წელის ტკივილი ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო ხშირდება. იგი საკმაოდ ძვირად ღირებულიცაა, თუ გავითვალისწინებთ სამკურნალო ხარჯებს, შრომისუუნარობის და სამსახურში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ წელის ტკივილის მიზეზი იშვიათადაა რაიმე სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, ის მაინც მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემაა. თუმცა, წელის სამსახურებრივ ტრავმათა სიხშირე მცირდება, ალბათ იმიტომ, რომ მეტ ყურადღებას აქცევენ ამ პრობლემას და მეტად ცდილობენ მის თავიდან აცილებას.
ხერხემალი მალებისგან შედგება, რომელთა შორისაც ხრტილოვანი დისკებია მოთავსებული. მათი ფუნქცია სხეულზე მოქმედი ძალის შერბილება და დატვირთვის ამორტიზაციაა. მალებიც ხრტილის თხელი ფენითაა დაფარული. ისინი ადგილზე იოგებითა და კუნთებითაა დაფიქსირებული, მათ შორის:
ეს კუნთები ხერხემლის სიმყარეს უზრუნველყოფს. იგივე ფუნქცია აქვთ მუცლის კუნთებს, რომლებიც ნეკნთა რკალის ძირიდან მენჯამდეა გაჭიმული და მუცლის ორგანოების დაჭერის გზით ხერხემალს აფიქსირებს.
ხერხემალში ზურგის ტვინია მოთავსებული. მისგან მთელ სიგრძეზე ნერვები გამოდის მალებს შორის არსებული სივრცეებიდან და სხეულის სხვა ნერვებს უკავშირდება. ზურგის ტვინის ნერვის იმ ნაწილს, რომელიც ამ ორგანოსთან ყველაზე ახლოსაა მოთავსებული, ნერვის ფესვი ეწოდება. ასეთი მდებარეობის გამო ზურგის ტვინის ნერვთა ფესვებზე ხერხემლის დაზიანების დროს შესაძლოა ზეწოლა განვითარდეს, რაც ტკივილს იწვევს.
ხერხემლის ქვედა (წელის) ნაწილი 5 მალისგან შედგება. იგი გულმკერდს მენჯთან და ფეხებთან აკავშირებს და უზრუნველყოფს მობილურობას სხეულის მოტრიალების, შემოგრეხის, მოხრის განსახორციელებლად. წელის მალები უზრუნველყოფს ასევე სხეულის ძალას – დგომის, სიარულისა და სიმძიმის აწევისთვის. შესაბამისად, ხერხემლის ეს ნაწილი ყოველდღიურ თითქმის ყველა საქმიანობაშია ჩართული. შესაბამისად, წელის ტკივილი ძალიან ხელის შემშლელი შეიძლება იყოს ადამიანისთვის და გააუარესოს სიცოცხლის ხარისხი.
წელის ტკივილს მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა ხშირად ამის ზუსტად დადგენა ვერ ხერხდება.
კუნთების დაჭიმულობა და იოგების ღრძობაყველაზე ხშირი მიზეზია. ეს შეიძლება სიმძიმეების აწევის, ვარჯიშის ან მკვეთრი მოძრაობის (მაგ.: დაცემის ან საავტომობილო ავარიის) დროს განვითარდეს. როცა მიზეზი ვარჯიშია, წელის დაზიანებას ზოგჯერ ძალოსანთა ტრავმას (წელის დაჭიმულობას) უწოდებენ. ტრავმა არა მარტო იატაკიდან სიმძიმის აწევით შეიძლება განვითარდეს, არამედ – მოწინააღმდეგესთან დაჯახებისას ამერიკულ ფეხბურთში, უეცარი შემოტრიალების გამო კალათბურთში, ჯოხის მოქნევისას ბეისბოლის ან გოლფის თამაშის დროს. წელის ტრავმის რისკი უფრო მეტია, როცა ადამიანი ნავარჯიშევი არ არის და სხეულის ამ ნაწილის კუნთები სუსტია. ასევე ხელის შემწყობი მიზეზებია: არასწორი პოზა, სიმძიმის არასწორად აწევა, ჭარბწონიანობა და დაღლილობა.
ოსტეოართრიტი(დეგენერაციული ართრიტი) მალების მფარავი და დამცავი ხრტილის დაზიანებას იწვევს. ეს დაავადება, როგორც ფიქრობენ, ნაწილობრივ მაინც, გამოწვეულია მათი მრავალი წლის მანძილზე გაცვეთით. ოსტეოართრიტი უფრო ხშირად ვითარდება იმ ადამიანებში, რომლებიც მუდმივად იყენებენ და ტვირთავენ ერთ რომელიმე სახსარს ან სახსართა ჯგუფს. მალთაშუა დისკები ცვდება, რაც მათ შორის არსებული სივრცეების შევიწროებას და ხშირად ზურგის ტვინის ნერვთა ფესვებზე ზეწოლას იწვევს. ზოგჯერ მალებზე განვითარებული ძვლოვანი წანაზარდებიც აწვება ნერვთა ფესვებს. ამ ყველაფრის შედეგი წელის ტკივილი და დაჭიმულობაა.
ოსტეოპოროზის დროს ძვლების სიმკვრივე მცირდება, რის გამოც ისინი ადვილად ტყდება. მალები განსაკუთრებით მოწყვლადია ამ დაავადებისადმი. ოსტეოპოროზი ხშირად იწვევს კომპრესიულ მოტეხილობებს (რაც ზოგჯერ წელის უეცარ, ძლიერ ტკივილს იწვევს) და ზეწოლას ზურგის ტვინის ნერვთა ფესვებზე (რისი შედეგიც შეიძლება იყოს ქრონიკული წელის ტკივილი). თუმცა, ოსტეოპოროზის დროს განვითარებული მოტეხილობების უმრავლესობა ზურგის ზედა ან შუა ნაწილშია და შესაბამისად იწვევს ამავე ადგილის და არა წელის ტკივილს.
მალთაშუა დისკის დაზიანება ან თიაქარიც შეიძლება იყოს წელის ტკივილის მიზეზი. დისკს გარედან მყარი ქსოვილი ფარავს, შიგნით კი რბილი, ჟელესმაგვარი ნივთიერებაა მოთავსებული. თუ დისკი უეცრად მოიჭყლიტა ზემოთ და ქვემოთ მდებარე მალებს შორის (მაგ.: სიმძიმის აწევისას), გარეთა გარსი შეიძლება გასკდეს (გაიხეს), რაც ტკივილს იწვევს. ზოგჯერ შიგნით მდებარე რბილი ნივთიერებაც გამოიბურცება ამ დაზიანებაში, ანუ მისი თიაქარი ვითარდება. ამის გამო მეზობელი ნერვის ფესვის გაღიზიანება, ზეწოლა, და დაზიანებაც კი ვლინდება, რაც ტკივილს უფრო აძლიერებს. მალთაშუა დისკის დაზიანება ან თიაქარი ხშირად იწვევს იშიაზს.
მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთება ვითარდება, რაც დაჭიმულობასა და წელის ტკივილს იწვევს. დაავადება უფრო ხშირი მამაკაცებშია და იწყება 20-40 წლის ასაკში.
სპინალური სტენოზიხერხემლის არხის (ხერხემლის ცენტრში მოთავსებული სივრცის, რომელშიც ზურგის ტვინი მდებარეობს) შევიწროებას ნიშნავს. ეს წელის ტკივილის ხშირი მიზეზია მოხუცებში. ხერხემლის არხის სტენოზი დაბადებიდან ვიწრო არხის მქონე ადამიანებში შუახნის ასაკში შეიძლება განვითარდეს. ამას იწვევს ოსტეოართრიტი, სპონდილოლისთეზი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და ძვლის პეჯეტის დაავადება. ხერხემლის არხის შევიწროების შედეგად შეიძლება იშიაზი ან წელის ტკივილი განვითარდეს.
ფიბრომიალგიაწელის ტკივილის ხშირი მიზეზია.დაავადება კუნთების, მყესების, იოგებისა და სხვა რბილი ქსოვილების ქრონიკულ, გავრცელებულ (დიფუზურ) ტკივილს იწვევს. იგი ყველაზე ხშირად 20-50 წლის ქალებში გვხვდება.
წელის ტკივილი ზოგჯერ შეიძლება სხეულის სხვა ნაწილიდან გადაეცემოდეს (იხ. სურ. გვ. 703). ტკივილის ეს სახე ორგანიზმში სხვაგან წარმოიშობა, მაგ.: ფილტვებში, თირკმელებში, საშვილოსნოში, წინამდებარე ჯირკვალში ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, თუმცა წელში იგრძნობა. მაგალითად, წელის ტკივილის მიზეზი შეიძლება მენსტრუაციისწინა სინდრომი, წინამდებარე ჯირკვლის ანთება, პანკრეატიტი, მძიმე პეპტიკური წყლულოვანი დაავადება, მუცლის აორტის ანევრიზმა, მენჯის ანთებითი დაავადება ან საშვილოსნოსგარე ორსულობა იყოს.
ზურგის ტვინზე ზეწოლა სერიოზული პათოლოგიაა, რომელსაც წელის ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს მძიმე ტრავმა, მალთაშუა დისკის თიაქარი, სისხლჩაქცევა (ჰემატომა), აბსცესი ან სიმსივნე.
სპონდილოლისთეზიწელისმალის ნაწილობრივი ამოვარდნილობაა. იგი ხშირია თანდაყოლილი დეფექტის (სპონდილოლიზისის) მქონე ადამიანებში, რომელთა მალების ნაწილებიც დასუსტებულია. მოზარდ ასაკში მსუბუქი ტრავმა მის მოტეხილობას იწვევს. მალა შემდეგ ქვემოთ მდებარის წინ გადაცურდება. თუ იგი საკმაოდ გადაადგილდა, ტკივილი ვითარდება.
წელის ტკივილის შედარებით იშვიათი მიზეზებია: სარტყლისებრი ჰერპესი, სხვა ორგანოდან (ძუძუდან, ფილტვიდან, წინამდებარე ჯირკვლიდან, თირკმლიდან) ხერხემალში მეტასტაზირებული ავთვისებიანი სიმსივნე, ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე (მრავლობითი მიელომა), ინფექციები (ზურგის ტვინის აბსცესი ან ძვლის ინფექცია), ძვლის პეჯეტის დაავადება, თანდაყოლილი დეფექტი (სკოლიოზი).
წელის ტკივილის ხელშემწყობი სტრესიც შეიძლება იყოს, მაგრამ უცნობია, ზუსტად როგორ. რისკფაქტორებიდან ასევე აღსანიშნავია: მძიმე ფიზიკური შრომა, ჭარბი წონა, მწეველობა და უმოძრაო ცხოვრების წესი.
წელის ტკივილი განსხვავებულია სახისა და მიზეზის მიხედვით. ის შეიძლება იყოს:
წელის ტკივილმა შესაძლოა ძილიც გააძნელოს.
მისი სახეებია:
ადგილობრივი ტკივილიწელის რომელიმე უბანში ვითარდება. მისი მიზეზი ხშირად დაჭიმულობა ან ღრძობაა. ტრავმის მიღებისას ტკივილი შესაძლოა უეცრად განვითარდეს. მას პოზის შეცვლა ან მსუბუქი გახურება და გაჭიმვა ამსუბუქებს, მძიმე ფიზიკური აქტივობა ან ხანგრძლივი უმოძრაობა (წოლითი რეჟიმი) კი – აძლიერებს. ადგილობრივი ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი და მღრღნელი ან ზოგჯერ, დროგამოშვებითი და მჭრელიც. წელი ხანდახან შეხებითაც მტკივნეულია ხოლმე. ზოგჯერ კუნთების სპაზმიც ვითარდება, რადგან ტკივილის მომგვრელი მოქმედებების თავიდან არიდების მცდელობისას ადამიანი უჩვეულოდ მოძრაობს. ადგილობრივი ტკივილი ხშირად თანდათან ქრება დღეების ან კვირების მანძილზე.
ტკივილი ზურგის ტვინის ნერვის ფესვზე ზეწოლის გამო:ნერვის ფესვზე ზეწოლა შეიძლება მალთაშუა დისკის თიაქრის, ოსტეოართრიტის, ხერხემლის არხის შევიწროების ან ძვლის პეჯეტის დაავადების გამო განვითარდეს. ტკივილი ხშირად დიდი სიმძიმის აწევიდან რამდენიმე წუთში ან საათში იწყება, მაგრამ შეიძლება უმიზეზოდაც გამოვლინდეს. იგი, როგორც წესი, ყრუ და მღრღნელია, ზოგჯერ კი მკვეთრი, ძლიერი ხდება და სხეულის სხვა ნაწილებშიც გადაეცემა, იმის მიხედვით, თუ რომელი ნერვის ფესვზეა ზეწოლა. ტკივილი ხშირად წელიდან დუნდულაზე, ფეხზე და მუხლის ქვემოთაც ვრცელდება დაზიანების მხარეს, რაც იშიაზზე მიუთითებს. ხველა, ცემინება, გაჭინთვა ან წინ გადახრა, როცა ფეხები გამართულ მდგომარეობაშია შენარჩუნებული, იწვევს მჭრელ, გადამცემ (ირადირებულ) ტკივილს. ეს შეგრძნება მიზეზის მიხედვით განსხვავებული შეიძლება იყოს:
გადაცემული ტკივილი: სხვა ორგანოებში წარმოშობილი და წელში გადაცემული ტკივილი ღრმა, მღრღნელი, მუდმივი და გავრცელებულია, მაგრამ სხვა სახითაც შეიძლება გამოვლინდეს. წელში წარმოშობილი ტკივილისგან განსხვავებით, გადაცემული ტკივილი მოძრაობისას, როგორც წესი, არ ძლიერდება, მისი ინტენსივობა ხშირად ღამით იმატებს.
სხვა სახეები: ზოგიერთი დაავადება დამახასიათებელ ტკივილს იწვევს:
ექიმი გამოიკითხავს:
ასევე საჭიროა პაციენტის გასინჯვა, განსაკუთრებით კი ხერხემლისა და ნერვული სისტემის შეფასება (ნევროლოგიური გასინჯვა). ამ დროს ექიმი სთხოვს ადამიანს, შეასრულოს რამდენიმე მოძრაობა, რათა განისაზღვროს ტკივილის სახე. მაგალითად, გასინჯვისას პაციენტი წვება სწორად და მაღლა სწევს მუხლში გამართულ ფეხს.
ტკივილის შესახებ ინფორმაციის, სამედიცინო ისტორიისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით ექიმმა შესაძლოა მიზეზის დადგენაც მოახერხოს. ხშირად სხვა გამოკვლევები საჭირო აღარ არის, რადგან წელის ტკივილი უმრავლეს შემთხვევაში დაჭიმულობის ან ღრძობის ბრალია და 6 კვირაში გაივლის. თუ სხვა მიზეზზეა ეჭვი ან პრობლემა მაინც რჩება, სხვა გამოკვლევებიც შეიძლება დაინიშნოს.
წელის რენტგენოგრაფიით შესაძლებელია ოსტეოართრიტით გამოწვეული დეგენერაციული ცვლილებების, ოსტეოპოროზის დროს განვითარებული კომპრესიული მოტეხილობის, სკოლიოზის აღმოჩენა. თუმცა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა (მრტ) და კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) მეშვეობით უფრო ზუსტი გამოსახულებები მიიღება და შეიძლება გამოირიცხოს ან დადასტურდეს მალთაშუა დისკის თიაქრის, ხერხემლის არხის სტენოზის ან ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ამ კვლევებით ასევე დგინდება, ხომ არ იწვევს ნერვებზე ზეწოლას ოსტეოართრიტით გამოწვეული დეგენერაციული ცვლილებები.
თუ ეჭვი ზურგის ტვინზე განვითარებულ ზეწოლაზეა, მაშინვე მრტ კეთდება. იშვიათად, როცა მისი შედეგებით დიაგნოზი ვერ ისმება, მიელოგრაფია და კტ ინიშნება. ზოგჯერ ნერვის დაზიანების ადგილის დასადგენად ელექტრომიოგრაფია და ნერვთა გამტარებლობის კვლევა ტარდება.
წელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ყველაზე კარგი გზა რეგულარული ვარჯიშია. ეფექტიანია აერობული ტიპის, კუნთების გამაძლიერებელი და გამჭიმავი სავარჯიშოები.
აერობული ვარჯიში, მაგ.: ცურვა და სიარული, ზოგად ფიზიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს და აძლიერებს კუნთებს. სპეციფიკური სავარჯიშოების მეშვეობით მუცლის, დუნდულა და წელის კუნთები ძლიერდება, იჭიმება. ამის მეშვეობით ხერხემალი უფრო მყარდება და მცირდება დატვირთვა მალთაშუა დისკებზე, რომელთა ფუნქციაც ხერხემალსა და მის დამაფიქსირებელ იოგებზე მოქმედი ძალების შერბილებაა.
კუნთების გამაძლიერებელი სავარჯიშოებია: მენჯის აწევა და მუცლის პრესის ვარჯიში. გამჭიმავი სავარჯიშოებია: ფეხების გაჭიმვა ჯდომისას, მუხლების მიტანა გულმკერდთან, თეძოებისა და ოთხთავა კუნთების გაჭიმვა. მათ წელის ტკივილის გაძლიერებაც შეუძლიათ, ასე რომ საჭიროა სიფრთხილე შესრულებისას. ზოგადად, ნებისმიერი სავარჯიშო, რაც ზრდის ან იწვევს წელის ტკივილს, აღარ უნდა გაკეთდეს. ვარჯიში გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ოდნავ არ დაიღლება (თუმცა ძლიერი დაღლა არ არის სასურველი). თითოეული სავარჯიშოს შესრულებისას მნიშვნელოვანია სწორად სუნთქვა. წელის ტკივილის მქონე ადამიანი ექიმს უნდა დაეკითხოს ვარჯიშის დაწყებამდე.
მეტი ფიზიკური დატვირთვა ძვლის სიმკვრივისა და სასურველი წონის შენარჩუნებისთვისაც ეფექტიანია. შესაბამისად, ვარჯიში იმ ორი მდგომარეობის რისკს ამცირებს, რომელთაც წელის ტკივილის გამოწვევა შეუძლიათ: ესენია ოსტეოპოროზი და ჭარბი წონა.
სწორ პოზაში ჯდომა და დგომა ამცირებს დატვირთვას ზურგზე. საჭიროა მაქსიმალურად მოვერიდოთ მხრებში მოხრას. სკამის სიმაღლე ისე უნდა დარეგულირდეს, რომ ტერფები იატაკზე იდგეს, მუხლები ოდნავ მოხრილი, წელი კი – სწორად მიყრდნობილი იყოს საზურგეზე. თუ სკამზე ჯდომისას წელის მიყრდნობა ვერ ხერხდება, მის უკან პატარა ბალიში უნდა მოთავსდეს. ფეხი ფეხზე გადადებულ პოზაში ჯდომას სჯობს ორივე ტერფი იატაკზე იდგეს. უნდა მოვერიდოთ ძალიან დიდხანს დგომას ან ჯდომას. თუ ეს შეუძლებელია, ზურგზე დატვირთვის შემცირებისთვის პოზის ხშირი ცვლაა აუცილებელი.
რეკომენდებულია მყარ ლეიბზე, კომფორტულად ძილი. მათ, ვისაც გვერდზე წოლა უყვარს, შეუძლიათ ბალიშები მოათავსონ წელისა და თავის ქვეშ, ზურგზე ძილის შემთხვევაში კი – მუხლების. თავქვეშ დადებული ბალიში ისეთი უნდა იყოს, რომ კისერი ძალიან არ მოიხაროს.
წელის ტრავმის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ცოდნა, როგორ უნდა აიწიოს სიმძიმე სწორად. მუხლები ისე უნდა იყოს მოხრილი, რომ მკლავები ასაღები საგნის სიმაღლეზე იყოს. აწევისას საჭიროა დატვირთვა ფეხებზე მოდიოდეს და არა ზურგზე. სიმძიმის თავს ზემოთ აწევა ზრდის წელის ტრავმირების რისკს. მძიმე საგნის ტარებისას საჭიროა მისი სხეულთან ახლოს დაჭერა.
ასევე რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებება.
ცოტა ხნის წინ დაწყებული წელის ტკივილის მკურნალობა იწყება ხერხემლის დამტვირთავი და ტკივილის გამომწვევი მოქმედებების – მაგ.: სიმძიმეების აწევის და მოხრის – თავიდან აცილებით. წოლითი რეჟიმი არ აჩქარებს ტკივილის გაქრობას, ასე რომ, ექიმთა უმრავლესობის აზრით, სჯობს ნაკლებად დამტვირთავი საქმიანობის გაგრძელება. წოლითი რეჟიმი, თუ საჭირო ხდება ძლიერი ტკივილის დროს, 1-2 დღეზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.
როცა წელის ტკივილის მიზეზი რომელიმე დაავადებაა, მისი მკურნალობა ხშირად ტკივილსაც ხსნის – მაგ.: ანტიბიოტიკების დანიშვნა წინამდებარე ჯირკვლის ინფექციის დროს.
ანთების შესამცირებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად შესაძლებელია ურეცეპტოდ ან რეცეპტით გაცემული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღება. თუ ტკივილის წარმოშობაში ანთებითი პროცესი არ არის ჩართული (ხშირად ეს ასეცაა), აასს-ების ნაცვლად აცეტამინოფენის მიღებაა რეკომენდებული. იგი ოდნავ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე არასტეროიდული საშუალებები.
კუნთების მომადუნებელი მედიკამენტები, მაგ.: კარისოპროდოლი, ციკლობენზაპრინი, დიაზეპამი, მეტაქსოლონი ან მეთოკარბამოლი, მათი სპაზმების მოსახსნელად ინიშნება, მაგრამ ეფექტურობა საკამათოა. ამ საშუალებების გამოყენება არ შეიძლება მოხუცებში, რადგან დიდია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ზოგჯერ ტკივილს ამსუბუქებს თბილის ან ცივის დადება, მასაჟი. დაჭიმვა, როგორც წესი, ეფექტიანი არ არის. ხერხემალზე შესრულებული მანიპულაციებით, ქიროპრაქტიკოსის ან სხვა სპეციალიზაციის ექიმის (მაგ.: ოსტეოპათის) მიერ, ჩქარდება კუნთების სპაზმით, დაჭიმულობით ან ღრძობით გამოწვეული ტკივილის გაქრობა. თუმცა, ეს პროცედურები შესაძლოა სარისკო იყოს ოსტეოპოროზის ან მალთაშუა დისკის თიაქრის მქონეებისთვის. ზოგი კვლევის მიხედვით, აკუნპუნქტურაც შესაძლოა იმავენაირად ეფექტიანი იყოს, მაგრამ სხვა კვლევები აჩვენებს, რომ მის გამოყენებას უმნიშვნელო ან ნულოვანი შედეგი აქვს.
ტკივილის გავლის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი შესაძლოა დააჩქაროს მსუბუქმა დატვირთვამ, რომელსაც ექიმი ან ფიზიკური თერაპიის სპეციალისტი ურჩევს ადამიანს. ხშირად რეკომენდებულია სპეციფიკური სავარჯიშოები ზურგისა და მუცლის კუნთების გასაძლიერებლად, დასაჭიმად, რათა წელის ტკივილი ქრონიკული არ გახდეს ან თავიდან არ განვითარდეს. ტკივილის პრევენციისთვის საჭიროა სხვა მეთოდების (სწორი პოზა, მყარ ლეიბზე ძილი ბალიშების სწორი განლაგებით, სიმძიმეების სწორად აწევა და მოწევისთვის თავის დანებება) დაწყება ან გაგრძელება. ამ ყველაფრის შედეგად წელის ტკივილი უმრავლეს შემთხვევაში 2 დღიდან 2 კვირამდე პერიოდში გაივლის. მკურნალობის მიუხედავად, პაციენტთა 80-90%-ში იგი 6 კვირაში მაინც ქრება.
