ფიზიკური ბარიერები და იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს იმ მიკროორგანიზმებისაგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ინფექცია. ფიზიკურ ბარიერებს მიეკუთვნება კანი, ლორწოვანი გარსები, ცრემლი, ყურში არსებული გოგირდი, ლორწო და კუჭში არსებული მჟავა. შარდის ნორმალური ნაკადი, აგრეთვე, ჩამორეცხავს ორგანიზმებს, რომლებიც აღწევენ საშარდე ტრაქტში. იმუნური სისტემა იყენებს სისხლის თეთრ უჯრედებსა და ანტისხეულებს, რომ ამოიცნოს და გაანადგუროს ორგანიზმები, რომლებიც გადალახავენ სხეულის ფიზიკურ ბარიერებს.
ჩვეულებრივ, კანი ხელს უშლის მიკრობების შეჭრას, თუკი ის დაზიანებული არაა მაგ. ტრავმით, მწერის ნაკბენით ან დამწვრობით. სხვა ეფექტური ფიზიკური ბარიერია ლორწოვანი გარსები, როგორიცაა მაგ. პირის ღრუს, ცხვირის და ქუთუთოების ამომფენი ლორწოვანი. ჩვეულებრივ, ლორწოვანი შემოგარსულია სეკრეტით, რომელიც ებრძვის მიკროორგანიზმებს. მაგ. თვალის ლორწოვანი გარსი განიბანება ცრემლით, რომელიც შეიცავს ფერმენტ ლიზოციმს. ის თავს ესხმის ბაქტერიებს და იცავს თვალებს ინფექციისგან.
სასუნთქი გზები ფილტრავს ნაწილაკებს შესუნთქულ ჰაერში. ცხვირისა და სასუნთქი გზების სავალი კედლები შემოგარსულია ლორწოთი. ჰაერის მეშვეობით შეღწეული მიკროორგანიზმები იჭედებიან ლორწოში, რომელიც შემდეგ გამოიყოფა ნახველის სახით ან ცხვირის მოხოცვისას. ლორწოს გამოყოფას ეხმარება სასუნთქი გზების ამომფენი მცირე ზომის წამწამოვანი გამონაზარდების (წამწამები) კოორდინირებული მოძრაობა. წამწამები გადაისვრიან ლორწოს სასუნთქი გზების ზედა ნაწილებისკენ, ფილტვებისგან მოშორებით.
საჭმლის მომნელებელ სისტემას აქვს მთელი რიგი ეფექტური ბარიერები, როგორიცაა მაგ.: კუჭის მჟავა, პანკრეასის ფერმენტები, ნაღველი და ნაწლავის მიერ გამოყოფილი სეკრეტი. ნაწლავის შეკუმშვა (პერისტალტიკა) და ნაწლავის ამომფენი უჯრედების ნორმალური გამომყოფი ფუნქცია ხელს უწყობს მავნე მიკროორგანიზმების გამოყოფას.
შარდის ბუშტი დაცულია შარდსადენით, მილით, რომლის მეშვეობით შარდი ტოვებს ორგანიზმს. მამრობითი სქესის წარმომადგენლებში, რომელთა ასაკი აღემატება 6 თვეს, ურეთრა საკმარისად გრძელია იმისათვის, რომ ბაქტერიებმა შარდის ბუშტამდე მიაღწიონ, თუ წინდაუხედავად არ მოხდა მათი გავრცელება კათეტერის ან ქირურგიული ინსტრუმენტების მეშვეობით. ქალებში შარდსადენი მოკლეა, რაც ხელს უწყობს გარეთ არსებული ბაქტერიების შარდის ბუშტში შეღწევას. გამორეცხვის ეფექტი შარდის ბუშტის დაცლისას ორივე სქესში წარმოადგენს კიდევ ერთ დაცვით მექანიზმს. საშო დაცულია თავისი ნორმალური მჟავე გარემოთი.
ერთ-ერთი გზა, რომლითაც ორგანიზმი თავს იცავს ინფექციისგან, არის სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ტიპების (ნეიტროფილები და მონოციტები) რაოდენობის მატება. ეს უჯრედები შთანთქავენ და ანადგურებენ შეჭრილ მიკროორგანიზმებს. რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს რამდენიმე საათში იმ მიზეზით, რომ სისხლის თეთრი უჯრედები გამოიყოფა ძვლის ტვინიდან, სადაც ისინი წარმოიქმნებიან. პირველ რიგში იმატებს ნეიტროფილების რაოდენობა. თუ ინფექცია პერსისტირებს (რჩება), იმატებს მონოციტების რაოდენობა. სისხლს მიაქვს თეთრი უჯრედები ინფექციის კერებთან. ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სხვა ტიპი) რაოდენობა იმატებს ალერგიული რეაქციების და მრავალი პარაზიტული ინფექციის დროს, მაგრამ, ჩვეულებრივ, მათი რაოდენობა ბაქტერიული ინფექციების დროს არ იმატებს.
