ფობიკური აშლილობები | მკურნალი.გე
  1. ფობიკური აშლილობები
  2. შფოთვითი აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
ფობიკური აშლილობები

ფობიებს ახასიათებს მუდმივი, არარეალური, ინტენსიური შფოთვა და შიში, გამოწვეული გარკვეული სიტუაციით, გარემოებით ან ობიექტით.

  • ფობიკური აშლილობით გამოწვეულმა შფოთვამ შეიძლება შეცვალოს ყოველდღიური ცხოვრება, რადგან ადამიანი თავს არიდებს გარკვეულ საქმიანობასა და სიტუაციებს;

  • როგორც წესი, დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს;

  • მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ექსპოზიციურ ან კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას და მედიკამენტებს (როგორიცაა ანტიდეპრესანტები და ბენზოდიაზეპინები – სპეციფიკური ფობიებისთვის).

ფობიით შეპყრობილნი ერიდებიან გარემოებებს, რომლებიც მათში შფოთვასა და შიშს იწვევს, ან ასეთი სიტუაციების გადატანა დიდი დისტრესის ხარჯზე უხდებათ; აცნობიერებენ, რომ მათი შფოთვა გადაჭარბებულია და იციან, რომ აქვთ პრობლემები.

აგორაფობია

აგორაფობია არის ისეთ გარემოში ან ადგილზე მოხვედრის შიში, საიდანაც შფოთვის ან პანიკური შეტევის განვითარების შემთხვევაში, გაქცევა შეუძლებელია, რის გამოც პაციენტი ცდილობს, განერიდოს ზემოხსენებულს.

ნებისმიერი თორმეტი თვის განმავლობაში აგორაფობია გვხვდება ქალების 4 და მამაკაცების 2%-ში. უმეტესობას ეს აშლილობა უვითარდება ოც წლამდე ასაკში. აგორაფობია იშვიათად იწყება 40 წელზე მეტ ასაკში. სიტყვა აგორაფობია ნიშნავს "თავშეყრის შიშს", ხოლო ცნება აგორაფობია აღნიშნავს ადამიანის შიშს, შფოთვის გაძლიერების შემთხვევაში, მოემწყვდეს ხალხმრავალ ადგილზე ადვილი და მოსახერხებელი გასაქცევი გზის გარეშე. აგორაფობიით შეპყრობილთათვის ტიპურად მძიმე სიტუაციებია შემდეგი:

  • რიგში დგომა

  • თეატრში ან სკოლაში გრძელი მწკრივის შუაში დგომა

  • ავტობუსით ან თვითმფრინავით მგზავრობა

ზოგჯერ აგორაფობია ვითარდება ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სიტუაციაში გაჩენილი პანიკური შეტევის შემდეგ. სხვა შემთხვევაში, ადამიანები უბრალოდ არაკომფორტულად გრძნობენ თავს მსგავს გარემოებებში და არასდროს ან მოგვიანებით უვითარდებათ პანიკური შეტევები. აგორაფობია ხშირად უარყოფითად მოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხანდახან იმდენად რადიკალურად, რომ ადამიანები სახლში იკეტებიან.

მკურნალობა

არანამკურნალები აგორაფობიის სიმპტომები ხან ძლიერდება და ხან სუსტდება, შესაძლებელია ყოველგვარი მკურნალობის გარეშე გაქრეს კიდევაც, სავარაუდოდ, ინდივიდის მიერ ჩატარებული ბიჰევიორული თერაპიის შედეგად.

ექსპოზიციური თერაპია ბიჰევიორული თერაპიის ტიპია, რომლის დროსაც პაციენტი წინასწარი განზრახვით მრავალჯერადად აღმოჩნდება შფოთვის გამომწვევ სიტუაციაში; ის აგორაფობიის საუკეთესო სამკურნალო მეთოდია, თუ სწორად ტარდება – ნამკურნალები პაციენტების 90%-ისთვის ეფექტიანია. სარგებლობა მოაქვს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიასაც. ამ უკანასკნელის დახმარებით პაციენტები სწავლობენ აზროვნების შეცდომების გაცნობიერებას, განცდების უკეთესად გაკონტროლებას და, შესაბამისად, ქცევის შეცვლას.

ნივთიერებებმა, რომლებიც თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას (თავისა და ზურგის ტვინი), როგორიცაა ალკოჰოლი ან ანქსიოლიზური პრეპარატების მაღალი დოზები, შესაძლებელია იმოქმედოს ბიჰევიორულ თერაპიაზე, რის გამოც თერაპიის დაწყებამდე მათი მიღება იზღუდება.

