კისრის მოქნილობა მის მალებს გაცვეთისა და მკვეთრი დაჭიმვით დაზიანების რისკის ქვეშ აყენებს, მაგ.: როგორიცაა კისრის შოლტისებური ტრავმა. ასევე, სხეულის ამ ნაწილის მთავარი ფუნქცია თავის დაჭერაა. არასწორ პოზაში ჯდომა ან დგომა ამ ფუნქციის შესრულებას ართულებს. შესაბამისად, კისრის ტკივილი, წელის ტკივილის მსგავსად, ხშირია და უფრო მეტ ადამიანს აწუხებს ასაკის მატებასთან ერთად. ხერხემალში ზურგის ტვინია მოთავსებული. მის სიგრძეზე ზურგის ტვინის ნერვები გამოდის მალებს შორის არსებული სივრცეებიდან და სხეულის სხვა ნერვებს უკავშირდება. ნერვის ზურგის ტვინთან ყველაზე ახლოს მდებარე ნაწილზე (ნერვის ფესვზე) შესაძლოა ზეწოლა განვითარდეს ხერხემლის ტრავმისას, რაც ტკივილს იწვევს. ხერხემლის კისრის ნაწილი შვიდი მალისგან შედგება, რომელთა შორისაც დისკებია მოთავსებული.
კისერი ხერხემლის გამამყარებელ კუნთებსა და იოგებსაც შეიცავს.
იმ დაავადებათა უმრავლესობა, რომლებიც წელის ტკივილს იწვევს, კისრის ტკივილის მიზეზიც შეიძლება იყოს. მათში ჩართულია ხერხემალი, მისი გამამყარებელი ქსოვილები ან ორივე. ყველაზე ხშირი მიზეზი კუნთების დაჭიმულობა და იოგების ღრძობაა. სხვებიდან აღსანიშნავია: ტრავმები, ართრიტი, მალთაშუა დისკის დაზიანება ან თიაქარი, მენინგიტი და ფიბრომიალგია. ზოგი დაავადება კისრის ტკივილს იწვევს, მაგრამ არა წელისას.
ამ სიმპტომის მიზეზი სხვა პათოლოგიებიც შეიძლება იყოს: კისერში არტერიის ამომფენი შრის დაზიანება (განშრევება), საყლაპავის დახშობა ან სიმსივნე, ინფექციები (მაგ.: ძვლის) და საყლაპავის ან ფარისებრი ჯირკვლის ანთება.
ზოგჯერ ტკივილი სხეულის სხვა ნაწილში წარმოიქმნება და კისერში გადაეცემა (იხ. ილუსტრაცია გვ. 703). ეს შეიძლება სტენოკარდიამ (ტკივილი გულმკერდის არეში) ან გულის შეტევამ გამოიწვიოს.
კისერი შეიძლება იყოს მგრძნობიარე, დაჭიმული ან მტკივნეული. ტკივილი მოძრაობისას ძლიერდება. იგი ზოგჯერ მხრებსა და ზურგში ან თავში გადაეცემა. ნერვზე ზეწოლის შემთხვევაში ტკივილი შესაძლოა მკლავში გავრცელდეს. პაციენტები ასევე უჩივიან ჩხვლეტის შეგრძნებას, დაბუჟებას, ან სისუსტეს ზედა და ზოგჯერ ქვედა კიდურებშიც. თუ ზეწოლა ზურგის ტვინზეა, შესაძლოა შარდისა და განავლის შეუკავებლობაც განვითარდეს. გამომწვევი დაავადების მიხედვით სხვა სიმპტომებიც ვლინდება.
დიაგნოზი ხშირად სიმპტომების, რისკფაქტორების (რაც მიზეზზე მიანიშნებს ზოგჯერ) და გასინჯვის (მათ შორის ნერვული სისტემის გამოკვლევის – ნევროლოგიური გასინჯვის) შედეგების მიხედვით ისმება. ამავდროულად ექიმი გაამოძრავებს პაციენტის კისერს ან სთხოვს მას, რომ თვითონ გააკეთოს ეს ყველა მიმართულებით, რათა განსაზღვროს მოძრაობის სიფართე და ასევე, რამდენად ძლიერდება ტკივილი ამ დროს.
ზოგი დაავადების სავარაუდო დიაგნოსტიკა რენტგენოგრაფიითაა შესაძლებელი, მაგრამ ამის დასადასტურებლად შესაძლოა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) გახდეს შემდეგ საჭირო. თუ ეჭვი ზურგის ტვინზე ზეწოლაზე აქვს ექიმს, მაშინვე მრტ კეთდება. ზოგჯერ სხვა კვლევებიც აუცილებელია, მათ შორის სისხლის ანალიზები ინფექციის ან ანთების დასადგენად და ელექტრომიოგრაფია ნერვის გამტარებლობის კვლევასთან ერთად, რათა გაირკვეს, მიზეზი კუნთებს უკავშირდება თუ ნერვებს.
მკურნალობა გამომწვევზეა დამოკიდებული, მაგრამ ხშირად, ტკივილის მოსახსნელად ეფექტიანია ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა აცეტამინოფენი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). თუ ტკივილის წარმოშობაში ანთება არ არის ჩართული, ხშირად აცეტამინოფენის მიღება სჯობს აასს-ებს, რადგან იგი უფრო უსაფრთხოდ ითვლება. ზოგჯერ ასევე ეფექტიანია ცივის ან თბილის დადება მტკივნეულ ადგილას. პაციენტმა უნდა ისწავლოს, როგორ ადგეს, დაჯდეს და იძინოს ისე, რომ კისერი არ დაიჭიმოს.
ექიმმა შეიძლება ადამიანს ურჩიოს, ატაროს კისრის რბილი საყელო და სპეციალურ, ჩაღრმავების მქონე ბალიშზე დაიძინოს 10-14 დღის მანძილზე, რათა ტკივილი და კუნთთა სპაზმები მოიხსნას. არასტაბილური ატლანტოაქსიალური ქვეამოვარდნილობისას მყარი საყელოს გამოყენებაა საჭირო. ექიმმა ან ფიზიკური თერაპიის სპეციალისტმა ასევე შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დამჭიმავი სავარჯიშოები.
თუ ტკივილი არ ქრება, ტკივილგამაყუჩებელიც ინიშნება. ზოგჯერ კუნთების მომადუნებელი საშუალებები, მაგ.: კარისოპროდოლი, ციკლობენზაპრინი, დიაზეპამი, მეტაქსალონი ან მეთოკარბამოლი გამოიყენება, მაგრამ მათი ეფექტურობა საკამათოა. მოხუცებისთვის მათი მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან დიდია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
სპაზმური კისერმრუდობის დროს კუნთების კონტრაქტურებს (ხანგრძლივ შეკუმშვებს) ზოგჯერ დროებით ხსნის ფიზიკური თერაპია ან მასაჟი. ტკივილის გასაყუჩებლად ხშირად ეფექტიანია მედიკამენტები (მათ შორის ანტიკონვულსანტი კარბამაზეპინი და ზოგიერთი მსუბუქი სედაციური საშუალება, მაგ.: კლონაზეპამი), დასალევად ან საინექციო სახით. მაგრამ შეკუმშვები ამ სახის მკურნალობას შემთხვევათა მხოლოდ მესამედში ექვემდებარება. თუ ტკივილი ძლიერია ან თავის მდებარეობა იცვლება, დაჭიმულ კუნთში შესაძლოა ბოტულინის ტოქსინი შეიყვანონ (ეს ბაქტერიული ტოქსინია, რომელიც კუნთების დამბლის გამოსაწვევად გამოიყენება).
სარტყლისებრი ჰერპესის დროს სიმპტომების ხანგრძლივობას ზოგჯერ ანტივირუსული საშუალებები ამცირებს, ბუშტუკებზე სველი სახვევის დადება კი – ტკივილს.
თუ მიზეზი ზურგის ტვინზე ან მის ნერვზე ზეწოლა – კისრის არასტაბილურობაა, ხშირად ოპერაცია ხდება საჭირო.