პანიკის შეტევები და პანიკური აშლილობა | მკურნალი.გე
  1. პანიკის შეტევები და პანიკური აშლილობა
  2. შფოთვითი აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
პანიკის შეტევები და პანიკური აშლილობა

პანიკა ხანმოკლე, ძლიერი შფოთვაა, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები.

  • პანიკის შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, გაგუდვის შეგრძნება, თავბრუხვევა, გულისრევა და ქოშინი;

  • დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის მიერ აღწერილ შეტევის სურათს და განმეორებითი შეტევის შიშს;

  • სამკურნალოდ გამოიყენება ანტიდეპრესანტები, ანქსიოლიზური საშუალებები, ექსპოზიციური და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მხარდამჭერი ფსიქოთერაპია.

პანიკის შეტევა ნებისმიერი შფოთვითი აშლილობის დროს შეიძლება აღმოცენდეს, როგორც პასუხი კონკრეტულ სიტუაციაზე, რომელიც დაავადების ძირითად მახასიათებელს იწვევს. მაგალითად, ინდივიდს, რომელსაც გველის აკვიატებული შიში აქვს, გველის დანახვისას შეიძლება პანიკის შეტევა დაეწყოს. ამავე დროს, სიტუაციური პანიკის შეტევები განსხვავდება სპონტანური, არაპროვოცირებული შეტევებისგან, რომლებიც პანიკური აშლილობის დიაგნოზის საფუძველია.

პანიკის შეტევები ფართოდ არის გავრცელებული და წლის განმავლობაში მოზრდილი მოსახლეობის, სულ მცირე, 10%-ს უვითარდება. ქალებს შორის პანიკის შეტევები და პანიკური აშლილობა 2-3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. პანიკის შეტევები, შემთხვევების უმეტესობაში, მკურნალობის გარეშე ქრება, თუმცა ზოგჯერ პანიკური აშლილობა ვითარდება. ეს უკანასკნელი, ნებისმიერი 12 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 2-3%-ს აღენიშნება. პანიკური აშლილობა უფრო ხშირად ვითარდება გვიანი მოზარდობის ან ადრეული მოწიფულობის ასაკში.

სიმპტომები

პანიკის შეტევა გულისხმობს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, 4 სიმპტომის უეცრად აღმოცენებას:

  • ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში

  • გაგუდვის შეგრძნება

  • თავბრუხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება

  • სიკვდილის შიში

  • გაგიჟების ან საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიში

  • ირეალურობის, უცნაურობის ან გარემოსგან მოწყვეტის განცდა

  • სახის უეცარი წამოწითლება ან შემცივნება;

  • გულისრევა, მუცლის ტკივილი ან ფაღარათი;

  • მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება

  • გახშირებული გულისცემა

  • ქოშინი ან მოხრჩობის შეგრძნება

  • ოფლიანობა

  • კანკალი ან ძაგძაგი

სიმპტომები პიკს აღწევს 10 წუთში, შემდეგ რამდენიმე წუთში ქრება, რის გამოც ექიმი, ჩვეულებრივ, აკვირდება პანიკის შემსუბუქებული სიმპტომების მქონე, მაგრამ საშინელი შეტევის განმეორების შიშით შეპყრობილ პიროვნებას. ვინაიდან პანიკის შეტევები ზოგჯერ მოულოდნელად ან თვალსაჩინო მიზეზის გარეშე ვითარდება (განსაკუთრებით პანიკური აშლილობის ფარგლებში), ადამიანი, რომელსაც ხშირად აქვს მსგავსი შეტევები, მოელის მომდევნო შეტევას და წინასწარ ღელავს მის მოლოდინში (ე.წ. შფოთვითი წინათგრძნობა), ცდილობს მოერიდოს ადგილებს, სადაც პანიკის შეტევა ჰქონდა.

ვინაიდან პანიკის შეტევის სიმპტომები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან არის ხოლმე დაკავშირებული (მოჩვენებითად), პაციენტები ხშირად ღელავენ, ფიქრობენ, რომ მათ გულის, ფილტვების ან ტვინის სერიოზული სამედიცინო პრობლემა აქვთ, რის გამოც, შეიძლება ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიმართონ. თუ პანიკური შეტევის დიაგნოზი დროულად არ დაისვა, პაციენტს შეიძლება შფოთვა დაეწყოს იმაზე ფიქრით, რომ ექიმებს სერიოზული სომატური დაავადება გამორჩათ. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის შეტევები არასასიამოვნოა, ზოგჯერ უკიდურესადაც კი, ისინი საშიში არ არის. პანიკური აშლილობის დიაგნოზი ისმება, როდესაც ადამიანებს აქვთ არანაკლებ ორი სპონტანური და მოულოდნელი შეტევა, რომელსაც, სულ მცირე, 1 თვის განმავლობაში შეტევის განმეორების შიში მოსდევს. შეტევების სიხშირე ცვალებადია. ზოგიერთ პაციენტს თვეობით აქვს ყოველკვირეული ან ყოველდღიური შეტევები, სხვას შეიძლება დღის განმავლობაში რამდენიმე შეტევა ჰქონდეს, რაც მომდევნო კვირებში ან თვეებში აღარ მეორდება.

