გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა | მკურნალი.გე
  1. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
  2. შფოთვითი აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ხასიათდება სხვადასხვა საქმიანობასთან ან მოვლენასთან დაკავშირებით მოჭარბებული, ჩვეულებრივ, ყოველდღიური ნერვიულობით და ღელვით, რაც, სულ მცირე, 6 თვე გრძელდება.

  • შფოთვა ზოგადი ხასიათისაა, მისი გამომწვევი მიზეზები (საქმიანობა, მოვლენა) ცვალებადია;

  • დიაგნოზი რომ დაისვას, შფოთვას უნდა ახლდეს ზოგიერთი სხვა სიმპტომი, მაგალითად, კონცენტრაციის გაძნელება;

  • მკურნალობა ტარდება მედიკამენტების (ჩვეულებრივ, შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგჯერ – ანტიდეპრესანტები) და კონსულტაციების კომბინაციით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა საკმაოდ გავრცელებულია, ის მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს ყოველ 12 თვეში აღენიშნება, ქალებს შორის ორჯერ უფრო ხშირია, მამაკაცებთან შედარებით. დაავადება უპირატესწილად ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში იწყება, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს; მიმდინარეობა ტალღისებურია, პერიოდულად მძაფრდება (განსაკუთრებით სტრესის დროს) და წლობით გრძელდება.

სიმპტომები და დიაგნოზი

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე პირებს მუდმივად აქვთ წუხილი და ღელვა, რომლის გაკონტროლება უჭირთ. შფოთვის სიმძიმე, სიხშირე და ხანგრძლივობა გამომწვევი მოვლენის მნიშვნელობის არაპროპორციულია. სიმპტომები ზოგადი ხასიათისაა, შინაარსით ცვალებადი და შესაძლოა უკავშირდებოდეს: სამსახურებრივ პასუხისმგებლობებს, ფინანსებს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, მანქანის დაზიანებას და სხვა ყოველდღიურ საქმეებს. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი ისმება, თუ პაციენტს აქვს წუხილი ან შფოთვა და ჩამოთვლილიდან, სულ მცირე, 3 სიმპტომი:

  • მოუსვენრობა

  • მსუბუქი დაღლილობა

  • კონცენტრაციის გაძნელება

  • გაღიზიანებულობა

  • კუნთების დაძაბულობა

  • ძილის დარღვევა

მკურნალობა

შფოთვითი აშლილობის საუკეთესო მკურნალობაა სხვადასხვა სახის კონსულტაციებისა და მედიკამენტური თერაპიის კომბინაცია. კონსულტაციები ეხება შფოთვის გამომწვევ მიზეზებს და ეხმარება პაციენტს გამკლავების გზების ძიებაში. ჩვეულებრივ, ინიშნება შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები. ვინაიდან მოხსენიებულთა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება წამალზე დამოკიდებულება გამოიწვიოს, წამლის ერთბაშად მოხსნა არ შეიძლება. თუმცა ბენზოდიაზეპინები ინდივიდს აძლევს შვებას, რომელიც, ჩვეულებრივ, აღემატება მსუბუქ გვერდით ეფექტებს და შესაძლო წამალდამოკიდებულებას. ბუსპირონი კიდევ ერთი ანქსიოლიზური პრეპარატია, რომელიც ეფექტიანია გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს და ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას. მისი მოქმედების დაწყებას შეიძლება 2 კვირა ან მეტი დრო დასჭირდეს, განსხვავებით ბენზოდიაზეპინებისაგან, რომლებიც მოქმედებას ერთ საათში იწყებს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ ასევე ეფექტიანია ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, როგორიცაა ვენლაფაქსინი, პაროქსეტინი და სხვა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები. ეს ანტიდეპრესანტები სწრაფად, ზოგჯერ რამდენიმე დღეში, იწყებენ მოქმედებას. დასაწყისში პაციენტებს ბენზოდიაზეპინებსა და ანტიდეპრესანტებს ერთად უნიშნავენ. მას შემდეგ, რაც ანტიდეპრესანტი იწყებს მოქმედებას, ბენზოდიაზეპინების დოზა მცირდება და იხსნება. მცენარეულ პრეპარატებს, როგორიცაა კავა და ვალერიანი, შეიძლება ჰქონდეს შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება, თუმცა მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამატებით კვლევას საჭიროებს.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ეხმარება პაციენტებს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს გააცნობიერონ თავისი აზროვნების შეცდომები, უკეთესად აკონტროლონ განცდები და, შესაბამისად, შეცვალონ ქცევა. შეიძლება ასევე სასარგებლო იქნეს რელაქსაციური თერაპია, იოგა, მედიტაცია, ფიზიკური ვარჯიში და ბიოლოგიური უკუკავშირის მეთოდები.