სხეულის დისმორფული აშლილობა | მკურნალი.გე
  1. სხეულის დისმორფული აშლილობა
  2. სომატოფორმული აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
სხეულის დისმორფული აშლილობა

სხეულის დისმორფული აშლილობის დროს პაციენტი საკუთარი გარეგნობის უმნიშვნელო ან არარსებულ დეფექტს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც ართულებს მის ყოველდღიურ ყოფას.

  • დღის განმავლობაში პაციენტი საათობით შფოთავს სხეულის რომელიმე ნაწილის წარმოსახვითი დეფექტის გამო;

  • ექიმები დიაგნოზს სვამენ, როდესაც გარეგნობის შესახებ განცდები სერიოზულ დისტრესს იწვევს ან ხელს უშლის პიროვნების ნორმალურ ფუნქციონირებას;

  • ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ან კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს.

სხეულის დისმორფული აშლილობის დროს ადამიანებს სჯერათ, რომ მათ გარეგნობას აქვს ნაკლი ან დეფექტი, რაც სინამდვილეში უმნიშვნელოა ან არ არსებობს. დაავადება, როგორც წესი, იწყება მოზარდობის ასაკში. ითვლება, რომ აშლილობა თითქმის თანაბარი სიხშირით ვლინდება მამაკაცებსა და ქალებს შორის ან ქალებში ოდნავ უფრო ხშირია.

სიმპტომები

სიმპტომები შეიძლება განვითარდეს თანდათან ან უეცრად, სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული. სათანადო მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, სიმპტომები მყარად ნარჩუნდება. შეშფოთება ჩვეულებრივ ეხება სახეს ან თავს, ან სხეულის ნებისმიერ სხვა, ზოგჯერ რამდენიმე, ნაწილს. შეიძლება სხეულის ერთმა ნაწილმა მეორე ჩაანაცვლოს. მაგალითად, ადამიანები შეიძლება განიცდიდნენ თმის შეთხელებას, გამონაყარს, ნაოჭებს, ნაწიბურებს, სახის ფერს ან სახეზე და ტანზე ჭარბ თმიანობას; ადამიანებს შეიძლება აწუხებდეთ სხეულის ნაწილის ფორმა და ზომა, მაგალითად, ცხვირის, ყურის, თვალების, პირის, ფეხების, მკერდის ან დუნდულების. ზოგიერთი მამაკაცი, ნორმალური და თუნდაც ათლეტური აღნაგობისა, ფიქრობს, რომ სუსტია და აკვიატებულად ცდილობს სხეულისა და კუნთების მასის გაზრდას. ამ მოვლენას კუნთთა დისმორფიას უწოდებენ. უხშირესად ადამიანებს სხეულის დისმორფული აშლილობით უჭირთ თავის განცდების კონტროლი, ისინი ყოველდღე საათობით განიცდიან წარმოსახვით დეფექტის არსებობას. ბევრი მათგანი ხშირად ამოწმებს საკუთარ თავს სარკეში, სხვები თავს არიდებენ სარკეს, ზოგი კი მოხსენიებულთაგან ხან ერთს აკეთებს და ხან მეორეს. ხშირად ადამიანი აკვიატებულად და განსაკუთრებით უვლის თავს – იჭიმავს სახის კანს, იცვლის ტანსაცმელს. უმრავლესობა ცდილობს უმნიშვნელო ან არარსებული ნაკლის შენიღბვას, მაგალითად, წარმოსახვითი ნაწიბურების დასამალად წვერის მოშვებას ან ოდნავ შეთხელებული თმის დასაფარავად – ქუდის ტარებას. ბევრი იტარებს კოსმეტიკურ (უფრო ხშირად დერმატოლოგიურ) მანიპულაციებს, სტომატოლოგიურ ან ქირურგიულ მკურნალობას, ზოგჯერ განმეორებით, რომ გამოასწოროს წარმოსახვითი დეფექტი. ასეთი მკურნალობა, როგორც წესი, არაეფექტიანია და ზოგჯერ შეიძლება პირუკუ იმოქმედოს – გაამძაფროს განცდები. მამაკაცები კუნთების დისმორფიით ზოგჯერ ანაბოლურ სტეროიდებს (ტესტოსტერონი) იღებენ.

ვინაიდან ადამიანებს სხეულის დისმორფული აშლილობით საკუთარი გარეგნობის რცხვენიათ, შეიძლება მოერიდონ საზოგადოებაში გამოჩენას, არ იარონ სამსახურში, სკოლაში ან საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. ზოგიერთი მძიმედ დაავადებული სახლიდან მხოლოდ ღამე გადის, ზოგი კი საერთოდ არ გადის. ასეთი ქცევა შეიძლება სოციალური იზოლაციის მიზეზი გახდეს. დაავადების შედეგად განვითარებულმა დისტრესმა და დისფუნქციამ შეიძლება არაერთი განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ან სუიციდის მცდელობა განაპირობოს.

დიაგნოზი და მკურნალობა

ვინაიდან სხეულის დისმორფული აშლილობის დროს ადამიანებს ძალიან ეუხერხულებათ, რცხვენიათ ჩივილების გამოხატვა, დაავადება შეიძლება წლობით არ გამოვლინდეს. გარეგნობის გამო ნორმალური შეშფოთებისგან სხეულის დისმორფულ აშლილობას განასხვავებს განცდებზე დიდი დროის დაკარგვა, ძლიერი წუხილი და ცხოვრების ნორმალური მიმდინარეობის მოშლა.

ანტიდეპრესანტებით, სახელდობრ, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით მკურნალობა ხშირად ეფექტიანია. კოგნიტურ-ბიჰევიორულმა თერაპიამ, რომელიც უშუალოდ ამ აშლილობაზეა ფოკუსირებული, შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები.