1. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
  2. შფოთვითი აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას ახასიათებს განმეორებითი, არასასურველი, შფოთვის მაპროვოცირებელი აკვიატებული აზრები, ხატები ან იმპულსები (აკვიატებები), რაც სულელურად, უცნაურად ან საშინელებადაც შეიძლება აღიქმებოდეს პირის მიერ, რომელიც მას განიცდის. ადამიანს უჩნდება სურვილი ან ვალდებულება, რამე იღონოს აკვიატებით გამოწვეულ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.

  • ობსესიურ-კომპულსიური ქცევა უხშირესად დაკავშირებულია დაზიანების ან რისკის შიშთან;

  • მკურნალობა ტარდება ექსპოზიციური თერაპიით (კომპულსიური რიტუალების პრევენციით) და ანტიდეპრესანტებით.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიხშირე ორივე სქესის პაციენტებს შორის თითქმის თანაბარია და შეადგენს საერთო პოპულაციის დაახლოებით 2%-ს. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გვხვდება ბავშვებშიც.

აკვიატებები, როგორც წესი, დაკავშირებულია დაზიანების, რისკის, საფრთხის განცდასთან. ჩვეულებრივ, აკვიატებები მოიცავს:

  • სიბინძურესთან შეხების შიშს (მაგალითად, დაავადების შიში კარის ჭუჭყიან სახელურთან შეხებისას)

  • ეჭვს (ორჭოფობას), მაგალითად, ორჭოფობა – არის თუ არა კარი ჩაკეტილი

  • დაკარგვის შიშს

  • შიშს, რომ აგრესიულობის გამო ვინმე არ დააშავოს

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებულთა 95% იძულებულია შეასრულოს რიტუალი – განმეორებითი, მიზანმიმართული, წინასწარგანზრახული აქტი. აკვიატების გასაკონტროლებლად შესრულებული რიტუალები მოიცავს შემდეგს:

  • დაბანა ან გაწმენდა დაბინძურების მოსაშორებლად;

  • შემოწმება ეჭვის გასაქარვებლად (მაგალითად, შემოწმება, ჩაკეტილია, თუ არა კარი);

  • დაგროვება დაკარგვის თავიდან ასაცილებლად;

  • იმ ადამიანებისთვის თავის არიდება, რომლებიც შესაძლოა აგრესიის ობიექტი გახდნენ.

რიტუალების უმეტესობა, როგორიცაა ხელის დაბანა ან ჩაკეტილი კარის განუწყვეტლივ შემოწმება, თვალსაჩინოა. სხვა რიტუალები უხილავია, მაგალითად, გაუთავებელი თვლა ან ჩუმად ბუტბუტი საფრთხისა და დანაკარგის შესამცირებლად. აკვიატებებს ყოველთვის არ მოჰყვება ნაძალადევი ქცევა.

პაციენტების უმეტესობა აცნობიერებს, რომ მათი აკვიატებები არ ასახავს რეალურ რისკებს, ხოლო იძულებითი ქცევა უშედეგოა. ამდენად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა განსხვავდება ფსიქოზური აშლილობისაგან, როდესაც პაციენტი კარგავს კონტაქტს რეალობასთან. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აგრეთვე განსხვავდება ობსესიურ-კომპულსიური პერსონალური აშლილობისგან, რომლის დროსაც გამოხატულია განსაკუთრებული პიროვნული თვისებები (მაგალითად, პერფექციონიზმი). ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებულები აცნობიერებენ, რომ მათი ნაძალადევი ქცევა გადაჭარბებული და იმდენად უცნაურია, რომ თავად მათში იწვევს უხერხულობის, საზოგადოებისგან გარიყვის გრძნობას. ამიტომ, ისინი რიტუალებს გარშემო მყოფთაგან დაფარულად ასრულებენ, მიუხედავად იმისა, რომ რიტუალი შესაძლებელია რამდენიმე საათი ან მთელი დღე გრძელდებოდეს.

პაციენტთა დაახლოებით მესამედს დიაგნოზის დასმისას დეპრესია აღენიშნება. საერთო ჯამში პაციენტთა ორი მესამედი დროის გარკვეულ მონაკვეთში დეპრესიულია.

მკურნალობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სამკურნალოდ ეფექტიანია ექსპოზიციური თერაპია. ექსპოზიციური თერაპიის დროს პაციენტს განმეორებით წარუდგენენ ისეთ სიტუაციებსა და ფაქტორებს, რომლებიც მათში იწვევს აკვიატებებს, რიტუალებს ან დისკომფორტს, მაგრამ არ აძლევენ საშუალებას, შეასრულოს ნაძალადევი რიტუალი. მრავალჯერადი გამეორების შემდეგ დისკომფორტი და შფოთვა თანდათან კლებულობს. ამ დროს პაციენტი სწავლობს, რომ დისკომფორტის შესამცირებლად არ არის საჭირო რიტუალის შესრულება. ჩვეულებრივ, გაუმჯობესება ხანგრძლივია (რამდენიმე წელი), სავარაუდოდ იმიტომ, რომ პაციენტები, სათანადო მკურნალობის დამთავრების შემდეგაც აგრძელებენ ამ მეთოდით სარგებლობას და ეს მათთვის ცხოვრების წესი ხდება.

შედეგიანია სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (მაგალითად, ფლუოქსეტინი) და კლომიპრამინი (ტრიციკლიური ანტიდეპრესანტი). მრავალი ექსპერტი თვლის, რომ ფსიქოთერაპიის და მედიკამენტური თერაპიის კომბინაცია მკურნალობის საუკეთესო მეთოდია.

ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია და ფსიქოანალიზი ჩვეულებრივ არაეფექტიანია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობისას.