ნერვულ წნულთა დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ნერვულ წნულთა დაავადებები
  2. პერიფერიულ ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ნერვულ წნულთა დაავადებები

ნერვული წნულები ანუ ზურგის ტვინის სხვადასხვა ნერვიდან მომავალი და ერთმანეთში ჩაწნული ნერვული ბოჭკოების ქსელები შესაძლოა დააზიანოს ტრავმამ, სიმსივნემ, სისხლჩაქცევამ ან ავტოიმუნურმა დაავადებებმა.

  • ხელის ან ფეხის ნაწილში, ზოგჯერ კი მთლიან კიდურში სისუსტე, ტკივილი და მგრძნობელობის დაკარგვა ვითარდება;

  • ელექტრომიოგრაფია და გამოწვეული პოტენციალების კვლევა ადასტურებს დაზიანების არსებობას, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კი დაზიანების ადგილმდებარეობის და მიზეზის დასადგენად გამოიყენება;

  • ზოგჯერ გამომწვევი დაავადების მკურნალობა ნერვების ფუნქციონირებასაც აუმჯობესებს.

ნერვული წნული მსგავსია ელექტრული სადენების გამანაწილებელი ყუთისა, რომელიც სადენებს სახლის სხვადასხვა ოთახისკენ მიმართავს. ნერვულ წნულში ზურგის ტვინის სხვადასხვა ნერვის ნერვული ბოჭკოები (რომლებიც ამ ორგანოს მთელ სხეულთან აკავშირებენ) დახარისხდება და შემდეგ ისე გადაჯგუფდება, რომ სხეულის ერთი ნაწილისკენ მიმავალი ყველა ნერვული ბოჭკო ერთ ნერვში მოთავსდეს. მთავარი წნულების ნერვების დაზიანება იწვევს პრობლემებს იმ ხელის ან ფეხის მხრივ, რომელსაც ისინი აინერვირებენ. მსხვილი წნულებია: მხრის წნული (რომელიც კისერსა და მხრებშია მოთავსებული, მისგან ზედა კიდურების ნერვები გამოდის) და გავა-წელის წნული (რომელიც წელსა და მენჯშია მოთავსებული, მისგან ნერვები მენჯისკენ და ქვედა კიდურებისკენ მიემართება).

მიზეზები

დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმა და ავთვისებიანი სიმსივნეა. უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც მკლავი მკვეთრად იქაჩება ან იხრება მხარში, ზოგჯერ იქვე ახლოს მდებარე მხრის წნულს აზიანებს. ახალშობილებში, როდესაც საჭირო ხდება ნაყოფის ხელით გამოყვანა ან სხვა ჩარევები, ასევე შეიძლება დაზიანდეს მხრის წნული. დაცემისას ზოგჯერ ზიანდება თეძოსთან მოთავსებული გავა-წელის წნული.

ფილტვის ზედა წილში განვითარებული კიბო შესაძლოა მხრის წნულში შეიჭრას და დააზიანოს იგი. ამავენაირად, ნაწლავის, შარდის ბუშტის ან წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნესაც შეუძლია გავა-წელის წნულში გავრცელება. სხვა მოცულობითი წარმონაქმნები კი, მაგ.: კეთილთვისებიანი სიმსივნე, აბსცესი, სისხლჩაქცევა (ჰემატომა) შესაძლოა დააწვეს წნულს და მისი ფუნქციის მოშლა გამოიწვიოს.

ნერვული წნულის დაავადებები ასევე ვითარდება მკერდის კიბოს დროს ჩატარებული სხივური თერაპიის ან შაქრიანი დიაბეტის დროს, როცა მთელ სხეულში ზიანდება ნერვები.

მხრის მწვავე ნევრიტს (მხრის წნულის ფუნქციის უეცარ მოშლას) სავარაუდოდ ავტოიმუნური რეაქცია იწვევს – როცა ორგანიზმი საკუთარი ქსოვილების საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ეს დაავადება ძირითადად მამაკაცებში გვხვდება. ხშირია ზრდასრულობის ადრეულ ეტაპზე, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.

სიმპტომები

მხრის წნულის ფუნქციის მოშლა იწვევს ტკივილს, სისუსტესა და მგრძნობელობის დაკარგვას სხეულის ამ ნაწილში. შესაძლოა ეს მთელ ხელზე ან მხოლოდ მის რომელიმე უბანზე განვითარდეს (მაგ.: წინამხარზე ან ორთავა კუნთზე). თუ მიზეზი ტრავმაა, გამოჯანმრთელება ნელა, რამდენიმე თვეში ხდება, თუმცა ზოგი მძიმე დაზიანება სამუდამო სისუსტეს იწვევს.

მხრის მწვავე ნევრიტისას ძლიერი ტკივილი ვლინდება ხელის ზედა ნაწილსა და მხრებში. ხშირად ზედა კიდური სუსტდება და რეფლექსები ქვეითდება ტკივილის გაქრობასთან ერთად. სისუსტე 3-10 დღეში ვითარდება. ამის შემდეგ ადამიანს, როგორც წესი, ძალა ხელში შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში აღუდგება.

გავა-წელის წნულის ფუნქციის მოშლა იწვევს წელისა და ფეხის ტკივილს, მგრძნობელობის მოშლას ქვედა კიდურში მთლიანად ან მის ნაწილში (მაგ.: ტერფში ან წვივში). გამოჯანმრთელების ალბათობა მიზეზზეა დამოკიდებული.

დიაგნოსტიკა

ექიმს ეჭვი წნულის დაავადებაზე მაშინ მიაქვს, როცა სიმპტომები სხეულის რომელიმე წნულის მიერ ინერვირებულ ნაწილში ვითარდება. სწორედ ამ გამოვლინებების ადგილმდებარეობა მიუთითებს, რომელი წნულია დაზიანებული.

მდებარეობის დასადგენად ელექტრომიოგრაფია და ნერვთა გამტარებლობის კვლევაც გამოიყენება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შესაძლებელია განისაზღვროს, ხომ არ არის დაავადების მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნე, სხვა წარმომნაქმნი ან ტრავმა.

მკურნალობა

მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. წნულის მახლობლად მდებარე ავთვისებიანი სიმსივნის დროს სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია ან ორივე ინიშნება. ზოგჯერ სიმსივნე ან სხვა წარმონაქმნი, რომელიც წნულს აზიანებს, ქირურგიულად უნდა ამოიკვეთოს.

თუ მიზეზი შაქრიანი დიაბეტია, სისხლში შაქრის დონის დარეგულირება შეიძლება ეფექტიანი იყოს.

ექიმი ზოგჯერ კორტიკოსტეროიდებს დანიშნავს მხრის მწვავე ნევრიტისა და წნულთა სხვა დაავადებების დროს, რომლებიც ავტოიმუნური რეაქციის შედეგად ითვლება. თუმცა, ამ მედიკამენტების ეფექტურობა დამტკიცებული არ არის. როცა მიზეზი ტრავმაა, შესაძლოა უბრალოდ მოცდა იყოს საჭირო გამოჯანმრთელებამდე, მაგრამ ზოგჯერ ოპერაციაა აუცილებელი.