ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული. ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის მიზეზების ცოდნა ეხმარება ექიმს მკურნალობის კონკრეტული დაავადებისთვის მისადაგებაში. ამიტომაც სადღეისოდ ბევრი ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა თითქმის ისეთივე წარმატებით არის შესაძლებელი, როგორითაც სომატური დაავადებების. ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო მეთოდების უმრავლესობა შეიძლება მიეკუთვნოს ან სომატური, ან ფსიქოთერაპიული მკურნალობის კატეგორიებს. სომატური მკურნალობის მეთოდებია მედიკამენტების გამოყენება და ელექტროკრუნჩხვითი თერაპია. ფსიქოთერაპიული მკურნალობა მოიცავს ინდივიდუალურ, ჯგუფურ ან ოჯახურ, ან ცოლ-ქმრის ფსიქოთერაპიას, ქცევით თერაპიას (როგორიცაა რელაქსაციური ტრენინგი და ექსპოზიციური თერაპია), ჰიპნოთერაპიას. კვლევები ცხადყოფს, რომ ძირითადი ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა მედიკამენტების და ფსიქოთერაპიის კომბინაციით უფრო ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ ერთი მათგანის გამოყენებისას.
ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა არ არის მხოლოდ ფსიქიატრების საქმიანობის სფერო. სხვა პროფესიის პრაქტიკოსებიც მონაწილეობენ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობაში. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან კლინიკური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ექთანები და, ზოგჯერ, სასულიერო პირები. თუმცა მხოლოდ ფსიქიატრები (ზოგიერთ შტატში ფსიქიატრიული პრაქტიკის ექთანებიც) არიან ლიცენზირებული პრაქტიკოსები, რომელთაც წამლის დანიშვნა შეუძლიათ. სხვა სპეციალისტები უპირატესწილად ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას ეწევიან. ხშირად პირველადი ჯანდაცვის ან ფსიქიატრის ლიცენზიის არმქონე ექიმიც ნიშნავს მედიკამენტებს ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ.
ბევრი ფსიქოაქტიური მედიკამენტი ეფექტიანობის მაღალი დონით გამოირჩევა და ფართოდ იხმარება როგორც ფსიქიატრების, ასევე სხვა სპეციალობის ექიმების მიერ. ეს წამლები ხშირად იმის მიხედვით არის დაჯგუფებული, თუ რომელი დაავადების დროს გამოიყენება. მაგალითად, ანტიდეპრესანტებს დეპრესიის სამკურნალოდ იყენებენ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი), როგორიცაა ფლუოქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი, უახლესი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული ანტიდეპრესანტებია. ანტიდეპრესანტების სხვა ჯგუფს მიეკუთვნება სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაციების სელექციური ინჰიბიტორები (სნუსი), როგორიცაა ვენლაფაქსინი ან დულოქსეტინი და ნორეპინეფრინ/დოფამინური მოქმედების ბუპროპრიონი.
ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, როგორიცაა ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი და თიოთიქსენი, ფსიქოზური აშლილობის, მაგალითად, შიზოფრენიის სამკურნალოდ იყენებენ. ახალი ანტიფსიქოზური მედიკამენტები (მათ, ჩვეულებრივ, ატიპურს უწოდებენ) – ოლანზაპინი, რისპერიდონი, კვეტიაპინი, ზიპრაზიდონი და არიპიპრაზოლი სადღეისოდ ხშირად პირველი რიგის მედიკამენტებად მიიჩნევა. იმ პაციენტებს, რომლებიც არ რეაგირებენ არც ტრადიციულ და არც ატიპურ ანტიფსიქოზურ წამლებზე, უფრო ხშირად კლოზაპინს უნიშნავენ.
სუსი-ებს და ანქსიოლიზურ მედიკამენტებს, როგორიცაა კლონაზეპამი, ლორაზეპამი და დიაზეპამი, იყენებენ შფოთვითი აშლილობის, პანიკის შეტევების და ფობიის სამკურნალოდ. გუნება-განწყობილების სტაბილიზატორებს, რომლებსაც მიეკუთვნება კარბამაზეპინი, ლითიუმი და ვალპროატე, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის (ბიპოლარული აშლილობის) სამკურნალოდ ნიშნავენ.
ელქტროკრუნჩხვითი თერაპიის დროს პაციენტს თავზე ელექტროდებს ამაგრებენ და, ზოგადი ანესთეზიის ფონზე, ტვინში ელექტრული ნაკადის სერიებით ხანმოკლე კრუნჩხვებს იწვევენ. კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს მეთოდი დეპრესიული აშლილობის მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ეკთ-ს შეიძლება მოჰყვეს მცირე დროით მეხსიერების დაკარგვა. მიუხედავად საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული შეხედულებისა, ეკთ უსაფრთხოა და იშვიათად იწვევს გართულებებს; ამ უკანასკნელთა ალბათობა ანესთეზიისა და კუნთების რელაქსანტების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა. ამჟამად სწავლობენ თავის ტვინის სტიმულაციის სხვა ფორმების (განმეორებითი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია და ცდომილი ნერვის სტიმულაცია) ეფექტურობას იმ პირთა სამკურნალოდ, რომელთაც მძიმე დეპრესია აქვთ და არ რეაგირებენ მედიკამენტებსა და ფსიქოთერაპიაზე.
უკანასკნელ წლებში ფსიქოთერაპიის სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული.
ფსიქოთერაპიას ზოგჯერ "საუბრით თერაპიას" უწოდებენ. მისი ამოსავალი წერტილია იმისი დაშვება, რომ ადამიანის ავადმყოფობის წამალი თავად ადამიანშია და ფსიქოთერაპევტისადმი ნდობა და მისი მხარდაჭერის შეგრძნება მკურნალობას ხელს უწყობს. თანაგრძნობით და თანადგომით ფსიქოთერაპევტს შეუძლია დაეხმაროს ადამიანს პრობლემების წყაროს აღმოჩენასა და მათ დაძლევაში. ემოციური კავშირი და თვითშეფასება, რომელიც ადამიანს ფსიქოთერაპიით უყალიბდება, ხშირად იწვევს ქცევისა და დამოკიდებულების ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ეხმარება პიროვნებას, იცხოვროს უფრო სავსე და საინტერესო ცხოვრებით.
ფსიქოთერაპია ეფექტიანია სხვადასხვა გარემოებაში; სახელდობრ, ის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვთ ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ მძიმედ განიცდიან ან უმუშევრობას, ან მძიმე დანაკარგს, ან ოჯახის წევრის ქრონიკულ დაავადებას. ფართოდ გამოიყენება ჯგუფური, ოჯახური და ცოლქმრის (წყვილების) ფსიქოთერაპია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრაქტიკოსები უმეტესად ერთ-ერთს იყენებენ ექვსი სახის ფსიქოთერაპიული მეთოდებიდან; ესენია: მხარდამჭერი ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზი, ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, კოგნიტური ფსიქოთერაპია, ქცევითი ფსიქოთერაპია ან ინტერპერსონული ფსიქოთერაპია.
მხარდამჭერი ფსიქოთერაპია, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ, ეფუძნება თანამგრძნობ და მხარდამჭერ ურთიერთობას პიროვნებასა და თერაპევტს შორის. ის უბიძგებს პაციენტს გრძნობების გამოხატვისკენ, რაც ეხმარება მას პრობლემის გადაჭრაში. მხარდამჭერი ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეა პრობლემაზე ფოკუსირებული ფსიქოთერაპია, რომლის წარმატებით ჩატარება პირველადი ჯანდაცვის ექიმსაც შეუძლია.
ფსიქოანალიზი ფსიქოთერაპიის ფორმაა, რომელიც ზიგმუნდ ფროიდმა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა. ფსიქოანალიზის სეანსები ექიმის ოფისში ტარდება, კვირაში 4-5-ჯერ. პაციენტი, როგორც წესი, ტახტზე წევს და ცდილობს ისაუბროს ყველაფერზე, რაც კი მოაფიქრდება. ამ ტექნიკას თავისუფალი ასოციაციები ეწოდება. ყურადღება ექცევა იმას, წარსულში ურთიერთობების მახასიათებლები როგორ იჩენენ თავს აწმყოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმისა და პაციენტის ურთიერთდამოკიდებულებას. იმისი გაცნობიერება, როგორ ზემოქმედებს წარსული აწმყოზე, ეხმარება პიროვნებას ადამიანებთან ურთიერთობის ახალი და უფრო ადეკვატური ფორმების გამოძებნაში.
ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზის მსგავსად, აქცენტირებულია აზრების, შეგრძნებების და ქცევის არაცნობიერი მახასიათებლების იდენტიფიკაციაზე. სეანსის დროს პიროვნება, ჩვეულებრივ, ტახტზე ზის, კვირაში მხოლოდ 1-3 სეანსი ტარდება. ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.
კოგნიტური თერაპია ეხმარება ადამიანებს გააცნობიერონ აზროვნების შეცდომები და გაიგონ, როგორ იწვევს ეს შეცდომები პრობლემებს მათ ცხოვრებაში. მოხსენიებულის წინა პირობა ის არის, რომ ადამიანები გრძნობენ და იქცევიან იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებენ წარსულის გამოცდილებას. ძირითადი ფასეულობების და დაშვებების იდენტიფიცირება ადამიანს საკუთარი გამოცდილების ახლებურად შეფასებას ასწავლის, რაც ამსუბუქებს სიმპტომებს, აუმჯობესებს ქცევას და შეგრძნებებს.
ქცევითი თერაპია დაკავშირებულია კოგნიტურ თერაპიასთან. ზოგჯერ იყენებენ მათ კომბინაციას, რომელსაც კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ეწოდება. ქცევითი თერაპიის თეორიული ბაზისია დასწავლის თეორია, რომლის მიხედვით პათოლოგიური ქცევა განპირობებულია დასწავლის ნაკლოვანებით. ქცევითი თერაპია მოიცავს სხვადასხვა ინტერვენციას, რომელთა მიზანია დაეხმაროს პიროვნებას, შეცვალოს გარემოსთან ნაკლებად მისადაგებული ქცევა დასწავლილი, უფრო ადეკვატური ქცევით. ექსპოზიციური თერაპია, რომელსაც ხშირად იყენებენ ფობიის სამკურნალოდ, ქცევითი თერაპიის ერთ-ერთი სახეა.
ინტერპერსონული თერაპია თავიდან მოიაზრებოდა, როგორც დეპრესიის ხანმოკლე ფსიქოლოგიური მკურნალობა. მისი მიზანია დეპრესიული პირის ურთიერთობების ხარისხის გაუმჯობესება, ფოკუსირებულია მოუნელებელ მწუხარებაზე, კონფლიქტებზე – როდესაც ადამიანები ასრულებენ როლს, რომელიც განსხვავდება მათი მოლოდინისგან (მაგალითად, ქალი იწყებს ურთიერთობებს მოლოდინით, რომ იქნება შინაყუდა დედა და აღმოაჩენს, რომ ოჯახში მთავარი შემომტანია), სოციალური როლის ცვლილებაზე (როდესაც აქტიური მუშაკი პენსიაზე გადის) და სხვებთან ურთიერთობების სიძნელეებზე. თერაპევტი ასწავლის პიროვნებას, როგორ გააუმჯობესოს ინტერპერსონული ურთიერთობები, დასძლიოს სოციალური იზოლაცია, გამოძებნოს გარკვეულ სიტუაციებზე რეაგირების მისთვის ჩვეულისგან განსხვავებული გზები.