1. ბელის დამბლა
  2. თავის ტვინის ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ბელის დამბლა

ბელის დამბლა სახის ნახევრის კუნთების უეცრად განვითარებული სისუსტე ან დამბლაა, რომელსაც თავის ტვინის მე-7 (სახის) ნერვის ფუნქციის მოშლა იწვევს. იგი აკონტროლებს სახის კუნთების შეკუმშვას, ასტიმულირებს სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებს და უზრუნველყოფს გემოვნების შეგრძნებას ენის წინა ნაწილზე.

  • დაავადების მიზეზი შეიძლება მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია იყოს;

  • პაციენტები უჩივიან ტკივილს ყურის უკან, შემდეგ სახის ცალ მხარეს ვითარდება სისუსტე და სრული დამბლა;

  • დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება;

  • ნერვის შეშუპების მოსახსნელად კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ზოგჯერ;

  • მკურნალობით ან მკურნალობის გარეშეც ადამიანთა უმრავლესობა რამდენიმე თვეში სრულიად გამოჯანმრთელდება.

ბელის დამბლა 100000 ადამიანიდან 23-ს ემართება ოდესმე მაინც. იგი შესაძლოა განვითარდეს მარტივი ჰერპესის ვირუსის 1 ტიპით გამოწვეული ინფექციის გამო, რომელიც პირის ღრუს ჰერპესს იწვევს. ზოგჯერ მიზეზი უცნობია. ლაიმის დაავადებასაც შეუძლია სახის ნერვის დამბლის გამოწვევა, რომელიც ბელის დამბლას ჰგავს. შავკანიანებში ამის ხშირი მიზეზი სარკოიდოზია.

სიმპტომები

ტკივილი ყურის უკან შესაძლოა პირველი სიმპტომი იყოს. იგი ზოგჯერ სახის კუნთების სისუსტემდე რამდენიმე საათით ან 1-2 დღით ადრე ვითარდება. თავად სისუსტე უეცრად ვლინდება, ზოგჯერ მსუბუქად, ზოგჯერ კი სრული დამბლა ვითარდება. სისუსტე მაქსიმალურ სიძლიერეს 48 საათში აღწევს და მხოლოდ ცალ მხარეს ვლინდება. სახე უემოციო და გაყინული ხდება. თუმცა, ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სახე მოღრეცილი აქვს, რადგან დაუზიანებელი მხარის კუნთები ყოველი მიმიკის დროს დაზიანებულ ნახევარს თავისკენ ქაჩავს. შუბლის შეჭმუხვნა, თვალის დახამხამება ან რაიმე გამომეტყველების მიღება რთული ან შეუძლებელი ხდება. პაციენტთა უმრავლესობაში სახის დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნებაც ვლინდება, თუმცა მგრძნობელობა მოშლილი არ არის. რთულია თვალის დახუჭვა დაზიანების მხარეს – იგი ზოგჯერ ბოლომდე არც იხუჭება ან ხამხამი იშვიათდება. ასევე, დახუჭული თვალი ზევით ტრიალდება ხოლმე.

ბელის დამბლის დროს ნერწყვისა და ცრემლის გამოყოფაც დარღვეულია. ადამიანს შეიძლება პირისა და თვალის სიმშრალე აწუხებდეს ან პირიქით, ჭარბი ნერწყვი გადმოსდიოდეს. იმის გამო, რომ ცოტა ცრემლი გამოიყოფა და ხამხამიც (თვალის ზედაპირის სინოტივის შესანარჩუნებლადაა საჭირო) გაიშვიათებულია, თვალი შრება, რაც ტკივილსა და მის დაზიანებას იწვევს. ეს ხშირად მსუბუქია, მაგრამ საკმაოდ მძიმეც შეიძლება იყოს, თუ თვალის დანოტივება და დაცვა სხვანაირად არ მოხერხდა. ზოგჯერ ენის წინა ნაწილში, დაზიანების მხარეს გემოვნების შეგრძნებაც იკარგება. ამავე მხარეს ყურში ხმები უჩვეულოდ ხმამაღლა ისმის (რასაც ჰიპერაკუზია ეწოდება), რადგან დაფის აპკის დამჭიმავ კუნთზეც დამბლაა განვითარებული. ეს კუნთი შუა ყურშია მოთავსებული.

ზოგჯერ სახის ნერვის აღდგენასთან ერთად იგი პათოლოგიურ კავშირებს წარმოქმნის, რაც სახის ზოგი კუნთის მოულოდნელ მოძრაობებს ან თვალების აწყლიანებას ("ნიანგის ცრემლებს") იწვევს ნერწყვის წარმოქმნის დროს. იმის გამო, რომ სახის კუნთები დიდი ხნის მანძილზეა უმოქმედოდ, ზოგჯერ მათი სამუდამო დაჭიმვა (კონტრაქტურები) ვითარდება.

დიაგნოზი

ბელის დამბლის დიაგნოზის დასასმელად სპეციფიკური კვლევა არ არსებობს, მაგრამ ეს ხშირად სიმპტომების მიხედვით ხდება. ბელისა და სახის ნერვის სხვა დამბლების გარჩევა ინსულტისგან იმით შეიძლება, რომ ინსულტის დროს ხშირად სისუსტე სახის მხოლოდ ქვედა ნაწილში ვითარდება და არა მთლიანად. ინსულტის გადატანის შემდეგ პაციენტებს შეუძლიათ, დახუჭონ თვალები მაგრად და ასწიონ წარბები. ამასთანავე, ამ დაავადების დროს ხშირად ხელისა და ფეხის სისუსტეც ვითარდება.

ექიმებს შეუძლიათ, გაარჩიონ ბელის დამბლა სხვა სახის ნერვის დამბლის გამომწვევი იშვიათი დაავადებებისგან (მაგ.: სიმსივნის, ინფექციის ან თავის ქალას მოტეხილობებისგან), რადგან ისინი განსხვავებულ, ნელა განვითარებად სიმპტომებს იწვევს. ხშირად მათი გამორიცხვა პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და რენტგენოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ), კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) მეშვეობით შეიძლება. ლაიმის დაავადების დასადგენად სისხლის ანალიზი კეთდება, სარკოიდოზის გამოსარიცხად კი – სისხლის ანალიზი და გულმკერდის რენტგენოგრაფია.

მკურნალობა და პროგნოზი

უცნობი მიზეზით გამოწვეული დამბლის დროსაც კი პაციენტს მარტივი ჰერპესის ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება (მაგ.: აციკლოვირი, ფამციკლოვირი ან ვალაციკლოვირი) ენიშნება დასალევად. ეს მედიკამენტები ვირუსის გამრავლების დათრგუნვას იწვევს ორგანიზმში მისი არსებობის შემთხვევაში. თუ სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათზე ნაკლები დროა გასული, ნერვის შეშუპების შესამცირებლად კორტიკოსტეროიდი, მაგ.: პრედნიზონი ინიშნება დასალევად. ამ მედიკამენტის საშუალებით ოდნავ ჩქარდება და უმჯობესდება მოძრაობის უნარის აღდგენა.

როცა პაციენტს თვალის ბოლომდე დახუჭვა არ შეუძლია, საჭიროა ამ ორგანოს გამოშრობისგან დაცვა და დაზიანების რისკის შემცირება. დახუჭვის უნარის აღდგენამდე ადამიანმა სპეციალური ხელოვნური ცრემლი ან ფიზიოლოგიური ხსნარი უნდა იწვეთოს. ზოგჯერ თვალის მფარავი ფირფიტის ტარებაც ხდება აუცილებელი, განსაკუთრებით ძილის დროს. იშვიათად, ძალიან მძიმე შემთხვევებში, ზედა და ქვედა ქუთუთო ერთმანეთს ეკერება.

თუკი სახის დამბლა ნაწილობრივია, პაციენტთა უმრავლესობა მკურნალობის გარეშეც სრულიად გამოჯანმრთელდება რამდენიმე თვეში. როცა დამბლა სრულია, გამოსავალი სხვადასხვაა. მდგომარეობის გაუმჯობესების ალბათობის წინასწარ განსაზღვრის მიზნით გამოკვლევები შეიძლება ჩატარდეს (მაგ.: ნერვთა გამტარებლობის კვლევა და ელექტრომიოგრაფია). ბევრი პაციენტი ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდება, რჩება სახის კუნთების სისუსტე, რის გამოც სახის ნახევარი დაშვებულია.