სომატიზებული აშლილობა მძიმე, ქრონიკული ავადმყოფობაა, ხასიათდება მრავლობითი განმეორებადი ფიზიკური ჩივილებით, რომელთაგან არც ერთის მიზეზი არ არის სომატური დაავადება. ეს ჩივილები წარმოდგენილია ტკივილისა და ზოგიერთი გასტროინტესტინური, სექსუალური და ნევროლოგიური სიმპტომების კომბინაციით.
გჯერ კარგ შედეგს იძლევა.
სომატიზებული აშლილობა ხშირად გვხვდება ოჯახებში, ქალებში უფრო ხშირია. ამ აშლილობის მქონე ქალების ნათესავ მამაკაცებში ხშირია ანტისოციალური პერსონოლოგიური აშლილობა და წამალდამოკიდებულება. სომატიზებულ აშლილობას ხშირად თან ახლავს დეპრესიის და შფოთვის სიმპტომები, პერსონოლოგიური აშლილობა და სხვებზე განსაკუთრებული დამოკიდებულება.
სომატიზებული აშლილობის დროს სომატური სიმპტომები შეიძლება განპირობებული იქნეს ადამიანის სურვილით, რომ დაეხმარონ, ყურადღება მიაქციონ, იზრუნონ მასზე. სიმპტომებს შეიძლება სხვა მიზანიც ჰქონდეს – ზოგჯერ ეს ზრდასრულ ადამიანზე დაკისრებული პასუხისმგებლობებისთვის თავის არიდების საშუალებაა. თუმცა, სიმპტომები არ არის განზრახ გამოწვეული ან გამოგონებული. ისინი, როგორც წესი, დისკომფორტის გამომწვევია და არ აძლევს ადამიანებს სასურველ საქმიანობაში ჩართვის საშუალებას.
სიმპტომები პირველად ვლინდება ზრდასრულ ან ადრეულ მოწიფულობის ასაკში (30 წლამდე). პაციენტებს აღენიშნებათ მრავლობითი სომატური ჩივილები, რომლებსაც აღწერენ როგორც "აუტანელს", "აღუწერელს", "ყველაზე უარესს, რისი წარმოდგენაც შეიძლება".
სიმპტომი შეიძლება დაკავშირებულ იქნეს სხეულის ნებისმიერ ნაწილთან. სიმპტომების ხასიათი და მათი სიხშირე ცვალებადია. ტიპურია თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა, ტკივილი მენსტრუაციის დროს, დაღლილობა, გონების დაკარგვა, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა. მამაკაცები უფრო ხშირად უჩივიან ერექციულ ან სხვა სექსუალურ დისფუნქციას. დამახასიათებელია შფოთვა და დეპრესია.
ადამიანები სომატიზებული აშლილობით ითხოვენ დახმარებას და ემოციურ მხარდაჭერას, გული მოსდით, როდესაც მათ სურვილებს არ აკმაყოფილებენ. ხშირად, მკურნალობით უკმაყოფილონი, სხვა ექიმებს მიმართავენ, ათასგვარ გამოკვლევას იტარებენ და სხვადასხვა წამალს იღებენ.
პაციენტები სომატიზებული აშლილობით ვერ აცნობიერებენ, რომ მათ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ და ექიმებისგან სადიაგნოზო გამოკვლევებს და მკურნალობას ითხოვენ. ექიმები, ჩვეულებრივ, მრავალმხრივ გამოკვლევას ატარებენ სიმპტომების გამომწვევი სომატური დაავადების ამოსაცნობად. ხშირია სხვადასხვა სპეციალისტთან რეფერალი, მაშინაც კი, როცა პაციენტს შედარებით კარგი ურთიერთობა აქვს მკურნალ ექიმთან. მას შემდეგ, რაც ექიმი დაადგენს, რომ პრობლემა ფსიქოლოგიურია, სადიაგნოზო კრიტერიუმები სხვა ფსიქიკური აშლილობებისგან გასარჩევად შემდეგია: მრავალფეროვანი სომატური ჩივილების არსებობა წლების განმავლობაში.
სომატიზებული აშლილობის მიმდინარეობა არაერთგვაროვანია, შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. იშვიათად, გარკვეული დროით, პაციენტები თავისუფლდებიან სიმპტომებისგან. წლების შემდეგ ადამიანი დეპრესიული ხდება, არსებობს სუიციდის რისკი.
მკურნალობა რთულია; ფსიქოთერაპია, განსაკუთრებით კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს. მედიკამენტები ზოგჯერ ამცირებს თანმხლები ფსიქიკური აშლილობის, მაგალითად, დეპრესიის სიმპტომებს.
მნიშვნელოვანია თანაგრძნობით, ნდობით აღსავსე ურთიერთობის ჩამოყალიბება ექიმსა და პაციენტს შორის. ექიმი არეგულირებს სამედიცინო მომსახურების პროცესს, ცდილობს სიმპტომებზე ზემოქმედებას, სისტემატურად უტარებს პაციენტს კონსულტაციებს, თავიდან არიდებს არასაჭირო გამოკვლევებსა და სამკურნალო პროცედურებს. ამასთან, ექიმს უნდა ახსოვდეს, რომ ასეთ პაციენტს შესაძლოა დაემართოს სომატური დაავადება და მზად უნდა იყოს მისი ამოცნობისა და მკურნალობისთვის.