1. ტროპიკული სპასტიკური პარაპარეზი/HTLV-1-თან ასოცირებული მიელოპათია
  2. ზურგის ტვინის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ტროპიკული სპასტიკური პარაპარეზი/HTLV-1-თან ასოცირებული მიელოპათია

ტროპიკული სპასტიკური პარაპარეზი/HTLV-1-თან ასოცირებული მიელოპათია ზურგის ტვინის ნელა პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ადამიანის T-ლიმფოციტური ვირუსის 1-ლი ტიპი (HTLV-1)იწვევს.

  • ვირუსი სქესობრივი კონტაქტით, აკრძალული ნივთიერების ინტრავენურად მოხმარებისას, სისხლით ან დედის რძით გადაეცემა;

  • პაციენტებს აწუხებთ სისუსტე, დაჭიმულობა და კუნთების სპაზმები ქვედა კიდურებში, რაც აძნელებს სიარულს, ასევე ვლინდება შარდის შეუკავებლობაც;

  • დიაგნოზის დასასმელად, ექიმი გამოჰკითხავს პაციენტს, კონტაქტი ხომ არ ჰქონია ვირუსთან და დანიშნავს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ლუმბალურ პუნქციას;

  • შესაძლოა ეფექტიანი იყოს მედიკამენტები, მაგ კორტიკოსტეროიდები, ხოლო სპაზმების სამკურნალოდ კუნთის მომადუნებელი საშუალებები ინიშნება.

ადამიანის T-ლიმფოციტური ვირუსის 1-ლი ტიპი (HTLV-1) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) მსგავსია, რომელიც შიდსს იწვევს. HTLV-1-მა კი შესაძლოა გამოიწვიოს ლეიკემიისა და ლიმფომის (სისხლის თეთრი უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნე) ზოგიერთი სახე.ვირუსი გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით, აკრძალული ნივთიერებების ინტრავენური მოხმარებისას, სისხლით ან დედის რძით. ყველაზე ხშირად ინფიცირებულნი არიან მეძავები, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელნი, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები და მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში მცხოვრებნი – მაგ.: ეკვატორთან ახლოს, სამხრეთ იაპონიასა და სამხრეთ ამერიკის ნაწილში. მსგავსი ინფექცია შეიძლება მონათესავე ვირუსმა, ადამიანის T-ლიმფოციტური ვირუსის მე-2 ტიპმა (HTLV-2) გამოიწვიოს.

ვირუსი სისხლის თეთრ უჯრედებში ცოცხლობს. ის თავ-ზურგტვინის სითხეშიცაა, ასე რომ, ზურგის ტვინიც შეიძლება დაზიანდეს. ამას უფრო მეტად ორგანიზმის რეაქცია იწვევს ვირუსის წინააღმდეგ, ვიდრე თავად მიკრობი.

სიმპტომები

ორივე ქვედა კიდურის კუნთები ნელ-ნელა სუსტდება. ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს ვიბრაციის ან ტერფებისა და ფეხის თითების მდებარეობის შეგრძნება ზედ შეუხედავად (პოზის შეგრძნება). კიდურები იჭიმება, მოძრაობა მოუქნელი ხდება, სიარული ძნელდება. ხშირია კუნთების სპაზმები ფეხებში და შარდის შეუკავებლობა. დაავადება რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრესირებს.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი, როგორც წესი, სიმპტომებისა და იმის გათვალისწინებით ისმება, რამდენად დიდი რისკი აქვს პაციენტს, რომ ინფიცირებული იყოს HTLV-1-ით. შესაბამისად, ექიმი გამოჰკითხავს ადამიანს სქესობრივი ცხოვრებისა და აკრძალული ნივთიერებების ინტრავენურად მოხმარების შესახებ. კეთდება ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). იღებენ სისხლსა და თავ-ზურგტვინის სითხეს – ლუმბალური პუნქციით, რათა გამოიკვლიონ ვირუსული ნაწილაკების ან ვირუსის საწინააღმდეგოდ წარმოქმნილი ანტისხეულების არსებობა.

მკურნალობა

ზოგჯერ შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს ალფა-ინტერფერონის, იმუნოგლობულინის (ინტრავენურად) და კორტიკოსტეროიდების გამოყენებას (მაგ.: მეთილპრედნიზოლონი დასალევად), თუმცა მათი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის. სპაზმების სამკურნალოდ კუნთების მომადუნებელი საშუალებები, მაგ.: ბაკლოფენი ან ტიზანიდინი ინიშნება.