ქრონიკული ტკივილის მკურნალობა: თუ წელის ტკივილი ქრონიკულია, სხვა მეთოდებიცაა საჭირო მის სამკურნალოდ. შესაძლოა ეფექტიანი იყოს აერობული სავარჯიშოები და წონის დაკლება – თუ ამის საჭიროება არსებობს. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში აცეტამინოფენი ან აასს-ები ზოგჯერ საკმარისი არ არის და ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები ინიშნება. თუ ისინიც ვერ ამსუბუქებს ტკივილს, მკურნალობის სხვა მეთოდები განიხილება.
შესაძლოა დაინიშნოს ნერვთა კანმიღმა ელექტრული სტიმულაცია (TENS). ამ დროს სპეციალური მოწყობილობა გამოიყენება, რომელიც დაბალი სიხშირის, ცვლად დენს წარმოქმნის და პროცედურისას ადამიანს ნაზი ჩხვლეტის შეგრძნება აქვს. თერაპევტი მტკივნეულ ადგილას დღეში რამდენჯერმე მოათავსებს აპარატს 20 წუთით ან ერთი საათით, ტკივილის სიძლიერის მიხედვით. ზოგჯერ პაციენტები თავად სწავლობენ მის გამოყენებას.
მკურნალობის მიზნით შესაძლოა კორტიკოსტეროიდის (მაგ.: დექსამეტაზონი ან მეთილპრედნიზოლონი) და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების (მაგ.: ლიდოკაინი) ინექციები გაკეთდეს დროდადრო ეპიდურულ სივრცეში – ხერხემალსა და ზურგის ტვინის მფარავ გარეთა გარსს შორის. ეს მეთოდი იშიაზის დროს უფრო ეფექტიანია, ვიდრე ხერხემლის არხის შევიწროებისას წელის არეში. თუმცა, მედიკამენტები მხოლოდ რამდენიმე დღეს ან კვირას მოქმედებს. მათი გამოყენების მთავარი მიზანია ტკივილის იმდენად შემსუბუქება, რომ ადამიანმა სავარჯიშოების შესრულება შეძლოს, რაც ხანგრძლივ შვებას უზრუნველყოფს.
თუ დაავადება ძლიერ და მუდმივ ტკივილს, სერიოზულ სიმპტომებს იწვევს ან იშიაზი 6 თვე და მეტი გრძელდება, შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. როცა მალთაშუა დისკის თიაქარი იწვევს იშიაზს, რომელიც თანდათან მძიმდება, სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვასა და შარდის, განავლის შეუკავებლობას, ქირურგი ამოკვეთს დისკს (დისკექტომია) და მალის ნაწილს (ლამინექტომია). ოპერაცია ხშირად ნარკოზით კეთდება. ადამიანი საავადმყოფოში ერთი ან ორი დღით რჩება. ზოგჯერ შესაძლებელია მიკროქირურგიული მეთოდის გამოყენება, პატარა განაკვეთითა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით. ჰოსპიტალიზაცია საჭირო აღარ არის ამ დროს. თუმცა, როცა განაკვეთი პატარაა, ქირურგმა შესაძლოა კარგად ვერ დაინახოს და მთელი დისკი ვერ ამოკვეთოს. ორივე სახის ჩარევის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობას ყველანაირი საქმიანობის გაგრძელება შეუძლია რამდენიმე კვირაში. მათი 90%-ზე მეტი სრულად გამოჯანმრთელდება.
ხერხემლის არხის მძიმე ხარისხით შევიწროების დროს შესაძლოა მალის დიდი ნაწილი ამოიკვეთოს, რათა არხი გაფართოვდეს. ხშირად ოპერაცია ნარკოზით კეთდება და პაციენტი საავადმყოფოში 4-5 დღით რჩება. ყველანაირი საქმიანობის გაგრძელება 3-4 თვეშია შესაძლებელი. ადამიანთა ორი მესამედი სრულად ან საკმაოდ გამოჯანმრთელდება. დანარჩენ შემთხვევაში, უხშირესად სიმპტომები აღარ უარესდება.
როცა ხერხემალი არასტაბილურია ოსტეოართრიტით გამოწვეული დეგენერაციის გამო, შესაძლოა მალები ერთმანეთზე დაფიქსირდეს. თუმცა ეს მოძრაობის უნარს ამცირებს და შესაძლოა ხერხემლის დანარჩენ ნაწილებზე გაზარდოს დატვირთვა.