ბიპოლარული აშლილობა | მკურნალი.გე
  1. ბიპოლარული აშლილობა
  2. გუნება-განწყობილების აშლილობა
  3. ფსიქიკური დაავადებები
ბიპოლარული აშლილობა

ბიპოლარული აშლილობის დროს (წარსულში – მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა) დეპრესიის ეპიზოდებს ენაცვლება მანიაკალური ეპიზოდები ან მანიის ნაკლებად მძიმე გამოვლინება – ჰიპომანია. მანია ხასიათდება სიტუაციისთვის შეუფერებელი, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობითა და ზეაწეული განწყობით.

  • ბიპოლარული აშლილობისას მემკვიდრეობა, სავარაუდოდ, გარკვეულ როლს თამაშობს;

  • დეპრესიისა და მანიის ეპიზოდები შესაძლოა ცალ-ცალკე ან ერთდროულად განვითარდეს;

  • გადამეტებული სევდისა და უინტერესობის ეპიზოდებს ენაცვლება ზეაწეული განწყობის, ენერგიის მოზღვავებისა და გაღიზიანებულობის პერიოდები; მოხსენიებულთა შორის შედარებით ნორმალური განწყობის პერიოდებია;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს;

  • ეფექტიანია განწყობის მასტაბილიზებელი მედიკამენტები, როგორიცაა ლითიუმი და გულყრის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება; ხანდახან შეიძლება ფსიქოთერაპიაც ეფექტიანი აღმოჩნდეს.

სახელი – ბიპოლარული აშლილობა – დაერქვა იმის გამო, რომ მასში განირჩევა გუნება-განწყობილების აშლილობის ორი უკიდურესობა, ორი პოლუსი – დეპრესია და მანია. ეს აშლილობა, სხვადასხვა ხარისხით გამოხატული, აქვს აშშ-ის პოპულაციის 4%-ზე ოდნავ ნაკლებს. ერთნაირი სიხშირით გვხვდება მამაკაცებსა და ქალებში, მაგრამ ქალებში უფრო მეტად დეპრესია ვლინდება, ხოლო მამაკაცებში – მანია. ბიპოლარული აშლილობა, როგორც წესი, იწყება მოზარდობისას, მეორე, მესამე დეკადაში, იშვიათად – უფრო ადრე. ბიპოლარული აშლილობა შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

  • ბიპოლარული I აშლილობა: პაციენტს ჰქონდა, სულ მცირე, მანიის ერთი და, ჩვეულებრივ, დეპრესიის ეპიზოდები;

  • ბიპოლარული II აშლილობა: პაციენტს ჰქონდა დიდი დეპრესიის ეპიზოდები და, სულ მცირე, ჰიპომანიაკალური ეპიზოდი, მაგრამ არასრული მანია.

მიზეზები

ბიპოლარული აშლილობის განვითარებაში, სავარაუდოდ, მონაწილეობს გენეტიკური ფაქტორი, აგრეთვე, გარკვეული ნივთიერებების, როგორებიცაა ნეიროტრანსმიტერები ნორეპინეფრინი და სეროტონინი, ცვლის მოშლა (ნეიროტრანსმიტერები – ნივთიერებები, რომელთაც ნერვული იმპულსები გადააქვთ).

ბიპოლარული აშლილობა ხანდახან ვითარდება რაიმე სტრესული მოვლენის შემდეგ, ზოგჯერ მოხსენიებული მომდევნო ეპიზოდის განვითარების მაპროვოცირებელია. მიუხედავად ამისა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა დადასტურებული არ არის.

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები – დეპრესია და მანია – შესაძლებელია გამოვლინდეს ზოგიერთი სხვა დაავადებების დროსაც, როგორიცაა ჰიპერთიროიდიზმი (თიროიდული ჰორმონის მომატებული რაოდენობა). აშლილობის ეპიზოდები შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა ნივთიერებამაც, როგორიცაა კოკაინი და ამფეტამინები.