თუ პაციენტს აღენიშნება ღრმა დეპრესია ან პანიკის შეტევები, შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდეპრესანტების მიღება.

სოციალური ფობია

სოციალური ფობია (სოციალური შფოთვითი აშლილობა) არის გარკვეული სოციალური სიტუაციებით გამოწვეული შიში და შფოთვა. როგორც წესი, პაციენტი ცდილობს თავი აარიდოს ასეთ სიტუაციებს.

ადამიანი სოციალური არსებაა და მისი თვისება, კომფორტულად იგრძნოს თავი სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში, მოქმედებს მისი ცხოვრების მრავალ მნიშვნელოვან ასპექტზე, როგორიცაა ოჯახი, განათლება, სამსახური, დასვენება, გულის სწორის არჩევა და ქორწინება.

მეტ-ნაკლებად გამოხატული შფოთვა სოციალურ სიტუაციებში ნორმალურია, მაგრამ სოციალური ფობიით შეპყრობილები ისეთ ძლიერ შფოთვას განიცდიან, რომ ერიდებიან ასეთ სიტუაციებს ან ძნელად გადააქვთ ის.

სიცოცხლის განმავლობაში სოციალური ფობია ადამიანების დაახლოებით 13%-ს აღენიშნება. ნებისმიერი თორმეტი თვის განმავლობაში დაავადება უვითარდება ქალების 9 და მამაკაცების 7%-ს. სოციალური შფოთვის განსაკუთრებულად მძიმე ფორმა – აცილებადი პიროვნული აშლილობა – მამაკაცებს შორის უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. ზოგიერთი ადამიანი ბუნებით არის მორიდებული, ადრეულ ასაკში დასჩემდება მორცხვობა, რაც შემდგომში სოციალურ ფობიაში გადაიზრდება. სხვა ინდივიდები შფოთვას სოციალურ სიტუაციებში პირველად განიცდიან პუბერტატულ ასაკში.

სოციალური ფობიით დაავადებულებს აწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ მათი საქციელი შესაძლებელია უადგილო ან შეუფერებელი ჩანდეს, რომ გარშემო მყოფებმა შეიძლება შეამჩნიონ მათი შფოთვის გამომხატველი ნიშნები –კანკალი, ოფლიანობა, გულისრევა, გაწითლება ან ხმის ათრთოლება; შიშობენ, რომ აზრი გაუწყდებათ ან ვერ იპოვიან აზრის გადმოსაცემად საჭირო სიტყვებს.

ზოგიერთი სოციალური ფობია დაკავშირებულია განსაზღვრულ სოციალურ სიტუაციებში საჯაროდ განხორციელებულ აქტივობასთან. თუ პირი იმავეს მარტოდმარტო აკეთებს, შფოთვა არ აღინიშნება. სიტუაციები, რომლებიც სოციალური ფობიის მქონე პირებში შფოთვას იწვევს, შემდეგია:

  • საჯაროდ წარმოთქმული სიტყვა

  • ხალხის თანდასწრებით კითხვა (მაგალითად, ეკლესიაში) ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა

  • სხვებთან ერთად საკვების მიღება

  • დოკუმენტის ხელმოწერა სხვების თანდასწრებით

  • საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა

უფრო ზოგადი ხასიათის სოციალურ ფობიას თან ახლავს შფოთვა უამრავ სოციალურ სიტუაციაში. ორივე ტიპის სოციალური ფობია შედეგია პაციენტის რწმენისა, რომ თუ მისმა ქმედებამ სხვათა მოლოდინი არ გაამართლა, ეს მისთვის დამამცირებელი და სამარცხვინო იქნება.

მკურნალობა

სოციალური ფობია მკურნალობის გარეშე არ გაივლის, რაც იძულებულს ხდის ინდივიდს, თავი აარიდოს მისთვის სასურველ სოციალურ საქმიანობას.

ეფექტიანია ბიჰევიორული თერაპიის ერთ-ერთი სახეობა – ექსპოზიციური თერაპია, რომლის დროსაც პაციენტი მრავალჯერადად აღმოჩნდება შფოთვის გამომწვევ სიტუაციაში. არ არის ადვილი პაციენტის საკმარისად ხანგრძლივად დატოვება მოხსენიებულ სიტუაციაში, რაც საშუალებას მისცემდა, შესჩვეოდა მაპროვოცირებელ სტიმულს. მაგალითად, პაციენტმა, რომელსაც ეშინია უფროსის წინაშე ლაპარაკისა, შესაძლებელია ვერ მოახერხოს ასეთი სიტუაციის ორგანიზება. შედეგიანია ასეთი სიტუაციების სხვა სიტუაციით ჩანაცვლება, როგორიცაა თამადებთან (Toastmasters) გაერთიანება (ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სახალხო გამოსვლებისას შფოთვის მქონე ადამიანებს), ან წიგნის კითხვა მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადართათვის. ასევე შედეგიანია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაც.

