ჰემიფაციალური სპაზმი | მკურნალი.გე
  1. ჰემიფაციალური სპაზმი
  2. თავის ტვინის ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ჰემიფაციალური სპაზმი

ჰემიფაციალური სპაზმი სახის ცალი ნახევრის კუნთების უნებლიე, უმტკივნეულო კრთომაა, რასაც თავის ტვინის მე-7 (სახის) ნერვის ფუნქციის მოშლა იწვევს. იგი აკონტროლებს სახის კუნთების შეკუმშვას, ასტიმულირებს სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებს და უზრუნველყოფს გემოვნების შეგრძნებას ენის წინა ნაწილზე.

ჰემიფაციალური სპაზმი ორივე სქესში გვხვდება, მაგრამ უფრო ხშირი საშუალო და უფროსი ასაკის ქალებშია. ეს შეიძლება არტერიის უჩვეულო მდებარეობამ ან მარყუჟმა გამოიწვიოს, რომელიც თავის ტვინის მე-7 ნერვს აწვება მისი ტვინის ღეროდან გამოსვლის ადგილას.

სახის ცალ მხარეს კუნთები უნებლიეთ კრთება, რაც ხშირად ქუთუთოდან იწყება და შემდეგ ვრცელდება ლოყასა და პირზე. ეს მსუბუქი შეკუმშვები თავიდან დროგამოშვებით ვითარდება, მაგრამ მერე თითქმის მუდმივი ხდება. დაავადება უმტკივნეულოა, მაგრამ საკმაოდ უხერხული შეიძლება იყოს.

დიაგნოზს ექიმი სპაზმების აღმოჩენის შემთხვევაში სვამს. საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) გაკეთება, რათა სიმსივნე, სხვა სტრუქტურული პათოლოგია ან მრავლობითი სკლეროზი გამოირიცხოს. ხშირად ამ გამოკვლევით არტერიის მარყუჟი აღმოჩნდება, რომელიც ნერვს აწვება.

სამკურნალოდ ბოტულინის ტოქსინი გამოიყენება და იგი დაზიანებულ კუნთებში შეჰყავთ. ზოგჯერ ასევე ეფექტიანია სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს გამოყენებული საშუალებები – კარბამაზეპინი, გაბაპენტინი, ფენიტოინი, ბაკლოფენი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იხ. ცხრილი გვ. 948). თუ მედიკამენტები არაეფექტიანია, ზოგჯერ ოპერაცია კეთდება ანომალიურად მდებარე არტერიისა და ნერვის ერთმანეთისგან გამოსაყოფად, მათ შორის პატარა ღრუბლის მოთავსებით (იხ. ილუსტრაცია გვ. 920).