სიმპტომები

ბიპოლარული აშლილობისას სიმპტომების ეპიზოდებს ენაცვლება პრაქტიკულად უსიმპტომო პერიოდები (რემისია). ეპიზოდები გრძელდება რამდენიმე კვირიდან 3-6 თვემდე. ციკლების (დროის მონაკვეთი ერთი ეპიზოდის დაწყებიდან მეორემდე) ხანგრძლივობა ცვალებადია. ზოგიერთს სიცოცხლის განმავლობაში სულ რამდენიმე ეპიზოდი აქვს, ზოგს კი ოთხი და მეტი ერთი წლის განმავლობაში (ე.წ. სწრაფი ციკლები). მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ციკლის ხანგრძლივობა ყოველი პაციენტისთვის მეტ-ნაკლებად უცვლელია.

ეპიზოდები შედგება დეპრესიისა და მანიისგან ან ნაკლებად მძიმე მანიისგან (ჰიპომანია). პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს დეპრესიისა და მანიის სრული მონაცვლეობა, უმეტეს შემთხვევაში, ორივე აღინიშნება ერთ-ერთის დომინირებით.

დეპრესია: ბიპოლარული აშლილობისას დეპრესია დეპრესიულ აშლილობას მოგვაგონებს. პაციენტები ზედმეტად სევდიანები არიან, დაკარგული აქვთ ინტერესი საკუთარი საქმიანობისადმი, აზროვნებენ და მოძრაობენ შენელებულად და ახასიათებთ მოჭარბებული ძილიანობა, მოცულნი არიან უიმედობითა და დანაშაულის გრძნობით.

მანია:დეპრესიისგან განსხვავებით, მანიის ეპიზოდები სწრაფად სრულდება და მათი ხანგრძლივობა ბევრად ნაკლებია – ერთი კვირა ან ოდნავ მეტი. პაციენტები გრძნობენ ენერგიის მოზღვავებას, გაღიზიანებულობას, გუნებაგანწყობილება ზეაწეულია, ზოგჯერ მომეტებული თავდაჯერებულობა აღინიშნება, საქციელი და ტანსაცმელი ექსტრავაგანტურია, ძილი – ხანმოკლე, ბევრს ლაპარაკობენ, ყურადღება ადვილად ეფანტებათ, ხშირად გადადიან ერთი საკითხიდან მეორეზე, ერთი საქმიანობიდან მეორეზე (ბიზნესი, აზარტული თამაში, სახიფათო სექსუალური ქცევა) ისე, რომ შედეგზე არ ფიქრობენ (როგორიცაა ფულის წაგება, ტრავმა და სხვ.). მიუხედავად ზემოხსენებულისა, ისინი თვლიან, რომ მათი მენტალური სტატუსი საუკეთესოა.

პაციენტები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას. მეტისმეტი აქტიურობისა და გაუცნობიერებლობის გამო სხვასთან მიმართებაში არიან მოუთმენელნი, აბეზარნი და აგრესიულები, რის შედეგადაც სირთულეები ექმნებათ სოციალური ურთიერთობისას, უყალიბდებათ შთაბეჭდილება, რომ მათ სდევნიან და უსამართლოდ ჩაგრავენ. ზოგიერთს ჰალუცინაციები აქვს – ესმის და ხედავს არარსებულს.

მანიაკალური ფსიქოზიმანიის უკიდურესი ფორმაა. ადამიანს აქვს ფსიქოზური სიმპტომები, რომლებიც შიზოფრენიას მოგვაგონებს. ასეთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს განდიდების ბოდვა, მაგალითად, რომ ის არის იესო. სხვას შეიძლება აწუხებდეს დევნის შეგრძნება – თითქოს სდევნის უშიშროების სამსახური. აქტიურობის დონე თვალში საცემადაა მომატებული – პაციენტი შეიძლება დარბოდეს, ყვიროდეს, ილანძღებოდეს ან მღეროდეს. ფსიქიკური და ფიზიკური აქტივობა იმდენადაა მომატებული, რომ პაციენტს დაკარგული აქვს თანამიმდევრული აზროვნებისა და ქმედების შესაძლებლობა (ბოდვითი მანია), რაც ძლიერ გამოფიტვას იწვევს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ მკურნალობა.

ჰიპომანია:ჰიპომანია არ არის მანიასავით მძიმე მდგომარეობა. ჰიპომანიის მქონე ადამიანები სიცოცხლით სავსენი, ფსიქიკურად და ფიზიკურად აქტიურები არიან, ნაკლები ძილი სჭირდებათ, წონაში იკლებენ. ზოგიერთისთვის ჰიპომანია ნაყოფიერი პერიოდია. დამახასიათებელია ენერგიის მოზღვავება, კრეატიულობა და თავდაჯერებულობა, სოციალურ სიტუაციებში ადეკვატურად ფუნქციონირება. ამავე დროს, ისინი ხშირად კისრულობენ ისეთ ვალდებულებებს ან იწყებენ ისეთ პროექტებს, რომლებსაც ვერ ასრულებენ; ადვილად იფანტებიან, ხასიათი სწრაფად ეცვლებათ, ღიზიანდებიან, რაც ხშირად ძლიერი გაჯავრებით მთავრდება. ჰიპომანიაკალური ადამიანები აცნობიერებენ მოხსენიებულ შედეგებს და ამაზე ისევე წუხან, როგორც გარშემო მყოფები.

შერეული ეპიზოდები: როდესაც დეპრესია და მანია ან ჰიპომანია ერთი ეპიზოდის ფარგლებში ვითარდება, ზეაწეული განწყობილება შესაძლებელია მყისიერად შეიცვალოს ტირილით ან დეპრესიის დროს ფიქრები მოეძალოს. ხშირად ადამიანი შესაძლოა დასაძინებლად დაწვეს დეპრესიაში მყოფი და გაიღვიძოს აწეული განწყობილებითა და ენერგიით აღსავსემ. ბიპოლარული აშლილობის მქონე სამი ადამიანიდან სულ ცოტა, ერთს აღენიშნება შერეული ეპიზოდები.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომების განმასხვავებელ ელემენტებს. მანიაკალურმა პაციენტმა შესაძლოა ზუსტად ვერ აღწეროს სიმპტომები, რადგან, მისი აზრით, არაფერი სჭირს. ამიტომ ექიმი ხშირად იძულებულია, ინფორმაცია პაციენტის ახლობლებისგან მიიღოს. უნდა დაზუსტდეს, ჰქონია თუ არა პაციენტს სუიციდური ფიქრები.

ექიმი ამოწმებს პაციენტის მიერ მიღებულ წამლებსა და ნივთიერებებს, რომ გამოირიცხოს მათი მიზეზით გამოწვეული სიმპტომები. ასევე ამოწმებს, ხომ არ აქვს პაციენტს სხვა დაავადება, რომელიც იმავე სიმპტომებით ხასიათდება – მაგალითად, ტარდება ტესტები ჰიპერთიროიდიზმის დასადგენად.

სწორი მკურნალობის შესარჩევად ექიმი განსაზღვრავს ეპიზოდის სახეს – დეპრესიას ან მანიას.

მკურნალობა

მძიმე მანიისა და დეპრესიის დროს ხშირად ჰოსპიტალიზაციაა აუცილებელი. ნაკლებად მძიმე მანიის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია საჭიროა მოჭარბებული აქტივობის პერიოდში იმისთვის, რომ პაციენტიც და მისი ოჯახის წევრებიც დაცული იყვნენ სახიფათო ფინანსური და სექსუალური ქცევებისგან. ჰიპომანიაკალური პაციენტების უმრავლესობის მკურნალობა ამბულატორიულად არის შესაძლებელი. უფრო რთულია იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც ციკლების სწრაფი მონაცვლეობა აქვთ. მკურნალობის გარეშე ბიპოლარული აშლილობა თითქმის ყველა შემთხვევაში მეორდება.

სამკურნალოდ შესაძლოა გუნება-განწყობილების სტაბილიზატორების (როგორიცაა ლითიუმი და ზოგიერთი ანტიკონვულსანტი), ანტიფსიქოზური საშუალებების და ზოგიერთი ანტიდეპრესანტის, აგრეთვე ფსიქოთერაპიის გამოყენება. ზოგ შემთხვევაში, როდესაც გუნება-განწყობილების სტაბილიზატორები ვერ ხსნის დეპრესიას, მიმართავენ ელექტროკრუნჩხვით თერაპიას. ფოტოთერაპიის გამოყენება შესაძლებელია, თუ გუნება-განწყობილების ცვალებადობა სეზონურობასთანაა დაკავშირებული.

ლითიუმი: ლითიუმი ამცირებს მანიისა და დეპრესიის სიმპტომებს. ხშირად ლითიუმი თავიდან აცილებს პაციენტს გუნება-განწყობილების ცვალებადობას. ვინაიდან ლითიუმის მოქმედების დაწყებას 4-დან 10 დღემდე სჭირდება, აგზნებულობისა და მოჭარბებული აქტივობის სამართავად გამოიყენება უფრო სწრაფად მოქმედი საშუალებები, როგორიცაა ანტიკონვულსანტები ან უფრო ახალი (მეორე თაობის) ანტიფსიქოზური პრეპარატები.

ლითიუმს გვერდითი მოვლენები ახასიათებს, სახელდობრ: შეიძლება გამოიწვიოს ტრემორი, კუნთების თრთოლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, წყურვილი, გამოყოფილი შარდის მოცულობის გაზრდა, წონაში მატება. ხშირად ამძიმებს აკნეს და ფსორიაზის მიმდინარეობას. ყველა ეს მოვლენა, როგორც წესი, დროებითია და წამლის დოზის კორექციის შემდეგ დროთაგანმავლობაში მცირდება ან ქრება. ხანდახან აუცილებელია ლითიუმის მიღების შეწყვეტა გვერდითი მოვლენების გამო, რომლებიც ქრება მოხსენიებულის შემდეგ. ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს ლითიუმის დონე სისხლში, ვინაიდან, რაც უფრო მაღალია წამლის შემცველობა, მით უფრო მაღალია გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა. ლითიუმის ხანგრძლივი მიღება ჰიპოთიროიდიზმს იწვევს, იშვიათად – თირკმლების ფუნქციის დარღვევას. ამის გამო აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმლების ფუნქციის მუდმივი მონიტორინგი სისხლის ანალიზების საშუალებით.

სისხლში ლითიუმის ძალიან მაღალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, გაბრუება, გულყრა და გულის რიტმის დარღვევა. სავარაუდოდ, გვერდითი მოვლენები უფრო ხშირია ასაკოვან და თირკმლების დაავადების მქონე პაციენტებს შორის. ქალებმა, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, უნდა შეწყვიტონ ლითიუმის მიღება, რადგან ზოგჯერ ნაყოფის გულის დეფექტებს იწვევს.

ანტიკონვულსანტები: ისეთი ანტიკონვულსანტები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი და ვალპრუატი, გამოიყენება მანიის პირველი ან მანიისა და დეპრესიის ერთდროული გამოვლინების (შერეული სტატუსი) სამკურნალოდ. ლითიუმისგან განსხვავებით, ეს პრეპარატები არ აზიანებს თირკმლებს, მაგრამ კარბამაზეპინმა შეიძლება ძლიერ შეამციროს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობა, ხოლო ვალპრუატმა, იშვიათად, შესაძლოა დააზიანოს ღვიძლი (უპირველეს ყოვლისა, ბავშვებში) ან პანკრეასი. გულდასმით მიმდინარე სამედიცინო მონიტორინგის შემთხვევაში შესაძლებელია ამ გართულებების დროული აღმოჩენა. კარბამაზეპინისა და ვალპრუატის გამოყენება ეფექტიანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა საშუალებებით მკურნალობა უშედეგოა. ოქსკარბაზეპინს გვერდითი მოვლენები ნაკლები აქვს. ხანდახან გამოიყენება ლამოტრიჯინი, განსაკუთრებით დეპრესიის ეპიზოდების დროს. ლამოტრიჯინმა შესაძლოა გამოიწვიოს გამონაყარი, რომელმაც, იშვიათად, შეიძლება სათავე დაუდოს სიცოცხლისთვის საშიშ სტივენს-ჯონსონის (Stevens-Johnson) სინდრომს. ადამიანებმა, რომლებიც ლამოტრიჯინს იღებენ, ყურადღება უნდა მიაქციონ ყოველ ახალ გამონაყარს ან გრიპის მსგავსი სიმპტომების გამოჩენას და დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს მათ შესახებ.