შედეგიანია მკურნალობა ანტიდეპრესანტებით, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (აგრეთვე, ანქსიოლიზური პრეპარატები.

მრავალი პაციენტი სოციალური სიტუაციების გამკლავების საშუალებად ალკოჰოლს იყენებს, რაც ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას ან ალკოჰოლდამოკიდებულებას იწვევს.

ტაქიკარდიის, კანკალისა და ოფლიანობის შესამცირებლად ფართოდ გამოიყენება ბეტაბლოკერები, მაგრამ ეს პრეპარატები არ ამცირებს თანამდევ შფოთვას.

სპეციფიკური ფობიები

სპეციფიკური ფობია არის განსაზღვრული ობიექტებით ან სიტუაციებით გამოწვეული ირაციონალური შიში.

სპეციფიკური ფობიები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და, ამასთან ერთად, ნაკლებად შემაწუხებელი ჯგუფია სხვა შფოთვით აშლილობებს შორის. ნებისმიერი თორმეტი თვის განმავლობაში ქალების 13%-ს და მამაკაცების 4%-ს აღენიშნება სპეციფიკური ფობია.

ზოგიერთი სპეციფიკური ფობია ნაკლებად შემაწუხებელია, განსხვავებით სხვა ფობიებისგან, რომლებიც ძლიერ აფერხებს ადამიანის სოციალურ აქტივობას. მაგალითად, ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც გველის შიში აქვს, თავისუფლად შეუძლია თავი აარიდოს მას. მაგრამ ქალაქის მცხოვრები, რომელსაც ვიწრო, ჩაკეტილი სივრცის, მაგალითად, ლიფტის შიში აქვს, ხშირად ხვდება ასეთ სიტუაციაში.

გარკვეული ფობიები, როგორიცაა დიდი ცხოველების, სიბნელის ან უცნობების შიში, ადრეულ ასაკში ჩნდება. ამ ფობიათა უმეტესობა ქრება ასაკის მატებასთან ერთად. სხვა ფობიები, მაგალითად, მღრღნელების, მწერების, ქარიშხლის, წყლის, სიმაღლის, ფრენის ან დახურული ადგილების შიში, როგორც წესი, მოგვიანებით ვითარდება.

სულ მცირე, ადამიანთა 5%-ს აქვს სისხლის, ინექციის ან ჭრილობის ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული შიში. ასეთ პირს შეიძლება გული წაუვიდეს მაჯისცემის შემცირების ან არტერიული წნევის დავარდნის გამო, რაც არ მოსდით სხვა ფობიებით და შფოთვით დაავადებულებს. ზოგიერთი სხვა ფობიით დაავადებულები ხშირად და ღრმად სუნთქავენ (ჰიპერვენტილაცია). ჰიპერვენტილაცია იწვევს გულის წასვლის შეგრძნებას, მაგრამ ამ ინდივიდებს, როგორც წესი, გული არ მისდით.

მკურნალობა

პაციენტებს შეუძლიათ მართონ ფობია მაპროვოცირებელი ფაქტორებისა და სიტუაციებისაგან თავის არიდებით. თუ მკურნალობაა საჭირო, ექსპოზიციური თერაპია არჩევის თერაპიაა.

ექიმს შეუძლია უზრუნველყოს სწორი მკურნალობა, მაგრამ ეს შესაძლებელია ექიმის გარეშეც. სისხლის ან შპრიცის შიშით შეპყრობილი პაციენტებიც კი კარგად ემორჩილებიან ექსპოზიციურ თერაპიას. მაგალითად, პაციენტს, რომელსაც სისხლის აღებისას გული მისდის, მივადოთ ვენაზე ნემსის წვერი და მოვაცილოთ, როგორც კი მაჯისცემის სიხშირე შემცირებას დაიწყებს. ამ მანიპულაციის გამეორება მაჯისცემის გახშირების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. ამის შედეგად შესაძლებელი ხდება პაციენტისთვის ვენიდან სისხლის აღება გულის წასვლის გარეშე.

მედიკამენტური თერაპია არ აძლევს პაციენტს სპეციფიკური ფობიის სრულად დაძლევის საშუალებას. თუმცა ბენზოდიაზეპინები (ანქსიოლიზური პრეპარატები) შესაძლებელს ხდის ფობიის, მაგალითად, ფრენის შიშის, მცირე ხნით მართვას.