შეუღლებული მზერის დამბლა | მკურნალი.გე
  1. შეუღლებული მზერის დამბლა
  2. თავის ტვინის ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
შეუღლებული მზერის დამბლა

შეუღლებული მზერის დამბლის დროს შეუძლებელია ორივე თვალის ერთი მიმართულებით მოძრაობა (გვერდზე, ზევით ან ქვევით).

შეუღლებული მზერის დამბლის დროს ყველაზე ხშირად ჰორიზონტალური მზერა (გვერდზე გახედვა) ირღვევა. შედარებით იშვიათადაა მოშლილი ზევით მზერა და კიდევ უფრო ნაკლებად გვხვდება – ქვედა მიმართულებით მზერის დარღვევა. ადამიანმა შეიძლება თავად შეამჩნიოს, რომ ზოგ მხარეს გახედვა არ შეუძლია.

სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.

ჰორიზონტალური მზერის დამბლა: ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტვინის ღეროს დაზიანებაა, ხშირად ინსულტის გამო. შემთხვევათა დიდ ნაწილში დამბლა სრული და სამუდამოა. ეს ნიშნავს, რომ თვალებს გვერდითა მიმართულებით მოძრაობა საერთოდ არ შეუძლიათ. დამბლა ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიდი ტვინის წინა ნაწილის დაზიანებამ, ხშირად ასევე ინსულტის გამო. შედეგად განვითარებული დარღვევა არც ისე მძიმეა, როგორც ტვინის ღეროს შემთხვევაში და დროთა განმავლობაში სიმპტომებიც მსუბუქდება.

ვერტიკალური მზერის დამბლა: თვალების ვერტიკალურად მოძრაობის უნარი ასაკთან ერთად მცირდება, მაგრამ ვერტიკალური მზერის დამბლა უფრო მძიმედ ვლინდება, ვიდრე ასაკობრივი ცვლილებებისთვისაა დამახასიათებელი. ხშირად ზედა მიმართულებით მოძრაობაა მოშლილი. დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტვინის ღეროს ზედა ნაწილის (შუა ტვინის) დაზიანებაა, ხშირად ინსულტის ან სიმსივნის გამო.

გუგები უჩვეულოდ გაფართოებულია (დილატირებული). სინათლის მინათებისას ისინი უფრო ნელა ვიწროვდება და უფრო ნაკლებად, ვიდრე ნორმაში. ზევით ახედვის მცდელობისას თვალები სწრაფად მოძრაობს ერთი მიმართულებით და შემდეგ ნელა ბრუნდება საწყის მდგომარეობაში. მათ ამ უნებლიე მოძრაობას ნისტაგმი ეწოდება.

თუ ქვევით მზერაა მოშლილი და არა ზედა მიმართულებით, მიზეზი ხშირად პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლაა.