1. ენა-ხახის ნერვის ნევრალგია
  2. თავის ტვინის ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ენა-ხახის ნერვის ნევრალგია

ენა-ხახის ნერვის ნევრალგია ვლინდება ძლიერი ტკივილის შეტევებით ხახისა და ენის უკან, ნუშურა ჯირკვლებთან და ყურის უკანა ნაწილში. ამას თავის ტვინის მე-9 (ენა-ხახის) ნერვის ფუნქციის მოშლა იწვევს. ამ ნერვს ხახის კუნთების კონტროლი, ხახიდან, ნუშურა ჯირკვლებიდან და ენიდან მიღებული მგრძნობელობითი ინფორმაციის ტვინისთვის მიწოდება ევალება.

  • მიზეზი ხშირად უცნობია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იყოს უჩვეულოდ მდებარე არტერია, რომელიც ენა-ხახის ნერვს აწვება;

  • პაციენტები უჩივიან გაუსაძლისი ტკივილის ხანმოკლე შეტევებს, რომელიც ენის ან ხახის ცალ მხარეს, ზოგჯერ კი ყურში ვითარდება;

  • დაავადების დიაგნოზი მაშინ ისმება, თუ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ხახაზე წასმისას ტკივილი ყუჩდება;

  • სამკურნალოდ ზოგი ანტიკონვულსანტი ან ანტიდეპრესანტი, ბაკლოფენი ან ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება გამოიყენება, მაგრამ ზოგჯერ ოპერაციაცაა საჭირო.

ენა-ხახის ნერვის ნევრალგია იშვიათი დაავადებაა და ხშირად 40 წლის შემდეგ ვითარდება, უფრო მამაკაცებში. ბევრ შემთხვევაში მიზეზი უცნობია. თუმცა, ზოგჯერ ნევრალგიას შეიძლება იწვევდეს უჩვეულოდ განლაგებული არტერიის ზეწოლა ენა-ხახის ნერვზე, მისი ტვინის ღეროდან გამოსვლის ადგილას. იშვიათად, მიზეზი თავის ტვინის ან კისრის სიმსივნეა.

სიმპტომები

შეტევები ხანმოკლეა და დროდადრო ვითარდება, მაგრამ ტკივილი გაუსაძლისია. შეტევა შეიძლება ზოგმა მოქმედებამ გამოიწვიოს, მაგ.: ღეჭვამ, ყლაპვამ, ლაპარაკმა, დახველებამ ან დაცემინებამ. ტკივილი ხშირად ენის ან ხახის უკანა ნაწილში იწყება. ზოგჯერ იგი ყურზეც გადადის, გრძელდება რამდენიმე წამი ან წუთი და როგორც წესი, ენისა და ხახის მხოლოდ ცალ მხარეს ვითარდება. პაციენტთა 1-2%-ში გულისცემაც იცვლება – იმდენად ნელდება, რომ ცოტა ხნით ჩერდება კიდეც, რაც გონების კარგვას იწვევს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ენა-ხახის ნერვის ნევრალგიის სამწვერა ნერვის ნევრალგიისგან გარჩევა, ტკივილის მსგავსების მიუხედავად, შესაძლებელია ტკივილის მდებარეობითა და ერთი გამოკვლევით. ამ პროცედურისას ექიმი ხახის უკანა ნაწილს ბამბისწვერიანი ჩხირით ეხება. ტკივილის განვითარების შემთხვევაში, ხახის კედელზე ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას უსვამენ. თუ ამან შეგრძნება გააყუჩა, ენა-ხახის ნევრალგიის დიაგნოზი ისმება. სიმსივნის გამოსარიცხად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება.

სამკურნალოდ ზოგჯერ ეფექტიანია სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს გამოყენებული საშუალებები – კარბამაზეპინი, გაბაპენტინი, ფენიტოინი, ბაკლოფენი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ტკივილი დროებით შეიძლება გააყუჩოს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების (მაგ.: კოკაინის) ხახის უკანა კედელზე წასმამ. თუმცაღა, ხანგრძლივი ეფექტისთვის ოპერაციაა ხოლმე საჭირო. ენა-ხახის ნერვს გამოყოფენ არტერიისგან, რომელიც მას აწვება და მათ შორის პატარა ღრუბელს ათავსებენ.