ანტიფსიქოზური პრეპარატები: უეცარი მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ სულ უფრო ხშირად გამოიყენება მეორე თაობის ანტიფსიქოზური პრეპარატები, რადგან ისინი სწრაფად მოქმედებენ და, ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან შედარებით, სერიოზულ გვერდით ეფექტებს ნაკლებად იწვევენ. ეს საშუალებებია: არიპიპრაზოლი, ოლანზაპინი, ქვეტიაპინი, რისპერიდონი და ზიპრაზიდონი.

მოგვიანებითი გვერდითი ეფექტები შესაძლებელია იყოს წონის მატება და მეტაბოლური სინდრომი. ამ უკანასკნელს ახასიათებს ცხიმის ჭარბად დაგროვება მუცლის მიდამოში, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება (ინსულინრეზისტენტობა), სისხლში შაქრის მაღალი დონე, ქოლესტეროლის ანომალური დონე და არტერიული წნევის მომატება. ამ სინდრომის განვითარების რისკი შედარებით დაბალია არიპიპრაზოლისა და ზიპრაზიდონის მიღებისას.

ანტიდეპრესანტები: ყველა ანტიდეპრესანტს შეუძლია გამოიწვიოს დეპრესიის შეცვლა ჰიპომანიით ან მანიით, ზოგჯერ ძალიან სწრაფადაც. ამიტომ, ეს პრეპარატები მხოლოდ მოკლე ხნის განმავლობაში გამოიყენება და, როგორც წესი, ინიშნება გუნება-განწყობილების სტაბილიზატორებთან ერთად. ეფექტი ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს. ჰიპომანიის ან მანიის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე მათი მიღება წყდება.

ფსიქოთერაპია: ფსიქოთერაპია რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ გუნება-განწყობილების სტაბილიზატორებს, იმისათვის, რომ დაეხმაროს პაციენტს დანიშნულების ზუსტად შესრულებაში. ჯგუფური თერაპია ეხმარება პაციენტებს, მათ პარტნიორებსა და ნათესავებს უკეთ გაიგონ, თუ რას წარმოადგენს ბიპოლარული აშლილობა და როგორია მისი ზემოქმედება. ინდივიდუალური თერაპიის დროს პაციენტები სწავლობენ ყოველდღიური ცხოვრების პრობლემების გამკლავებას.

განათლება: ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო პრეპარატების მოქმედების ცოდნა ეხმარება პაციენტებს დანიშნულების სწორად შესრულებაში. ადამიანები შესაძლებელია შეეწინააღმდეგონ წამლის მიღებას, რადგან თვლიან, რომ ეს პრეპარატები მათ ადუნებს, ამცირებს კრეატიულობას. გუნება-განწყობილების სტაბილიზატორებს კრეატიულობის შემცირება ნაკლებად ახასიათებს. როგორც წესი, ეს წამლები პაციენტს სკოლაში ან სამსახურში უკეთ საქმიანობის, ურთიერთობებისა და სახელოვნებო საქმიანობის უკეთ წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.

პაციენტებმა უნდა ისწავლონ დაავადების სიმპტომების ამოცნობა დასაწყისშივე, უნდა ისწავლონ სიმპტომების პრევენციაც. მაგალითად, სტიმულატორების (კოფეინი, ნიკოტინი) და ალკოჰოლის მოხმარებისთვის თავის არიდება, ისევე, როგორც საკმარისად ხანგრძლივი ძილი, პრევენციას უწყობს ხელს.

ექიმი ან ფსიქოთერაპევტი პაციენტს უნდა ესაუბრებოდეს მისი ქმედებების შედეგებზე. მაგალითად, თუ ადამიანი მიდრეკილია სექსუალური ექსცესებისადმი, მას უნდა აუხსნან, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მის ქმედებებს ოჯახზე, განუმარტონ ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკები (განსაკუთრებით შიდს-ის რისკი). თუ ადამიანი მიდრეკილია ფინანსური ექსტრავაგანტურობისკენ, უნდა ერჩივნოს თავისი ფინანსების მართვის გადაბარება ოჯახის რომელიმე სანდო წევრისთვის.