ზოგიერთი ინფექცია, როგორიცაა მაგ. ტიფური ცხელება, იწვევს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის კლებას. უცნობია, თუ რატომ კლებულობს ამ ინფექციების დროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა.
ნებისმიერი ტრავმა, მათ შორის მიკროორგანიზმების შეჭრა, იწვევს დაზიანებული არის ანთებას. ანთება კომპლექსური რეაქციაა, რომელიც ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. დაზიანებული ქსოვილებიდან განსხვავებული ნივთიერებების გამოყოფით, ანთება მითითებას აძლევს ორგანიზმის დაცვით მექანიზმებს, რომ შეასრულონ ქვემოთ ჩამოთვლილი:
მიუხედავად ამისა, ანთებამ შესაძლოა ვერ შეძლოს დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმების დაძლევა.
ანთების დროს სისხლმომარაგება მატულობს. დაინფიცირებული კერა სხეულის ზედაპირთან ახლოს ხდება წითელი და თბილი. სისხლძარღვების კედლები ხდება უფრო ფორებიანი, რაც ხელს უწყობს სითხისა და სისხლის თეთრი უჯრედების დაზიანებულ ქსოვილში გადასვლას. სითხის რაოდენობის მომატება იწვევს დაზიანებული ქსოვილის შეშუპებას. სისხლის თეთრი უჯრედები თავს ესხმიან შემოჭრილ მიკროორგანიზმებს და გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც აგრძელებენ ანთების პროცესს. სხვა ნივთიერებები იწვევენ შედედებას ანთების კერაში არსებულ უმცირესი ზომის სისხლძარღვებში (კაპილარებში), რაც ხელს უშლის მაინფიცირებელი მიკროორგანიზმების და მათი ტოქსინების გავრცელებას. ამ ნივთიერებების დიდი ნაწილი ანთების დროს იწვევს ნერვების სტიმულაციას, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. ანთების დროს ამ ნივთიერებების გამოყოფისას განვითარებულ რეაქციებს მიეკუთვნება შემცივნება, ცხელება და კუნთების ტკივილი, რაც ხშირად თან ახლავს ინფექციას.
ინფექციის განვითარებას იმუნური სისტემა პასუხობს რამდენიმე სახის ნივთიერებისა და აგენტის წარმოქმნით, რომლებიც იმისთვის არიან შექმნილნი, რომ თავს დაესხან კონკრეტულ შემოჭრილ მიკროორგანიზმებს, მაგ. იმუნურმა სისტემამ შეიძლება წარმოქმნას მკვლელი T უჯრედები (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი), რომელთაც შეუძლიათ ამოიცნონ და მოკლან შემოჭრილი მიკროორგანიზმი. იმუნური სისტემა აგრეთვე წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც ხასიათდებიან შემოჭრილი აგენტის მიმართ სპეციფიკურობით. ანტისხეულები უმაგრდებიან მიკროორგანიზმებს და მოძრაობის უნარს უზღუდავენ. შემდგომ ისინი პირდაპირ კლავენ მათ ან ეხმარებიან ნეიტროფილებს, რომ მიზანში ამოიღონ და დახოცონ ისინი.
სხეულის ტემპერატურის მატება ვითარდება, როგორც პასუხი ინფექციასა და დაზიანებაზე. სხეულის მომატებული ტემპერატურა (ცხელება) ზრდის ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი. თუმცა, ზოგიერთ ადამიანში (როგორებიც არიან მაგ. ალოჰოლის ჭარბად მომხმარებლები, ძალზე ასაკიანები ან ძალზე ახალგაზრდები) მწვავე ინფექციაზე პასუხი შეიძლება იყოს ტემპერატურის ვარდნა.
ტემპერატურა ითვლება მომატებულად, როდესაც ის აღემატება 37.8°C-ს(100°F) (თუ ტემპერატურა იზომება ორალური თერმომეტრით). მიუხედავად იმისა, რომ 37°C (96.8°F) მიიჩნევა ნორმალურ მაჩვენებლად, სხეულის ტემპერატურა დღის განმავლობაში მეტად ვარიაბელურია – მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება დილით ადრე, ხოლო ყველაზე მაღალი – დღის ბოლოსკენ (ზოგჯერ აღწევს 37.7°C-ს(99.9°F).
