წმინდა ავტონომიური უკმარისობა ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ რეგულირებული მრავალი პროცესის მოშლაა, მაგ.: არტერიული წნევის. ეს სასიკვდილო არ არის.
წმინდა ავტონომიური უკმარისობის დროს (ადრე მას იდიოპათიური ორთოსტატული ჰიპოტენზია ან ბრედბერი-ეგლესტონის სინდრომი ერქვა) ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ კონტროლირებული მრავალი პროცესი ირღვევა. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ სისტემის ნერვული გზების უჯრედები იღუპება. ეს ნეირონები უჯრედთა ჯგუფებში, ავტონომიურ განგლიებშია მოთავსებული ზურგის ტვინის ორივე მხარეს, შინაგან ორგანოებთან ან ორგანოებში. თავისა და ზურგის ტვინი არ ზიანდება. პერიფერიული ნერვებიც, ავტონომიური განგლიების გარდა, უვნებელია. წმინდა ავტონომიური უკმარისობა უფრო ქალებში გვხვდება და ხშირად 40-60 წლის ასაკში იწყება. იგი სასიკვდილო არ არის.
მიზეზი ბევრ შემთხვევაში უცნობია. ზოგჯერ დარღვევას ავტოიმუნური დაავადება იწვევს, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა იმუნურ სისტემას ორგანიზმის საკუთარი ქსოვილები (ამ შემთხვევაში აცეტილქოლინის A3 რეცეპტორი) უცხო ჰგონია და თავს ესხმის მათ.
ყველაზე ხშირი სიმპტომი არტერიული წნევის ზედმეტად შემცირებაა წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია). ასევე შეიძლება შემცირდეს ოფლის გამოყოფა და შედეგად – სიცხის აუტანლობა განვითარდეს. გუგები ისე არ ფართოვდება (დილატაცია) და ვიწროვდება (კონსტრიქცია), როგორც ნორმაში. მხედველობა ზოგჯერ იბინდება. პაციენტებს უჭირთ შარდის ბუშტის დაცლა – ვითარდება შარდის შეკავება. შესაძლოა შეკრულობა ან კუჭის მოქმედების შეუკავებლობა განვითარდეს. მამაკაცებში ვლინდება ერექციის განვითარებისა და შენარჩუნების გაძნელება (ერექციული დისფუნქცია).
ავტონომიური დარღვევების ნიშნების დასადგენად საჭიროა პაციენტის გასინჯვა და ზოგი გამოკვლევის ჩატარება. მაგალითად, ზოგჯერ იზომება ნორეპინეფრინის რაოდენობა ორგანიზმში. ნორეპინეფრინი არის ერთ-ერთი ქიმიური გადამცემი (ნეირომედიატორის), რომლის მეშვეობითაც ნერვული უჯრედები ერთმანეთს უკავშირდება. დიაგნოზის დადასტურება ერთი რომელიმე კვლევით ვერ ხერხდება, ამიტომ ექიმები სხვა დაავადებების გამორიცხვის შედეგად ადგენენ წმინდა ავტონომიური უკმარისობის არსებობას.
სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, ასე რომ, სამედიცინო ჩარევის მიზანი სიმპტომების შემსუბუქებაა.