. საჭირო ხდება სპეციალური მეთოდები, რათა ფილტვებში გამოყოფილი სითხე არ დაგროვდეს (მაგ.: ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები, პოზიციური დრენირება, ამოქაჩვა). ფიზიკური და ოკუპაციური თერაპია კუნთების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად გამოიყენება. ხშირად შარდის ბუშტის მუშაობაც მოშლილია, ასე რომ, მის დასაცლელად კათეტერი იდგმება. ამ გზით იგი ზედმეტად არ გადაივსება და კედლის გამობერილობები არ გაჩნდება, რამაც შეიძლება დაასუსტოს ეს ორგანო.