სხეულის ტემპერატურას აკონტროლებს თავის ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოთალამუსი ეწოდება. ცხელების მიზეზია ჰიპოთალამუსის თერმოსტატის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. სხეულის ტემპერატურა მატულობს კანის ზედაპირიდან სისხლის შინაგანი ორგანოებისკენ გადადევნის გზით, რის შედეგადაც მცირდება სითბოს გაცემა. კანკალი (შემცივნება) შეიძლება განვითარდეს იმისთვის, რომ მოიმატოს ტემპერატურამ კუნთების შეკუმშვის გზით. სხეული ცდილობს შეინახოს და წარმოქმნას სითბო, სანამ სისხლი ახალი ტემპერატურული დონით მიაღწევს ჰიპოთალამუსამდე. ამის შემდეგ ნარჩუნდება ახალი, მომატებული ტემპერატურა. შემდგომ, როდესაც თერმოსტატი დაუბრუნდება თავის ნორმალურ დონეს, ორგანიზმი იშორებს სითბოს ჭარბ რაოდენობას ოფლიანობის და სისხლის კანისკენ გადადევნის გზით.
ცხელებისას ტემპერატურა არ ჩერდება მუდმივ ნიშნულზე. ზოგჯერ, ყოველდღე ტემპერატურა აღწევს პიკს და შემდეგ უბრუნდება ნორმას. ალტერნატიულად, ცვალებად ტემპერატურას, რომელიც არ უბრუდება ნორმას, ეწოდება ხანგამოშვებითი ცხელება. ექიმები უკვე აღარ მიიჩნევენ, რომ ტემპერატურის აწევისა და ვარდნის ხასიათს დიაგნოზის დასმაში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ცხელებას, ეწოდებათ პიროგენები. პიროგენები შეიძლება წარმოიქმნას, როგორც სხეულის შიგნით, ასევე მის გარეთ. მიკროორგანიზმები და ნივთიერებები, რომლებსაც ისინი წარმოქმნიან (მაგ. ტოქსინები), წარმოადგენენ ორგანიზმის გარეთ წარმოქმნილი პიროგენების მაგალითებს. ორგანიზმის შიგნით ფორმირებულ პიროგენებს, ჩვეულებრივ წარმოქმნიან მონოციტები და მაკროფაგები (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპები), სხეულის გარეთ წარმოქმნილი პიროგენები იწვევენ ცხელებას სხეულის შიგნით პიროგენების წარმოქმნის სტიმულაციით. თუმცა, ინფექცია არ წარმოადგენს ცხელების გაჩენის ერთადერთ მიზეზს. ცხელების მიზეზი შესაძლოა აგრეთვე იყოს ანთება, სიმსივნე ან ალერგიული რეაქცია.
ჩვეულებრივ, ცხელებას აქვს თვალნათელი მიზეზი, რომელიც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის არის ინფექცია (როგორიცაა მაგ. გრიპი, პნევმონია ან საშარდე ტრაქტის ინფექცია). ჩვეულებრივ, ექიმს მარტივად შეუძლია დასვას ინფექციის დიაგნოზი ანამნეზის შეკრების, ფიზიკური გასინჯვისა და რამდენიმე მარტივი გამოკვლევის (როგორიცაა მაგ. გულმკერდის რენტგენოგრაფია და შარდის ანალიზი) მეშვეობით. თუმცა, მიზეზი ყოველთვის ცხადი არ არის.
თუ ცხელება გრძელდება რამდენიმე დღე და მისი მიზეზი ცხადი არაა, საჭიროა უფრო დეტალური გამოკვლევა. არსებობს ასეთი ცხელების ბევრი პოტენციური მიზეზი. საერთო მიზეზებს მოზრდილებში მიეკუთვნება ინფექციები, დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია სხეულის მიერ საკუთარი ქსოვილების ანტისხეულებით დაზიანებით (აუტოიმუნური დაავადებები) და აღმოუჩენელი სიმსივნე (განსაკუთრებით ლეიკემია ან ლიმფომა).