მკურნალობა

ზოგიერთი პაციენტი თავისით, ყოველგვარი დახმარების გარეშე, იკურნება, ზოგს კი წლების განმავლობაში აქვს პანიკური აშლილობა, რომელიც ხან ძლიერდება და ხან სუსტდება. მკურნალობა უფრო ეფექტიანია, თუ ადამიანები პანიკური აშლილობით აცნობიერებენ, რომ დაავადებაში ჩართულია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური პროცესები და მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს. მედიკამენტური და ბიჰევიორული (ქცევითი) თერაპიით შესაძლებელია სიმპტომების მართვა.

მედიკამენტები: პანიკური აშლილობის სამკურნალოდ იყენებენ ანტიდეპრესანტებს და ანქსიოლიზურ პრეპარატებს, მაგალითად, ბენზოდიაზეპინებს. ეფექტიანია ანტიდეპრესანტების თითქმის ყველა ჯგუფი: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, სეროტონინ/ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. ბენზოდიაზეპინები უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ანტიდეპრესანტები, მაგრამ შეიძლება წამალდამოკიდებულება გამოიწვიოს და უფრო მოსალოდნელია ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა და რეაქციის შენელება. მკურნალობისას უპირატესობას სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს ანიჭებენ, რადგან ეფექტურობით სხვა მედიკამენტებს არ ჩამოუვარდება, გვერდითი მოვლენები კი ნაკლები აქვს, მაგალითად, იშვიათად იწვევს ძილიანობას და წამალდამოკიდებულებას. ამავე დროს, უეცარი შეწყვეტისას მათი უმეტესობა (და სეროტონინ/ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) იწვევს არასასიამოვნო მოხსნის სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება 1 კვირა და მეტი გაგრძელდეს. დასაწყისში შეიძლება ბენზოდიაზეპინი და ანტიდეპრესანტი პაციენტს ერთად დაუნიშნონ. როცა ანტიდეპრესანტის მოქმედება იწყება, ბენზოდიაზეპინის დოზა მცირდება და იხსნება. როდესაც მედიკამენტი ეფექტიანია, პანიკის შეტევები წყდება ან მნიშვნელოვნად მცირდება. მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად არის საჭირო; მედიკამენტის მიღების შეწყვეტამ პანიკის შეტევების განახლება შეიძლება გამოიწვიოს.

ფსიქოთერაპია: ექსპოზიციური თერაპია ქცევითი თერაპიის ტიპია, რომელიც გულისხმობს ინდივიდზე ხელოვნურად გამოწვეული შეტევის აღმძვრელი ფაქტორების წინასწარი განზრახვით განმეორებით ზემოქმედებას, რაც, ჩვეულებრივ, ამცირებს შიშს. ექსპოზიციური თერაპია მეორდება მანამ, სანამ ინდივიდი პანიკის მაპროვოცირებელ სიტუაციაში თავს კომფორტულად იგრძნობს. გარდა ამისა, ადამიანებს, რომელთაც ეშინიათ, რომ პანიკის შეტევის დროს გული წაუვათ, შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი მეთოდი: პაციენტი სავარძელში ტრიალებს ან სწრაფად სუნთქავს (ჰიპერვენტილაცია) მანამ, სანამ არ იგრძნობს სისუსტეს. ეს სავარჯიშო ასწავლის ადამიანს, რომ პანიკის შეტევის დროს სინამდვილეში გული არ წაუვა. მშვიდი, ზედაპირული სუნთქვითი ვარჯიშები (სუნთქვის კონტროლი) ეხმარება ჰიპერვენტილაციისკენ მიდრეკილ ადამიანებს.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ასევე ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მკურნალობის ეს მეთოდი:

  • ასწავლის პაციენტს, რომ არ უნდა მოერიდოს სიტუაციებს, რომლებიც პანიკის შეტევებს იწვევს;

  • ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ მისი შიშები უსაფუძვლოა;

  • ასწავლის პასუხს მშვიდი, კონტროლირებადი სუნთქვით ან სხვა ტექნიკით, რომელიც რელაქსაციას იწვევს.

წარმატებით გამოიყენება მხარდამჭერი ფსიქოთერაპიაც, რომელიც გულისხმობს განათლებას და კონსულტირებას; ექიმი პაციენტს აწვდის ზოგად ინფორმაციას აშლილობის, მისი მკურნალობის, გამოჯანმრთელების რეალური პერსპექტივის შესახებ, ხელს უწყობს ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის ჩამოყალიბებას.