ცხელების მიზეზის განსასაზღვრად ექიმი ეკითხება ადამიანს არსებული და ადრინდელი დაავადებებისა და მათ სიმპტომების შესახებ, თუ რომელ წამლებს იღებს ის ამჟამად, შეხება ჰქონდა თუ არა ინფექციურ სნეულებებთან და უახლოეს პერიოდში უმოგზაურია თუ არა. ცხელების ხასიათი ჩვეულებრივ არ გვეხმარება დიაგნოზის დადგენაში, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: ცხელება, რომელიც ხელახლა ჩნდება ყოველ მეორე ან მესამე დღეს, დამახასიათებელია მალარიისთვის.
უახლოეს წარსულში მოგზაურობამ (განსაკუთრებით საზღვარგარეთ) შეიძლება მოგვცეს მინიშნება, თუ რამ გამოიწვია ცხელება, რადგანაც ზოგიერთი დაავადება მხოლოდ კონკრეტულ ადგილებს ახასიათებს. მაგ. კოკციდიომიკოზი (სოკოვანი დაავადება) თითქმის ყოველთვის ვითარდება აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა ადამიანს შეხება გარკვეულ ნივთიერებებთან ან ცხოველებთან. მაგ. ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ხორცის გადამმუშავებელ ქარხნებში, უფრო ხშირად შეიძლება განუვითარდეთ ბრუცელოზი.
კითხვების დასმის შემდეგ ექიმი აწარმოებს საფუძვლიან ფიზიკურ გამოკვლევას, რათა იპოვოს ინფექციის წყარო ან დაავადების არსებობის მტკიცებულება. სისხლი და სხვა ბიოლოგიური სითხეები შეიძლება გაიგზავნოს ლაბორატორიაში კულტივირებისათვის. შესაძლოა სხვა სახის სისხლის ანალიზის გამოყენებაც კონკრეტული მიკროორგანიზმების მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების აღმოჩენის მიზნით. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება მიუთითებს ინფექციის არსებობაზე. დიფერენციალური დათვლა (სისხლის თეთრი უჯრედების სხვადასხვა ტიპის თანაფარდობა) გვაძლევს დამატებით მინიშნებებს. მაგ. ნეიტროფილების რაოდენობის მატება სავარაუდოს ხდის შედარებით ახალი ბაქტერიული ინფექციის არსებობას, ეოზინოფილების რაოდენობის მატება კი მიგვანიშნებს პარაზიტების არსებობაზე, როგორებიცაა ბრტყელი და მრგვალი ჭიები.
უცნობი წარმოშობის ცხელების დიაგნოზის დასმა შეიძლება მაშინ, როდესაც ადამიანს რამდენიმე კვირის განმავლობაში აქვს ცხელება მინიმუმ 38.3ºC (101ºF)და გამოკვლევები ვერ გამოავლენენ მიზეზს. ასეთ შემთხვევებში მიზეზი შესაძლოა იყოს ქრონიკული ინფექცია ან ინფექციისგან განსხვავებული დაავადება, როგორიცაა მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები, სიმსივნე ან სხვა პათოლოგია. ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა (MRI) ეხმარება ექიმს ცხელების მიზეზის დადგენაში. ინფექციის ან ანთების კერის დასადგენად გამოიყენება რადიოაქტიური მარკერით მონიშნული სისხლის თეთრი უჯრედების ინექცია. თუ ამ გამოკვლევის შედეგები უარყოფითია, ექიმს შესაძლოა დასჭირდეს ბიოფსიური მასალის აღება ღვიძლიდან, ძვლის ტვინიდან ან ინფექციის სხვა სავარაუდო კერიდან. ამის შემდეგ ხდება ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა და კულტივირება.
იმის გამო, რომ ცხელება ეხმარება სხეულს თავი დაიცვას ინფექციისგან და თვითონ ცხელება არ არის საშიში (თუ ის არ აღემატება 41.1ºC-ს(106ºF)), საკამათო რჩება ცხელების რუტინულად მკურნალობის საკითხი. თუმცა, ადამიანები მაღალი ცხელებით თავს გრძნობენ ბევრად უკეთესად, როდესაც ცხელებას მკურნალობენ.
წამლებს, რომლებიც ამცირებენ სხეულის ტემპერატურას, ეწოდებათ ანტიპირეტიკები. ყველაზე ეფექტურ და ფართოდ გამოყენებულ ანტიპირეტიკებს მიეკუთვნებიან აცეტამინოფენი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), როგორებიცაა ასპირინი და იბუპროფენი. თუმცა, სიცხის დაკლების მიზნით არ შეიძლება ბავშვებისა და მოზარდებისთვის ასპირინის მიცემა, რადგანაც ის ზრდის რეიეს სინდრომის განვითარების რისკს, რომელიც შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.